20-22 აპრილს პაერის ტემპერატურია მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს
სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief

უცნობი ლეგენდები თამარ მეფის შესახებ - ტამპლიერი და უფლის საფლაველი

09.02.2020 | 18:31 ნახვები: 2243

XII საუკუნის ევროპულ წყაროებში გაბნეულ ლეგენდებზე საქართველოს ძლევამოსილი მეფის _ თამარის შესახებ „ქრონიკა+"-ს მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე ესაუბრა:

_ ბექა, როგორც ვიცი, შენ მიერ მოძიებულია ცალკეული მასალები, რომელსაც შესაძლოა, მეცამეტე საუკუნის უცნობი ლეგენდები ვუწოდოთ მეფე თამარის შესახებ, თან ლათინური წყაროების მიხედვით.

_ მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ კავკასიას უკავშირდება ლეგენდების ერთი უძველესი ციკლი მებრძოლი ქალების _ ამორძალების შესახებ. მათი ხსოვნა შუა საუკუნეებშიც იყო შემონახული, ამიტომაც თამარის მეფობამ საქართველოში ამ ლეგენდის სხვადასხვა ვარიანტის რეანიმირებას შეუწყო ხელი. სწორედ ამიტომ წმინდა მიწის პილიგრიმები საქართველოს, სხვათა შორის, „დედაკაცთა მიწასაც" ეძახდნენ. მეცამეტე საუკუნის ათიან წლებში ეპისკოპოსი იაკობ ვიტრელი საგანგებოდ აღნიშნავდა ქართველ ქალთა და ამორძალთა მსგავსებას (McKenzie, 2000:187), ხოლო კარდინალი ოლივერ პადერბონელი მრავალმნიშვნელოვნად შენიშნავდა, რომ კეთილშობილი ქართველი ქალები ბრძოლებისთვის იწვრთნებოდნენ, (Bird, 2013:189), რაც პირდაპირ იმეორებს ცნობილ ლეგენდას ამორძალებზე, რომლებიც აგრეთვე ინტენსიურ საბრძოლო წვრთნებს იღებდნენ. დომინიკანელი ბერი თომას კანტიმპრელი კი მეცამეტე საუკუნეში ამტკიცებდა, რომ ამორძალები ქრისტიანები იყვნენ და იცავდნენ საქრისტიანოს სარკინოზებისაგან. ზოგიერთისთვის ისიც იყო ცნობილი, რომ ამორძალთა სახელმწიფო ჩვეულებრივი ქვეყანა იყო, უბრალოდ, ქალებს აქ განსაკუთრებული პოლიტიკური უფლებები ჰქონდათ, მაგ.: იოანე ჰესეს „ინტერარიუსის" თანახმად ქრისტიანი ამორძალები ჩვეულებრივ იწერდნენ ჯვარს მამაკაცებზე და ესწრებოდნენ წირვა-ლოცვებს (Block, 2000:18). დაბოლოს, ყველა ამ წანამძღვრის შემდეგ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის წყაროები გვაწვდიან პირდაპირ ცნობასაც, სადაც ქართველთა ქვეყანა უშუალოდაა გამოცხადებული ამორძალთა მიწად. ეს შესანიშნავი ცნობა წმინდა გრიგოლ ფერაძეს აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც ჩანს, რომ წმინდა მიწაზე ჩასული ქართველები „ამბობდნენ, რომ მოვიდნენ დედაკაცთა მიწიდან, სადაურ ამორძალებსაც კვლავაც ეწადათ ბრძოლის წარმოება", 1187-წ. (Peradze, 1937:207).

_ ანუ ქართველი ქალები იცავდნენ საქართველოს იარაღით ხელში?

_ ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებშიც საქართველოს მეფის უმთავრეს მისიად დარიალის კარიბჭის დარაჯობა იყო მიჩნეული, რაც კარგად აისახა ანსელმის ეპისტოლეში, აგრეთვე ლეგენდაში დარიალის კარიბჭის მცველ პრესვიტერ იოანეს შესახებ, რომელიც საქართველოს მამაკაცი მეფეების პერსონიფიცირებას წარმოადგენს, მაგრამ თამარი სქესიდან გამომდინარე ვერ თავსდებოდა პრესვიტერ იოანეს კომპლექსში, ამიტომაც იგი დარიალის ლეგენდარულ კარიბჭესთან დაკავშირებულ ლეგენდათა სხვა ციკლში მოექცა, რაც შემდეგიდან ჩანს.

_ რას გულისხმობ?

_ მანდევილის (1300-1372 წწ.) თანახმად. გოგისა და მაგოგის ჩამკეტ კარიბჭეს, ანუ დარიალს, რომელსაც პრესვიტერ იოანეს ლეგენდის მიხედვით პრესვიტერი ყარაულობდა, იცავს ამორძალთა დედოფალი, რომელიც ამ მთასთან ცხოვრობს და რომელსაც ეს ტომები ხარკს უხდიან, (McKenzie-იქვე). მანდევილის შრომა, რომელიც ძირითადად ლეგენდათა დიდ კრებულს წარმოადგენს, აერთიანებს მრავალ უფრო ადრეულ გადმოცემას, რაც ამ ნაწილშიცაა თვალში საცემი. ზემოთ აღვნიშნე, რომ ამორძალთა ქვეყნად ამ ხანებში საქართველო მიიჩნეოდა, შესაბამისად, ეს დედოფალი სხვა არავინ უნდა იყოს, თუ არა თამარი.

_ რატომ მხოლოდ თამარი?

_ შესაძლოა, რუსუდანიც, მით უმეტეს, რომ მანდევილი მის ფუნქციად სწორედ საქართველოს მეფეთა ისტორიულ მისიას _ დარიალის კარიბჭესთან მაგოგის დარაჯობას წარმოგვიდგენს. ამდენად, როგორც ანსელმის ეპისტოლესა და ლეგენდებში პრესვიტერ იოანეს შესახებ იქნა ასახული ქართველთა მეფეების ისტორიული მისია დარიალის დარაჯობისა, ასე ხდება მანდევილთან დაცულ ლეგენდაშიც, თუ ანსელმი ამ კარიბჭის მცველებად დემეტრეს, იქამდე კი დავითს ასახელებს, მანდევილთან მათ ადგილას თამარი და რუსუდანი უნდა ვიგულისხმოთ, რომლის მოხარკენიც, მანდევილის ლეგენდის თანახმად, გოგისა და მაგოგის ჩრდილო კავკასიელი ტომები არიან. „ქართლის ცხოვრება" თამარზე წერს, რომ მან იპყრნა „ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი. ხაზარეთამდის და სკვითთამდის", _ ანუ სწორედ გოგ-მაგოგელნი. ამრიგად, შეიძლება ვთქვათ, რომ ევროპელებს ლეგენდები არა მხოლოდ დავით აღმაშენებელზე, არამედ თამარზეც შეუთხზავთ.

_ როგორც წინასწარ ჩვენი საუბრისას მითხარი, ამ გააზრების დროს ფრიად საინტერესო აღმოჩენაც გააკეთე...

_ რაც ამ ვარაუდამდე დამოუკიდებლად მივედი, შევიტყვე, რომ განხილული ტექსტის ზოგიერთ ვერსიაში ამორძალთა დედოფლის ადგილას სომეხთა დედოფალი იხსენიება, John Mandeville - ,,Book of Marvels and Travel - OXFORD WORLDS CLASSICS, 2012, 164), (Ltd,2012:105). ცხადია, სომეხთა დედოფალი აქ იმავე სახელმწიფოს მმართველია, რომლისაც დასავლურ წყაროებში სომეხთა და აფხაზთა მეფედ წოდებული დავით აღმაშენებელი, ამიტომაც ადრიანა მიტესკუ საკმაო საფუძვლიანობით ამ დედოფალს პირდაპირ თამარად მოიხსენიებს, რომელიც „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, ს ო მ ე ხ თ ა, შირვანშა და შაჰანშა" იყო, (MITESCU, 1997:321). მაგრამ ევროპული ცნობები თამარის _ ქრისტიანი ამორძალი დედოფლის _ შესახებ ამით არ ამოიწურება. თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო მე-13 საუკუნის კიდევ ერთ უცნობ ლათინურ ჩანაწერს თამარის შესახებ, რომელიც უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რა სახის აღქმა არსებობდა თამართან დაკავშირებით ჯვაროსნულ წრეებსა და დასავლეთში.

_ ყურადღებით გისმენ...

_ შევნიშნავ, რომ ამ შესანიშნავ ცნობას ქართული ისტორიოგრაფიისა და კულტურის ისტორიისთვის შეუფასებელი მნიშვნელობა აქვს. ზემოხსენებული დომინიკანელის, ფრა თომასის შრომაში, „ Liber de Natura, რომელიც 1237 წლის მახლობელ ხანებში დაიწერა, ვკითხულობთ: ,,quod ille feminarum populus fortissimus sit et Christiano nomini dictatus. Contra Sarracenos acerrime pugnat. Et quidem non est diu, quod ipsarum Amazonarum regina veniens a partibus orientis servitor se mancipavit temple et sepulchri dominici - (Thomas Cantimpratensis - ,,Liber de Natura, from ,,The English Province of the Franciscans, 167).

_ ანუ?

_ „აღდგა ყველაზე მამაცი მოდგმა ქალებისა (რომელთაც უხმობენ ქრისტიანეთა სახელით), სარკინოზთა წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლებით და ნამდვილად არ იყო ეს დიდი ხნის წინ, როცა დედოფალი ამორძალებისა აღმოსავლეთის რეგიონიდან მოდიოდა მსახურებისათვის (იერუსალემში), გამოაცხადა საკუთარი თავი ტამპლიერად და უფლის საფლაველად".

_ ფრიად დამაფიქრებელი ტექსტია...

_ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გრიგოლ ფერაძისაგან გამოქვეყნებული ცნობა, რომ 1187 წლისთვის იერუსალემში ჩასული ქართველი პილიგრიმები მიიჩნეოდნენ ამორძალთა ქვეყნიდან მოსულებად _ საქართველო ამორძალთა მიწასთანაა გაიგივებული, მანდევილი კი ამორძალთა დედოფლის, ანუ რეალურად ქართველთა მეფის მისიად დარიალის დარაჯობას წარმოგვიდგენს, რაც მართლაც საქართველოს მეფის ისტორიულ მისიას წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენ წინაშეა სხვადასხვა წარმოშობის წყაროების თანხვედრა მასზედ, რომ ამორძალთა დედოფალი სწორედ ქართველთა დედოფალია. ამიტომაც სრული უფლება გვაქვს დავასკვნათ, რომ თომას კანტიმპრესის აღმოსავლელი ქრისტიანი ამორძალთა დედოფალიც, რომელსაც იერუსალემში ჩასვლა სურდა, სწორედ ამ ხანის ქართველთა დედოფალი, ანუ თამარია.

_ კიდევ გვაქვს რაიმე ისეთი მასალა, წყარო, რომელიც ამ „რწმენაში განგვამტკიცებს"?

_ ფრანგი რაინდი დე ბუა. მისი ფართოდ ცნობილი წერილი გვაწვდის დამატებით მტკიცებულებებს აღნიშნული იგივეობის სასარგებლოდ.

_ კერძოდ?

_ აქ თამარზე ნათქვამია, რომ უძლიერესმა თამარმა მის სიცოცხლეში „აღთქმა დადო იერუსალემში წასვლისა, შვილს სთხოვა, თუ გარდაიცვლებოდა, მისი ნეშტი უფლის საფლავთან წაესვენებინა („REGNI HIEROSOLYMITANI" _ 1893:234)". ცხადია, რომ ფრა თომასის ეს ქრისტიანი ამორძალი დედოფალი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ იერუსალემში მოდიოდა, და რომელიც მანდევილის ლეგენდის თანახმად დარიალის კარიბჭეს იცავს, დე ბუას „უძლიერესი დედოფალი თამარია", რომელიც იერუსალემს წასვლის აღთქმას დებს, „REGINA POTENISIMA TAMAR"-ის, ანუ „უძლიერეს დედოფალ თამარის" შესახებ ხმებს კანტიკუნტად შორეულ შვეიცარიამდეც კი ჩაუღწევია. დაახლოებით 1300 წლისთვის შვეიცარიელი ანონიმი პოეტი გოგისა და მაგოგის მფლობელი ამორძალების დედოფლის შესახებ ამბობს, რომ ის „ყველაზე ძლევამოსილია", („Saracens, Demons, Jews", 235).

_ თუმცა არის ერთი დეტალი: ჩვენთვის ცნობილია და არსად, არც ერთი ისტორიული წყაროთი არ დასტურდება, რომ თამარი იყო იერუსალიმში.

_ დიახ, თომასის თანახმად, ეს დედოფალი იერუსალემში კი არ ჩასულა, არამედ ჩასვლას აპირებდა. ზუსტად ამავეს გადმოგვცემს დე ბუა მაშინ, როდესაც ამბობს, რომ თამარმა იერუსალემს ჩასვლის აღთქმა დადო. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ჩავიდა თომასის ამორძალების დედოფალი იერუსალემს, ამას ისევ დე ბუა ხსნის _ იგი ამ ჩანაფიქრის განუხორციელებლად გარდაიცვალა. ამიტომაც ახლა მისი შვილი _ ლაშა გიორგი აპირებს დედის ნეშტის წმინდა მიწაზე, უფლის საფლავთან გადასვენებას.

_ ერთი მომენტი, რომელსაც ზემოთ მივაქციე ყურადღება, ანუ მეფე თამარი „ტამპლიერი და უფლის საფლავის მცველი იყო"? მე არ ვგულისხმობ, რომ იგი თავად იდგა საფლავთან, არამედ უზრუნველყოფდა მის დაცვას...

_ დიახ, გამორჩეულად ყურადსაღები ფრაზა თომასის ცნობაში ისაა, რომ თამარმა თავი „ტამპლიერად და უფლის საფლაველად გამოაცხადა". ტამპლიერთა უპირველესი მოვალეობა წმინდა მიწის მომლოცველთა უსაფრთხოების დაცვა იყო. თამარის ისტორიკოსი განსაცვიფრებელ ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, თუ რა თავგადადებით ზრუნავდა თამარი ზოგადად იერუსალიმელი ქრისტიანებისათვის და არა მხოლოდ იქ არსებული ქართული სამონასტრო კოლონიებისათვის: „და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდნენ შიშითა და სიყუარულითა მისითა წარავლენდის სარწმუნოთა თვისთა და დაავედრის ესრეთ: იწყეთ ალექსანდრიით ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისა და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მოიკითხვიდის. ხოლო ი ე რ უ ს ა ლ ი მ ი ს ა თ ვ ი ს რადღა სახმარ არს თქმად, რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა, და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა. ტ ყ უ ე ნ ი გ ა ნ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ნ ი ს დ ა ხ ა რ კ ი ე რ ი ს ა თ ვ ი თ უ კ უ ნ ს ც ი ს დ ა ყ ო ვ ე ლ ი ჭ ი რ ი დ ა ჭ ი რ ე ბ უ ლ ი ა ღ ი ღ ი ს მ ა თ გ ა ნ, კუალად კერძოთა ელადისათა და მთაწმინდას..." („ქ.ც" გვ.141-142).
გაგახსენებთ, როცა მოგვიანებით ორადინუსმა იერუსალემის კედელი დაანგრია, ქართველები მას სასტიკად დაემუქრნენ. ამდენად, თამარი თავგამოდებული მოსარჩლე იყო იერუსალიმელი ქრისტიანებისათვის. ამიტომაც კარგად გასაგებია, რომ ეს იდუმალი დედოფალი ჯვაროსნულ წრეებში ტამპლიერად და უფლის საფლაველად იქნა აღქმული, რომელიც იერუსალიმელ ქრისტიანთა მფარველობის აზრით მართლაც უპირველესი ტამპლიერი იყო. რაც შეეხება მის „უფლის საფლაველობას", უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ 1192 წელს თამარმა მოახერხა ქართველი ბერების ქრისტეს საფლავის ტაძარში დამკვიდრება. ამასთანავე, მოიპოვა უფლება ტაძრების აღდგენისა (Hunt, 328), მაგრამ ამ მოვლენებს უფრო ღრმა საფუძვლები ჰქონდა.

_ ამ ყველაფერს, ანუ მეფე თამარის აქტიურობას ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, გარდა რწმენის საკითხისა პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა, არა?

_ საქმე ისაა, რომ თამარს სურდა ,,გამოეყენებინა ჯვაროსანთა დაცემა და ბიზანტიის იმპერიის დაუძლურება, რათა საქართველო წმინდა მიწის ახალ ძლევამოსილ მცველად ექცია, ამიტომ, სირიული და სომხური წყაროებისაგან განსხვავებით ქართულ ქრონიკებში არ მოიძებნება ჩივილი იერუსალემის ლათინური სამეფოს დაცემასა და წმინდა ქალაქის დაკარგვასთან დაკავშირებით (Ciggaar, 39).

_ ანუ?

_ ბიზანტია საგრძნობლად დასუსტებული იყო, ეგეც რომ არა, მისმა ხარბმა იმპერატორმა თამარისაგან უხვად დასაჩუქრებული ქრისტიანი ხუცესები გაძარცვა, რამაც კარგად აჩვენა, რომ ის საქრისტიანოს მფარველად ვერასგზით ვერ ჩაითვლებოდა. სამაგიეროდ, თამარმა სასტიკად დასაჯა იმპერატორი, ბიზანტიის იმპერიას ჩამოაჭრა უზარმაზარი მიწები და ტრაპიზონის იმპერია დააფუძნა. მნიშვნელოვანია, რომ ტრაპიზონის იმპერიის შექმნისას მისი ლაშქარი კონსტანტინეპოლს ბევრით არ ყოფილა დაცილებული, გაძარცვულ ხუცესებს კი მან ხელახლა, კიდევ უფრო მეტი შეწირულობა გაუგზავნა, რაც საერთაშორისო მასშტაბით ახდენდა იმის მძლავრ დემონსტრაციას, რომ საქრისტიანოს უზენაესი მფარველი მხოლოდ საქართველოს მეფეა, რომლის წარმატებებიც არამხოლოდ ქართული სახელმწიფოს, არამედ მთელი საქრისტიანოს გამარჯვებაა. როგორც სომეხი ისტორიკოსი ვარდანი გადმოგვცემს: ,,თამარის მეფობის ჟამს ქრისტიანები გაძლიერდნენ.(ვარდანი - ,,ისტორია, 183) ჯავახიშვილი, 2012:288). მაგრამ თამარის დროს წმინდა მიწაზე ქრისტიანული სამეფოები არათუ გაძლიერდნენ, არამედ საერთოდ დაემხვნენ. ცხადია ისტორიკოსი აქ გულისხმობს ქრისტიანთა გაძლიერებას ახალი ძალის გარშემო, რადგანაც ,,უმთავრესად სწორედ ქართველები იყვნენ მხარდამჭერები ადგილობრივი, მელქიტი ქრისტიანებისა მანუელ კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ... საქართველომ დაიჭირა ბიზანტიის ადგილი ქალკედონიტი ქრისტიანების მფარველობაში თამარის მეფობიდან მონღოლთა შემოსევამდე და ოქროს ხანის აღსასრულამდე(Parker, 2012:98). ფრა თომასის ცნობა ამ სინამდვილეს ზედმიწევნით ასახავს, როდესაც ის საუბრობს თამარის მისწრაფების შესახებ ტამპლიერობისა და ქრისტეს საფლავის მცველობისაკენ.

_ ფრიად საინტერესო მსჯელობაა...

_ ყველაფერ ამის მერე კარგად გასაგები ხდება ლათინი ავტორების ის ცნობა, რომ სასტიკად აღშფოთებული ქართველები ემუქრებოდნენ ორადინუსს, რომელმაც იერუსალიმის კედელი მათ უკითხავად მოარღვია. ასეთი განწყობები საქართველოში უწანამძღვროდ არ გაჩენილა, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში აღმავალ ქართულ სახელმწიფოებში უკვე ჩნდება იერუსალემთან, მაშასადამე საქრისტიანოს მედროშეობასთან დაკავშირებული პრეტენზიები. ჯუანშერის ნახევრადეგენდარულ თხზულებაში, რომელიც კარგად გადმოგვცემს აღნიშნული ხანის განწყობებს, კათალიკოსი პეტრე აცხადებს, რომ ქართველთა მეფის მსხვერპლზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ქართლი, არამედ იერუსალემიც: ,,იყავ შენ, ვითარცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ არა მოჰკუდეთ, მოვკუდეთ". და ამით სიტყ?თა ამხილა, ვითარმედ წყობასა მას არა დარჩეს, და რქუა: „არა-ხოლო-თუ ქართლი მიეცეს განსარყუნელად, არამედ იერუსალემი-ცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა".

_ ეს საკმაოდ დიდი - ანუ როგორც ახლა ვუწოდებთ, გლობალური პოლიტიკური თვალსაწიერის საფუძველზე დასახული ამოცანაა...

_ თომას კანტიმპრელის შესანიშნავი ცნობა იმდროინდელი სინამდვილის მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. ჯვაროსნები აღფრთოვანებული ისმენდნენ მიდიისა და არმენიის გადაღმა მდებარე ძლიერი ქრისტიანულ სახელმწიფოსაგან მუსლიმებზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების ამბებს და იმედოვნებდნენ, რომ ეს ძლიერი მეფეები იერუსალემს გამოილაშქრებდნენ მუსლიმთა წინააღმდეგ. ჩრდილოეთის ამ ძლევამოსილ ქრისტიან მეფეთა გალერეაში ჯვაროსათა მზერას არ შეიძლებოდა გამორჩენოდა ისეთი ბრწყინვალე ფიგურა, როგორიც თამარი იყო, მაგრამ თამარის სახელმწიფოს შესახებ ამ ეპოქაში არც ჯვაროსნულ წრეებში და მით უმეტეს არც დასავლეთში, ერთეული ადამიანების გამოკლებით დაზუსტებით არაფერი იცოდნენ, მაგ. კასპიის ზღვის ხელახლა აღმოჩენაც შუა საუკუნეების ევროპაში მხოლოდ მეცამეტე საუკუნის შუა ხანებში - ფრა უილიამისაგან ხდება, მაგრამ ფართო მასების შეგნებაში ძველი გეოგრაფიული წარმოდგენების შეცვლას საუკუნეები სჭირდებოდა.

_ გეთანხმები, მარკო პოლოს მოგზაურობის რეალურობა ევროპაში საუკუნეზე მეტი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა..

_ დაიხ, და თქვენ წარმოიდგინეთ, მეტი ნდობით ეკიდებოდნენ მანდევილის ლეგენდარულ მოგზაურობას, რომელიც ტრადიციულ, პრიმიტიულ გეოგრაფიულ წარმოდგენებს ასახავდა. ამიტომაც ყველაფერ ამის გათვალიწინების შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის მითიური წყვდიადი, რაც მოუცილებლად თან სდევდა განსახილველ ეპოქას, განაპირობებდა იმას, რომ ზღაპრული ელფერით აღბეჭდილი სინამდვილე - უძლიერესი ქრისტიანი დედოფლის - თამარის სახელმწიფო, ჯვაროსნულ წრეებში აღიქმებოდა ეპოქისათვის კანონზომიერად, ტრადიციული პრიმიტიული გეოგრაფიული წარმოდგენებისა და ნაცნობი მითოლოგიური სიმბოლოების მეშვეობით. რადგანაც კავკასია ძველთაგანვე მიიჩნეოდა ამორძალთა მიწად, თამართან დაკავშირებით ჩნდება პრესვიტერ იოანეს ლეგენდის ორგანული გაგრძელება ძლიერი ამორძალი ქრისტიანი დედოფლის შესახებ, რომელიც ისევე აპირებს წმინდა მიწისაკენ წამოსვლას. როგორც პრესვიტერი იოანე, „ქრთლის ცხოვრების" გადმოცემით თამარის სიდიადით დაზაფრულმა მუსლიმმა ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ სხვა ესდენ ძლევამოსილი დედოფლის წინამორბედის, ან თანამედროვის შესახებ მათ არაფერი სმენოდათ - არც ძველ და არც ახალ წიგნებში. მაგრამ ქრისტიანმა ევროპელებმა კი მარტივად იპოვეს ,,სახე თამარისი ,,ძუელთა წერილთა შინა - ამორძალთა შეუპოვარი დედოფლების სახით.

_ ზოგადად, ისტორიული პიროვნებებებზე შექმნილი ლეგენდები მათ ძლევამოსილებაზე მიუთითებს, მით უფრო, რომ ევროპელები „გარე პირებთან მიმართებაში" ამ მხრივ საკმაოდ სიტყვაძუნწები არიან, ან პერსონების ძლევამოსილებას ბოლომდე არ აღიარებენ. მეფე თამარის შემთხვევაში სხვა მოცემულობა გვაქვს აშკარად...

_ თამარის სწრაფვა, გამხდარიყო წმინდა მიწის ახალი მფარველი, ამგვარი ლეგენდების ფორმირებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. დე ბუასა და ფრა თომასის ცნობებში თამარს დაახლოებით ის ადგილი აქვს მიკუთვნებული, რაც გოდფრუა ბულონელს, რომელიც ქრისტეს საფლაველის ტიტულს ატარებდა. ამიტომაც, ის სწორედ ქრისტეს საფლავის მახლობლად დაიკრძალა.

_ ანუ სწორედ ამგვარ ვითარებას გულისხმობენ წყაროები მაშინაც, როცა იერუსალემის ახალი ძლევამოსილი მფარველის - თამარის უფლის საფლაველობისა და მის საფლავთან დაკრძალვის შესაძლებლობაზე საუბრობენ?

_ დიახ. მნიშვნელოვანია, რომ ქრისტეს საფლავის მცველს - გოდფრუას მინიჭებული ჰქონდა მაცხოვრის საფლავის ერთგვარი სიმბოლოს - ხუთჯვრიანი დროშის ტარების უფლება. ამიტომაც გოდფრუა სამოსზე ხუთჯვრიანი დროშით გამოისახებოდა ხოლმე. თამარიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის საკმაოდ წარმატებულ მცდელობებს მოეპოვებინათ გაბატონებული ადგილი წმინდა მიწაზე, დაეკავებინათ ის ადგილი იერუსალემში, რაც გოდფრუასა და სხვა ჯვაროსან მეფე-მთავრებს ეჭირათ. ამიტომაც შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნის ქრონიკები და საზღვაო პორტულანები საქართველოს დროშად, რომელსაც თავი პანქრისტიანული სამყაროს ,,მედროშედ დაესახა, სწორედ იერუსალიმურ - ხუთჯვრიან დროშას წარმოგვიდგენენ. ეს ყველაფერი, იმ მისწრაფებების პირობებში, რაც განსახილველი ხანის ერთიან ქართულ ფეოდალურ მონარქიაში არსებობდა, კანონზომიერი ჩანს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველისა და მეფის შთამომავლებად მიიჩნეოდნენ, რაც დამატებით საფუძველსა თუ ლეგიტიმაციას სძენდა ქართული მონარქიის ამბიციებს ყოფილიყო პირველი იერუსალემში - ,,დავითის ქალაქში.

_ და მაინც, რეალურად თამარის ეპოქა და თუნდაც შენს მიერ მოყვანული მაგალითები თავლანთლივ მეტყველებს, რომ იმ პერიოპდის საქართველო არა მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში დიდი პოლიტიკას ქმნიდა.

_ ქართულ ისტორიოგრაფიაში თამარის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემაა მიმოხილული, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საკითხთა ამ წრის ცენტრალური პრობლემა თამარისაგან წმინდა მიწაზე გატარებული პოლიტიკაა. მოგეხსენება, შუა საუკუნეების ქრისტიანული სახელმწიფოს სიმძლავრის უპირველესი საზომი სწორედ წმინდა მიწაზე პოზიციების სიმყარე იყო, რასაც ქრისტიანული სახელმწიფოები განსაკუთრებული სიხარბით მიელტვოდნენ. ყველა წყაროსა და დოკუმენტის მიხედვით, საქართველო განსახილველ ხანაში საერთო ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე აცხადებდა პრეტენზიას, რაც ერთის მხრივ წმინდა მიწის მუსლიმური რკალის დაძლევაში, მეორეს მხრივ კი აქ მრავლად წარმოდგენილ სხვადასხვა ქრისტიანულ ჯგუფებზე უპირატესობაში უნდა გამოხატულიყო. ამ მიზნისათვის ქართულ სახელმწიფოს დიდი წარმატებით გაურთმევია თავი - აკრას ლათინი ეპისკოპოსი აღფრთოვანებული გვიამბობს იმ შთამბეჭდავი პრივილეგიების შესახებ, რომლითაც წმინდა მიწაზე ქართველები სარგებლობდნენ.

_ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი იმ პერიოდისთვის არის ებრაელტა ათი დაკარგული ტომის თემა... ანუ დაკარგული სამეფოს თემა, რომელიც პრესვიტერის ქვეყანას ესაზღვრება...

_ ზემოთ უკვე მივაქცე ყურადღება, რომ ლეგენდის თანახმად ებრაელთა დაკარგული ტომები ჩრდილო კავკასიაში მკვიდრობდნენ. ეს, ცხადია შემთხვევითი არ არის, რამდენადაც ხაზარებში ადრე იუდაიზმმა ფართო გავრცელება ჰპოვა. შესაბამისად, ბუნებრივად იბადებოდა აზრი, რომ ეს ტომები სწორედ ებრაელები იყვნენ, კერძოდ, ებრაელთა ის ათი ტომი, რომელნიც ისრაელ/სამარიის სამეფოს დაცემის შემდეგ გადაასახლეს და არა იუდეა/იერუსალემის სამეფოს ებრაელები.

_ ჰო, სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომდესაც „დაკარგულებს" „იერუსალიმის სამეფოსთან" აიგივებენ, იმ მოტივით, რომ „იერუსალიმი დაკარგულია"...

_ პრესვიტერ იოანეს ეპისტოლე აცხადებს, რომ ებრაელთა აღნიშნული დაკარგული სამეფო სწორედ პრესვიტერის ქვეყანას ესაზღვრება, რომ ისინი პრესვიტერის მოხარკენი არიან, უგზავნიან რა მას ცხენებს, ვერცხლს, ოქროსა და ძვირფას თვლებს, (BRUDER, 2008:23). რაც თავის მხრივ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომელიც მოწმობს, რომ პრესვიტერის ქვეყანა სწორედ საქართველოს სამეფოა, რომელიც მართლაც ემეზობლებოდა - იქვემდებარებდა, ებრაელებად მიჩნეულ ჩრდილო კავკასიელებს და არა იერსალიმს, წმინდა ქალაქს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯვაროსნებმაც კარგად იცოდნენ, კარდინალი ოლივერი ქართველებზე საუბრისას შენიშნავს, რომ მათი სამეფო კავკასიის, ანუ კასპიის მთებამდე ვრცელდება, სადაცაა ებრაელთა ათი დაკარგული ტომი (Burd, იქვე). საერთოდ, შუა საუკუნეების ავტორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ებრაელთა დაკარგული ტომების სამეფო სწორედ ჩრდილო კავკასიაში მდებარეობდა, მაგ. მათე პარიზელი წერს: ,,კასპიის მთების მიჯნა, აქ ცხოვრობენ ებრაელები, ისინი ღმერთმა ჩაკეტა ალექსანდრეს ლოცვით, გამოვლენ ბოლო ჟამს და წარწყმედენ ხალხებს, ისინი გარშემორტყმულნი არიან მაღალი და დიდი მთებით და არ შეუძლიათ გამოღწევა, (Lewis, 1987:349), დაახლოებით ამავეს იმეორებს ფრა სიმონიც (Simon De Saint -Quentin - Jean Ruchar, 1965:12), მხოლოდ ფრა ვინსენტმა შეძლო სიმართლის გამორკვევა მეცამეტე საუკუნის შუა ხანებში, იგი ,,...მტკიცედ უარყოფს იმ აზრს, რომ ალექსანდრემ ებრაელები კასპიის მთებში გამოკეტა, ის ეყრდნობა დომინიკელთა ძმობის მიერ ჩატარებულ მოკვლევას ტრიფილისში ანუ თბილისში. საქართველოში, დომინიკელთა მონასტერში, ტრიფილისის ძმებმა დაადგინეს, რომ არავითარი ებრაული ტომები არ უნდა ყოფილიყვნენ კასპიის მთების მახლობლად. ქართველ ებრაელთა შორისაც ალექსანდრესაგან კასპიის მთებში ებრაელთა განდევნის შესახებ არცერთი მოთხრობა არ იყო ცნობილი, ებრაელი ინფორმატორების თანახმად მათი ისტორიული ჩანაწერები მოწმობდნენ, რომ ხალხები რომელნიც ალექსანდრემ მოიმწყვდია, კასპიის მთების მახლობლად მცხოვრები ბარბაროსი კანიბალები იყვნენ, (Seyed-Gohrab, 2011:15).

_ გმადლობთ, საკმაოდ საინტერესო ინტერვიუსთვის.

_ გმადლობთ თქვენ, დაინტერესებისთვის.

ესაუბრა გეგა სილაგავა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა