მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

ლაშა ჩხარტიშვილი: მსახიობები მებრალებიან ხოლმე, ვგრძნობ, რომ იტანჯებიან

01.14.2023 | 10:29 ნახვები: 9273

„შეძლებისდაგვარად კრიტიკული ვარ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ მაინც. ამ ბოლოს, უფრო ლმობიერი გავხდი, ვცდილობ რეჟისორზე შეხედულება მხოლოდ ერთი სპექტაკლით არ შევიქმნა, მისი შემოქმედებითი განვითარების პროცესს ან რეგრესს დავაკვირდე“,- ამის შესახებ ქართული თეატრის კრიტიკოსმა ლაშა ჩხარტიშვილმა „ნეიშენ ჯორჯიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ლაშა, როგორ წელი იყო 2022  ქართული კულტურისთვის, რა სიახლეები გვქონდა და რამდენად გავართვით იმ ახალ გამოწვევბს თავი, რაც კულტურის წინაშე იყო?

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ ილიას ამ სიტყვებით შემიძლია მოკლედ გიპასუხოთ ამ კითხვაზე. არ ვფიქრობ, რომ გამორჩეული და განსაკუთრებული წელი იყო, თუ არ ჩავთვლით ქართული გალობის და ეროვნული მუსიკალური უნიკალური ფოლკლორის ვატიკანში აჟღერებას, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა სწორედ ეს იყო. თუმცა, როგორც ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს შეუძლია ყველაფერზე ღლიცინი, ამ მოვლენაზეც იღლიცინეს. გული მწყდება, რომ ჩვენი საზოგადოება დაჭრილია მორალურადაც, სულიერადაც... სხვა მხრივ, სიახლეებს რაც შეეხება, ბევრ თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა, ზოგიერთმა გაართვა თავი დასახულ ამოცანას, ზოგიერთმა ფაქტია რომ ვერა. რაც შეეხება გამოწვევებს, რომელიც ქართული თეატრის წინაშე დგას, ვფიქრობ, მხოლოდ ნაწილობრივ. პრობლემები, რომელიც ქართული თეატრის წინაშე დგას, კვლავაც გადაულახავია და სულაც არ მაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი ერთ-ორ წელში აღმოიფხვრება. ეს არის ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით დახუნძლული პროცესი.

2022 იმითაც იყო გამორჩეული, რომ ქართულ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობდა, თქვენც იყავით ამ კომისიის წევრი და ერთ-ერთ გადაწყვეტილების მიმღები, რამდენად ობიექტურად შეირჩა სამხატვრო ხელმძღვანელები და იყო თუ არა ეს პროცესი მიუკერძოებელი?

ვფიქრობ, რომ ობიექტურად შეირჩა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაგრამ ის, რასაც მე ვთვლი, რომ ობიექტური იყო, შესაძლოა სხვისთვის სუბიექტური გადაწყვეტილება იყოს. ვინც გვაკრიტიკებს ხოლმე, მგონია, ძალიან ზედაპირულია მათი კრიტიკა, დემაგოგიაზე დაფუძნებული. ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, კადრების დეფიციტია. ჩვენ შესაძლოა გვყავდეს ბევრი კარგი რეჟისორი, მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ყველა კარგი კანდიდატია სამხატვრო ხელმძღვანელობისათვის. კონკურსანტებს შორის, ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო, მაგრამ ბევრს არ აქვთ გამოცდილება სახელმწიფო თეატრის მართვის, ამიტომაც გადაწყვეტილებები შეიცავს რისკებს. თუ არ გარისკე და ვიღაცას არასდროს მიეცი შანსი, არ იქნება მართალი. ამიტომაც, თითოეული გადაწყვეტილება მომდინარეობდა კონკრეტული მოცემულობიდან, რომელიც ძირითად შემთხვევაში ობიექტურ რეალობას ეფუძნება. მიხარია, რომ რეჟისორება ვახტანგ ნიკოლავამ, ვატო ჯუღელმა და კიდევ რამდენიმემ, სრულიად გამოუცდელებმა სახელმწიფო თეატრის მართვაში, გაართვეს თავი ამოცანას და სენაკსა და ზესტაფონში სხვაგვარად გამოაცოცხლეს თეატრი, მაყურებელი დაუბრუნეს, ტრენდული გახადეს თეატრში მისვლა.

რა შენიშვნები გაქვთ რეჟისორებთან?

რეჟისორებთან ბევრი შენიშვნა მაქვს, ჩემი შენიშვნები კი არ მგონია იყოს მოულოდნელი ვინმესთვის, არც მკითხველისთვის, რომელიც მაყურებელია და არც რეჟისორებისთვის, რომლებიც ქმნიან თანამედროვე პერიოდის ქართულ თეატრს. საერთოდ რეჟისორები, განსაკუთრებით ახალგაზრდა და საშუალო თაობა ამბობს, რომ კრიტიკა არ გვაქვს, სულ იმას გაიძახიან, მოდით, გაგვაკრიტიკეთ, ეს ჯანსაღი პროცესია. მიხვალ სპექტაკლზე, გააკრიტიკებ და მტრად გამოგაცხადებენ. ფასადია ის, რომ თითქოს კრიტიკას იღებენ. თუ გაბედე და საჯაროდ შენიშვნა გამოთქვი, კრიტიკოსია ტენდენციური და დაბალი ინტელექტის მქონე თურმე. ძირითადად, თუნდაც ტენდენციურ კრიტიკაზე არ უყვართ დაფიქრება და შეტევაზე გადმოდიან. ამით, ცხადია მათ აკლდებათ, ნაკლებად უფრო კრიტიკოსს. ხშირად მაქვს განცდა, რომ ჩვენი რეჟისორების შესამჩნევი ნაწილი ახალ პიესებს (არც ქართულს, არც უცხოურს) არ ეცნობა. ერთი დადგამს და მერე დანარჩენები ამოიჩემებენ ამ პიესას და დაატარებენ თეატრიდან თეატრში, თითქოს სხვა იგივე პრობლემაზე და თემაზე პიესა არ არსებობდეს. რეჟისორთა ნაწილმა მგონია, რომ დაივიწყა შემოქმედება და დადგმის პროცესი სამსახურად აქცია. ხელოვნება კი ვერ იტანს ხელოსნობას. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ სპექტაკლის ავტორი რეჟისორია, მაშინ ის არის პასუხისმგებელი სპექტაკლის ხარისხზე და ყველა კომპონენტზე, რეჟისორთა ნაწილს ჰგონია, რომ მისი საქმე არ არის მსახიობთან, სცენოგრაფთან მუშაობა, ასეთი დილეტანტური დამოკიდებულება ეტყობა კიდეც სპექტაკლებს. რეჟისორების გარკვეული ნაწილი არ მუშაობს მსახიობთან, ბევრ სპექტაკლში მიგრძვნია, რომ მსახიობს არ აქვს ამოცანა, არ აქვს გააზრებული რას თამასობს, არ იცის რა სურს რეჟისორს, რომელიც სპექტაკლის ავტორია.

მსახიობებთან?

მსახიობები ძირითადად მებრალებიან ხოლმე, ვგრძნობ, რომ იტანჯებიან, თავს თავისუფლად და ორგანულად ვერ გრძნობენ სცენაზე წარმოდგენის მსვლელობისას, რადგან გამორკვეული არ აქვთ რას და როგორ თამაშობენ. იგრძნობა, რომ თავს კომფორტლად არ გრძნობენ სცენაზე, ეს განწყობა კი მაყურებელზეც გადამდებია. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში პარტერში და სმარტფონებში უფრო საინტერესო ამბები ხდება, ვიდრე სცენაზე. აი, ყველაზე დიდი გამოწვევა რაც დღეს აქვს თეატრს, მოწყვიტოს მაყურებელი გარესამყაროს რამდენიმე საათით და გახადოს წარმოდგენის მონაწილე.

რამდენად კრიტიკული ხართ როგორც თეატრის კრიტიკოსი და შეგიძლიათ დაასახელოთ რეჟისორები, რომლებიც თავს ვერ ართმევენ საკუთარ პროფესიას?

შეძლებისდაგვარად კრიტიკული ვარ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ მაინც. ამ ბოლოს, უფრო ლმობიერი გავხდი, ვცდილობ რეჟისორზე შეხედულება მხოლოდ ერთი სპექტაკლით არ შევიქმნა, მისი შემოქმედებითი განვითარების პროცესს ან რეგრესს დავაკვირდე. კონკრეტულ რეჟისორებს ცხადია არ დავსახელებ, რადგან ამ ქვეყანაში ვაპირებ ცხოვრებას.

როგორი უნდა იყოს თეატრი, რომ მან შეძლოს მაყურებლის მიზიდვა?

თეატრმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ტელევიზიასაც და სოციალურ ქსელებსაც, უნდა იყოს უფრო საინტერესო და მიმზიდველი, ვიდრე არის. ის ვეღარასდროს აგხდება ისეთი საყოველთაო, როგორიც იყო ანტიკურ ეპოქაში, მაგრამ ის უნდა იყოს სერიოზული ინსტრუმენტი საზოგადოების სიფხიზლის, განვითარების, მან უნდა შეძლოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

თქვენ ასევე რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი ხართ, რა შეგიძლიათ თქვათ არიან თუ არა დაინტერესებული კულტურით, თეატრით და იქნება თუ არა თეატრის კრიტიკის გამგრძელებელი მომავალი თაობა?

მომავალი თაობა ჭრელია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ცუდი თაობა მოდის, ეს ასე არ არის, მაგრამ არის რაღაც ნაწილი, ვინც დიპლომისთვის „სწავლობს“, ვინც ფულს იხდის იმაში, რომ არაფერი ისწავლოს, მისი მიზანია ჰქონდეს დიპლომი და არ მიიღოს განათლება, ასეთი რამ მგონი მარტო საქართველოში ხდება... ცხადია უნივერსიტეტში ასეთი სტუდენტების გამო არ მიმიხარია, ლექციაზე შევდივარ მოტივირებული ისეთი სტუდენტების გამო, რომლებიც ვიცი ბევრ კითხვას დასვამენ, არ დამეთანხმებიან, ვიკამათებთ და ერთად მოვძებნით გამოსავალს. მომავალ კრიტიკოსებს მე არ ვასწავლი, არ მქონია მათთან შეხება პედაგოგის ამპლუაში, მხოლოდ პროფესიული თანამშრომლობა მაკავშირებს მათთან. ერთი რაღაცის თქმა კი შემიძლია: ჩვენი თაობა უფრო თამამი და რადიკალური იყო, ჩვენი რადიკალიზმი შესაძლოა გამოწვეული იყო ადგილის დამკვიდრების, ყურადღების მიქცევის მოტივითაც. ახალი თაობა კი პირდაპირ დაზავებულია თეატრის პრაქტიკოსებთან და ჩვენი თაობისგან განსხვავებით, ჰარმონიაშია მათთან. ვისურვებდი ისინი უფრო კრიტიკულები, რადიკალურებიც კი ყოფილიყვნენ, რადგან არ შეიძლება ყველაფერი მოგწონდეს ქართულ თეატრში და გეჩვენებოდეს, რომ ყველაფერი არის იდეალურად სპექტაკლებში... ახალგაზრდა კრიტიკოსები კრიტიკულები მათი კოლეგების მიმართ არიან და არა იმ მხატვრული მოვლენის და პროცესის მიმართ, რაც თანამედროვე ქართულ თეატრში ხდება.

ასევე, უკვე გასულ წელს მომხდარი ფაქტი მინდა შეაფასოთ, კახა კინწურაშვილის და თორნიკე გოგრიჭიანის ვიდეოს გავრცელება, თქვენ მაშინ პოსტიც გქონდათ, უფრო ვრცლად რომ ვისუაბროთ ამაზე, რასთან გვქონდა საქმე?

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პროვოცირება, შეცდომაში შეყვანა ძალიან იოლია. ერთ წამში შეგვიძლია ავაგოროთ შავი ან თეთრი პიარ კამპანია და ჩვენც ბრამდ ვენდოთ ფეიკ ნიუსის გამავრცელებელს. საქმე იმაშია, რომ კადრები, რომელიც გავრცელდა არის მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლიდან, მავანი ჟურნალისტი კი შეეცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სპექტაკლის კადრების გასაღებას როგორც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებად, რაც ცხადია აბსურდია. თუმცა, მე თუ მკითხავთ, პირადი კადრებიც, რომ ყოფილიყო, პირადად ჩემს დამოკიდებულებას კახა კინწურაშვილის პერსონისადმი არ შეცვლიდა. პრობლემა სწორედ ის მგონია, რომ მსახიობზე წარმოდგენა შეიძლება ვიღაცას შეეცვალოს მისი სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური აღმსარებლობის, ეთნიკური კუთვნილების და აშ გამო.

იდგმება თუ არა პროფესიულ სცენებზე, კრიტიკული პიესები, რომლებიც დღევანდელობის პრობლემებთან თანხვედრაში მოდის?

რა თქმა უნდა, ასეთი პიესებით სავსეა თანამედროვე ქართული თეატრის რეპერტუარი. ქართული თეატრი ყოველთვის რეაგირებდა და ამბობდა სიმართლეს პირდაპირ ან ირიბად, მეტაფორულად, ალეგორიულად. ნებისმიერი კლასიკური ნაწარმოები, კრიტიკულია და მუდამ აქტუალური, ჩვენს თეატრებში კი ინტენსიურად გვხვდება კლასიკური პიესები.

რას ელოდებით 2023 წლისგან და რა გეგმები გაქვთ?

2023 წლიდან ველი ცვლილებებს, განვითარებას, ახალ პროექტებზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, წელსაც, 2022 წლის მსგავსად, კომფორტული სამუშაო გარემო და საინტერესო პროექტებზე მუშაობა მელოდება.  

და ბოლოს, რაც მთავარია მინდა ქართული თეატრის დღე მივულოცო ყველას ვისაც უყვარს, ვინც გულშემატკივრობს და რაც მთავარია მათ ვინც  ქართულ თეატრს ქმნის.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე.

ნეიშენ ჯორჯია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა