აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

ვინ და რა მოჩანს ცოცხალი ქართულ პოლიტიკურ სასაფლაოზე?

02.17.2023 | 11:25 ნახვები: 11506

მიხეილ სააკაშვილის “უდროო დროს” დაბრუნებამ ქართულ პოლიტიკაში ტექტონიკური ძვრები ვერ გამოიწვია. თუმცა არსებული პრობლემური ნაპრალები კიდევ უფრო გააღრმავა.

მიზეზი ალბათ ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, თვით მისი “პოლიტიკური ფაქტურით” თუ “ბეგრაუნდით”, ასოცირდება მყისიერ ცვლილებებთან და როდესაც ეს ცვლილებები მყისიერად არ დგება, ხიბლი და ელვარებაც ეკარგება.

მით უმეტეს, როცა “ფეთქებადი” პროცესი გადადის რუტინაში, - რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე.

თუმცა აქ ყველაზე ნიშანდობლივი რომელიმე ცალკე აღებული პარტიის (ვთქვათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”) აშკარა დასუსტება კი არ არის, არამედ ზოგადად პოლიტიკური კლასისადმი ნდობისა და  ინტერესის (!) დევალვაცია.

შესაძლოა არ ვენდობოდეთ ამერიკული NDI-ს ადგილობრივ პარტნიორთა ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს, მაგრამ აბსოლუტურად შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ თუნდაც ბოლო გამოკვლევით არსებითად (გარკვეული აზრით კატასტროფულად) შემცირებულია ნდობა ზოგადად პოლიტიკური პარტიებისა და თვით პოლიტიკური პროცესისადმი.

იმავე კვლევაში ჩანს მმართველი პარტიის გაძლიერება. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს მისდამი ნდობამ და სიმპათიამ იმატა, მაგრამ ამასაც ახსნა სჭირდება: გაიზარდა და გაძლიერდა საზოგადოებაში, შესაბამისად ელექტორატში “სტატუს-ქვოს” მოთხოვნილებამ.

არც ეს ნიშნავს, პრიმიტიული გაგებით, არსებული მდგომარეობის მოწონებასა და ბოლომდე მიმღებლობას, თუმცა სოციოლოგიის “ოქროს კანონია”, რომ ელექტორატის (მით უმეტეს “გამოცდილი” ქართული ელექტორატის) კატეგორიული უმრავლესობა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ალტერნატივის გათვალისწინებით: როდესაც რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავს, ხოლო პოლიტიკური ლანდშაფტი პოლიტიკურ ცხედართა სევდიან, თანაც “მოუვლელ”  სასაფლაოს დაემსგავსა, ის მუდამ “სტატუს-ქვოს” დაუჭერს მხარს იმ ელემენტარული მიზეზით, რომ იგი მისთვის ცხადი, გასაგები და პროგნოზირებადია. ისეთი მარტივი აზრითაც კი, რომ იცის, ვის რა უნდა: იცის, რა უნდა “ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს: უნდა ხელისუფლებაში დარჩენა და არსებული გარემოს შენარჩუნება.

პრიმიტიულია ასეთი მოტივაცია? დიახ, მაგრამ ქართველი ამომრჩევლის სამოტივაციო კომპლექსებზე “გაბრაზება” დიდი სისულელე და უპასუხისმგებლობა იქნებოდა: არც ერთ პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში არასდროს გაუმარჯვია და ვერც გაიმარჯვებს თუ არსებულ რეალიებს არ გაითვალისწინებს: იმ ბობოქარი მოვლენებისა და უამრავი “გარდატეხის” შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ და მისმა მოსახლეობამ გადაიტანა ათწლეულთა განმავლობაში, მას სჭირდება მკაფიოდ “გასაგები”, პროგნოზირებადი ალტერნატივა და არა ცარიელი ლაყბობა”, თუ “რა ცუდია ხელისუფლება” და “რა კარგები ვართ ჩვენ”.

ამას ემატება (მაგრამ მხოლოდ ემატება - არ ადგილმონაცვლეობს-..) ის ელექტორალური “ყულაბა”, რაც საქართველოში მუდამ ჰქონდა, აქვს და როგორც ჩანს კიდევ დიდხანს ექნება ნებისმიერ ხელისუფლებას: სახელმწიფო სექტორში დასაქმებული მრავალრიცხოვანი კატეგორიის შიში  “დღევანდელი კვერცხის” დაკარგვისა, ასევე, რა თქმა უნდა, “ადმინისტრაციული რესურსი”- განსაკუთრებით რეგიონებში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ “ყულაბას” დამსხვრევა არც ერთ ხელისუფლებას არ ეპიტნავებოდა: თვით “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულმა “ახალგაზრდა რეფორმატორებმაც” კი, რომლებიც “მცირე მთავრობის” ფილოსოფიის ადეპტებად გვაჩვენებდნენ თავს ჩვენც და მთელს მსოფლიოსაც, “სახელმწიფო სექტორი” დომინანტურად შეინარჩუნეს.

ეს მარტივად დიაგნოსტირებადი მოცემულობაა, თუ წლების განმავლობაში მივადევნებთ თვალს სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულთა ოდენობას. არადა “მცირე მთავრობა” ზუსტადაც ამას ნიშნავს და არა სამინისტროთა შერწყმას ანუ უწყებათა “ციფრობრივი რაოდენობის” შემცირებას  -  შერწყმის შედეგად დიდი მონსტრების წარმოშობას.

“ოცნების” ხელისუფლებამ” ამ მხრივ ყველა წინამორბედს გადაასწრო, თუმცა “სტრატეგიული ხაზი”, მიდგომა, ათწლეულთა განმავლობაში არ შეცვლილა იმავე მიზეზით: ძალიან “ხვავრიეია” ხსენებული “ყულაბა” და მუდამ გამარჯვების მომტანი!

 

რა გატეხს “ყულაბას”?

 

ხსენებული რესურსი ყოვლისშემძლე სულაც არ არის: 2012 წლის არჩევნებზე “ხმების კაპიტალმა” ხელისუფლებას ვერ უშველა: “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. “ელექტორალური ყულაბა” უსარგებლო აღმოჩნდა იმიტომ, რომ ერთის მხრივ სოციუმს მოჰყირჭდა მუდმივი სტრესი, დაძაბულობა, რასაც დაემატა წაგებული ომის საშინელი ტრავმა; მაგრამ რაც ბევრად მნიშვნელოვანია, მეორეს მხრივ, გამოჩნდა მკაფიო ალტერნატივაც.

რომ არა ეს გარემოება, 2012 წლის ფუნდამენტური ცვლილება არ განხორციელდებოდა, რაც მარტივი დასამტკიცებელია: 2010 წლის მუნიციპალური არჩევნებისას თითქოს  ყველა  ფაქტორი არსებობდა, რამაც 2 წლის შემდეგ გარდატეხა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მუნიციპალური არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. თბილისის მერი კი ენმ-ის კანდიდატი, გიგი უგულავა გახდა.

მაშ რატომ არ იმუშავეს ამ ფაქტორებმა? იმიტომ, რომ 2010 წელს არ არსებობდა მთავარი: სერიოზული ალტერნატიული ძალა, ელექტორატისთვის გასაგები “პროექტით” და სოლიდურობის იმიჯით.

მის ნაცვლად, მაშინაც “თამაშობდა” პოლიტიკურ მოედანზე უამრავი “ჭიჭყინა” პარტია, კომიკურობამდე დისკრედიტირებული ლიდერებით, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ამბიციებითა და გაუგებარი “პროექტით” სამომავლო მოქმედებისა.

არც ერთ იმდროინდელ “ცრუ-ალტერნატივებს” არ გააჩნდათ სოლიდურობის იმიჯი, წარმატებული ბეგრაუნდი (თუნდაც არა პოლიტიკურ ასპარეზზე) და არ “ასხივებდნენ” გამარჯვების პოტენციალს.

ბოლო მომენტი ყველაზე ძნელად ასახსნელია. რას ნიშნავს “ასხივებს გამარჯვების პოტენციალს”? მარტივად თუ ვიტყვით; ეს არის პარტიის და მისი ლიდერის უნარი, ჩაუნერგოს ამომრჩეველს რწმენა, რომ მისი გამარჯვება.... “არავის გაუკვირდება”.

ქართული დისკურსის ფარგლებში თუ  ვიტყვით, სწორედ  ასეა: ამ ქვეყანაში არსებობენ ლიდერები და პოლიტიკური ძალები, რომელთა გამარჯვება კონკრეტულ არჩევნებზეც და ზოგადადაც ბევრს უბრალოდ “გაუკვირდება” და მოულოდნელი იქნება.

და არსებობენ აქტორები, ვისი გამარჯვება შესაძლოა ყველასთვის მისაღები არ იყოს, თუმცა არავის გაუკვირდება. ანუ მოულოდნელი კურიოზი არ იქნება.

 

ბოიკოტის აბსურდულობა

 

ამჟამად სრული უსუსურობის, უილაჯობის, ქმედითი ალტერნატიული “პროექტის” არარსებობის გამოხატულებაა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე ნებისმიერი ფორმით უარის თქმა.

ერთდროულად რამდენიმე მიზეზით. პირველ ყოვლისა, ელექტორატს ნებისმიერ ქვეყანაში აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება, რომელიც “დეჟავიუს” (განმეორებითობის) მიუღებლობაში მდგომარეობს: ის რაც იყო ერთხელ, უკვე იყო! იმავე მეთოდის გამოყენება კი უკვე აღიქმება უსუსურობის და უილაჯობის მანიფესტირებად:

2020 წელს უკვე იყო “ბოიკოტი” და მასზე მეტიც კი -  რიტორიკა მანდატების დატოვების შესახებ.

მაგრამ როგორც ცნობილია, რეალურად სულ რამდენიმე ადამიანმა დატოვა მანდატი. მათ შორის “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. თანაც მას შემდეგ რაც უკვე ყველა შევიდა პარლამენტში.

ოღონდ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი ისაა, რომ “დეჟავიუ” ისევ და ისევ არ არწმუნებს ამომრჩეველს ალტერნატივის სერიოზულობაში: “განმეორებითობა” (მით უმეტეს წარუმატებელი) “ცუდი ტონია”, წამგებიანია.

რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზეც, რომ საქვეყნო შედეგის თვალსაზრისითაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მავნებლობაა: არ დაიჯეროთ, თითქოს ოპოზიციური პარტიების აქტიური მონაწილეობა, ბრძოლა, თუნდაც “ჩხუბი”, მაგალითად ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად სრულიად უსარგებლო და უშედეგოა.

მართლაც არ დაიჯეროთ! იმიტომ, რომ როდესაც პროცესში აქტიურადაა ჩართული ევროკავშირი მისი წარმომადგენლობით და ყველა ინფორმაცია დაუყოვნებლივ იგზავნება ბრიუსელში, თუნდაც მცირერიცხოვან ოპოზიციასაც უჩნდება დამატებითი ბერკეტი სამუშაო ჯგუფებში ან  კომიტეტებში ბრძოლისა - ამ 12 პუნქტის თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც შესასრულებლად.

რადიკალიზმი და “უკანმოუხედავობა” პოლიტიკური პრიმიტივიზმისა და უბადრუკობის გამოხატულებაა: “მაინც არაფერი გამოვა” კი ნებელობითი თუ პროფესიული უსუსურობისა: პოლიტიკა პროცესია და არა მხოლოდ შედეგი.

პოლიტიკაში ხშირად ხდება, რომ პროცესი შედეგზე მნიშვნელოვანიც კია. და ზოგჯერ პროცესში მიიღწევა მოვლენა (!) რაც პოლიტიკურ ვითარებას კონკრეტულ შედეგზე მეტადაც კი ცვლის.

ეს თუ რომელიმე პარტიას არ ესმის, მისი ადგილი პოლიტიკურ ლანდშაფტზე საერთოდ არ უნდა იყოს.

ან იყოს იმავე “სასაფლაოზე”.

“პოლიტიკა კეთდება” ყოველდღიური ბრძოლითა და ომით ყოველი სიტყვის, ყოველი წერტილ-მძიმეს, თითოეული აბზაცის თანმიმდევრობისათვის ......... დისკუსიით, არგუმენტირებით და “პატარ-პატარა” წარმატებებით, უკან დახევებით და კომპრომისებით, დათმობებით და მეტის მოთხოვნით.

ეს თუ ქართულ პოლიტიკურ კლასს 35 წლის მანძილზე ვერ უსწავლია, მაშინ....სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამ ქვეყანას მომავალი არა აქვს.

მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ისტორიული მანკია (ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული) უძვირფასესი “კომპრომისის კულტურის” დეფიციტი.

ჩვენში ეს იმაზე ბევრად ნაკლები მოიძევება ვიდრე ნავთობი და ბუნებრივი აირი.

 

ვინ?

აუცილებელი კითხვაა. თუმცა ქართული პოლიტიკური ნარატივის თვალსაზრისით არც თუ ყოველთვის მოსაწონად ჟღერს, რაკი მუდამ პერსონიფიცირდება. ამიტომ სჯობს ამ შემთხვევაში მისი “ევფემიზმი” - “რა?”.

“რა” და სოლიდურობა, ბეგრაუნდი, “მიზნის ცოდნა”, “პროექტი”, აღქმადობა, გარკვეულობა, მიმღებლობა (როგორც ელიტებში, ასევე ელექტორატში) თანმიმდევრულობა, პროგნოზირებადობა და.....უფრო მომავალთან ვიდრე წარსულთან ასოცირება!

არაერთგზის მითქვამს, რომ სანამ საქართველოში “ძველის” ალტერნატივად ჩანს ”ყოფილი”, ”ძველი” არ შეიცვლება.

არც 2024 წელს, არც 2028 წელს და კიდევ ძალიან დიდხანს

“ახალი” არ ნიშნავს “უცნობს”.

ამ კონტექსტში “ახალი” გულისხმობს “სხვას” ანუ განსხვავებულს, რაღაც აზრით გამიჯნულს, გამოკვეთილს, თავისთავადს და თვითმყოფადს, რომელიც არ “ჰგავს” სხვებს.

თუ ამ მხრივ დავაკვირდებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და კვლავ შევეცდებით პრიმიტიული პერსონიფიცირების  თავიდან აცილებას, პოტენციურად ამგვარ ძალად გამოიყურება “ლელო”!

თითქოსდა “ვარსკვლავები” არ მოუწყვეტია ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. თუმცა აქ სხვა ფენომენი იგულისხმება:

აბა რა შესადარებელია ქართული პოლიტიკა დიდებულ ინგლისურ საფეხბურთო Premier League - სთან, თუმცა კარგ ინგლისელ საფეხბურთო ანალიტიკოსთა ნარატივში ძალიან ხშირია, როცა რუტინული კალენდარული “ცხრილის” არც თუ პირველ ადგილზე მყოფი გუნდი იქცევს ყურადღებას და მასზე ამბობენ: დღეს ქულები აკლია რათა პირველ სამეულში მაინც იყოს....... ლიდერებისგან თითქოს შორსაა, თუმცა აშკარად აქვს პოტენციალი (!) ჩემპიონატის ბოლოსკენ  მნიშვნელოვანი შედეგი “დადოს”

დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, ისტორიკოსი.

"ნეიშენ ჯორჯია"

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა