ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

ქურდული გაგების ქვეყანა, ანუ „რას დაგამსგავსათ რუსეთმა?"

09.07.2020 | 11:27 ნახვები: 1434

ავტორი: გოჩა მირცხულავა

„არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია", _ ჯავაჰარლალ ნერუ.

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა ასეთი რამ მითხრა: „ჩემი შვილი, რომელიც 28 წლის არის, ორგანულად ვერ იტანს „შავ გაგებას" _ ქურდებს. მისი თაობის უმეტესობა ასეა. მაგრამ მიაქციე ყურადღება, რომ 18 წლის მოზარდები ისევ ქურდებისა და ქურდული გაგების რომანტიზებას იწყებენ". რაღა ყურადღება, _ ყოველ წამს ვხედავ ამ ვითარებას და მუდამ ვფიქრობ, _ რა გვჭირს, რა გვემართება, რატომ ვერ უარვყავით საკუთარ გაგებაში „კანონიერი ქურდი"?
ვერ წარმოიდგენთ, ასეთ დროს როგორ მინდება ხოლმე ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირო: ხალხო, რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა არქიფო სეთურმა? მერე უცებ ვხვდები, ყველა იმ არქიფოს წარმოიდგენს, რომელიც მას სურს და ამ ფრაზის წარმოთქმას აზრი არ აქვს. უმჯობესია, ასე ვიყვირო: ხალხო, რას დაგამსგავსათ რუსეთმა?
არც ფობია მაქვს და არც აკვიატება რუსეთის მიმართ. მაგრამ ის, რაც საქართველოსა და ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით, საბჭოთა რუსეთმა დამართა და გამორჩეულად მისმა „ქართველმა ბელადმა" იოსებ სტალინმა, ამ ზიანის ამოძირკვას, სავარაუდოდ, კიდევ დიდი დრო დასჭირდება, თუ თვითდინებაზე მივუშვებთ. ისიც დასაფიქრებელია, საბოლოოდ მის ამოშანთვას შევძლებთ კი თუნდაც უახლოეს პერიოდში? შევძლებთ ჩვენ, ანუ ჩვენი თაობა, რომელსაც გვეკისრება პასუხისმგებლობა, ერთხელ მაინც გავაკეთოთ რაღაც სწორად და უშეცდომოდ?
ყველა კასტას, ყველა სოციალურ თუ პროფესიულ ფენას საბჭოთა მმართველობამ სათანადო პრივილეგიები მიანიჭა და ავტორიტეტი უბოძა. ინტელექტუალურ იერარქიაში რაც უფრო მაღლა იდგა ცალკეული პერსონა თუ ჯგუფი _ პროფესიული კასტა, მით უფრო დიდი იყო მისი გავლენა საზოგადოების დანარჩენ ფენაზე. ხელოვნურად შექმნილი „ქურდული ინსტიტუტი" შავი საქმეების საკეთებლად გამოიყენებოდა და მათ ამისთვის ასევე სათანადო პრივილეგიები ჰქონდათ.
ყველა კასტის მართვის სტილი და ფორმა ერთი და იგივე იყო. რიტუალურ დონეზეც კი _ ნათლობა, დაწინაურება. მხოლოდ ადგილი და გარეგანი ფორმები იყო სხვადასხვა _ შინაარსი კი ერთი და იგივე.
დასახლებები, კორპუსები, სადარბაზოებიც კი კასტებისთვის იქმნებოდა. მთავარი იყო დადგენილი თამაშის წესების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდება და ავტორიტეტი ერთ წამში ინგრეოდა _ „ჩაგარტყამდნენ", „გაგაფუჭებდნენ", ვითომც არაფერი და შენი დამსახურებები _ ფაფუ... მერე მჯდარიყავი და გეფიქრა, სად და რა შეგეშალა, ვის და როდის გადაურბინე წინ ან გერტყა თავში ხელი: რატომ? რატომ? რატომ?

***
საბჭოთა სისტემის გახრწნის პერიოდში, როდესაც საბჭოთა ეკონომიკა ვერ უძლებდა ბაზრის მოთხოვნილებებს, ხოლო ინტელექტუალებს _ თავის სახელს დავარქმევ _ საბჭოთა ინტელიგენციას (ბევრი მათგანი სულაც არ გახლდათ ინტელექტუალი) და ნომენკლატურას ძალიან სჭირდებოდა საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნება, მათ უფრო მეტად დასჭირდათ „შავი გაგება" _ ქურდები და ამ კასტის გაფეტიშება დაიწყეს. იქნებ, სულაც არ უფიქრია ნოდარ დუმბაძეს ამ კონტექსტში, მაგრამ მისი ლიმონა და ტიგრანა ამ „გაგებისთვის" ლამის ოდის აღმართვის ტოლფასი გახლდად. მათი რომანტიზება _ სამართლიანობა და ხალხურობის ხაზგასმა კი ქურდული სიმართლისა და სამართლიანობისთვის მორჩილებისკენ უბიძგებდა სხვა კასტებს და განსაკუთრებით უბრალო ადამიანებს. რეალურად დგინდებოდა, რომ არსებობს სხვა „ჩემი" სამართალი, რომელიც სიმართლეზე და კანონზე მაღლა დგას. ეს ჰერიოკით აღავსებდა ახალგაზრდობას. არც ერთ აკადემიკოსსა და პროფესორს, ცკ-ს მდივანს არ სურდა, მისი შვილი შავი გაგების ყოფილიყო, რადგან ეს ბედშავი ბავშვები თუ სწორად გაიაზრებდნენ, უმეტეს მათგანს სახლში ჰყავდა „ქურდი", _ კაცი, რომელიც ერთი ზარით ყველაფერს აგვარდებდა, ყველა დონეზე _ თვით ქურდებთანაც კი. მაგრამ იარაღი, თავგადასავლები, ყალბი რომანტიზმის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ საბჭოთა ინტელიგენციის საკმაოდ დიდ ნაწილს პირმშოები არ გამოადგა. არ გამოადგა უფრო მეტის მოსახვეჭად, თორემ მოგეცეთ ლხენა, უმეტესობას მშობლებსა და წინაპრებზე დიდი მადა აღმოაჩნდა. თვით ყველაზე პატიოსანი და შეუბღალავი ავტორიტეტის მქონე ინტელიგენტების ერთ ნაწილს ისეთი მადიანი და კომფორმისტი შვილები ეყოლათ, რომ ცხადი იყო _ ესენი მგლებზე უფრო დიდი მგლები იყვნენ.
ნელ-ნელა მივიღეთ ქვეყანა, რომლის სცენაზე კი იდგენ „რამკიანი ავტორიტეტები", მაგრამ ისინიც კი გოშიები იყვნენ და არიან საბჭოთა ინტელიგენციასთან და მათ ნაშიერთან თუ მიმდევრებთან შედარებით.
ამ ინტელექტუალურ კასტას საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ იდეოლოგიურად კვებავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი კლანი. ჯვარი მკერდზე, რაც უფრო ძვირფასი, მით უფრო დამაჯერებელი _ გახდა რწმენის დამადასტურებელი ბილეთი და კომპარტიიდან მართლმადიდებლობაში პორტირებულმა საბჭოთა ინტელიგენციის უმეტესმა წარმომადგენლებმა 9 აპრილს საჯაროდ გადაგდებულ პარტბილეთს, უბრალოდ, ადგილი მოუნაცვლა და მარჯვენა გულის ჯიბეში ჩაიცურა. ბევრი მათგანისთვის ეს ყავლგასული დოკუმენტი დღესაც ყველაზე დიდი რელიკვიაა.
საბჭოთა ნომენკლატურისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები გახდნენ ყველაზე ანაგარიშგასაწევი პერსონები, რომლებისთვისაც მხოლოდ საკუთარი კანონები არსებობს, დაწერილი კი მათთვის ფარატინა ქაღალდია. რუსული კლასიკა _ ხელმოწერა ქაღალდზე და დოკუმენტი იმდენი ღირს, რამდენიც ამ ქაღალდის ფასია _ მთავარია, მე რა მინდა.
ამ წესებით მცხოვრები ქართული საბჭოთა ინტელიგენცია და მათი შთამომავლობა (პირდაპირ გენეალოგიას არ ვგულისხმობ, არამედ მენტალურს) ახლაც, მათი ასაკის მიუხედავად, მუდმივად ცდილობს, ყველაფერი საკუთარი კომფორტისთვის და ძალაუფლებისთვის, საკუთარი გავლენისთვის მოიხვეჭოს.
მათ მიერ არის დამკვიდრებული წესი, _ მე არ შემეხო, არ შეეხო ჩემს კასტას. ამ წესების გამოძახიალია, როდესაც ნებისმიერი რეფორმის ან ცვლილების დროს იწყება რია-რია. ხშირად ამ რია-რიას ისეთი ადამიანები უკეთებენ პროვოცირებას, რომელთაც, ერთი შეხედვით, არაფერი საერთო გააჩნიათ კონკრეტულ სფეროსთან. მაგრამ ეს ტიპები ისე სარფიანად წველიან პროცესისგან მათთვის სასარგებლო შედეგებს, რომ ობიექტურმა დამკვირვებელმა აღფრთოვანება ვერ უნდა დამალოს.
თუ გვინდა, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, დღეს და ახლა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, ისევ და ისევ, საბჭოთა ინტელიგენცია, გნებავთ, არისტოკრატია გახლავთ და გავიმეორებ: ასაკს აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ამ ადამიანების მენტალობაა. ინტელიგენცია, რომელიც მათი კომფორტის ზონის დარღვევის ნებისმიერი მცდელობისას, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აშანტაჟებს და მეორე მხრივ, თუ საფრთხეს იგრძნობს, ეკლესიის ადმინისტრაციას „აფარებს" თავს და რწმენის სანაცვლოდ მხარდაჭერას ითხოვს. ითხოვს და, მეტწილად, იღებს კიდეც.

***
ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: „არ ჰყოლია, არ ჰყავს და არ ეყოლება დამოუკიდებელ საქართველოს უფრო დიდი მტერი, ვიდრე საბჭოთა ინტელიგენცია და მათი ნაშიერი. ამ კასტა-კლასის მენტალური ცვლილება წარმოუდგენელია და განუხორციელებელი ოცნებაა".
საბჭოთა ინტელიგენციას, გნებავთ, არისტოკრატიას, სამი მთავარი მახასიათებელი ჰქონდა და აქვს: მტაცებლობა, კომფორმიზმი და მლიქვნელობა. რეალურად, ამ სამ მახასიათებელში უმთავრესი მაინც კომფორმიზმი იყო და მტაცებლობაც და მლიქვნელობაც სწორედ კომფორმიზმს ემსახურებოდა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ლამის, 30 წელია ვაკვირდებით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მის მდორე, მაგრამ მაინც განვითარებას და თუ ობიექტურები ვიქნებით, საქართველოს უპირველესი მტერი ოკუპანტი რუსეთი კი არა, სწორედ ეს საბჭოთა ინტელიგენცია და მათი ნაშიერი არის. ამ კლასისა თუ კასტის ცალკეული წარმომადგენლებისა თუ მათი შთამომავლების ინტელექტუალური თუ ე. წ. პატრიოტული გამონათებებიც უდიდეს სიყალბეს ეფუძნება. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ლოკალურ დროში საკმაოდ ოსტატურად ააგდებენ ხოლმე მასას და, ასე თუ ისე, პრივილეგიებსაც ინარჩუნებენ. ზოგიერთი მათგანი ახალი პრივილეგიებისა და მდგომარეობის მოხვეჭასაც ახერხებს.
ალბათ მაინც ვერ ვიტყვი უკეთ და ამ კასტის დასახასიათებლად, ისევ და ისევ, ჯავაჰარლალ ნერუს დავესესხები: არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია.

ისევ ადრე დაწერილს გავიმეორებ: „იმის გარდა, რომ სწორედ ამ კასტამ ვერ იგუა და ცეცხლი გაუხსნა ზვიად გამსახურდიას, ერთი ხელით ინდაურებს ეზიდებოდა სახლში, მეორით კი ათასგვარ სპექტაკლს უდგამდა სააკაშვილს პუტინის საამებლად, ახლა კი განცხრომაშია ივანიშვილის ქველმოქმედებით და, ამავდროულად, მას საკუთარ სამზარეულოში ხიხოს ეძახის _ ყველაზე დიდი უბედურება მათ მიერ მოდელირებული სამშობლოა. და როგორია ეს სამშობლო? ძალიან მარტივი _ სამშობლო, სადაც კანონი მათთვის არ არსებობს; სამშობლო, სადაც მათ უსმენენ, ხელის გულზე დაატარებენ და ყოველგვარ პრივილეგიას უქმნიან. დანარჩენი სამშობლო მათთვის ამაზრზენი და დასაცინია".
როგორი ამაზრზენია ამ ყველაფრის გააზრება, რომ ქვეყანა საბჭოთა ნომენკლატურის ნარჩენებისა და მათი ნაშიერის ხელითა და იდეოლოგიით იმართება. წარსულის ნოსტალგიაში მყოფი ნომენკლატურის, მათი ნაშიერის და ნაშიერის ნაშიერის მიერ, რომელთა იდეოლოგია და მსოფლმხედველობა ვერ გუობს ახალ გამოწვევებს, საბოლოოდ კი ანგრევს სახელმწიფოს საკუთარი კეთილდღეობისთვის. სწორედ მათ ესროლეს ზვიადს, მათ ვერ იგუეს ვარდების პროგრესი და ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში ხატავდნენ და სწორედ ისინი წარმოადგენენ დღევანდელი ხელისუფლების დამკრძალავ ბიუროს „თანამშრომლებს".

***
ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი უკუღმა ხდება. ხელისუფლებებს მოსწონთ საბჭოთა მენტალობის არისტოკრატიასთან თანამშრომლობა და მასთან გაუთავებელი ფლირტი. ისევე როგორც „ჩახუტება" ეკლესიასთან _ რეალურად საპატრიარქოსთან. ჰო, ეხუტებიან და ეფლირტავებიან იმათ, ვინც მუდამ აშანტაჟებს მათ და სანაცვლოდ დაუსრულებლად იღებენ პრივილეგიებს.
უფრო ამაზრზენია სურათი, როდესაც საბჭოთა ნომენკლატურის ნარჩენები განსაზღვრავენ ქვეყნის იდეოლოგიურ განვითარებას და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს თუნდაც „ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში, როდესაც ცკ-ს ექსმდივნები, ინსტრუქტორები თუ რაიკომის მდივნები ქმნიდნენ სახელმწიფოში პოლიტიკურ ამინდს. „ოცნების" პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რომ ჰკითხო, რით იყო განპირობებული მათი არჩევანი ამ პერსონების სასარგებლოდ, მარტივად გიპასუხებენ: არ გვყავდა სათანადო კადრები! შესაძლოა, ამაში მართლებიც აღმოჩნდნენ, რომ მათ მართლაც არ ჰყავდათ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები სხვადასხვა სფეროში, მაგრამ აქ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. კერძოდ, გამოდის, რომ იმპულსური ქართველი ამომრჩეველი, ლოკალურ დროში გამარჯვებისა და ცვლილებების აუცილებლობის მიღმა, არც არაფერს ხედავს და ვერც ვერაფერს აფასებს. პრინციპში, ასე იყო მაშინაც, როდესაც გამსახურდია დავამხეთ და ასე იყო მაშინაც, როდესაც ნამდვილად რეფორმისტულ ხელისუფლებას ხალხზე ძალადობის უფლება მივეცით და შემდეგ ისიც დავამხეთ. მართალია, არჩევნების გზით, მაგრამ ზიზღით გაჯერებული ტექსტებითა და ქცევით. ახლა? არც ახლა აპატიებს ეს კლასი ხელისუფლებას არაფერს, თუ მის კომფორტს რაიმე დაემუქრა.
მაშინ რა ხდება? ის, რომ ამ კასტა-კლასის ჭკუაზე უნდა იაროს სახელმწიფომ და ხელისუფლებებმა? რომ მისი უნდა ეშინოდეს ყველა მთავრობას და ანგარიშს უწევდეს მას? არა! ასე მხოლოდ სუსტები იქცევიან და ისინი, ვისაც ეს კასტა-კლასი საკუთარი ქმედებების „გასაპრავებლად" და პოლიტიკურ ოპონენტებთან დასაპირისპირებლებად სჭირდება.
გავლენიანი ადამიანები და ავტორიტეტები ყველა სფეროში არიან და იქნებიან. მაგრამ მათი პრივილეგია ის არის, რომ ცდილობენ, ქვეყანას ან კონკრეტულ სფეროს ემსახურონ და არა _ პირიქით. კეთილსინდისიერი, გავლენიანი ადამიანები საკუთარ გავლენას საკუთარი კეთილდღეობისთვის კი არ იყენებენ, არამედ კონკრეტული საქმისა თუ საზოგადოების სასარგებლოდ.

***
დიახ, საბჭოთა მენტალობის ქართველი ადამიანები და განსაკუთრებით საბჭოა ინტელიგენცია, რეალურად, „შავი გაგებით" ცხოვრობს. სწორედ ისინი არიან „ავტორიტეტები", თან ისე, რომ უმეტეს მათგანს შესაძლოა, არასოდეს ჰქონია შეხება „შავ სამყაროსთან". ან რად უნდათ? განა, თავად არ არიან „შავები"? რა, ვინმესთვის უცნობია იმის შესახებ, რომ ეს კასტა-კლასი, იმის მიუხედავად, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ტივტივებს თუ კონსპირაციაშია გადასული, საკუთარ თავს ელიტად მოიხსენიებს. ელიტად ანუ მცირერიცხოვან სოციალურ ჯგუფად, რომელსაც წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები უკავია საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებში. დიახ, ისინი არიან ყველგან _ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში, მედიცინასა და ა. შ. სამწუხარო ის არის, რომ ელიტის კლასიკური გაგებისგან განსხვავებით, მათ უმეტესობას ნამდვილად არ აქვს უმაღლესი ინდექსი მათი მოღვაწეობის სფეროში. არც უმაღლესი პრესტიჟი გააჩნია. მაგრამ აქვთ სტატუსი _ ან აწმყოში ან ექს და სიმდიდრე, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის უმეტესობაზე ბევრად მეტი.

***
აქვე ერთი ვრცელი ციტატა ადრინდელი პუბლიკაციიდან: „ნურც იმას დავმალავთ, რომ ამ ადამიანების უმეტესობას არ აქვს ინტელექტუალური ან მორალური უპირატესობა მასაზე და არც პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა. ანუ ეს კასტა-კლასი ვერ ჯდება ელიტის კლასიკურ განმარტებაში, როდესაც ის მოცემულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ვითარებაში არის შეუვალი ავტორიტეტი საკუთარი საქმიანობის სფეროში და უმთავრესი _ იღვწის სფეროს, სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ქართული ელიტის იმ წარმომადგენლების, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიით არიან ნაკვებნი და ამჟამადაც საბჭოთა მეტანლობით ცხოვრობენ, უმთავრესი ამოცანა საკუთარი მდგომარეობის _ პრივილეგიებისა და კომფორტის შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ უკმევენ გუნდრუკს იმათ, ვისგანაც ხედავენ სარგებელს და ამიტომ უპირისპირდებიან იმათ, ვინც მათ პრივილეგიასა და კომფორტს უპირისპირდება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს შავი ჭირი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოისპო, ერთხელ და სამუდამოდ გაცამტვერდეს?
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ კასტა-კლასის „ჩვენ", რეალურად, მხოლოდ კასტა-კლასს არ გულისხმობდეს, არამედ ხალხს, მის სატკივარსა და პრობლემებს? და რა ვალი გვმართებს ჩვენ _ საზოგადოების ამ კასტა-კლასის ისეთი, რომ მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ვერ გადავიხადეთ?"
განა, ძნელია იმის მიხვედრა, რომ ათას მთავრობაზე გადამხტარი კასტა-კლასი არც სამსახურში უნდა ჩაიყენო და არც ემსახურო? გარეწარს ყური არ უნდა დაუგდო _ მისი ყალბი ემოციებით არ ავარდე, როგორც უკანასკნელი ქაჯი? იმიტომ, რომ კარგად თამაშობდა, კარგად ხატავდა, კარგად წერდა, კარგად ამბობდა, კარგად „მართავდა" არაფრით ჯობნის იმას, ვინც კარგად თოხნის, კარგად შრომობს, კარგად იღვწის.
საბჭოთა ნომენკლატურის ქვეყნის პირდაპირი თუ ირიბი მართვიდან ჩამოსაშორებლად, ჯერ კიდევ, 25 წლის წინათ უნდა მიგვეღო ლუსტრაციის კანონი. აქ, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა ყველას იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავია _ დემაგოგიაა.
თუ ასეა, მაშინ ამ კანონის მოწინააღმდეგეებისთვის ან მათი წინაპრებისთვის არ იყო ეს ქვეყანა პატარა, ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავი? სწორედ ასე უნდა შევძლოთ, რომ საბჭოთა ნომენკლატურა და ინტელიგენცია ვაიძულოთ და ჩამოვაშოროთ საჯარო თუ სახელმწიფო სამსახურებს და მართვის პირდაპირ თუ ირიბ სადავეებს.
ასე უნდა დავამარცხოთ ის კლასი, რომელსაც საბჭოთა არისტოკრატია, ინტელიგენცია ჰქვია. ის კასტა, რომელიც მიიჩნევს, რომ მას ეკუთვნის პრივილეგიები სახელმწიფოსგან და დამოუკიდებლობის პირობებში რუს აგრესორთან ბრძოლებში დაღუპული ქართველები სხვადასხვა რეჟიმის მსხვერპლი ჰგონია.

***
ქვეწარმავლის მოკვდინება მისთვის კუდის მოგლეჯით შეუძლებელია. ე. წ. ქურდული მენტალობა, რაც ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენაში დაბუდებულა და კასტების არსებობა ვერ მოისპობა ცალკეულ კასტებთან ბრძოლით, თუნდაც ე. წ. კანონიერი ქურდების ციხეში გამოკეტვით. პრივილეგია, ინდულგენცია და სხვა მსგავსი დამოკიდებულება რყვნის საზოგადოებას. იმ 18 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რომანტიზმი ჯიბეში დანა და პრივილეგიების მოპოვებისთვის ბრძოლაა, როგორ გინდა შეაცვლევინო აზრი, თუ იმთავითვე იცის, რომ არანაირი შანსი არ გააჩნია, გახდეს ანგარიშგასაწევი და დაფასებული მოქალაქე საკუთარ სახელმწიფოში? ამიტომ ცდილობს ის თვითდამკვიდრებას ველური და უკანონო წესებით.
და მაინც, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებოს, გამოსავალი ძალიან, ძალიან მარტივია _ ეს კასტა უნდა დაინგრეს, განადგურდეს. და აქ არანაირად არ ვგულისხმობ ვინმეს ფიზიკურ დაჩაგვრას ან განადგურებას. ეს კასტა უნდა გავანადგუროთ მათი ნიველირებით, პრივილეგიების გაუქმებით, იგნორირებით და გნებავთ, დაცინვით.
ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება, მესმის, რომ ლამის წარმოუდგენელი ამოცანაა, რადგან ამ წითელი ინტელიგენციის „ქურდულ გაგებას" ემსხვერპლა პირველი პრეზიდენტი და სწორედ ეს გაგება მართავს მას შემდეგ კულუარებიდან ქართულ სახელმწიფოს. მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, უნდა დავამარცხოთ ეს მენტალობა, უნდა ამოვშანთოთ და ამოვძირკვოთ. სხვაგვარად ამ ქვეყანას მომავალი არ და ვერ ექნება. ამიტომ, როდესაც ამოცანა ნათელია, მისი ამოხსნის გზაც უნდა ვიპოვოთ. მარტივად და მინიმალური ზიანით.
თუ ამას არ გავაკეთებთ დღეს, მერე და მერე ჩვენი შთამომავლობა მაინც მოახერხებს ამ ურდოს დამარცხებას და სინანულით გადმოგვხედავს ისტორიულ სანაგვეზე მყოფ უსუსურ არსებებს და მხოლოდ ერთი კითხვა ექნება ჩვენთან: რას დაგამსგავსათ რუსეთმა?

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა