მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

დროისა და სიკვდილის მომთვინიერებელი

09.22.2020 | 10:43 ნახვები: 512

ლაშა ჩხარტიშვილი/Lasha Chkhartishvili


ათენის საკონცერტო დარბაზში „მეგარონი" დასრულდა დიმიტრის პაპაოანუს (Dimitris Papaioannou) ქმნილების „დიდი მომთვინიერებელი" (The Great Tamer) ერთი სიცოცხლე, რომლის პრემიერაც 2017 წლის მაისში, ათენში გაიმართა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზე წარმატებული ტურნეს შემდეგ, 2019 წლის 29-30 ნოემბერს დიმიტრის პაპაოანუს ეს უნიკალური წარმოდგენა მისმა უნივერსალურმა დასმა უკანასკნელად წარმოადგინა.

ახლა „დიდი მომთვინიერებლის" მეორე, სულ სხვა სიცოცხლე იწყება, რომელიც ჩვენ გონებაში დაილექა და მოგონებებში იღვიძებს, მასზე ფიქრი თავს არ განებებს, როგორც ფიქრი სიკვდილზე, დროზე, ზოგადად სამყაროზე, შავ-თეთრ მომავალზე... ფიქრი არც იმ ადამიანებს ანებებს თავს, ვინც ვანჯელის გიაკუმაკისის ბურუსით მოცული მკვლელობის თუ თვითმკვლელობის შესახებ სმენია... სწორედ ეს უცნაური ტრაგიკული ისტორია გახდა თანამედროვეობის გამორჩეული ხელოვანის - სათეატრო რეჟისორ, ქორეოგრაფ და ვიზუალურ არტისტ დიმიტრის პაპაოანუს ინსპირაციის წყარო „დიდი მომთვინიერებლისთვის".

ათენელებისთვის, რომ ძვირფასია დიმიტრის პაპაოანუ და მისი შემოქმედება, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ორი წარმოდგენის ბილეთები ზუსტად ერთ საათში გაიყიდა. გამოთხოვება „დიდი მომთვინიერებელთან" მაყურებლისთვისაც ამაღელვებელი იყო. ბოლო წარმოდგენებზე მაესტრო პაპაოანუ „მეგარონის" დარბაზში თავს თავისუფლად და როგორც სახლში ისე გრძნობდა. წარმოდგენას მაყურებელთან ერთად პარტერიდან ადევნებდა თვალს და თაყვანისმცემლებისთვის ხელმისაწვდომი იყო. აუღელვებლად იღებდა კომპლიმენტებს აღფრთოვანებული მაყურებლიდან, რომლებიც გრძელ რიგში იდგნენ მასთან შესახვედრად და რომლებმაც მეგარონის დარბაზში მოიყარა თავი. მსოფლიოს სხვადასხავა ქვეყანაში საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო დაინიშნა კიდევ ერთი მესამე წარმოდგენა. ძალიან გაგვიმართლა მე და ჩემს კოლეგებს, რომ ოცნება აგვიხდა და დიმიტრის პაპაოანუს „დიდი მომთვინიერებელი" ათენში, რეჟისორის სამშობლოში ვნახეთ (აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ბატონ ჯულიან მომერტს, რომლის დამსახურებაცაა ჩვენი დელეგაციის სპექტაკლზე დასწრების უზრუნველყოფა).

„დიდი მომთვინიერებელი" ადამიანზეა და მის ხვედრზე სამყაროში, მის ადგილზე ცხოვრებასა და უწონადო სივრცეში, ადამიანის მუდმივ კონფლიქტზე გარემოსთან. ეს უნიკალური წარმოდგენა იმ ადამიანზეა, რომელსაც სურს მოათვინიეროს დრო, სიკვდილი და ყველაფერი, რაც მის გარშემოა. შეუძლებელია, ხო? დიმიტრის პაპაოანუს სცენურ გმირებს კი ეს ყველაფერი შეუძლიათ.

დიმიტრის პაპაოანუ გვევლინება არა მხოლოდ როგორც ხელოვანი, რომელსაც შეუძლია გააოცოს მაყურებელი ექსპერიმენტებით, არამედ ანალიტიკოსი, ფილოსოფოსი, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა საშუალებით, სათეატრო ნიშნებითა და თავისთავადი სათეატრო ენით ესაუბროს თანამედროვე მაყურებელს იმაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. მეტაფორებითა და ალეგორიებით დაანახოს სასტიკი, ნაცრისფერი, შავ-თეთრი სამყარო, რომელშიც მუდამ უპირსპირდება ბნელს ნათელი.

დიმიტრის პაპაოანუ შემქმნელია არა მხოლოდ მხატვრის თეატრის ახალი ენის, არამედ მკვლევარი. ის ახალი ფორმების გამომგონებელია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის შეერთებისა და მუდმივი ექსპერიმენტების საშუალებით აოცებს მნახველს. ის ხატავს სიუჟეტებს, აქანდაკებს მიზანსცენებს, თხზავს ისტორიებს და მოგვიწოდებს ანალიტიკურად აზროვნებისკენ. „დიდი მომთვინიერებელი" ამის საუკეთესო მაგალითია.

დიმიტრის პაპაოანუ შეთხზულ ნაცრისფერ სამყაროში (სცენოგრაფი: თინა თზოკა (Tina Tzoka), კოსტუმების მხატვარი: ანგელოს მენტისი (Angelos Mentis) მხატვრული განათება: ევინა ვასილაკოპოულუ (Evina Vassilakopoulou) მხოლოდ კონტრასტული ფერები, შავ-თეთრი დომინანტობს. როგორც ცხოვრებაში, ერთმანეთს უპირსიპირდება - სიცოცხლე და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება, მაგრამ ეს დაპირისპირება არ არის ტრივიალური და ტრაფარეტული. წონადობა დარღვეულია, მაგრამ მკაცრად დაცულია ყველა მოძრაობის ტრაექტორია და პარტიტურა, რომელსაც მსახიობები ასრულებენ სკრუპულოზურად, სინატიფით, სისადავითა და სიზუსტით.

დიმიტრის პაპაოანუს ამ სპექტაკლში (ისე, როგორც ყველა ნაწარმოებში) ადამიანი იდეალური, სრულყოფილი არსებაა. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდებიან ანტიკური ქანდაკებები (და არა მხოლოდ), იდეალური სხეულები და იდეალური ადამიანები. რეჟისორი მოგვითხრობს ადამიანის გზას სიცოცხლიდან სიკვდილამდე და სიკვდილიდან მეორე სიცოცხლემდე.

მსახიობები დასაფლავების სცენას ოსტატურად (თანაც რამდენჯერმე) გაათამაშებენ. სუდარაგადაფარებულ გმირს, რომელიც რამდენჯერმე „ცოცხლდება" (ეს ეპიზოდი ტემპობრივად მზარდია და დინამიკური), ერთი მას სუდარას აფარებს, მეორე ქარის ეფექტით გადახდის. აქედან იწყება პირველი კონფლიქტი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში რამდენჯერმე გვხდება.

„დიდი მომთვინიერებელი" პატარ-პატარა ისტორიებისგან შედგება. ეს ამბები მრავალპლანიანი ეტიუდებია, სადაც წარმოდგენის ავტორი არა მხოლოდ სათეატრო რეჟისორად, არამედ ქორეოგრაფად და მოქანდაკედ გვევლინება. ყველა ეპიზოდი დახვეწილი, საგანგებოდ დამუშავებული დეტალებისგან შედგება, ხოლო მიზანსცენა ერთგვარ სკულპტურად, ან ფერწერულ ტილოდ გადაიქცევა (თუნდაც ჩვენს თვალწინ გაცოცხლებული რემბრანდტის „ექიმ ნიკოლას ტულპის ანატომიის გაკვეთილი" რად ღირს!). ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან ღმერთების, ნახევრად ღმერთების, მითური პერსონაჟების, კენტავრების, ამორძალების სკულპტურული ფიგურები... ისინი ერთი დიდი, ნაცრისფერი სამყაროს ნაწილები არიან, ლამაზები, დახვეწილები, მედიდურები.


დიმიტრის პაპაოანუ და მისი თანამოაზრეები ქმნიან სამყაროს, რომელიც ირყევა, იმსხვრევა, აქ ყველას მიწა ფეხქვეშ ეცლება და ის ყველა არსებას ყლაპავს, შთანთქავს, ქვესკნელში ჩაყავს. კიდურებად, ნაწილებად იშლება სხეულები, იქცევა ჩონჩხად, ძვლები კი, ნაცრად, მიწად. ყველაფერი საწყისს, პირველყოფილს უბრუნდება, პირველ რიგში, ადამიანი.

სიცოცხლე მუდმივი კონფლიქტია გარემოსთან, ადამიანთან, საკუთარ თავთან, დროსთან, სიკვდილთან... ადამიანი ოდითგანვე ცდილობს მოწინააღმდეგის მოთვინიერებას, დამორჩილებას, მის სამსახურში ჩაყენებას. ეს პროცესი დრამატულია, ზოგჯერ ტრაგიკული და ზოგჯერ კომიკურიც.

მისი გამომგონებლობა სცენაზე სანახაობის შექმნისას, მაყურებელს გვრის ღიმილსაც და სევდასაც. ეს მოვლენები კი „დიდ მომთვინიერებელში" კანონზომიერებას ემორჩილება. თითოეული მიზანსცენა ასოციაციას აღძრავს უკვე ნანახ ცეკვასთან, ფერწერულ ტილოსთან, ქანდაკებასთან, მაგრამ, რასაც ვხედავთ, ნანახის პაპაოანუსეული რედაქციაა, ერთგვარი ვერსია, რომელიც სემიოტიკურ ნიშნებს შეიცავს და სრულიად ახლებურად ინტერპრეტირდება მითი თუ რეალობა.

დიმიტრის პაპაოანუს მსახიობები: პაულინა ანდრიოპულო (Paulina Andriopoulou), ალექს ვანგელისი (Alex Vangelis), ეკტორას ლიაცოსი (Ektoras Liatsos), იანის მიჩოსი (Yannis Michos), იოანა პარასკევოპულო (Ioanna Paraskevopoulou), ევანგელია რანდუ (Evangelia Randou), დროსოს სკოტისი (Drossos Skotis), კრისტოს სტრინოპულოსი (Christos Strinopoulos), ჯორჯ ციანტულასი (George Tsiantoulas), კოსტას ჩრისაფიდის (Kostas Chrysafidis) უნივერსალური არტისტები არიან, გამორჩეული, ანტიკური ქანდაკების მსგავსი სხეულებითა და უნიკალური პლასტიკით, ფართო შესაძლებლობებითა და დიდი შემოქმედებითი რესურსით. განსაკუთრებით მომაჯადოებელია დროსოს სკოტისის (Drossos Skotis), ქრისტოს სტრინოპულოსის (Christos Strinopoulos), იოანა პარასკევოპულოსა (Ioanna Paraskevopoulou) დაალექს ვანგელისის (Alex Vangelis) შესრულება. მათი შესაძლებლობები სცილდება ერთი კონკრეტული მსახიობის შესაძლებლობებს, ისინი უკიდეგანო რესურსისა და ტალანტის არტისტები არიან.

ამ არავერბალურ უჩვეულო სანახაობას ფონს უქმნის მუსიკალურ ხმოვანი რიგი, რომელიც ერთი მხრივ, წარმოდგენილია იოჰან შტრაუსის ვალსის „მშვენიერ ცისფერ დუნაიზე" (Johann Strauss II: An der schönen blauen Donau, Op. 314) სტეფანოს დრუსიოტისის (Stefanos Droussiotis) ადაპტაციითა და ბუნებრივი ხმაურებით, რომელსაც, როგორც სიმფონიას, ქმნის ხის ფირფიტების რხევა, მათი დაცემისა და ხახუნის ხმა. ასე ანაცვლებს შტრაუსის (შენელებულ) ვალსს ბუნებრივი ხმაურები სუნთქვის, ხის თხელი ფირფიტების, ისრების ტყორცნისა და დაცემის, მიწის სცენაზე დაცემის ხმები. ეს ხმაურიც მუსიკაა, მელოდია, რომელიც ატმოსფეროსაც ქმნის და მუსიკალურ აკომპანიმენტსაც მოცეკვავე-მსახიობებისთვის.

„დიდი მომთვინიერებელი" მაგიური სანახაობაა, რომელიც გაჯადოებს და გხიბლავს, გართობს და გაფიქრებს, გაოცებს ნანახითა და განცდილით, მუდმივი მოულოდნელობით, გხიბლავს რეჟისორის გამომგონებლობით, მსახიობების მაღალი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით, უნივერსალურობით და ამოუწურავი შესაძლებლობებით, იდეალური სხეულებით, ესთეტიკური სრულყოფილებით, რეჟისორის ფანტაზიით...

ვანჯელის გიაკუმაკისის მსგავსად, სამყაროში ყოველდღიურად თითო ადამიანი მაინც უჩინარდება და მათი სიკვდილი ასევე ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. ადამიანი კი მაინც აგრძელებს ცდას მოათვინიეროს დრო და სიკვდილი.

ფოტო: ჯულიან მომერტი
Photos by Julian Mommert

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა