Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces

შეწყდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება

07.06.2021 | 10:28 ნახვები: 2596

მაშ ასე, მე და თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ინსტიტუციას, რომელსაც მუდმივი საბოტაჟის ქვეშ ჰყავს სახელმწიფო და თითოეული ჩვენთაგანი ყოველწლურად მილიონებს ვუხდით.

5 ივლისს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, თვალნათლივ წარმოჩინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არის არა რელიგიური, არამედ რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია და სახელმწიფო და მისი მოქალაქეები მუდმივი საბოტაჟის, ობსტრუქციისა და შანტაშის პირობებში ჰყავს.

არანაირად არ ვაპირებ ახლა ისევ და ისევ იმაზე ვისაუბრო, თუ რატომ აკეთებს ამას ეს ექტრემისტული ორგანიზაცია, რა პოლიტიკური (!) მიზნები და ზრახვები აქვს.

ამ პირობებში სრულიად ლეგიტიმურია კითხვა, რატომ იქცევა საქართველოს მოქალაქე როგორც უკანასკნელი მაზოხისტი და აფინასებს იმ ორგანიზაციას, რომელიც მასზე ძალადობს ფიზიკურად და მორალურად?

5 ივლისს ჩვენ გავხდით იმის თვითმხილველი, რომ ეკლესია და მისი მესვეურები, ამ მესვეურების მიერ მართული რადიკალური ჯგუფები ძალადობდნენ ჩვენსავე თანამოქალაქეებზე, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს მათი ცხოვრების წესი და ქცევის ნორმები - როგორც ამაზე აპელირებენ თვითმარქვია ქრისტიანები. ვნახეთ, როგორ ძალადობდნენ ამ ინსტიტუციის მიერ მართული რადიკალური ჯგუფები და ვხედავთ, რომ ინსტიტუცია, რომელიც ბოლო 2 ათასი წლის განმავლობაში არაერთხელ იყო ქვეყნის სახელმწიფოებრივი და კულტურული იდენტობის განმსაზღვრელი, ხელში ჩაიგდო ყოვლად გაუნათლებელმა, ადამიანთმოძულე და ქრისტიანულ რწმენას მიღმა მყოფმა ყაჩაღა ბანდამ. ბანდამ, რომელიც საკუთარი სურვიულისამებრ, ღიად და უტიფრად აცხადებს, რომ ახალი აღთქმის ეპოქა არ დამდგარა, ქრიტეს ჯვარცმა ბუტაფორიაა და ძველი აღქმის დოგმებით მართავს ქრისტეს ეკლესიას. ბანდამ, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ ეწამა ქრისტე და მას ზოგადად და კონკრეტულად სხვა ღმერთი ჰყავს - უფრო სწორად კერპი.

---

5 ივლისის ფაქტიც საკმარისია იმისთის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ და ნათლად დააყენოს საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.

როდესაც ვმსჯელობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებზე და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, ბრმადმორწმუნე მრევლმა და ცალკეულმა - არასასურველი მიზნებით მოტივირებულმა, საკუთარ თავში ჩაკეტილმა მღვდელმსახურმა უნდა გაითვალისწინოს _ „გარეშე პირები" არ დაობენ საეკლესიო დოგმებზე და არავინ მოითხოვს ნათლობის, ზიარებისა თუ სხვა საიდუმლოებების აღსრულების შეცვლას. ეს პირები ვერ ხვდებიან, რომ ეკლესიის გულშემატკივარნი მისი მესაჭეებისგან პატიოსნებას, ღიაობას, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას, პროგრესისა და სახელმწიფოს თანადგომას მოითხოვენ.

საზოგადოების წევრები _ საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის „გარეშე პირებიც" (ათეისტები, აგნოსტიკოსები, სხვა კონფესიის წარმომადგენლები) კი, მინიმუმ, პატივისცემასა და მოკრძალებას იმსახურებენ იმის გამო, რომ საკუთარი შრომით, საკუთარი გადასახადებით ასაზრდოებენ და კვებავენ ეკლესიას. ეს იმის მიუხედავად, რომ თავად ეკლესია არად დაგიდევთ თუნდაც მადლიერებასა და ღიაობას. არავინ ეუბნება გადასახადის გადამხდელს და აქ სულაც არ არის სავალდებულო გადასახადის გადამხდელის რწმენა, მისი სენტიმენტები რელიგიასთან, თუ სად იხარჯება ეკლესიის მხრიდან ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლები. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ჰყავს ათი ათასობით მშიერი, უპოვარი, უსახლკარო, დავრდომილი, უმწეო, უპატრონო მოქალქე, ეკლესია სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და, ცალკეული ფაქტების გათვალისწინებით, კორუმპირებული ინსტიტუტია. როდესაც ეკლესიის კორუმპურებულობაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მყავს ის ღვთისმსახურნი, რომლებიც არაკანონიერ საქმიანობაში არიან ჩართულნი და ფარად, ისევ და ისევ, ქრისტეს რწმენას, ეკლესიას იყენებენ.

***

ჩვენ მოჩვენებითად, ფორმალურად (!?) სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას საკონსტიტუციო შეთანხმება - კონკორდატი არეგულირებს. კონკორდატის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები".

კონკორდატის მიხედვით სახელმწიფოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ ეკლესიას უნდა აუნაზღაუროს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში მიყენებული ზიანი, მაგრამ არც ერთმა ხელისუფლებამ ეს ზიანი არ დაითვალა. რატომ? იმიტომ რომ მისი დათვლა არც ეკლესიას აწყობს და არც ხელისუფლებებს, რომლებიც მუდმივ პოლიტიკურ და ფინანსურ გარიგებაში არიან. ქვემოთ მოყვანილი მაგალითებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, საინტერესოა, აინაზღაურა თუ არა საქართველოს ეკლესიამ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი და, მინიმუმ, საბიუჯეტო სახსრებით რამდენი წელი უნდა აფინანსოს სახელმწიფომ საპატრიარქო, ჯერაც დაუთვლელი, გასტუმრებული თუ გაუსტუმრებელი ზიანის საბაბით?

ვერაფრით ვერ გავიგე - დამოუკიდებლობის პირობებში დაბადებული საქრთველოს მოქალაქე რატომ უნაზღაურებს ეკლესიას ზიანს? ან მე რა ზიანი მივაყენე ეკლესიას იმით, რომ საბჭოთა პერიოდში დავიბადე? თუ ზიანზეა საუბარი, რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა მხოლოდ ეკლესიას მიაყენა ზიანი და საქართველოს მოქალქეების წინაპრებს არა?

----

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, 1988 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მიღებული მიწის ფართობი ლამის ბათუმის ფართს (6494 ჰექტარი) უტოლდება. (ვატიკანის ტერიტორია ბევრად ნაკლებია - 44 ჰექტარი.)

მხოლოდ ერთი მაგალითი: საპატრიარქოსთვის გადაცემული „ბობოყვათის რეზიდენცია" 35 მილიონ დოლარად (92 750 000 მილიონი ლარი) იყო შეფასებული. შეფასებაში არ შედის ლამის ერთკილომეტრიანი სანაპირო ზოლი. იმ პირობებში, როდესაც არსებობდა ინვესტორი, სახელმწიფომ რეზიდენცია საპატრიარქოს აჩუქა.

და ამის მიუხედავად, ექსპრტების ნაწილი აცხადებს, რომ მხოლოდ საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული მიწის ჯამური საბაზრო ღირებულება, შეწონილი მინიმალური ფასის პირობებშიც კი, რამდენიმე ასეულ მილიონ, სხვა მოსაზრებებით კი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

როგორც ირკვევა, 2002 წლიდან საპატრიარქოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 2021 წელს მისაღები თანხის ჩათვლით _ 400 მილიონი ლარია. უფრო ადრინდელ მონაცემებს ამ მიმართულებით ვერ მივაკვლიე.

განსაკუთრებით საგულისხმოა საპატრიარქოს მიერ „ავადსახსენებელი" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს მიღებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა.

2003-2012 წლებში საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ შეადგინა 150 მილიონ ლარამდე თანხა შეადგინა. კურის შედარება დოლართან მიმართებით თქვენთვის მომინდვია.

„ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საპატრიარქოს ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა და 2021 წლის ჩათვლით მისაღები თანხის გათვალისწინებით საპტარიქოს მიერ მიღებული დაფინანსება 250 მილიონ ლარამდეა. გაითვალისწეინეთ, ეს მხოლოდ ბიუჯეტის პირდაპირი დაფინასებაა.

---

საპატრიარქო ბიუჯეტიდან დაფინანსებას სხვა გზებითაც იღებდა. 2006-2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებითა და მთავრობის დადგენილებებით სხვადასხვა ღონისძიებისთვის გამოყოფილია 8 მილიონ 388 200 ლარი. დამატებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ამავე პერიოდში საპატრიარქოს მიღებული აქვს 10 მილიონ 401087 ლარი. ამ სახსრებიდან მხოლოდ ავტომანქანების შესაძენად გამოყოფილი თანხის მოცულობა შეადგენს 2 მილიონ 170290 ლარს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პრეზიდენტის ფონდიდან საპატრიარქოს 1 700 000 ლარი ჩაერიცხა, ხოლო 2012 წლის ივლისში შსს-მ (მინისტრი ბაჩო ახალაია) „მერსედესის" მარკის ავტომანქანის შესაძენად საპატრიარქოს 110 ათასი ევრო გამოუყო.

2012 წლის შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსების მიღმა საპატრიარქოს სხვადასხვა მონაცემებით მიღებული აქვს 100 მილიონზე მეტი თანხა.

სხვადასხვა არასრული მონაცემებით ირკვევა, რომ იმავე პერიოდში 2002-2021 წლებში საპატრიარქოს არაპირდაპირი დაფინანსების სახით ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 200 მილიონ ლარამდე.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საპატრიარქო სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად რეგულარულად იღებს თანხებს ცალკეული უწყებებიდან. ასევე რეგულარული ხასიათი აქვს ამ ინსტიტუტისთვის სხვადასხვა სახის ქონების მიკუთვნებას უფასოდ, 1 ლარად ან 1 აშშ დოლარად.

როგორც ირკვევა, ცენტრალურ ხელისუფლებას არც ადგილობრივი ხელისუფლებები ჩამორჩებიან. ეს იმ პირობებში, როცა ადგილობრივი ბიუჯეტებით ვერ ხერხდება უამრავი პროგრამის დაფინანსება, ხელმოკლე ოჯახებისა თუ უმწეოებისთვის დახმარებების გაწევა. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ეპარქიებისა და ღვთისმსახურებისთვის გაწეული დახმარება, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ლამის, 100 მილიონ ლარს აღწევს.

ჯამში საქართველოს საპატრიარქოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში სხვადასხვა საბიჯეტო ხარჯებიდან მიღებული აქვს - 700 მილიონზე მეტი თანხა.

ვიმეორებ, მონაცემები არასრულია. და მასში არ არის გათვალიწინებული საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების, მიწების, მომსახურეობის ღირებულება.

***

ძალიან საინტერესოა სხვადასხვა უწყების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს მიწას, ტრანსპორტს, საწარმოებს, სამშენებლო მასალებს, შენობა-ნაგებობებს, ინფრასტრუქტურას, საძილე ტომრებს, ხელთათმანებს, შეშას, წიგნების ბეჭდვასა და თარგმნას.

თუმცა განსაკუთრებით ნიშანდობლივია საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ოთხი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, ორი არაკომერციული („თერაპიული კლინიკა უპოვართათვის", „წმ. გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფო"), ორი კი შპს („წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი" და საეკლესიო საავადმყოფო _ „წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსნენონი"). არაკომერციული- არამომგებიანი აქ იურიდიული ნორმისთვისაა, თორემ ისინიც კომერციულ საქმიანობას ეწევიან. ისევე როგორც მოგებაზეა ორიენტირებული ორი კლინიკა, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ დავადგინე რამდენ ადამიანს მოემსახურა უფასოდ საპატრიარქოს კლინიკები.

საპატრიარქოს ასევე ეკუთვნის რაგბის კლუბი „ბაგრატი" ქუთაისში, თბილისის სამხრეთით მდებარე „კრწანისის ტყე-პარკი", ხაშმის ღვინის ქარხანა კახეთში, სამშენებლო-საპროექტო კომპანია შპს „იბერია ბურჯი" და ა. შ.

როგორც ირკვევა, საპატრიარქოს ეკუთვნის შპს „თანადგომა". ამ კომპანიის საქმიანობაა ნავთობის იმპორტი და რეალიზაცია. ისე, ფრიად გასაკვირი კი არის, ეს ბიზნესი როგორ პასუხობს საეკლესიო-სასულიერო მოთხოვნებს.

ხელმისაწვდომი დოკუმენტებით დგინდება, რომ საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს 100-მდე არასამეწარმეო იურიდიული პირი _ მათ შორის უნივერსიტეტები, სემინარიები, სკოლები, სოციალური დაწესებულებები, სხვადასხვა ფონდი.

***

ყურადსაღებია ის იდეოლოგიური გავლენა, რომელიც საპატრიარქოს აქვს სახელმწიფოში არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ ხალხზე. რა არის ხალხზე _ მასაზე გავლენის საფუძველი და როგორ მანიპულირებს საპატრიარქო მათი ემოციებით, ამაზე, ალბათ, ცალკე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ახლა ერთი მეტად საინტერესო მონაცემი საპატრიარქოს ვებგვერდიდან. ეკლესია ფლობს და განკარგავს 100-მდე კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებას.

***

ცხადია საქართველოს საპატრიარქო - ვიმეორებ, რელიგიურ ექსტრემისტული ორგანიზაციის მმართველი ორგანო დღეს წარმოადგენს ფინანსურად ყველაზე შეძლებულ ინსტიტუციას, რომლის ქონების შეწონილი ფასი, დაახლოებით, 25 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ექსპერტების ნაწილი უფრო მეტ, ზოგი კი ნაკლებ თანხას ასახელებს. ამ ჩამონათვალში არ შედის საეკლესიო საგანძური, რომელსაც საპატრიარქო ფლობს.

შესაბამისად, ეკლესია სახელმწიფოში ყველაზე მძლავრი ინსტიტუციაა, რომლის ქონება და მატერიალიზებული გავლენა ბევრად აღემატება სახელმწიფოში არსებული რომელიმე ერთი ინსტიტუციისა თუ ინსტიტუციების გავლენასა და დოვლათს.

****

ამ ყველაფრის ფონზე, მე საქართველოს მოქალაქემ, ჩემმა შვილებმა - ასევ საქართველოს მოქალაქეებმა, 5 ივლისს ნაცემმა 48 ჟურნალისტმა, საკუთარ უფლებებში შეზღუდულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მათმა მშობლებმა, გულშემატკივრებმა, ან სულაც ნებისმიერი ძალადობის მოწინააღმდეგე ადამიანებმა რატომ უნდა აფინანსონ ყოველწლურად ბიუჯეტიდან თუ მისი გვერდის ავლით ლამის წლური 50 მილიონი ლარით ინსტიტუცია, რომელიც ყოველგვარ რელიგიურ ჩარჩოებს სცდება, არის ძალადობის იდეოლოგი, წამხალისებელი და უშუალო აღმსრულებელი?

 

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა