რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

როგორ აჩუმებს რუსული სპეცსამსახური არასასურველ ქართველ მღვდელმთავრებს - სკანდალური საარქივო მასალები

09.30.2020 | 11:13 ნახვები: 662

მართალია, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო და „ერთა მძლე კავშირი ძმური» 28 წლის წინ დაინგრა, მაგრამ საზოგადოების მცირე ნაწილში საბჭოური მენტალობა დღემდე ცოცხლობს, ანუ თუ დავაკვირდებით, ე.წ. მორალისტები დღესაც ამბობენ, რომ სექსი „ხიხიაა» და ამ იდეოლოგიას უმეტესად ისინი მისდევენ, რომლებიც თავს ჭეშმარიტ მართლმადიდებლებსა და ქრისტიანებს უწოდებენ. სიტყვამ მოიტანა და, შემთხვევითი ალბათ, არც ის არის, რომ მართლმადიდებლობას უმეტესად ისინი იცავენ, რომლებიც ღიად თუ ფარულად სამშობლოდ ჩრდილოეთს, ესე იგი, რუსეთს თვლიან და, პრაქტიკულად, ვლადიმერ პუტინის თეზასაც იზიარებენ, რომ სსრკ-ს დაშლა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო.

იმაში გასაკვირი და, მით უმეტეს, ახალი, რომ ყველაზე დიდი „მართლმადიდებლები» ღიად თუ ფარულად რუსეთუმეები არიან, არაფერია, რადგან საქართველოს უახლესი ისტორია ნათელყოფს, რომ კრემლი ქართულ ცნობიერებაზე გავლენას სწორედ ეკლესიის, უფრო სწორად, ზოგიერთი ქართველი მღვდელმსახურის საშუალებით ახდენდა და ახდენს. ხოლო იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მართლაც, ეროვნულ ფასეულობებსა და მართლმადიდებლობას იცავდნენ და იცავენ, კრემლი „ცეცხლითა და მახვილით» უსწორდებოდა და ეს უტრირებუი ნათქვამი არ გახლავთ. დიახ, ჩვენმა „დიდმა ძმა» და „ერთმორწმუნე» მეზობელმა, ყველა მოძღვარი, ვინც რუსულ იმპერიალიზმს აპროტესტებდა, საიქიოს გაისტუმრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხვდელმსახურთა მკვლელობები გამოუძიებელი დარჩა.

ფაქტები კი ასეთია:
1917 წლის 17 სექტემბერს, პირველი საეკლესიო კრების ბოლო დღეს, ეკლესიას საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უნდა აერჩია. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპრობლის ორი კანდიდატი გახლდათ - ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. 448 დელეგატიდან 237-მა მხარი კირიონს დაუჭირა, რაც რუსეთის იმპერიისთვის ცხელი წყლის გადასხმას ჰგავდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება, დავუშვათ, რომ კატალიკოზ კირიონის თავიდან მოცილება სწორედ იმავე დღეს დაიგეგმა (პატრიარქის მკვლელობაზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ), თუმცა ჭეშმარიტად ქართველი მღვდელმსახურთა მკვლელობები კირიონის საიქიოში გასტუმრებით არ დარულებულა: უწმინდესის იდუმალებით მოცული გარდაცვალებიდან მალევე დადუგენელი პირები კირიონ მეორის საარჩევნო აგიტაციის მეთაურს, მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს საკუთარ სახლთან მოკლავენ; ამავე პერიოდიში, მცხეთაში, ჯვრის მონასტერში მოკლულს არქიმანდრიტ მირიანს იპოვიან; 1918 წლის სექტემბერში ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძე) საკუთარი სიძე მოწამლავს.

30-იან წლებში, მომავალ პატრიარქს, დავით დევდარიანს (ყოფილი ომბდსმენის, ნანა დევდარიანის ღვიძლი ბაბუა) სამი შვილიდან ერთ-ერთი შიმშილითა და სიცივით მოუკვდება. დავითი დასახმარებლად მდიდარ ნათესავს მიაკითხავს, რახან მღვდელი ვარ, შეშა არავინ მომყიდა, ვიცი, სამი ნავთქურა გაქვს და ერთი მათხოვე, სიკვდილისგან სხვა შვილები მაინც ვიხსნაო. მდიდარი ნათესავი დავითის თხოვნას ყურად არ იღებს.
სხვათა შორის, უცნაურია თავად პატრიარქ დავიდ დევდარიანის აღსასრულიც: ის დიაბეტით დაავადა და საავადმყოფოში იძულებით დააწვინეს. ამბობენ, რომ პატრიარქს სასიკვდილო არაფერი სჭირდა, მაგრამ ერთი ვერსიით, ნემსის გაკეთება დაუგვიანეს, კომაში ჩავარდა და მოკვდა.
დავით მეხუთის სიკვდილამდე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი, გვარად მაჭავარიანი უკვალოდ გაქრება.

50-იან წლებში, ეპისკოპოს ნაუმ შავიანიძის ვაჟს დახვერეტენ. პროტოდიაკონ ამბროსი ახობაძეს გადასახლებაში მარჯვენა ხელს დაუშანთავენ, პირჯვარი რომ ვერ გადაიწეროო.
ქართული ეკლესიის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მღვდელმსახურთა ტრაგედიები რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო ინსპირირებულ დაგეგმილი. ასევე, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩრდილეთის უშიშროებას ჩვენს ეკლესიაში მეკავშირეები დღესაც უხვად ჰყავს, თუმცა კონკრეტული ფაქტების გარეშე ვინმეს დადანაშაულება, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ შეიძლება.
რაც შეეხება კათალიკოზ კირიონ მეორის (საძაგლიშვილის) აღსასრულს, რომელიც თავის დროზე თვითმკვლელობად მოინათლა, იმ დეტალების გასაჯაროებით, რომელსაც „ქრონიკა+» დღეს გთავაზობთ, დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ კირიონს სიცოცხლე სუიციდით არ დაუსრულებია და ის ბინძური რუსული თამაშების მსხვერპლი გახდა.

მაშ, ასე, ზუსტად ასი წლით უკან დავბრუნდეთ და თვალი 1918 წლის 26 ივნისის ქრონიკას გადავავლოთ, რომელზეც ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რ. ივანიცკი (ინგილო) თავის დროზე ამბობდა:
„მარტყოფის მოანსტრის საიდუმლო უცნობია! რა მოხდა წმინდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის... საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოზმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მისი სასიკვდილო იარაღზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც!“

კირიონ საძაგლიშვილის პატრიოტიზმი რუსებს ნერვებს უშლიდა და ჯერ კიდევ ცარიზმის დროს საერო ხელისუფლებამ მასზე საიდუმლო მეთვალყურეობა დააწესა. მას ე.წ. „სასულიერო მთავრობაც» `პოლიტიკურად არასაიმედო და მეფის ხელისუფლებისთვის მიუღებელ პიროვნებად~ მიიჩნევდა და ავიწრობდა. უფრო მეტიც, კირიონი გორის ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს, სამშობლოში მოღვაწეობა აუკრძალეს და რუსეთში, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გააგზავნეს, რაც პრინციპში, გადასახლება იყო. ქართული ეკლესიის თავდადებული ქომაგ ნიკოლოზ დურნოვის გადმოცემით, კირიონ საძაგლიშვილის საქართველოდან განდევნის საბაბი სვეტიცხოვლის ტაძარში საბერძნეთის დედოფლის მიმართ მის მიერ წარმოთქმული მისლამება გახდა, რომელშიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიის აღმავლობა-წინსვლა ალეგორიულად მოიხსენია.

1905 წელს, კირიონ საძაგლიშვილს საქართველოში აბრუნებენ და სოხუმის ეპარქიის მმართველად ნიშნავენ. სწორედ ამ დროს მეფის რუსეთი სოხუმში ასიმილისტურ, ანუ აფხაზეთის საქართევლოდან ჩამოციოლების პოლიტიკის გატარება იწყებს, რასაც კირიონი დაუპირისპირდა. 1907 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, კირიონის წინააღმდეგ ბრძოლა განახლდა და, აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, სოხუმის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლეს. ადგილობრივი მოსახლეობა კირიონის დაცვას ცდილობს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საპროტესტო წერილს ხელს 909 ადამიანი აწერს, მათ შორის, - ადგილობრივი რუსები და აფხაზებიც. `კირიონის დროს რუსები სლავურ ენაზე, ბერძნები - ბერძნულზე, ქართველები ქართულ ენაზე ისმენდნენ წირვა-ლოცვას და აფხაზებიც მალე მოისმენდნენ აფხაზურ ენაზე,~ - ნათქვამია საპროტესტო წერილში, რომელიც არიქვშია დაცული.
ერთი სიტყვით, საარქივო მასალები მოწმობს, რომ კირიონ მეორე შეთქმულების მსხვერპლი გახდა...

1918 წლის 26 ივლისს კათალიკოზი კირიონი მარტყოფის მონასტერში არქიმანდრიტ ტარასისა და ვასილ კბილაშვილთან ერთად ჩაბრძანდა. ერთი ვერსიით, პატრიარქს მარტყოფში ქრისტეფორე კაპანაძეც უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ ვინაიდან კირიოზნს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში წიგნები დარჩა, ქრისტეფორე გზიდან მიაბრუნა და წიგნების წამოღება დაავალა.
„...პატრიარქმა წელზე არამიწიერი სიცივე იგრძნო. ჯერ გაუკვირდა. მერე, ცალყბად გაიღიმა.
შეეშინდა?..
ალბათ, - არა...
ანდა, რისი უნდა შეშინებოდა?! ეს ხომ `ბრაუნინგია~, მისი გადასახლებისა და ჭირ-ვარამის თანამოსაყდრე...
ისე, კირიონს სიკვდილი სულ ფეხდაფეხ დაჰყვება. მართალია, რუს ექსარხოსებს თავი როგორღაც დააღწია, მაგრამ კინაღამ სამშობლოში მოკლეს. ეს ამბავი შარშან, 1917 წლის 1 ოქტომბერს, სვეტიცხოველში სწორედ იმ დღეს მოხდა, კირიონი კათალიკოზ-პატრიარქად რომ აღსაყდრდა:
უწმინდესმა წირვა დაასრულა და, მღვდელმთავრების თანხლებით, გასასვლელისკენ დაიძრა. მოულოდნელად უცნობი მიუახლოვდა და ქაღალდის ნაგლეჯი მიაჩეჩა. ანონიმურ წერილში გარკვევით ეწერა, ხალხში მკვლელია დამალული და ტაძრიდან გახვალ თუ არა, გესვრისო.
პატრიარქი წამითაც არ შეყოვნებულა...
გასასვლელამდე რამდენინე ნაბიჯიღაა დარჩენილი...
მრევლი დაზაფრულია...
ყარამან კიკნაველიძემ ხალხის ტალღა გაარღვია და კირიონს გვერდით ამოუდგა. ყარამანი ავტრორიტეტული კაცია. ადრე, თურმე, ყაჩაღად ყოფილა გავარდნილი...
- მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ! აბა, ვინმემ გაბედოს თქვენთვის სროლა! - შესძახა კიკნაველიძემ და პატრიარქი სამშვიდობოს გამოიყვანა...
ამ ამბიდან გავა სამი-ოთხი თვე და კირიონის მოკვლას კიდევ სცდიან. `მკვლელობის სცენარი~ კი საეკლესიო საბჭოს იმ სხდომაზე `დაიწერება~, რომელზეც კათალიკოზის პირადი მდივანი და საკათალიკოსო საქმეთა მმართველი უნდა აერჩიათ. ამ თანამდებობაზე კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ დავით დავიდოვის კანდიდატურა წამოაყენეს. დავიდოვის გაგონებაზე კირიონს ფერი ეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია...
ზემოხსენებულ თანამდებობაზე კეკელიძე და ცინცაძე პროტექციას კიდევ ერთ პიროვნებას - ალექსანდრე ნიკიტინს უწევენ, თუმცა კირიონი ვეღარ მოითმენს და წამოიძახებს:
- თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოზის ხარისხს ავიყრი!
დარბაზში სამარისებული სიჩუმე გამეფდება...
სიტყვას საბჭოს წევრი, ობერ-პროკურორი ჩიტო კაპანაძე ითხოვს:
- გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველად იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსის ექსარხოსების ჯაშუში იყო!
დავით დავიდოვის მომხრეებს ნირი საბოლოოდ წაუხდათ...
საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველად ალექსანდრე ნიკიტინს ირჩევენ...

- ბატონო ჩიტო, დავით დავიდოვი შეშფოთებული გეძებთ, დღეს უკვე სამჯერ გიკითხათ, - მოახსენა მეორე დღეს სამსახურში მისულ კაპანაძეს მსახურმა, თუმცა ობერ-პროკურორს ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია...
...საკათალიკოზო საბჭო დღესაც შეიკრიბება. ანაზდეულად დარბაზში დავით დავიდოვი შემოვა, დამსწრე საზოგადოებას ცივად მიესალმება და ჩიტო კაპანაძეს მკვახედ ჰკითხავს:
- თქვენ რა სთქვით ჩემზე?
- ის, რაც ვიცოდი და საჭიროდ მივიჩნიე. უკან დაიწიეთ და თქვენი ადგილი დაიჭირეთ!
- გაიმეორეთ, რა სთქვით? - დავიდოვს თვალები დემონივით უელავს.
- მე ის ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც რუსი ექსარხოსების ჯაშუში იყო, თავისუფალი საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველი ვერ იქნება! - აუღელვებლად წარმოსთქვა კაპანაძემ. სწორედ ამ დროს დავიდოვმა მუშტი მოუქნია. მერე, რევოლვერიც `იშიშვლა~, თუმცა დავით ჩიქოვანმა იმარჯვა და დავიდოვს ხელები დაუჭირა. ამასობაში მილიციაც მოვიდა...

მერე, დრო რომ გავა, რევოლვერმომარჯვებული დავიდოვი კირიონის კაბინეტშიც შევარდება, თუმცა ამჯერად მორჩილი გერმოგენე იმარჯვებს და კათალიკოზს `დემონის ბრჭყალებისგან~ იხსნის...
...ლოცვა რომ დაასრულა, კირიონმა ხელი სამუშაოს მიჰყო. ამასობაში ნაშუაღამევიც დადგა.
პატრიარქი დასაძინებლად მოემზადა...
ზუსტად ღამის პირველი საათია...

უწმინდესი, როგორც წესი, დილის 5 საათზე იღვიძებს. ამ ტრადიციას, ალბათ, არც დღეს დაარღვევს, მაგრამ... უკვე 6 სრულდება, კირიონი კი არ ჩანს.
რატომ?
რა ხდება?
ნეტავ, ავად ხომ არაა?

- ცოტა ხანს კიდევ ვაცალოთ და თუ კარი არ გააღო, ჩვენ შევიდეთ, - გადაულაპარაკა ვასილ კბილაშვილმა არქიმანდრიტ ტარასის.
ცოტა ხანიც გავიდა...
კირიონი ისევ არ ჩანს...
არქიმანდრიტი ტარასი და დავით კბილაშვილი კათალიკოსის საძინებელში შედიან...
კირიონი საწოლზეა მისვენებული, სახე წითლად აქვს შეღებილი...
`ბრაუნინგიც~ აქვეა...
უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა?
არა, ეს შეუძლებელია!
დაუჯერებელია!..

იქნებ, ვინმე ფანჯრიდან შემოიპარა და მოკლა?
ეს უფრო ლოგიკურია, მაგრამ კათალიკოზის ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, რომელიც მიწიდან 4 მეტრითაა დაცილებული. მაშასადამე, მკვლელს ოთახში უხმაუროდ შეღწევა გაუჭირდებოდა.
აბა, რა მოხდა?!
`ბოროტი სული~, იქნებ, კარიდან შემოვიდა?
დავუშვათ, ასეა, მაგრამ სანამ კირიონამდე მიაღწევდა, ჯერ ის ოთახი უნდა გაველო, სადაც არქიმანდრიტ ტარასისა და ვასილ კბილაშვილს ეძინათ, მაგრამ მათ ხმაური კი არა, ფაჩუნიც არ გაუგონიათ...
ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა? ისე, თუ თავის მოკვლას აპირებდა, ქრისტეფორე კაპანაძე წიგნების წამოსაღებად თბილისში რატომღა დატოვა?
იმ ღამეს მარტყოფის ტაძარში, იქნებ, დემონი შეიპარა?
იქნებ, თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი ბრაუნინგს?
იქნებ... იქნებ...
...და კიდევ უამრავი „იქნებ“...
გავა წლები და ეს „იქნებ“ უარესად `გაფართოვდება~, `ჩაიხლართება~, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აიზილება და საქმე იქმადეც კი მივა, რომ ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი იტყვის, კირიონს `ბრაუნინგისთვის~ კი არ უნდა მიემართა, არამედ ქართველი ერისთვისო. ისე, ისტორიკოს ჯანაშვილს კირიონი არც სიცოცხლეში ჰყვარებია, თურმე...»
მარტყოფის მონასტრის ტრაგედიიდან წელს ასი წელი გადის. ამ ხნის განმავლობაში უწმინდესი პატრიარქის სიკვდილი, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ შეისწავლა. ისე, გასაკვირი არაა, რომ `წითლები~ ამ ტრაგედიით არ დაინტერესდნენ, მაგრამ კირიონი ხომ ნოე ჟორდანიას ხელისუფლების დროს მოკლეს.
რატომ დადუმდა ეროვნული მთავრობა? ვინ შეუკევთა კირიონის განადგურება? ვინ მოიყვანა `განაჩენი სისრულეში~? რა ვერსიები გაჩნდა იმდროინდელ ქართულ პრესაში და მიდის თუ არა კვალი ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან? - ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ერთი კია: კირიონის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. საფალვის ქვა, საკათალიკოზო საბჭოს დავალებით, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ ნეოფიტე აგლაძეს დაამზადებინეს და 1919 წლის 10 ივნისს დადგეს.
საინტერესო დეტალი: კირიონის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ, 1918 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს სხდომა ტარდება, რომელსაც, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, თბილელი მიტროპოლიტი და კათალიკოზ-პატრიაქრის მოსაყდრე, ლეონიდეც ესწრება. საბჭო კირიონს მემკვიდრედ სწორედ მას ასახელებს. ზოგიერთი მღვდელმსახური ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ზუგდიდელი მღვდელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე კი, შინაგან საქმეთა მინისტრს საგანგებო დეპეშას უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ ეს კათალიკოზის არჩევის არაკანონიერი და არადემოკრატიული გზა არის. პარალელურად, საგანგებო დეპეშას მთავრობის თავმჯდოამრეც იღებს და ანონიმური ავტორი ნოე ჟორდანიას ეკითხება:
„ვინ მისცა საკათალიკოზო საბჭოს განუსაზღვრელი უფლება, რომ ხალხის დაუკითხავად სწყვეტს საქართველოს ეკლესიის ბედს? ჩვენ გყვავდა ღირსეული კაცი, მაგრამ მას შურით მაცქერალმა კაცმა არ აცალა სიცოცხლე და თავისი ბინძური ხელი შეურია მის წმინდა სისხლში!~

1919 წლის თებერვალში, სვეტიცხოველში მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქად ეკურთხევა. საგანგებოდ ამ დღისთვის მთავრობა მცხეთაში მატარებელს დანიშნავს. ლეონიდეს აღსაყდრებას ექვთიმე თაყაიშვილიც დაესწრება.
„არ ვიცი, შენი ასეთი მოულოდნელი და უცნაური სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია. ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგარ, დამშვრალ მცხოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისი სიბრძნე-გამოცდილებით ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოვიქეცით... ქედმაღლობა, გამძვინვარებული შური, საარაკო თავხედობა გამოვიჩინეთ,» - განაცხადა კირიონის დაკრძალვის დღეს, 1918 წლის 7 ივლისს, სიონის საპატრიარქოს ტაძარში დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ.
სხვათა შორის, კირიონის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ, 1918 წლის სექტემბერში მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძე, ასევე, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე და ბერები - მირიანი და გერმოგენ მოკლეს.
მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) წმინდანად შერაცხა.
ე.წ. რუსული ინტრიგები, როგორც აღვნიშნეთ, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე დაჰკლებია და ამის ნათელი მაგალითია „ციანიდის საქმე", რომლის შესახებაც უკვე ბევრი ითქვა, ამიტომაც, ამ თემას აღარ განვავრცობთ...

დავით გავაშელი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა