მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

ლაშა ბერულავა

05.01.2023 | 13:51 ნახვები: 901

სახელი, გვარი - ლაშა ბერულავა

დაბადების წელი - 1972

მედიასაშუალება - „ალფა სიხშირე“, „ოდიში“

პოზიცია - რედაქტორი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - „მზე“, „პირველი არხი“, რადიო „თავისუფლება“, „ალია“(2003 წლამდე) „პრაიმნიუსი“, „მე-9 არხი“ (2009 წლამდე), ინტერპრესნიუსი

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? – 1993 წელს, შემოდგომაზე,  „ოდიშზე“ ხმა დავადე კადრებს და მეორე დღეს მიხმეს.

 

თქვენი პირველი მასალა? – „ოდიშზე“ მომზადებული სიუჟეტი და სკანდალური მასალა „ალიაში“, ნინო ფურცხვანიძის ფსევდონიმით (რედაქტორმა ჩემი უსაფრთხოების გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება) - როგორ დაახვედრეს შს მინისტრ კახა თარგამაძეს სენაკში ე.წ. კანონიერი ქურდის „მერსედესი“ (ზუგდიდში მიდიოდა. ფოტოც მქონდა.)

 

 

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - ნაწილობრივ კი.

 

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ორიენტირება სოციალურ პრობლემებზე.

 

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ზოგადად, ისეთებს, ვისაც ფიქრი და ლაპარაკი სინქრონულად შეუძლიათ და კითხვებს არ გაურბიან. ძველი დროიდან აკაკი ბაქრაძეს დავასახალებდი, ახალი დროიდან - ზურა ჭიაბერაშვილსა და დიმიტრი შაშკინს.

 

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - ჩემი პირველი ექსკლუზივი (ზემოთ აღვწერე) და ასევე, რუსი ოკუპანტების მოროდიორობის კადრები 2008 წელს, რომელიც ხუთსართულიანი სახლის სახურავიდან გადავიღე, ასევე, იმავე ომში დატყვევებული ჩვენი ჯარისკაცები, თვალებახვეული რომ მიჰყავდათ ბტრ-ით - ხან მარჯვნიდან მივუყენებდი მანქანას, ხან მარცხნიდან, რუსები ავტომატს მიმიზნებდნენ, მაგრამ რატომღაც თავს ჩავაგონე, რომ არ მესროდნენ და ასეც მოხდა.

 

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? – 2008 წლის 15 აგვისტო, როცა მე და ჩემი 16 წლის ოპერატორი მურად ფარცვანია წყემში, ოკუპანტებმა დაგვაკავეს, ნაკრძალში, უკაცრიელ ადგილას. აი, მანდ გავიფიქრე პირველად და, იმედია, უკანასკნელად, შეიძლება ორივე მოგვკლან-მეთქი, მაგრამ მურადი ძალიან ცუდად გახდა და მისმა დამშვიდებამ მეც დამამშვიდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ მაშინ რუსეთის რეგულარული ჯარის ჯგუფს გადავეყარეთ, მოხალისეები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, ცუდად წავიდოდა საქმე: სენაკის ბაზაზე გადაგვიყვანეს და ორ საათში გაგვათავისუფლეს.

 

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? – 26 მაისი, 13 მაისი

 

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? – იმ პრინციპებზე ვერასდროს ვიტყვი უარს, რომლებითაც აქამდე მოვსულვარ.

 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – რა თქმა უნდა, მეორე.

 

ვინ არის რესპოდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - გაგიკვირდებათ და, დიეგო მარადონა. ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მინდოდა და თან, სპორტული. როცა თსუ-ში ჟურნალისტიკაზე ჩავირიცხე, უცხო ენად ესპანური ავირჩიე, მარადონასთან ინტერვიუს ჩასაწერად. მაგრამ მერე გავყევი პოლიტიკას. არ ვიცი რომელი სჯობდა, მაგრამ დიეგო მარადონაზე გული მწყდება...

 

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? – 2003-2011

 

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპოდენტი? – აკეთებს ჟურნალისტი, „აგურებს“ კი რესპონდენტი აწვდის. ზოგი „აგური“ უნდა გამოართვა და ზურგსუკან მოისროლო, რადგან არაა მყარი.

 

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ნებისმიერი რუსეთუმე. ლეგიონია სახელი მათი.

 

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – უფრო ხშირად, სხვების დასახმარებლად....

 

რაზე გწყდებათ გული? - წლები რომ გაფრინდნენ (27 წლიანი სტაჟი მაქვს, 50 წლის ვარ)...

 

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – თუკი ვიეჭვებ, რომ დეზინფორმაციაა ან ფეიკი.

 

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – შევარდნაძის ეპოქა. მაშინ დაიბადა და აიდგა ფეხი და კლანჭებიც მაშინ გამოაჩინა.

 

რისი გეშინიათ? – მთების. კი არ მეშინია, მიყვარს, მაგრამ ვუსუსრდები და ვგრძნობ, რა პატარანი ვართ ადამიანები.

 

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – „ვაშა შენებას!“

 

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – სამწუხაროდ, ჯერაც ნეგატივი.

 

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - საშუალოზე მაღალი

 

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ნინო ივანიშვილი, თენგო გოგოტიშვილი, ნინო თარხნიშვილი. ძველი ჟურნალისტებიდან თენგიზ პაჭკორიას გამოვყოფდი, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

 

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – სიყვითლე და ნეგატივი.

 

რა აკლია ქართულ მედიას? – კარგად წერის უნარი. მაგალითად, ისე, როგორც გაზეთ „დრონის“ ჟურნალისტები წერდნენ. მწერალი ჟურნალისტიკის ფანი ვარ დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ უფრო არანაკლები დრო გამიტარებია ტელევიზიებსა და რადიოებში.

 

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – „მთავარი არხი“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“.

 

რადიო, რომელსაც უსმენთ - „აფხაზეთის ხმა“.

 

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - თითქმის აღარ ვკითხულობ, მაგრამ „რეზონანსს“ და „არსენალს“ გამოვყოფდი, ძველ „კვირის პალიტრასაც“.

 

რჩეული ონალინ გამოცემა - ონ.ჯი, ნეტგაზეთი, ჯემნიუსი.

 

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ტელევიზიებზე მაგას ვერ ვიტყოდი. აი, ონლაინ-გამოცემებს ნამდვილად არ სწყალობენ. არადა, სულ ტყუილად...

 

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – საკმაოდ დიდი.

 

რა გაღიზიანებთ? – „გამოგიტყდებით: საყვედური, მაღიზიანებს სახედრული“ .

 

რა გახარებთ? - ახალი დილა, გაზაფხულის დასაწყისის - თავისი განუმეორებელი, გაზაფხულის სურნელით.

 

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - მათგან ვსწავლობ.

 

რას არ პატიობთ კოლეგას? – პრინციპების ღალატს.

 

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - კანფეტში პავიდლოს რანაირად დებენ?

 

რას ნანობთ? – სიზარმაცეს. ბევრი რამე დამიკიდებია ფეხებზე ამის გამო - არ უნდა მექნა.

 

რითი ხართ კმაყოფილი? – რომ საქართველოში დავიბადე და ან აქ, ან მისთვის მოვკვდები.

 

 

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სამართლიანობა, რომელიც სიმართლესაც მოიცავს, ჩემი აზრით.

 

 

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? – ვფიქრობ, რომ კი.

 

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ეს მხოლოდ ჩვენი, ქართული მედიის სენი არ არის - ხალხი მაქსიმალისტია.

 

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - და ოდნავ ზემოთ (ვხუმრობ)

 

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ჟურნალისტიკა. უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში...

 

რა არის მედიასტანდარტი? - ის, რაც სულ უნდა გვახსოვდეს: სიმართლე, სამართლიანობა, ოპერატიულობა და „არ ავნო“.

 

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - სკანდალების მოთხოვნა უფრო ჭარბობს მკითხველებისგან. ან მიჰყვები ამ დინებას, ან ნაკლებადრეიტინგული, მაგრამ მართალი მედია ხარ. მე მეორე მირჩევნია.

 

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - შალვა რამიშვილი.

 

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ნუ, ეს მესმის. მეც გავურბივარ, თუ ვიცი, რომ ნიჭიერია. ნიჭიერებს პატივს ვცემ, თუნდაც მტრულად განწყობილი იყოს. შალვა რამიშვილიც ნიჭიერია, მაგრამ თან ამაზრზენი, ეგეთებზე პატივისცემა არ ვრცელდება.

 

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - თომა ჩაგელიშვილი.

 

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - ქართული კუდაბზიკობა, მოგეხსებათ...

 

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - მეორე, მხოლოდ მეორე

 

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - არ უნდა ავნო

 

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - კატასტროფების ან ტრაგედიების დროს არ უნდა ჰკითხოს დედას, მამას და ა.შ: „რას განიცდით ახლა?“ - ამ შეკითხვაზე ბათუმის ტრგედია გამახსენდა, კაცს რომ ჩააცივდნენ ჩვენი კოლეგები, რომელმაც ცოლი და შვილი დაკარგა და ჯერ არ იცოდა - ნანგრევებთან იჯდა...

 

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? – „უთხარით მას, რის თქმას აპირებთ, შემდეგ უთხარით, რის თქმასაც აპირებდით და ბოლოს, უთხარით ის, თუ რა უთხარით თქვენ მათ“ - ეს ერთ ტრენინგზე მოვისმინე და სამუდამოდ დამამახსოვრდა.

 

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - ბევრი ტელევიზიაა და იმდენად ბევრია, რომ მრავალფეროვნებაზე ვეღარ ქაჩავენ.

 

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - პირველი, უდავოდ.

 

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - ცოტა მრავალმხრივი თემაა. მე პირადად მიმაჩნია, რომ ობიექტური ზოგჯერ ვერ იქნები. მაგალითად, 2008 წელს ჩვენ ობიექტურები ვერ ვიქნებოდით.

 

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - მიმაჩნია, რომ კი, ოღონდ, ეს ჟურნალისტი ისეთი უნდა იყოს, რომ მისი აზრი საზოგადოებას აინტერესებდეს.

 

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - იყოს კაცო, რას ვერჩით? :)

ყველას ნახვა
ყველას ნახვა