აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

რატომ არიან „რიონის მცველები" პრორუსები?

08.03.2021 | 11:59 ნახვები: 4424

ავტორი: თენგიზ აბლოთია

დღეს საქართველოში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ამ საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ ყველაზე გავრცელებული ბრალდებაა „პრორუსულობა".
გასაკვირი არც არის, როდესაც საუბარია ღარიბ, გაუნათლებელ, და ღალატისკენ ისტორიულად მიდრეკილ ერზე, რომელიც ამავე დროს რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იმყოფება.
ის, რომ რუსეთს საქართველოში პოლიტიკური კლიმატის შეცვლა სურს - საიდუმლო არავისთვის არაა. შესაბამისად, არც ისაა დაუჯერებელი, რომ მას ქვეყანაში უამრავი დასაყრდენი გააჩნია.
რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების ყველა ობიექტი თავის პრორუსულობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ „ არც პროდასავლური, არც პრორუსული, არამედ პროქართულია".
თავისთავად ეს გამონათქვამია დემაგოგიის მწვერვალი, რადგანაც ნებისმიერ ქვეყანას და პირველ რიგში საქართველოსნაირ მაჩანჩალას, საგარეო ორიენტირი სჭირდება. ეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი არაა - მაჩვენე ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი შენ ვინ ხარ. ქვეყნის შიდა მოწყობა დიდწილად დამოკიდებული რომელ ბანაკში იმყოფება ქვეყანა და რა თამაშის წესები მოქმედებს მოკავშირე-სახელმწიფოებში.
ასე რომ, ყველაზე-ყველაზე დიდი „პროქართულობაც" კი არ ხსნის მოცემულობას - დიახ, დღევანდელ ვითარებაში საქართველო უნდა იყოს ან პრორუსული, ან პროევროპული. ან გადასახლდეს მარსზე და იყოს მხოლოდ პროქართული - ყოველგვარი საგარეო ორიენტირების გარეშე.
და მაინც - რა კრიტერიუმებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ესა თუ ის პარტია თუ მოძრაობა ნამდვილად პრორუსულია?
პირველ რიგში, უნდა მივხვდეთ, რომ ვითარება შეიცვალა, და მასთან ერთად - პრორუსულობის არსიც.
ძველი წარმოდგენა - თითქოს რუსეთს სსრკ-ს აღდგენა, ყოფილი რესპუბლიკების თავის შემადგენლობაში შეყვანა, მათ ტერიტორიებზე ჯარების განლაგება სურს - დღეს უკვე აქტუალური არაა.
არც ერთი პრორუსული ძალა არც რუსეთთან შეერთებას და არც მასთან რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებას არ ითხოვს. თქვენ წარმოიდგინეთ - ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზეც კი არ საუბრობენ - ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც.
მეტიც - მათი არც ერთი ინიციატივა პირდაპირ პრორუსული არაა, და „პროქართულობის" ფარგლებში სავსებით ჯდება.
პრორუსულობა უფრო ეშმაკი და ვერაგი გახდა, ის აშკარად არ ჩანს და კარგად ინიღბება.
მეტიც - ხვალ საქართველოში ლევან ვასაძეს პარტიამაც რომ გაიმარჯვოს, ერთი შეხედვით არაფერი შეიცვლება. თბილისში არ შემოვა რუსული ჯარი, არ დაჯდება მოსკოვიდან მოვლენილი გენერალ-გუბერნატორი, საქართველო შეინარჩუნეს დამოუკიდებლობის ყველა გარეგნულ ატრიბუტს.
მართლია, ლგბტ-ს და სხვა უმცირესობებს ცუდი დღე დაადგებათ და თბილისში შავის გარდა ტანსაცმლის სხვა ფერში სიარული სიცოცხლისთვის საშიში გახდება, მაგრამ ეს რა კავშირშია რუსეთთან?
აი, სწორედ აქ მოვდივართ ახალ რეალობასთან - რუსეთს არ სჭირდება საქართველოს შემოერთება ან მის შემადგენლობაში რაიმე სტატუსით შესვლა. მეტიც, ხვალ თბილისმა მოსკოვს ოლქის სტატუსით რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა მოსთხოვოს - პასუხი უარყოფითი იქნება.
პრორუსულობა დღევანდელ რეალობაში რუსეთში შესვლას სულაც არ ნიშნავს.
პრორუსულობა დღეს რუსული თამაშის წესების გაზიარებას ნიშნავს. პრორუსულობა დღეს საქართველოს განვითარების გარკვეულ მოდელზე გადასვლას ნიშნავს - ეს უნდა იყოს სუსტი, გონებრივად ჩამორჩენილი მარტივი ქვეყანა, რომელიც ჭამა-სმის, ცეკვა-სიმღერის და მოპარვის იქეთ ვერ აზროვნებს. ქვეყანა - სამუზეუმო ექსპონატი, ერთ ადგილას გაჩერებული, ყოველგვარი წინსვლის შანსის გარეშე.
თავისებური ჩრდილოეთ კავკასია, ოღონდ ცოტა უფრო ქარაბშუტა, მსუბუქი, ლაღი და საბოლოო ჯამში, არაფრის მაქნისი. აი, რუსულ კომედიებში რომ ფიგურირებს ტიპიური ქართველი - დაახლოებით ასეთი.
სწორედ ეს - ქვეყნის საბოლოოდ ყრუ პროვინციად ჩამოყალიბება არის რუსული გეგმა. მოსკოვისთვის მის ირგვლივ მყოფი ქვეყნების განვითარების მხოლოდ ასეთი გზაა მისაღები.
ნებისმიერი სხვა, ალტერნატიული განვითარება, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეზე სხვა ტიპის, ზრდასრულ, დემოკრატიულ და პროგრესზე ორიენტირებულ ქვეყანას გააჩენს, მოსკოვში გამოწვევად ფასდება.
ამიტომაც, პრორუსი საქართველოში ის კი არაა, ვისაც რუსეთის შემადგენლობაში შევლა სურს და არც ისაა, ვისაც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის კონტრაქტი აქვს ხელმოწერილი - ეს საერთოდ არაა აუცილებელი.
საქართველოში პრორუსი ისაა, ვინც მიიჩნევს, რომ მან უნდა დაადგინოს ვის აქვს ქუჩაში სიარულის უფლება და იღებს თავის თავზე ამის აღსრულებას. ძალის გამოყენება - მხოლოდ სახელმწიფოს უფლებაა და როგორც კი მას ვინმე სხვა მიითვისებს - ასე განვითარება არ ხდება.
პრორუსულია ის, ვინც რელიგიურ ფუნდამენტალიზმს ქადაგებს - იმიტომ რომ დოგმებზე გაზრდილი საზოგადოება ვერასდროს ვერ წავა წინ. დოგმებით ცხოვრება ერთფეროვნებას ქმნის, ერთფეროვნება კი გამორჩეულობას და დამოუკიდებელ აზროვნებას ანადგურებს. დამოუკიდებელი აზროვნების გარეშე კი, განვითარება შეუძლებელია.
პრორუსულია ის, ვისთვისაც პოლიციასთან თანამშრომლობა „ტეხავს" - იმიტომ რომ კანონის უზენაესობის გარეშე განვითარება შეუძლებელია.
პრორუსულია ის, ვინც უმცირესობებს და განსხვავებულებს ებრძვის, რადგანაც განსხვავებულები ქმნიან პროგრესს და საზოგადოება, სადაც ყველა ერთნაირი უნდა იყოს - წინ ვერ წავა. სტივ ჯობსი კოლეჯში ფეხშიშველა დადიოდა. წარმოიდგინეთ სტივ ჯობსი - ლევან ვასაძეს და გამარჯვებული ეკლესიის ქვეყანაში.. ვინ იქნებოდა ის? არავინ. მისი ნიჭი სრულიად დაიკარგებოდა „კაიბიჭობის" მცდელობაში..
პრორუსია ყველა, ვინც საბჭოთა შტამპებს ვერ გასცდა და საქართველოს დღემდე გრძელცხვირა-ულშავებიანი თამადების ქვეყანად მიიჩნევს.
პრორუსია ყველა ქსენო, თურქო, ისლამო და სხვა ფობი, რადგანაც მეზობლებთან და გარშემო მყოფ ერებთან ურთიერთობების გაფუჭებით, არც თურქი და არც აზერბაიჯანელი, არამედ ისევ საქართველო დაზარალდება.
პრორუსია ყველა, ვინც ლაპარაკობს ნეიტრალიტეტზე, რადგანაც ნეიტრალიტეტი ნიშნავს ევროპაზე უარის თქმას, მაშინ როდესაც რუსეთი საქართველოზე უარის თქმას არ აპირებს - საიდანაც წავა დასავლეთი - მოვა რუსეთი და განვითარება შეჩერდება.
პრორუსია ისიც კი, ვინც ერთი შეხედვით, ბუნებას იცავს, მაგრამ პარალელურად ქვეყანას ინდუსტრიალიზაციის შანსს არ უტოვებს და მას მუდმივად ჩამორჩენილ, ყრუ, სოფლურ ქვეყანად დარჩენას უქადის - ამიტომაა პრორუსული ისეთი მოძრაობებიც კი, რომლებსაც ერთი შეხედვით, პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ გააჩნიათ, მაგალითად, რიონის მცველები.
საბოლოო ჯამში სწორედ ესაა პრორუსულობა - ჩამორჩენა, საკუთარ ნაჭუჭში ხარშვა, ზრდასრულობაზე უარის თქმა, და საქართელოსთვის სამომავლო პერსპექტივის საბოლოო მოსპობა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა