რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს
სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება

საქართველოს „გადაფორმატირება"

06.18.2021 | 12:12 ნახვები: 786

ავტორი: თენგიზ აბლოთია

აი უკვე 30 წელზე მეტია, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და წესით, ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილ იყო მეტ-ნაკლებად ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფოს ასაშენებლად. არ გავიმეორებ ჭეშმარიტებას იმაზე, რომ მეორე მსოფლიო ომში სრულიად დანგრეულმა გერმანიამ 10 წელიწადში გლობალური ლიდერების სიაში მოხვედრა მოახერხა - ეს ცუდი შედარებაა, რადგანაც ქართველ ერს გერმანელების შრომის კულტურის, ორგანიზებულობის, დისციპლინის და ტექნოლოგიური აზროვნების 1%-ც კი არ გააჩნია.
გერმანია გერმანიად, მაგრამ დღეს არსებულ უბადრუკ გაუგებრობაზე უკეთესის აშენება ნამდვილად შეიძლებოდა.
თუმცა, ეს ვერანაირად ვერ მოხერხდა - დაიწერა ათასგვარი მაღალფარდოვანი პროგრამა თუ კონცეფცია, სხვადასხვა მიმართულებების წინსვლაში მილიონობით დოლარი უცხოური ფული ჩაიდო, მაგრამ ამაოდ - ქვეყანამ განვითარების გარკვეულ ჭერს მიაღწია, ფსკერიდან ამოყვინთა, შეუმდგარ სახელმწიფოთა სამარცხვინო სიას თავი დააღწია და ამით ყველაფერი გაჩერდა.
სააკაშვილის პერიოდის რეფორმებსაც კი შეზღუდული შედეგები მოჰყვა - მოსახლეობის უმრავლესობა როგორც ცხოვრობდა შუა საუკუნეებში, როგორც იყო ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა და როგორც იყო ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებს შორის ნახევარი სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელი - ასევე დარჩა დღემდე.
დებატები არ წყდება - რა უნდა გაკეთდეს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად? რეცეპტები ბევრია, თუმცა, მოსაწყენად ერთფეროვანი - სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ხელი შეუწყოს, ფული ჩადოს, ბოლოს და ბოლოს მიხედოს.
თუმცა, არც ეს შველის - „სახელმწიფოს მიხედვა" არაეფექტურია, არა მხოლოდ კორუფციის მაღალი რისკის გამო, არამედ თავისთავად - მის მიერ მიღებული ზომები (მიხედვა) როგორც წესი მოკლევადიანია და ზოგადად შექმნილ მდგომარეობას ვერ ცვლის.
ხშირად გაიგონებთ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში კრიზისია, თუმცა, საკითხის ასე დაყენება საფუძველში არასწორია. არანაირი „კრიზისი" საქართველოში არ არსებობს, რადგანაც „კრიზისი" გულისხმობს ნორმიდან გადახვევას.
საქართველოში არანაირ გადახვევას ადგილი არა აქვს - ჩამოყალიბებული მახინჯი სისტემა დღევანდელი ქართველი ხალხისთვის სწორედაც რომ ნორმაა და არა გამონაკლისი.
მაშ რაშის საქმე? რატომ არ შველის ქვეყანას არც რეფორმები, არც მრავალტომიანი ბრძენი პროგრამები და კონცეფციები? რაშია საქმე?
საქმე კი იმაშია, რომ არც ერთი პოლიტიკოსი, ეკონომისტი ან ექსპერტი არ აღიარებს საქართველოს მთავარ პრობლემას - ქვეყანა ფუნდამენტალურად არასწორადაა მოწყობილი. მისი სტრუქტურა, შეიძლება ითქვას, ანატომია, მისი აგებულება, მოსახლეობის განაწილება - თავისთავად არასწორია და ყოველგვარ პროგრესს გამორიცხავს.
ყველას გვახსოვს პოსტსაბჭოთა დროის ინტელიგენციის ხმამაღალი გოდება - „დაიცალა ქართული სოფელი!!"..
დღევანდელი გადასახედიდან კი შეიძლება ითქვას - არათუ არ დაიცალა, არამედ არსებული პირობებში, სოფლებში ჭარბი მოსახლეობაა.
რას წარმოადგენს სოფელი განვითარებულ ქვეყნებში? მოსახლეობის 15-20%, დიდი ფერმები და აგრარული კომპანიები, თანამედროვე ტექნოლოგიები, და სოფლის მეურნეობა როგორც ბიზნესი.
ჩვენი პოლიტიკოსები და ეკონომისტები მუდმივად საუბრობენ „მცირე და საშუალო ბიზნესზე" მათ შორის სოფლად, თუმცა, არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ მაგალითად, ევროპაში „მცირე და საშუალოდ" ითვლება 15-20-ჰექტარიანი ფერმა... საქართველოში კი 20 ჰექტარი - მსხვილზე მსხვილი ბიზნესია.
ქართული სოფელი თავისი მახინჯი სტრუქტურით - გვერდი-გვერდ მიშენებული 2-სართულიანი სახლებით და საკარმიდამო ნაკვეთებით, თანამედროვე რეალობას არა წლებით, არა ათწლეულებით, არამედ საუკუნეებით ჩამორჩება. ამიტომაც ქართულ სოფელს არ შველის არც სუბსიდიები, არც ბიძინას ნაჩუქარი მილიონები, არც ათასნაირი სახელმწიფო პროგრამები.
ქართული სოფელი არასწორადაა მოწყობილი, და ის კვდება - მოსახლეობა გარბის, დარჩენილების დიდი ნაწილი სრულიად დეგრადირებული და გალოთებულია.. და ამას არ შველის არაფერი.
წესით, განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემები ადვილად წყდება - ინდუსტრიალიზაციის ფონზე სოფლის მოსახლეობა გადადის ქალაქებში, სოფლებში კი რჩება მოსახლეობის 10-15-20%. და ეს არის წარმატებული სოფლები, სადაც „მცირე" ფერმა 20 ჰექტარზეა გაშლილი.
საქართველოში ეს გართულებულია ინდუსტრიის არარსებობით და ამიტომაც ორმაგი ჩიხი გვაქვს - სოფლებში ცხოვრება შეუძლებელია, ქალაქებში კი არასაკმარისი სამუშაო ადგილებია. ამიტომაც თბილისი გადაიტენა ბაზრებით, ბაზრობებით, და ათასგვარი გარევაჭრობით - სოფლებიდან გახიზნული მოსახლეობა თავის რჩენას ცდილობს და ამისთვის ყველაზე მარტივ გზას მიაგნო - იყიდე ერთ ადგილას, გაყიდე მეორეს.
სოფელთან ერთად გადაშენების მტკიცე გზას დაადგნენ ასევე პატარა ქალაქები, გარდა ტურისტული ცენტრების.
თუ სოფელს რაღაც ხიბლი აქვს და ის საცხოვრებელ მინიმუმს მაინც უზრუნველყოფს, პატარა ქალაქებში სრული სიბნელე და უიმედობაა - ათასგვარი სამტრედია-ხარაგაული-ლაგოდეხი-წნორი- ხაშური, სრულიად უპერსპექტივო, გალოთებულ-განარკომანებული, ქურდული გაგების და ენდემური უსაქმურობის ტყეობაში მყოფი ქალაქები, სადაც არც ტურიზმია და არც სხვა რაიმე საინტერესო.
თუ დიდ ქალაქებში და ტურისტულ ცენტრებში ცხოვრების წესი ნელა-ნელა იცვლება, ჩამყაყებულ უფუნქციო პროვინციაში დრო გაჩერდა - იქ ისევე, როგორც წლების მანძილზე ბატონობს შავი გაგება, ჩასკდომამდე ჭამა-სმა და მამა-პაპურად მიჩნეული 70-80-ანი წლების საბჭოთა ტრადიციები.
პატარა პროვინციული ქალაქების დეპრესიულობა სოფლებზე ღრმაა - და სამტრედია- ხონი-ხაშური-დედეოფლისწყაროდან მოსახლეობა გარბის არანაკლებად აქტიურად, ვიდრე სოფლებიდან.
თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია, ყველასთვის ადგილი ვერ მოიძებნება და დიდი ნაწილი ევროპაში მირბის. თუმცა, საბჭოურ-მამაპაპურ ქართველებს ისიც ახასიათებს, რომ მათ არაფერი არ იციან, არაფერი არ შეუძლიათ, არანაირ პროფესიას ან სასარგებლო უნარ-ჩვევას არ ფლობენ. არც ევროპაში სჭირდებათ ვინმეს.
დღევანდელ საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბალასტია, რომელიც სრულიად მოწყვეტილია თუნდაც მე-20 საუკუნის ყველაზე მინიმალურ სტანდარტებსაც კი.
საქართველოში წინსვლა დაიწყება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ქვეყანა ნორმალურ სტრუქტურას და ანატომიას შეიძენს - სოფელი მართლად დაცარიელდება და იქ ფერმერების ძლიერი კასტა დარჩება, უფუნქციო პროვინციული ქალაქების მოსახლეობა კი განაწილდება თბილისს, ბათუმს, ნაწილობრივ ქუთაისს, სხვა ტურისტულ ცენტრებს (სიღნაღი, აჭარა, თელავი, ბორჯომი, სვანეთი და ა.შ.) და ევროპას შორის განაწილდება.
მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ქვეყნის აგებულება მისი ეკონომიკური პოტენციალის შესაბამისი იქნება, შესაძლებელი გახდება წინსვლა. ეს კი რთული, აგონიის მზგავსი პროცესია, რომელიც ათწლეულები გაგრძელდება და არავინ იცის, გადაიტანს თუ არა ქვეყანა ასეთი მასშტაბურ გადაფორმატირებას.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა