მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია

მტრის ხატთან ბრძოლაში დამარცხებული ღვთის ხატი

08.12.2021 | 16:05 ნახვები: 556

საკმაოდ სოლიდური ასაკი მქონდა, როდესაც გავაცნობიერე „მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი"... მაშინ ვიგრძენი როგორ ამოტრიალდა ყველაფერი ჩემს თავში. წარმოიდგენეთ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ყოველ ახალ წაკითხულ წიგნს, ყოველ ახალი კვლევის გაცნობას, ყოველ ახალ შთაბეჭდილებას და ემოციას საკუთარ მიღწევად თვლის და ერთ მშვენიერ დღეს მიხვდება, რომ სულ ფუჭად დაკარგული დროა, რადგან ყველაზე მთავარი არ იცის, არ იცის ვინ არის სახელის და გვარის, ეროვნების, რელიგიის, სოციალური სტატუსის მიღმა. არ იცის საიდან მოვიდა, სად არის, სად მიდის. შეუძლია საათობით ილაპარაკოს ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე, მოხიბლული იყოს საკუთარი თავით, საკუთარი მგნებებით და ვერ ხვდებოდეს, რომ ამას მის რეალურ მესთან საერთო არაფერი აქვს.

წარმოიდგინეთ, როგორია სირცხვილის განცდა, როდესაც ასობით ადამიანს უზიარებ საკუთარ ცოდნას (30 წელზე მეტია ვასწავლი) და უცებ აღმოაჩენ, რომ იცი ის, რომ არაფერი იცი.

აგვისტოს ომზე მინდოდა რაღაც დამეწრა. ხო, ალბათ მეათასედ უნდა მეთქვა, რომ ეს ომი ქართველებს არ დაგვიწყია, რომ ჩვენ თავს ვიცავდით, რომ რუსეთი ასწლეულებია ებრძვის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ეს მხოლოდ მორიგი ეპიზოდი იყო ამ დაუსრულებელი ომის და როგორც კი ისევ ფეხზე წამოვდგებით, შეიძლება ახალ ომში გავეხვეთ, რადგან თვითონ მეფენიც, უძლეველნი, რომელთ უმაღლეს ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება, შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს?" და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან. ასეთია ამა სოფლის ლოგიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სხვა პლანეტების ათვისებას იწყებს, ხელოვნურ ინტელექტს ქმნის და სრულიად შლის საზღვრებს რეალურსა და ვირტუალურ სამყაროს შორის, მისი ეგო ზუსტად ისეთივე დარჩა, როდესაც პირველად გამოვიდა გამოქვაბულიდან.

ვერც რელიგიურმა სისტემებმა, ვერც მეცნიერულმა აღმოჩენებმა ვერ შეცვალა მისი ბუნება რადგან „ მაინც რა არის ჩვენი ყოფა _ წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი? ეს საწყაული აღუვსებელია, რომლის აღვსებასაც ეძღვნება მთელი წუთისოფელი და არ გვრჩება დრო ის მაინც გავიზროთ, რატომ ვუძღვნით მას მთელ ჩვენს ამქვეყნიურ არსებობას.

აგვისტოს ომზე დაწერა გადავიფიქრე, იმტომ რომ მართლა არ ვიცი ჩვენ ამ ომში დავმარცხდით თუ არა. მარცხზე და გამარჯვებაზე ყველა ჩვენგანს განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ზუსტად არ მაქვს პასუხი გამარჯვებულები ვიქნებოდით, თუ არა, „რომ ის მიწაც ჩვენი ყოფილიყო" , ან გამარჯვებულია რუსეთი, რომელსაც „ის მიწაც აქვს," და ბევრი სხვაც, რომელზეც „ გული უთქვამდა", მაგრამ მისი საწყაული მაინც აღუვსებელია.

მე სხვა რამე მაწუხებს, რამდენად გვაქვს ჩვენ კავშირი იმ მიწასთან, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, რამდენად გვესმის მისი - რას ითხოვს ჩვენგან, ან რამდენად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მასზე.

სიბრძნე რომელიც უნივერსალურია ყველა კულტურისათვის - "რასაც დასთეს, იმას მოიმკიო" რას ვთესავთ ამ მიწაზე და რის მომკას ველით? 30 წელია საბჭოთა კავშირი „ხალხთა მეგობრობის მძლე კავშირი" აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ არც კი გვიცდია გაგვეაზრებინა, რაზე იყო დაფუძნებული მისი "სიძლიერე", რა მექანიზმები მუშაობდა და ამაგრებდა „უღრუბლო საბჭოთა ზეცის" მითს, ან რატომ იყო ის „რკინის ფარდა" ასე მნიშვნელოვანი.

მახსოვს, როგორ აღვიქვით ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით: „არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, რომ გაიხსნა საზღვრები. ყველა გადის გარეთ და ხედავს, როგორ ცხოვრობენ სხვები და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. ჩვენ რომ ვნახეთ, სად ვცხოვრობთ ჩვენ, როგორ ვცხოვრობთ და როგორ ცხოვრობენ სხვები, კიდევ უფრო გავუბედურდით, რომ დავინახეთ, რამდენად უფრო უკეთესად შეიძლება ცხოვრება"

არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს სათანადოდ არ აფასებენ - ხშირად მის დაბალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ქილიკობენ და მთლიანად უარყოფენ ივანიშვილის უნარს მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ტვინის შესაძლებლობები.

დიახ, მას არ აქვს მაღალი ინტელექტი, მას ნამდვილად არ აქვს ბევრი წიგნი წაკითხული, მაგრამ მას აქვს უნარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

აბსოლუტურად ზუსტი შეფასება იყო, ოღონდ ფორმულირება ისეთი, რისი შესაძლებლობაც წაკითხული წიგნების რაოდენობამ მისცა. მერა რა, ყველა წიგნს რაც დაწერილა, ვერასოდეს წაიკითხავ, ვიღაცას ყოველთვის ექნება შენზე მეტი წაკითხული.

ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როდესაც სიმწრით მითქვამს, ნეტავ საერთოდ არ წამეკითხა არაფერი, რა გაასუფთავებს ამ ყველაფრისგან ჩემს ცნობიერებას.

საბჭოთა კავშირის შემქმნელებამა მოახერხეს „აღუვსებელი საწყაულის" დათრგუნვა, მიძინება ადამიანში. სწორედ ამას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც საზღვრების გახსნას უბედურებას უწოდებდა. სწორედ ეს არის მიზეზი დამოუკიდებელ საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა არც თუ მცირე ჯგუფის ქვეცნობიერის ლტოლვის ისევ საბჭოთა კავშირისკენ, რომელსაც დღეს სიმბოლურად რუსეთი განასახიერებს.

30 წელია მთავარი კონფლიქტი, რომელიც არსებობს და რომელიც ყველა სხვა კონფლიქტს განაპირობებს, ეს არის ჰომოსოვეტიკუსის თავში კონფლიქტი მინდას და შემიძლიას შორის.

დასავლური ცივილაზაცია, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობების უნივერსალურობას ეყრდნობა, ამ კონფლიქტს სხვაგვარად აგვარებს. თუმცა მან ძალიან რთული გზა გაიარა სისტემის შექმნამდე, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის იმ საზომს მიაღწევდა, რომელიც მინდას და შემიძლიას შორის გარკვეულ ბალანსს დაამყარებდა.

თუმცა, უკანსკნელ პერიოდში ამ სისტემასაც ისეთი სერიოზული ბზარები გაუჩნდა, რომ არსებული საერთშორისო წესრიგი საგრძნობლად შეარყია. ეს ყველაზე უკეთ პანდემიის პირობებში გამოჩნდა.

აქამდე არსებული დაპირსპირებები გეო-პოლიტიკურ, გეო-ეკონომიკურ, კულტურულ და რელიგიურ ინტერესებს შორის თითქმის გაფერმკთალდა, რადგან მთავარი ბრძოლის ხაზი არსებობისათვის ბრძოლაზე გადის.

პრინციპში ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ეს უბრალოდ ზემოთჩამოთვლი ინტერესებში ინიღბებოდა - ადამიანური რასა იბრძვის დედამიწაზე არსებობის შენარჩუნებისათვის და ამ ბრძოლაში საკუთარ იმუნიტეტს ანადგურებს.

საქართველოც ამ სამყაროს ნაწილია, მისი მთლიანობის ნაწილი და ამის აღქმა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. „რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით?!" - ყოველი ახალი ეპოქა ამის გააზრებით უნდა იწყებოდეს.

ვამაყობთ ისტორიით და საკუთარი ისტორია არ ვიცით, ვბრაზობთ, თუ ამ ქვეყანაში ვინმე ცხოვრობს და ქართული ენა არ იცის, თავად ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს საკუთარი ენის შესაძლებლობაზე და დანაწევრებული მეტყველების უნარი ცოდნა გვგონია. ქრისტიანობაზე თავს ვდებთ და სიძულვილში ვიხრჩობით. ქართველობას გვართმევენო, მთელი სამყარო მოვიძულეთ და ქართველობა რა არის, ისიც არ ვიცით. რა გვაკავშირებს ამ მიწასთან, რატომ დავარქვით ჩვენს პლანეტას დედამიწა, წარმოდგენა გვაქვს?

რამდენი ჩვენგანი გრძნობს საერთო იდენტობას პეტრე იბერთან, ან რამდენმა იცის, რატომ გააქრო რუსულმა ეკლესიამ მისი ხსენება ჩვენი ეკლესიის ისტორიისგან? რამდენმა იცის, რომ მთავარი და არსებითი პეტრე იბერის დამსახურება ის არის, რომ კაცობრიობის „საერთო ნიადაგზე მდგომის და მშვიდობისმყოფლობის" დიდ იდეას ჩაუყარა საფუძველი.

რამდენმა იცის რატომ არის „ვეფხისტყაოსანი" უკვდავი და რამდენმა შეძლო იქ თავმოყრილ უნივერსალურ ცოდნას ზიარებოდა რელიგიური დოგმების და ჩარჩოების მიღმა.

რას გვართმევენ, იმას, რაზედაც ჩვენივე ნებით გვაქვს უარი ნათქვამი?

რატომ არის დავით აღმაშენებლის საქართველო საუკუნებიის შემდეგაც ქართველისათვის სრულყოფილი სახელმწიფოს მოდელი? ილიაზე უკეთ ვერავინ გადმოსცემს ასე მარტივად და სისხლსავსედ მის არსს. „... დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავდადებული მოყვარე თავისი ეროვნებისა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვისი ეროვნებისა და სარწმუნოებისა... ამისთანა დიდბუნებოვანობა იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არ ინდობდა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან?"

ტროლ-ბოტების შემქმნელთა სახელმწიფოში სად გინდა დიდბუნებოვნება ეძებო? ან გვაქვს კი დარჩენილი აღმაშენებელთან საერთო იდენტობა? მაშ რა ქართველობას გვართმევენ ? ვის რა თავში სახალელად უნდა გაავებული ტროლ-ბოტების საცხოვრისი, „აღუვსებელ საწყაულთან დამარცხებული", ოცნების კვამლში გახვეული გაურკვეველი კერპების თაყანისმცემლთა ჯოგი. ერთობასაც ვერ ვიტყვი, თორემ ერთობა რომ გვქონდეს, შეიძლება ასე ცუდად არ იყოს საქმე. კიდევ ილიას დვესესხები : .".. კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებელის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ როგორც დიდბუნებოვანმა კაცმა წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი".

დღეს დიდგორობაა, „ძლევაი საკვირველის დღე", სწორედ ამიტომაც ვტრიალებ ალბათ აღმაშენებლის გარშემო, ჰოდა ახლა, ასე საჯაროდ მინდა გკითხოთ ბატონო ბიძინა, ვისაც მუხთალმა წუთისოფელმა „ძლევაი საკვირველის" შემოქმედი ხალხის მართვა გარგუნათ: ვერ გრძობთ როგორ დაგცინათ საწუთრომ? ვის ძლევას აპირებთ ამ ტროლ-ბოტთა ლაშქარით? ვიცი, მარადიულობისა არ გჯერათ, დღეგრძელობის - კი, ღმერთმა მოგცეთ, მაგრამ თუნდაც კიდევ 100 წლის მერე ან იქ რა მიგაქვთ, ან აქ რას ტოვებთ? ან თქვენ კი გაქვთ რამე იდენტობა, რომ გვართმევენ იმ ქართველობასთან?

ნახეთ, ივანე ჯავახიშვილი რას წერს თამარ მეფეზე! - თამარ მეფე ვერ შეიტყუა საწუთრომან და სკიპტრამ, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან" ... ძლიერება და სიმდიდრე ხშირადა რყვნის ადამიანს, მაგრამ თამარ მეფე - არა მიდრიკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან" .

აი, რატომ არ და ვერ შეძლებთ თქვენ, ბატონო ბიძინა, ამ ქართველობა წართმული ქვეყნის უკუღმა მბრუნავი ბორბლის წაღმა შემოტრიალებას. შეგიტყუათ საწუთრომ. მიგდრიკათ და წარგიპარათ სიმდიდრემ თქვენც და თქვენი ლაშქარიც.

აღუვსებელ საწყაულთან უბრძოლველად ჩაბარებული ხართ თქვენ და ყველას ამ გზაზე მიაქანებთ ახლა. თურქი მტერია, რუსი მტერია, აშშ მტერია, ევროპა გარყვნილია და ეგ არის მტერი თუ არის, სპარსი მტერია, აფხაზი მტერია, ოსი მტერია, ნაცი მტერია, ქოცი მტერია, ვაქსერი მტერია, ანტივაქსერი მტერია და გადის ასე მტრის ხატების შექმნაში ჩვენი წუთისოფელი.

არა და ერთადერთი მტერი გვყავს საკუთარი თავი და ასე მტრის ხატებთან ბრძოლაში ვამარცხებთ საკუთარ თავში ღვთის ხატს.

ქართველობას არ დავთმობთო, ღვთისმშობლის წლხვედრი ქვეყანა ვართო - თალაკვაძემ და კობახიძემ ხელის აწევითაც დაუკანონეს ღვთისმშობელს ქვეყანა მეტი დამაჯერებლობისა და სიმშვიდისათვის.

ხალხი მიწასთან კავშირს როცა წყვეტს და იდენტობას კარგავს მიწა იწყებს მის დაბრუნებას, ოღონდ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. თუმცა ათასწლეულების მანძილზე ჩვენც არა ერთხელ გავიარეთ ეს პროცესი.

დღეს „ძლევაი საკვირველის" დღეა, როგორ მივედით ამ დღემდე? აი, რას წერს ‘ „ქართლის ცხოვრება": უფალმან... შესძრა ქვეყანა საფუძველითურთ ესოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი მტვრად იქმნენ, ქალაქნი და სოფელნი დაირღვნენ, ეკლესიანი დაეცნენ, სახლნი დაითქმენ და გაქრნენ".

ბუნების ამ საშინელი მოვლენის ფონზე მოხდა „დაბრუნება საკუთარ თავთან" - გიორგი II გადადგა სამეფო ტახტიდან და ქვეყნის მმართველობა გადასცა თავის 16 წლის შვილს დავითს, რომელმაც ჯერ „საწყაული აღუვსებელი" დაამარცხა და მერე ყველა სხვა მტერი.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა