ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

პირველი ნაბიჯი ბიძინამ უნდა გადადგას - სიძულვილის პოლიტიკა და ისტორიის სანაგვე

10.26.2021 | 12:58 ნახვები: 852

გასულმა მუნიციპალურმა არჩევნებმა, და 14 ოქტომბერს ჩატარებულმა მასშტაბურმა აქციამ ძალიან ბევრი რამ საინტერესო დაგვანახა. დასკვნები შეიძლება იყოს ლოკალურიც, კონკრეტულად დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე უფრო გლობალური და შორს მიმავალი.
ლოკალური, როგორც ყოველთვის, უფრო მარტივია - მაგალითად ის, რომ ეკლესიაზე და პლებსზე ორიენტაცია არანაირ შედეგებს არ იძლევა.
კერძოდ, ხელისუფლების მომხრეთა სტრუქტურა წლების მანძილზე არ იცვლება - მის ბირთვის შეადგენენ საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანები და მათი ნათესავები, მოსახლეობის 10-15%, რომელიც მიშას ზომაზე მეტად ვერ იტანს, და მისი აჩრდილი ყველგან ელანდება..
გარდა ამისა, ცოტა ძველი ბიჭები, ცოტა კარტოფილით მოსყიდული უსაქმურები, ცოტა ჩაყრა, ცოტა კარუსელი, ცოტა ოქმების შეცვლა - და აგერაა 47%. ჩვენ ამას ვუყურებთ უკვე 9 წელი და ბოლო პერიოდში ხელისუფლები მხრიდან მამაოების და მდაბიოების წინაშე დაჩოქებამ მათ ბევრი ვერაფერი შემატა.
კიდევ უფრო მძიმედაა ამ მხრივ სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც ბოლო წლებში ეკლესიის და პლებსის გულების მოსაგებად არაერთ მორალურ კომპრომისზე წავიდა - სამკერდე ჯვრის ტელევიზიით დემონსტრირებით დაწყებული, აშკარად ქსენოფობიური განცხადებებით დასრულებული.
თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შედეგი ნულზე ნაკლებია - ეკლესია დღეს ფაქტობრივად მის დაჭერის ფაქტს მხარს უჭერს, ხოლო სააკაშვილის დასაცავად ხმა ისევ და ისევ საშუალო ფენამ ამოიღო.
მიხვდა თუ არა ექს-პრეზიდენტი, რომ ეკლესია და პლებსი მისი მომხრე ვერასდროს ვერ იქნება და მათი გულის მოგების მცდელობა - დროის ფუჭი ხარჯვაა? როგორც ჩანს, არა - ის ისევ ლაპარაკობს „დედა ეკლესიის მიმართ სიყვარულზე" - ისევე როგორც აქამდე, სრულიად უშედეგოდ და უსარგებლოდ.
თუმცა, ეს ყველაფერი წუთიერია, დღეს არის - ხვალ არ არის, მთავარი კი ისაა, რის ირგვლივაც 30 წლის მანძილზე ტრიალებს ხელმოცარული ქართული პოლიტიკა, რაც ოქტომბერში კიდევ უფრო ცხადი გახდა.
ქართულმა პოლიტიკურმა ტრადიციამ თავის თავი სრულად ამოწურა - წარმატებული ის არც ყოფილა არასდროს, თუმცა მისი დესტრუქციულობა და დამანგრეველი ხასიათი ისეთი ნათელი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს.
ქართული პოლიტიკა არის თამაში ნულოვანი შედეგით. ის კომპრომისებს და რაციონალურ მიდგომებს არ ცნობს. საქართველოში მიღებული თამაშის წესების მიხედვით არ არსებობს პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც უნდა დაამარცხო არჩევნებში და მასთან შემდეგ თანაარსებობა გააგრძელო - არსებობს მხოლოდ დაუძინებელი მტერი, რომელიც უნდა განადგურდეს, მისი კვალი კი სრულად წაიშალოს.
ქართული პოლიტიკაში მოწინააღმდეგე არის სრული და აბსოლიუტური ბოროტების სიმბოლო, და მასთან ნებისმიერი, თუნდაც ლოკალური თანამშრომლობა წარმოუდგენელია. ნებისმიერი, ყველაზე სასარგებლო შემოთავაზება, რომელიც მოწინააღმდეგისგან მომდინარეობს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული - რა წინადადებები შეიძლება მივიღოთ აბსოლიუტური ბოროტებისგან?
საყოველთაო სიძულვილი ქართულ პოლიტიკას ანადგურებს, ქვეყანაში აგრესიულ ფონს ქმნის, და მას განვითარების ყოველგვარ შანსს უკარგავს.
საქართველო გარკვეულ მიჯნამდე მივიდა - საზოგადოებაში თამაშის წესების ტრანსფორმაციაზე მოთხოვნა გაჩნდა. ის ჯერ არაა საყოველთაო - სამწუხაროდ, ქოცების უმრავლესობას დღესაც ყველა ნაცის, ხოლო ნაცებს ქოცების ცოცხლად შეწვა ჯერ კიდევ სურს. დღესაც ქართული პოლიტიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საყოველთაო ზიზღია...
თუმცა, უკვე გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა საზოგადოებრივი განწყობები შეიცვალოს. დღეს სიძულვილის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, მაგალითად, ის აპათია და გულგრილობა, რომელმაც საქართველო მოიცვა და 14 ოქტომბრის აქცია ამ რეალობას ვერ ცვლის.
ცვლილებები მომწიფდა - პირველი რიგში საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნელა-ნელა მიდის დასავლეთისთვის დამახასიათებელი ორპარტიული სისტემისკენ, სადაც ძირითადად ძალაუფლებას 2 მსხვილი პარტია ინაწილებს, პლუს 1-2 მცირე, რომელიც საბოლოოდ რომელიმე ლიდერთან კოალიციაში შედის.
ამ სისტემის წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა უმსხვილეს ძალებს შორის არა მოსისხლე მტრობის, არამედ ჯანმრთელი ოპონირების ტრადიციის ჩამოყალიბება.
მოგვწონს თუ არა, 2024 წელს არსებული პოლიტიკური კლიმატი გარდაუვალად შეიცვლება - მაჟორიტარული ოლქების გარეშე, მხოლოდ პროპორციულო სისტემით, ხელში სრული ძალაუფლების ჩაგდება ყველა მხარეს ძალიან გაუჭირდება.
როგორც ჩანს დღევანდელი რეალობიდან, 3%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში პოლიტიკას სულ 3 ძალა წარმართავს - „ოცნება", „ნაცმოძრაობა" და გახარიას პარტია, რომელმაც მესამე ძალის როლის მორგება მეტ-ნაკლებად დაიწყო.
ამ მდგომარეობაში სიძულვილის და უკომპრომისობის პოლიტიკის გაგრძელება ძალაუფლების ვაკუუმს წარმოშობს, ქვეყანას კი ისეც ქაოსი მოიცავს.
მხარეებმა ბოლოს და ბოლოს რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - ისინი არსებობენ, და არსად წასვლას არ აპირებენ.
„ქართულმა ოცნება"-მ 9-წლიანი ჯიუტობის შემდეგ უნდა აღიაროს ის, რაც მისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელი - „ნაცმოძრაობას" მხარს სულ ცოტა მოსახლეობის მესამედი უჭერს.
შეგიძლიათ გააგრძელოთ რიტორიკა „რადარებიდან გაქრობაზე" და „ბოროტების საბოლოო დამარცხებაზე", თუმცა, ეს რეალობას ვერანაირად ვერ შესვლის - ნაციონალებს დღეს ქვეყნის მოსახლეობის 30% უჭერს, და ამის იგნორირება უკვე სრულიად შეუძლებელი ხდება.
თავის მხრივ, საკუთარი სიძულვილის დაოკება ნაციონალებსაც მოუწევთ - მათ უნდა აღიარონ, რომ „ქართულ ოცნებას" თავისი მომხრეები ჰყავს. არის ეს 47% თუ 38% - ეს შეფასებების საკითხია, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობის დაახლოებით 40%-ის აზრის იგნორირებაც შეუძლებელია.
ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ თავისთავად პოლიტიკური პოლარიზება - სრულიად ნორმალური მოვლენაა. ამერიკულ ფილმებში არაერთხელ გვსმენია ისეთი გამოთქმები, როგორც „ის კარგი ბიჭია, მაგრამ რესპუბლიკელია" ან „როგორც მიჰყვები მას ცოლად, ის ხომ დემოკრატია!!".
განვითარებულ ქვეყნებში ათობით მილიონი არა ცალკე ადამიანი, არამედ მთელი ოჯახები ათწლეულების მანძილზე ხმას ერთ კონკრეტულ პარტიას აძლევენ, და არასდროს - მის მოწინააღმდეგეს.
პოლარიზება, გაყოფა პირობით „ტრამპისტებად" და „ბაიდენისტებად" - ჩვეულებრივი მოვლენაა და არაა არაფერი გასაკვირი იმაში, რომ საქართველოში მოსახლეობის ნაწილი ნაცმოძრაობას ხმას არასდროს არ მისცემს, ისევე როგორც მეორე პოლუსი, რომელიც უკაცრიელ კუნძულზეც კი ქოცს გამარჯობას არ ეტყვის.
არანორმალური ეს კი არაა - არანორმალურია, როდესაც მოწინავე პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან საუბარსაც კი ვერ ახერხებენ დედის გინების გარეშე.
სწორედ ამ პოლიტიკამ შეიყვანა ქვეყანა სრულ ისტორიულ ჩიხში, და ამ ჩიხიდან გამოსვლის პირველი ნაბიჯი ბიძინამ უნდა გადადგას. დასაწყისისთვის - მან პენსიაზე უნდა გაუშვას გუნდი, რომელიც 9 წლის მანძილზე ქვეყანას მართვას, თუმცა, ზღვარს გადასული სიძულვილის გარდა თავი ვერაფრით გამოიჩინა.
ახალი გზით სიარული დღესვე უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში - ისევ ერთ წრეზე სიარული, ბოლო კი ისტორიის სანაგვე გველოდება.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა