მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

„ჩვენი დღეების აპოკალიფსი"... - ბეკეტის „თამაშის თამაშის დასასრულის" სტურუასეული კონცეფცია

11.13.2020 | 13:33 ნახვები: 660

ავტორი: მაკა (მარინე) ვასაძე

სემუელ ბეკეტის დრამატურგიული ნაწარმოებები, ისევე როგორც ყველა დიდი შემოქმედის, მრავალგვარი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ამიტომაც, მისი პიესები დღესაც ასეთი სიხშირით იდგმება. განსაკუთრებით „გოდოს მოლოდინი", „თამაშის დასასრული", „კრეპის უკანასკნელი ფირი", „ბედნიერი დღეები"...
მაესტრო რობერტ სტურუამ XXI საუკუნეში, რუსთაველის თეატრში, სემუელ ბეკეტის ორი პიესის მისეული ხედვა განახორციელა. „გოდოს მოლოდინი" 2002 წელს დადგა, ხოლო „თამაშის დასასრულის" პრემიერა 2020 წლის თებერვლის მიწურულს გაიმართა. რობერტ სტურუას მსოფლხედვა, აზროვნება თუ სათეატრო-სარეჟისორო ენა, სხვასთან ერთად, სიმბოლურ-მეტაფორულია. არ ვიცი, შემთხვევით მოხდა ეს, თუ მაესტროს მიზანმიმართული სიმბოლური მინიშნებაა წლები - 2002-2020. ასეა, თუ ისე, რეჟისორმა სპექტაკლი სიყრმის მეგობრისა და შემოქმედებითი თანამოაზრის, დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნა.
ჩემი აზრით, „გოდოს მოლოდინი" რობერტ სტურუას შედევრთა შორისაა. მართალია, თავის დროზე, ბევრმა ვერ გაიგო, ვერ აღიქვა. ზოგი ამბობდა, ეს ბეკეტი არააო, ზოგიც - ორი მოქმედება არ დადგაო და ა. შ. არადა, დადგა სწორედ ბეკეტისეული და სწორედ იმდენი, რამდენიც რეჟისორის სათქმელს ნათლად გამოხატავდა. ეს იყო სპექტაკლი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება, როგორც ფორმით, ხერხებით, შინაარსით, სარეჟისორო ხედვით. ასევე, რეჟისორის კონცეფციის ზუსტად გამომხატველი სამსახიობო ოსტატობით. ზაზა პაპუაშვილის, ლევან ბერიკაშვილის, ამირან ამირანაშვილისა და გოგა გველესიანის შექმნილი პერსონაჟი-ტიპაჟები: ესტრაგონი, ვლადიმირი, პოცო და ლაქი - დღესაც თვალწინ მიდგას.
რთულია ბეკეტის გაგება. მისი პიესები მინიშნებებითაა აღსავსე. მასვე დავესესხები და ვიტყვი: „ბატონებო და ქალბატონებო, თუკი თქვენ ეს არ გესმით, ეს იმიტომ რომ თქვენ დეგრადირდით. თქვენ არ გაწყობთ, თუ ფორმა აშკარად მოწყვეტილია შინაარს, რომელსაც შეგიძლით ჩაწვდეთ... ფორმა, ცვლადი და დამოუკიდებელი ფენომენია, შესაძლოა, უფრო მაღალი ფუნქციის მატარებელიც კი... (ბეკეტის სტატია „დანტე... ვიკო. ბრუნო... ჯოისი")".
რუსთაველის თეატრის „თამაშის დასასრული", რა თქმა უნდა, სტურუასეული სათეატრო ენით, სტილისტიკით, ფორმითაა განხორციელებული. რობერტ სტურუას შექმნილი სათეატრო ენა თანამედროვე მსოფლიო სათეატრო რუკაზე არსებულ სტილთა შორის უნიკალურია, მისია, განუმეორებელია... ამიტომაც, ზოგი „თეატრმცოდნის" მხრიდან სტურუას „თამაშის დასასრულის" „მოდური შეფასებები": არაფერი ახალი, ისევ იგივე,სპექტაკლების ნახვის შემდეგ არაფერი გრჩება... მეტი რომ არ ვთქვა, სასაცილოა. მითუმეტეს, რომ ამ სპექტაკლში, სათეატრო ენის თვალსაზრისით, ბევრი სიახლეა. უბრალოდ, დანახვა უნდა შეგეძლოს.
რობერტ სტურუა სპექტაკლზე მუშაობას ყოველთვის ტექსტის სიღრმისეული ანალიზით, დამუშავებით, მონტაჟით იწყებს. „თამაშის დასასრულიც" ამავე პრინციპით განახორციელა. ბეკეტის პიესა ნინო კანტიძესთან ერთად თარგმნა, შექმნა სასცენო ტექსტი და სპექტაკლის ყურებისას, ხან „იოანეს გამოცხადებიდან" ხან „გოდოს მოლოდინიდან", ხან კი, უშუალოდ სტურუასეულ ფრაზებს ამოიცნობ. ფრაზების გადაადგილების, ჩამატებების, კუპიურებისმიუხედავად, სტურუამ სცენაზე ბეკეტისეულად სიღრმისეული, ფილოსოფიურ-ეგზისტენციური ფარსი, მორალიტე, ზოგჯერ კარნავალური ატმოსფერო წარმოადგინა. აზრობრივად, ფორმითა თუ სტრუქტურით, ბეკეტის ასეთი დადგმა არც ისე ბევრია მსოფლიო სათეატრო სივრცეში.
ცვლილებებისას სტურუამ შეინარჩუნა ბეკეტის ტექსტის რითმიკა, მუსიკალობა, რიტმული ჟღერადობა. სპექტაკლში ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე ქმედება ისეთი სიხშირით არ მეორდება, როგორც ეს ბეკეტის ნაწარმოებშია. სტურუამ პიესაში არსებული სულისშემხუთველი, გამოუვალი, დაუსრულებლობის გრძნობის აღმძვრელი გარემოება სპექტაკლში უფრო აქცენტირებული გახადა, წყვდიადით მოცული მსოფლიოს რყევის, ნგრევის, აპოკალიფსის შეგრძნება კი უფრო მეტად თვალნათელი და შემზარავი.
პიესაში ბრმა, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ჰამისთვის, მისი მომვლელი (ან შვილი) კლოვისთვის, სანაგვე ყუთებში მოსროლილ-გამოკეტილი ჰამის მშობლების - ნაგისა და ნელისთვის - არაფერი იცვლება. მუდმივად ჩარაზული ფანჯრის მიღმაც აღარაფერია. მათ გარშემო არსებული სამყარო ერთფეროვნად ნაცრისფერია. ღმერთი აღარ არსებობს და სიცოცხლე არა მარტო მათთვის, არამედ მათ ირგვლივაც დასრულდა. მზე აღარაა, ცა ნაცრისფერია, ოკეანეც ნაცრისფერია და აღარ ღელავს. ცოცხალი არსებები აღარ არიან. ფინალისკენ, შორს გამოჩენილი ბავშვიც (მომავლის იმედი) ან, ცოცხალია და ან, არა. სულისშემხუთველ სივრცეში გამოკეტილ ადამიანთა ცხოვრება ერთი და იმავე კითხვებსა და პასუხებში, ერთი და იგივე ქმედებებით მიმდინარეობს. ყველას გაქცევა, თავის დაღწევა სურს. უნდათ, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, მაგრამ თან არ ძალუძთ და თანაც ეჭვი ეპარებათ: უნდათ კი? მათი ცხოვრება ჯოჯოხეთია, სიზმარში, ირეალურ სამყაროში გაქცევა სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ, არ ძალუძთ. ჰამს, კლოვს, ნაგსა და ნელს ძულთ ერთმანეთი, მაგრამ მთელი ირონია ისაა, რომ უერთმანეთოდაც არ შეუძლიათ. პიესის ფინალში ჰამს დამონებული კლოვი (ან პირიქით, ჰამია კლოვს დამონებული) თითქოს გასამგზავრებლად ჩაცმული შემოდის სცენაზე, იგი შეშდება და ისმენს ჰამის ბოლო, თითქოს აბსურდულ, მაგრამ ტკივილითა და სასოწარკვეთით აღვსილ მონოლოგს - „თამაში თითქოს დასრულდა"... მაგრამ დასრულდა კი?
პიესის დამთავრებისთანავე უამრავი კითხვა გიჩნდება, რომლებსაც თავად ავტორი სვამს. სწორედ ამიტომაა ბეკეტი გენიალური, დიდი დრამატურგი, რომ მკითხველს, რეჟისორსა თუ მაყურებელს არჩევანის საშუალებას უტოვებს.შეძლებს კი, მოიკრებს კი კლოვი იმდენ ძალას, რომ დატოვოს ჰამი, წავიდეს მისგან? მარტინ ესლინის ნააზრევს დავესესხები და ვიტყვი, რომ სწორედ ეს ქმნის პიესაში დრამატულ დაძაბულობას. თუ კლოვი წავა, ჰამი მოკვდება, კლოვის გარდა ხომ არავინაა ცოცხალი, ვინ მოუვლის? საჭმლის მარაგიც ილევა. თუკი კლოვი მოიკრებს ძალას და წავა, ამით იგი არა მარტო ჰამს მოკლავს, არამედ თვითმკვლელობას ჩაიდენს.
ერთხელ, ერთ-ერთ რეჟისორს, რომელიც „გოდოს მოლოდინს" დგამდა, ავტორისთვის უკითხავს: და, საბოლოოდ, მაინც, ვინ არის ეს გოდო? რაზეც ბეკეტს უპასუხია: რომ ვიცოდე, მაშინ ამ პიესას არ დავწერდიო.
რობერ სტურუას ინტერპრეტირებული „თამაშის დასასრული" აპოკალიფსისია, სამყაროს დასასრულია, კაცობრიობის გაფრთხილებაა... ფორმით კი სცდება მონოდრამასაც, მორალიტესაც, კარნავალურობასაც, ინტერაქტუალობასაც, ეპიკურსაც და არაეპიკურსაც, თავად მაესტროს სათეატრო ენასაც.
რობერტ სტურუამ ტექსტის მონტაჟის დროს, ბეკეტის პიესაში არსებული ბიბლიური, სახარებისეული მინიშნებები წამოსწია, აქცენტები გადაადგილა და თავისი კონცეფცია, სათქმელი უფრო ნათელი გახადა.
პიესის ფინალისკენ, შორს ჰორიზონტზე პატარა ბიჭი ჩნდება, რომელიც ლოდს მიყრდნობილი, საკუთარ ჭიპს დაჰყურებს. ფრანგულ ვარიანტში , ჰამისა და კლოვის დიალოგისას, კლოვი ატყობინებს ჰამს, რომ პატარა ბიჭს ხედავს დურბინდში (ტელესკოპში). გაპარტახებულ, უსიცოცხლო გარემოში, სადაც დრო გაჩერდა სიცოცხლის გაგრძელების იმედის ნაპერწკალი - პატარა ბიჭი ჩნდება...
ჰამი მჯდომარე ბიჭზე ამბობს: „დიდ, საფლავის ქვას (ლოდს) მიყრდნობილი (პაუზა). (კლოვს) შენ მხედველობა გაგიუმჯობესდა. (პაუზა) და ის, რა თქმა უნდა, უყურებეს სახლს, როგორც მომაკვდავი მოსე".
ამ ეპიზოდში მოსესა და ლოდის ხსენება პირველ ადამიანზე მინიშნებაა (ქრისტიანული- მოსეს სასჯელი) და ისლამური (ადამის ქვა) რელიგიებიდან გამომდინარე). ჭიპი სამყაროს ჭიპად, მოსეს შედარებული ბიჭი, აღთქმულ მიწასთან მიახლოებულ მომაკვდავ მოსედ კი არა, არამედ „წარღვნის" შემდეგ სამყაროში სიცოცხლის გაგრძელების პირველ ნიშნად, მეორედ მოსვლისას, ახალი სიცოცხლისთვის აღმდგარ ქრისტედ, ან ბუდისტურ რელიგიაში არსებულ ნირვანაში გადასულ ღმერთად - ბუდად აღიქმება.
ჰამი კლოვს უბრძანებს, ბიჭი მოკლას... „ჩასცხე კვერთხი, აღასრულე შენი მოვალეობა!"ვინაიდან ჰამი, რომელიც წყვდიადს მოუწოდებს, ამბობს: „რა გახდა ერთი აფეთქება". მას სურს, რომ „თამაში" დასრულდეს, სიცოცხლე დასრულდეს, დასრულდეს სამყარო... მან იცის, რომ „თამაში დასრულდა" და არ სურს, წაგებულმა დაამთავროს. ბიჭი, რომელიც შესაძლოა, მომავლის იმედი, სიცოცხლის გაგრძელება იყოს, უნდა მოკვდეს... ეს მათი, ჰამისა და კლოვის, მოვალეობაა.
რობერტ სტურუას კონცეფციის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს ეპიზოდია. რეჟისორმა მომავლის იმედი, თეთრ პერანგში შემოსილი ბიჭი ქრისტედ აქცია. სპექტაკლი ქრისტეს მოვლინებით დაიწყო და დაასრულა. ჰამის ბრძანება კლოვს აღასრულებინა: კლოვი თოფიდან, რომლითაც მანამდე ჰამის მოკვლა სურს, ქრისტეს ესვრის. კაცობრიობამ, ხსნად მოვლენილი ღვთის შვილი ისევ სასიკვდილოდ გაწირა. და, მერე...
სტურუას კონცეფციას ჰარმონიულად, აზრობრივად ერწყმის მირონ შველიძის მხატვრობა, სცენოგრაფია. აფიშასა და პროგრამაზე რეჟისორმა და მირონ შველიძემ ფრანცისკო გოიას ცნობილი ციკლიდან „კაპრიჩოს" ოფორტი „მთვლემარე გონება მონსტრებს შობს" ასახეს... რეჟისორმა და მხატვარმა აფიშიდანვე, მაყურებელს, ჯერ კიდევ თეატრში შესვლამდე გვითხრეს: ადამიანის მიერ გონების უგულვებელყოფა, იმის, რაც ღმერთმა სააზროვნოდ მოგვცა, ბადებს მონსტრებს და აპოკალიფსისს მოასწავებს...
რემარკები უმნიშვნელოვანესია ბეკეტის პიესებში, რაც რეჟისორსა და მხატვარს აქვთ გათვალისწინებული და სპექტაკლში ასახული.
სცენაზე სამი ნაცრისფერი კედელი დგას, რომლებიც სატუსაღოს კედლებს მოგვაგონებს. საორკესტრო ორმოზე ცენტრალურ ადგილას შემოჭრილი ავანსცენის მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში ორი ნაცრისფერი სანაგვე ყუთია, რომლებშიც ჰამს მოხუცი მშობლები ჰყავს გამოკეტილი. იქვე, ძველებური ფორმის ნაცრისფერ-შავ ტონებში გადაწყვეტილი ტელეფონი დგას (ტელეფონი, უფრო სწორედ, ტელეფონის ზარის შესახებ პიესაშიც არის ლაპარაკი), რომლითაც ჰამი ვიღაცას უკავშირდება (ღმერთს თუ სატანას? უფრო სატანას, ან სატანის მოციქულს). შემდეგ ტელეფონი, უკვე თეთრი, მოქმედების განვითარებისას, თითქმის კულმინაციურ მომენტში, კიდევ ერთხელ გათამაშდება. ჰამი „ვიღაც ზემდგომთან" რეკავს და აფეთქებას ითხოვს, -„რა გახდა ერთი აფეთქება!"...
ბეკეტის რემარკაში არსებული დეკორაციის აღწერილობა დაცულია, მხოლოდ ერთი ე. წ. დეტალია დამატებული. სცენის სიღრმეში ნაცრისფერი კარიბჭე აღმართეს, რომლის თავზე ანგელოზი გამოსახეს საყვირით ხელში („და ვიხილენ შვიდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღრმთისა დგანან, და მიეცნეს მათ შვიდნი საყვირნი") .
კარიბჭე ჯოჯოხეთსა ან სამოთხეში შემავალ კარად აღიქმება. უფრო სწორად, მის მიღმა ჩრდილების, განათების მეშვეობით, ხან, სამოთხეა და ხან, ჯოჯოხეთი, რომლიდანაც კაცობრიობას ხან, ქრისტე ევლინება და ხან, სატანისეული აჩრდილები ჩნდებიან.
რეჟისორმა და მხატვარმა ბეკეტის პიესაში არსებული ფანჯარა, რომლიდანაც კლოვი დურბინდით უთვალთვალებს სამყაროს, რომ მიწასა თუ წყალში სიცოცხლის ნაპერწკლის გაჩენისთანავე გაანადგუროს, კარიბჭედ აქციეს. საყვირმომარჯვებული ანგელოზიც ბეკეტის პიესიდანაა. მაღვიძარას ზარის ხმოვანებაზე კლოვი ეუბნება ჰამს: - მეორედ მოსვლის დღეს საყვირის ჩასანაცვლებლად გამოდგებაო. ეს სიტყვები ბეკეტთან ირონიის შემცველიცაა, სტურუამ და შველიძემ კი სულ სხვა დატვირთვა მიანიჭეს. უფრო მეტიც, რეჟისორმა სპექტაკლის დასაწყისშივე „იოანეს გამოცხადებიდან" ერთი ფრაზა ჩასვა: „კარი გაიღო ცაში და მითხრა, ამოდი აქ და გიჩვენებ რაც უნდა მოხდეს" ... მიგვანიშნა, უფრო სწორად, პირდაპირ გვითხრა, რომ დღეს, რაც სამყაროში ხდება - აპოკალიფსისია, სამყაროს დასასრული... ბეკეტის პიესაში არსებული წყვდიადის შეგრძნება საოცრადაა ასახული სპექტაკლის სცენოგრაფიასა და განათებაში.
რობერტ სტურუას შემოქმედებაში (განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის) განათებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს მინიჭებული. რეჟისორის შექმნილი განათება ფერწერულ ტილოს მოგაგონებს, რომელშიც ფერთა გრადაცია, ტონები, შუქ-ჩრდილები მაყურებელზე აქცენტირებულად მოქმედებს, უფრო გასაგებსა და ნათელს ხდის სათქმელს. განათება და მუსიკა რობერტ სტურუას სათეატრო ენის უმთავრესი კომპონენტებია. პიტერ ბრუკის ნააზრევის პერიფრაზას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ სტურუასთან განათება და მუსიკა არც ზედმეტია და არც ნაკლები, ზუსტად იმდენია, რამდენიც ჩანაფიქრის, კონცეფციის გამოსახატად სჭირდება რეჟისორს. ( პ. ბრუკი „Пустоепространство,секретовнет").
„თამაშის დასასრულში" სტურუას განათება აპოკალიფსის შეგრძნებას, ავისმომასწავებელ, შემზარავ, შემაძრწუნებელ განწყობას ესადაგება. შავ, ნაცრისფერ, მელნისფერ, წითელ, ყვითელ, თეთრ ფერთა გრადაციით, ამა თუ იმ ფერის აქცენტირებით დეკორაციის რეკვიზიტზე რეჟისორი, ხან უსასრულო კოსმოსს - მთვარითა და ვარსკვლავებით (პლანეტებით) წარმოსახავს, ხან სატუსაღოს ჩახუთულ ატმოსფეროს ხატავს, ხან ოკეანის უზარმაზარ ტალღას აღმართავს სცენაზე.
წლების განმავლობაში, რობერტს სტურუას სპექტაკლებისთვის მუსიკას გია ყანჩელი ქმნიდა. რეჟისორი, რა თქმა უნდა, სხვა კომპოზიტორებთანაც, მაგალითად, ბიძინა კვერნაძესთან ერთადაც მუშაობდა. ამჯერად, მეგობრის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენისთვის მუსიკა მაესტრომ თავად შეარჩია.
„თამაშის დასასრულში" რეჟისორმა გია ყანჩელის, შუმანის, ბახის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებების ნაწყვეტებით შექმნა სპექტაკლის მუსიკალური პარტიტურა. სხვადასხვა მელოდია ხვადასხვა ეპიზოდსა თუ პერსონაჟს რეფრენად გასდევს და პერსონაჟის სულიერი, შინაგანი განწყობის, ზოგადად სპექტაკლის სულის გამომხატველია.
„თამაშის დასასრულის" დასაწყისი: დარბაზში მაყურებელი სპექტაკლის დაწყებას ელის, ლოჟებსა და იარუსებზე არსებული ბრები ციმციმს იწყებენ, „სტიქსიდან" აღებული მუსიკალური ნაწყვეტი ნელ-ნელა კრეშჩენდოზე ადის, გებადება შეგრძნება, რომ შენს გარშემო ყველაფერი გუგუნებს, ირყევა, ზანზარებს...
ჰამის, კლოვის, ნაგისა და ნელის პერსონაჟ-მსახიობების შინაგანი, სულიერი სამყაროს გამოსახატად, სხვადასხვა ეპიზოდის აქცენტირებისთვის, სტურუამ ამჯერად შეარჩია - შუმანის „ალბომი მოზარდთათვის" -„ოცნებანი", „კარნავალიდან" - ეუსებიო, ჩაიკოვსკის „საბავშვო ალბომიდან" - „ძველი ფრანგული სიმღერა", ბერძნული გალობა „კირიელეისონ" (უფალო, შეგვიწყალე). სპექტაკლში ასევე ჟღერს ბახის, შუბერტის, ელგარის, გერშვინის (და სხვა) მუსიკალური ნაწყვეტები.
კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფიული ნახაზი, რეჟისორის ჩანაფიქრის ზედმიწევნით გამომსახველია. იგი ეხმარება მსახიობებს უკეთ ჩასწვდნენ და გააცოცხლონ ბეკეტისეული პერსონაჟები სცენაზე.
ასაკის მიუხედავად, რობერტ სტურუა ახალგაზრდა შემოქმედია. იგი გამოხატვის ფორმის, ხერხის მუდმივ დახვეწასა და ძიებაშია. „თამაშის დასასრულში" რეჟისორმა, სხვასთან ერთად (მონტაჟი, შორი და ახლო ხედები), „გაშეშებული კადრის" ხერხი და „ჩაბნელება" გამოიყენა. სხვადასხვა გაშეშებულმა სურათმა, ჰამისა და კლოვის გაშეშებულმა ფიგურებმა, პირადად ჩემში, პომპეის, ლავით დაფარული მკვდარი ქალაქის - მაცხოვრებლების ასაოციაცია აღძრა.
საინტერესო ის არის, რომ რეჟისორი არასდროს, არცერთ დადგმაში „ღალატობს" დრამატურგს. ზედმიწევნით ჩაწვდება ხოლმე ავტორისეულ ტექსტს და იმას ხედავს, იმას წამოწევს, რასაც ჩვეულებრივი მკითხველი ვერ დაინახავს, ან ვერ ჩაწვდება. რობერტ სტურუამ პეროსნაჟების - ჰამს, კლოვს, ნაგსა და ნელს - სახე-ხატები არ შეცვალა, ბეკეტისეული დატოვა. ამ შემთხვევაშიც, ტექსტუალური აქცენტების გადაადგილებით, მცირედი ცვლილებებით, მაყურებლისთვის უფრო ნათელი და აღსაქმელი გახადა.
დავით უფლისაშვილის ჰამი და გოგა ბარბაქაძის კლოვი ჯამბაზები არიან. ჰამი - შავ სმოკინგში გამოწყობილი, შავი სათვალით (უსინათლოები რომ ხმარობენ, ისეთი ფორმის), შავი ბაფთითა და თეთრი ვარდით გულის ჯიბეში, ე. წ. უფროსი ჯამბაზია. კლოვი თავიდან წითელი შარვლით, ყვითელი ჯემპერით, მოყავისფერო ქურთუკითა და ყელსაბურავით „უმცროსი" - „უფროსს" დამონებული ჯამბაზი. ფინალისკენ, ყველაფერში წესრიგის მოყვარული კლოვი გრძელი ლაბადით, შლაპით, ტყავის ჩექმებითა და ხელჯოხით, რომელიც ცდილობს თავი დაიხსნას ჰამის „მონობისგან", XX საუკუნის 40-50-იანი წლების, საიდუმლო სამსახურების გადაცმულ აგენტს მოგაგონებთ. ხოლო, ფინალში კი, ისევ წითელ-ყვითელში გამოწყობილი, ჩალის ქუდიანი ჯამბაზია. ამ ორი პერსონაჟის „ჯამბაზური" ბუნება ბეკეტის პიესიდან გამომდინარეა.
ბეკეტთან და სტურუასთან კატასტროფის შემდგომ ცოცხლად დარჩენილი დესპოტი ჰამი და მსახური, „წესრიგის" მოყვარული კლოვი, არამარტო ერთმანეთს დამორჩილებულ-დამონებულები არიან, არამედ, ორივე ვიღაც „ზემდგომის" ნებას ემორჩილება. თავისი არსით, ბუნებით ორივე მონაა. ორივეს მონობიდან თავის დაღწევა სურს. გამოსავალი ერთია - სამყაროში სიცოცხლის სრული განადგურება, მოსპობა. სხვა გამოსავალი მათ არ დაუტოვეს. ისინი, კლოვის შარვალში შემძვრალ რწყილსაც კი სასწრაფოდ სპობენ, ვინაიდან რწყილი სიცოცხლის გაგრძელების საწინდრად შეიძლება იქცეს.
ბეკეტთან ჰამი შემდეგი სიტყვებით მიმართავს კლოვს: შესაძლოა, ამ მომენტიდან კაცობრიობა აღმდგარიყო, ღვთის გულისათვის, დაიჭირე! სპექტაკლში, სტურუას და კანტიძის თარგმანით, ჰამი არა მარტო კლოვს მიმართავს, არამედ ღმერთს გახსნილად „ემუქრება": რწყილის ევოლუციით ახალი კაცობრიობის შექმნა უნდა ღმერთს, მზაკვრული ჩანაფიქრი არ გამოგივა.
ზევით, სცენაზე არსებული ტელეფონი ვახსენე, რომელსაც რეჟისორი სპექტაკლში ორჯერ იყენებს და „ზემდგომთან" დარეკვის ფუნქციას აკისრებს. ბეკეტთან ირონიულად საუბარი იმის შესახებაა, რომ ჰამსა და კლოვს დედამიწაზე, სამყაროში სიცოცხლის განადგურების მისია აკისრიათ. ბეკეტის განზოგადებული ფილოსოფიური მოსაზრება არჩევანისა და მისიის შესახებ, სტურუამ დააკონკრეტა და უფრო მეტად გროტესკული გახადა. სტურუასელი ჰამი და კლოვი ორჯერ უკავშირდებიან (შავი და თეთრი) ტელეფონით „ზემდგომთ"(ან ზემდგომს). რეჟისორმა ორმაგი ამოცანა დააკისრა დავით უფლისაშვილის ჰამსა და გოგა ბარბაქაძის კლოვს „ზემდგომისადმი" შიშისა და მოწიწების გამოხატვაში. მსახიობებმა ერთდროულად უნდა ითამაშონ, რომ მართლაც ძრწიან ზემდგომის წინაშე და ამავე დროს, ირონიულ-სარკასტული დამოკიდებულება აჩვენონ.
რეჟისორმა სპექტაკლში ეპიზოდი - „ერთხელ სასაფლაოზე" - ჩაამატა, ის, რაც ბეკეტთან არ არის - კლოვის მიერ შეყვარებულის დასაფლავება, დატირება. გოგა ბარბაქაძის მგლოვიარე ჯამბაზი, ისევე, როგორც მთელი ეპიზოდი რომანტიკულ-გროტესკულია. რეჟისორი უტრირებულად გამოხატავს კლოვის წესრიგის მოყვარეობას. წესრიგი უპირველეს ყოვლისა! - ბარბაქაძის კლოვის დევიზად იქცა.
სტურუა, ერთ-ერთ ეპიზოდში კლოვს, მინიშნებებით, დიქტატორ-უზურპატორთა მსახურად აქცევს. უფრო მეტიც, კლოვი თავადაც ამ თვისებების მატარებელ ჯამბაზად გარდაიქმნება. სარა ლეანდერის, მესამე რეიხის, გებელსის საყვარელი მომღერლის, სიმღერის „Davon geht die welt nicht unter" (ამით სამყარო არ მთავრდება) ფონზე კლოვი ჯარისკაცივით მარშირებს! წესრიგი უპირველეს ყოვლისა! - ამბობს ბარბაქაძე-კლოვი-ჯამბაზი. შეხტება, შეიკუნტრუშებს, თან სტეკს, ხელჯოხს შემოარტყამს საყვირიან ანგელოზს... რეჟისორის ეს ჩანაფიქრი, მინიშნება ნათელი და გასაგებია. „აი, საით მიისწრაფის კაცობრიობა"! სწორედ ამ დროს, გაისმის გრუხუნის ხმა - შეშინებული კლოვი ჰამთან მირბის, მუხლებში უჯდება, ჩაეკრობა. შველას ისევ მჩაგვრელისგან ითხოვს. ჰამი კი ეკითხება - უბრალოდ მითხარი, რა გსურს? კლოვი - ვიცი, რომ წესრიგს მაინც დაამყარებენ. ჰამი - თავისეუფლება წესრიგს ვერ ეგუება! კლოვი - ხალხი, ხალხი, ხედავ!.. ისმის მქუხარე ტაშის ხმა, აპლოდისმენტები. რეჟისორმა ამ ეპიზოდით ნათლად გვითხრა: ტაშს უკრავდნენ წესრიგის მოყვარულ ჰიტლერსაც და სტალინსაც, ხალხი ბრბოა, მასაა, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ექოსავით.
პიესაში და სპექტაკლში კიდევ ორი პერსონაჟია, სანაგვე ყუთში მოსროლილი ჰამის მშობლები. ნანა ფაჩუაშვილის, ლელა ალიბეგაშვილის (დუბლიორები) - ნელი და ლევან ბერიკაშვილის - ნაგი. რობერტ სტურუამ ამ პერსონაჟების სცენაზე ასახვისას, ცვლილებები შეიტანა. ბეკეტთან ისინი გროტესკულ-სენტიმენტალური, მოსულელონაძირლები არიან. ავარიის შედეგად ფეხები დაკარგეს, შვილმა კი სანაგვე ყუთში მოათავსა. სადაც ნახერხს, ან, ქვიშასაც კი იშვიათად უცვლის, არც აჭმევს. ჰამი და მისი მშობლები ერთმანეთს ვერ იტანენ. განსაკუთრებით, მამა-შვილი. დესპოტი დედის მიმართ უფრო ლოიალურია. თუმცა, ამგვარი ქცევა ჩვილობასა და ბავშვობაში ჰამისადმი მშობლების დამოკიდებულებიდან გამომდინარეა (ფროიდი).
სტურუამ შეკვეცა ნელისა და ნაგის ტექსტები. პერსონაჟები, მართალია, გროტესკულნი არიან, მაგრამ მთლიანობაში უფრო რომანტიკულობის ელფერი მიანიჭა. რეჟისორის კონცეფციით, ნანა ფაჩუაშვილის ნელი, უფრო „დადებითი" პერსონაჟია. პატარა ეპიზოდის მიუხედავად, მსახიობი ზუსტად ხვდება და გადმოსცემს რეჟისორის ჩანაფიქრსა და დასამახსოვრებელ სახეს ქმნის. იგი მოხუც, ყველაფერმობეზრებულ, ცხოვრებისგან ნატანჯ ქალს, დედას თამაშობს. გეგონება, სულს შეუბერავ და ნაგვის ყუთის ძირში დაყრილ ქვიშის პატარა ნაწილაკებად დაიშლება. ლელა ალიბეგაშვილის ნელი უფრო ბეკეტისეულია - მოსულელო, პრეტენზიული პრანჭია, ასაკში შესული ეგოისტი ქალი.
ლევან ბერიკაშვილის ნაგი ე. წ. კლოშარია, ჩამოძენძილ, ჩამოფლეთილი, ჰამის შურისძიების შედეგი. მას არც ქვიშას უცვლიან, არც ფაფას აძლევენ და როგორც უპატრონო ძაღლს, ქვასავით გამაგრებულ ორცხობილას „მიუგდებენ". ჰამის დესპოტად, უსულგულო ადამიანად ჩამოყალიბებაში ნაგს დიდი წვლილი მიუძღვის. ბერიკაშვილის ნაგი ხან გამოშტერებული, საკუთარ ცოლში დღემდე შეყვარებული, ხან ეგოისტი, ხან კი გაიძვერა მოხუცია. მსახიობის გრძნობების გამოხატვა ხან სასაცილოა, ხან გროტესკული, ხანაც მომაბეზრებელი.
ნაგი და კლოვი ფინალისკენ ჰამის წინააღმდეგ შეიკვრებიან, ე. წ. ბუნტს უწყობენ, მასში სინდისის ქენჯნის გამოსაწვევად და უქონელი პეგის ამბავს ახსენებენ. პეგის, რომელიც თავის დროზე, ალბათ, ჰამის საყვარელი იყო. სტურუას ინტერპრეტაციით, პეგი მეძავი ქალია, რომელიც ჰამთან სანათურის სათხოვნელად მიდის. მოყვასისადმი შეუბრალებელი ჰამი კი უარით ისტუმრებს.
ირლანდიელმა ბეკეტმა, რომელსაც ძალიან კარგი კათოლიკური განათლება ჰქონდა მიღებული, ღვთის რწმენა უარყო, მისთვისაც, თავის დროზე ნიცშეს წამოყენებული თეზა (შემდეგ განვითარებული და დღესაც აქტუალურ-პოპულარული): ღმერთი მოკვდა! მისაღები გახდა. თანამედროვე ეპოქამ (ეგზისტენციალისტების შემდეგ დღევანდელ დღემდე) ახალი ვერაფერი თქვა. ვერ შვა პიროვნებები, დიდი მოაზროვნენი, დიდი შემოქმედები... ან, თუნდაც, უზურპატორ-დიქტატორები (მხოლოდ მათი კარიკატურები). უღვთოდ დარჩენილი, უპიროვნო, „მასობრივი ფსიქოზით" დაავადებული სამაყარო დაიღუპება! ამის თქმა უნდოდა ბეკეტსაც, ეს გვითხრა ამ დადგმით სტურუამ, მაგრამ ბეკეტისგან განსხვავებით, რობერტ სტურუას ღვთის, სიკეთის არსებობის სწამს.
ბეკეტთანაც და სტურუასთანაც კლოვი ჰამს სათამაშო ძაღლს უკეთებს. ჰამს თეთრი უნდოდა, კლოვმა კი შავი და თანაც სამფეხა გაუკეთა. ჰამი ძაღლის ფიტულს ეფერება: - ბიჭი ხარ, თუ გოგო? ბეკეტთან - თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. სტურუამ ჩაამატა: ნუ გეშინია, შენ სქესს მალე გაარკვევენ...
რობერტ სტურუამ ბეკეტთან არსებული გრძელი მონოლოგები შეამოკლა და ჰამისა და კლოვის მაყურებელთან ინტერაქტივისთვის გამოიყენა. ჰამი - ჩემი ჯერია. იხსნის სათვალეს და მაყურებელს მიმართავს: - მე ხომ შემეძლო დაგხმარებოდით, როგორც მოყვასს, ვერ გადაგარჩინეთ, როგორც თქვენ ვერ გადამარჩინეთ... პური არ გაქვთ? ნამცხვრები ჭამეთ! (ირონია ბეკეტთან და სტურუასთნ) სიყვარული გადაგარჩენთ! მაგრამ თქვენ მიწიერ სიამოვნებას დაეწაფეთ... უფლისაშვილი-ჰამი ხელით საკუთარ ასოზე მიანიშნებს. - გამოფიტულ სამყაროს ძაღლის ფიტულიღა შერჩა! - რა გინდა?! - ეჩხუბება ბიბლიას - მე ხომ დასასრულს ჩემს დასაწყისშივე ვგრძნობდი... ჰამი ეცემა, ვითომ გული მისდის - მიშველეთ...
კლოვი მწვანე ქოლგით და ჩალის ქუდით გამოდის ავანსცენაზე და მაყურებელს მიმართავს - Good evening, სამუელ ბეკეტი, „თამაშის დასასრული". დასასრული სამყაროსი თუ სპექტაკლის? - მებრალება მე ეს, მიუთითებს ჰამზე. გადააგდებს დასამშვიდებელ, ან, ტკვილგამაყუჩებელი წამალს, რომელსაც, ბეკეტთან და სტურუასთანაც, ჰამი კლოვს დროგამოშვებით სთხოვს ხოლმე. კლოვს ჰამი გარდაცვლილი ჰგონია, - მას ეს აღარ დასჭირდება.
ზევით აღვნიშნე, რომ რობერტ სტურუამ სპექტაკლი ქრისტეს მოვლინებით დაიწყო და დაასრულა. სხვასთან ერთად, ამით სათქმელს, წარმოდგენის ფორმას, სტრუქტურას კრავს. კლოვი თოფიდან, რომლითაც მანამდე ჰამის მოკვლა სურს, ქრისტეს ესვრის.
კაცობრიობამ, მხსნელად მოვლენილი ღვთის შვილი ისევ სასიკვდილოდ გაწირა. ბერძნულ გალობაზე „კირიელეისონ" შემოდის თეთრებში გამოწყობილი ბიჭი-ქრისტე (გაბრიელ ბარბაქაძე), ხელში იღებს სპექტაკლის დასაწყისში, ავანსცენაზე, მის მიერვე დადებულ ბიბლიას. ჰამი გაშმაგებული უბრძანებს კლოვს - „ესროლე, ჩააძაღლე, გამრავლდებიან და არაფერი გვეშველება"! კლოვი - „არ შემიძლია"! - ორჭოფობს, მაგრამ როგორც ყველა „ჭეშმარიტი", უფერული მასის ნაწილი, მონა მაინც გაისვრის, ტყვიას ესვრის - სიკეთეს, სიწმინდეს, სიყვარულს, რწმენას, კაცობრიობის, სამყაროს მომავალს. პატარა ბიჭი-ქრისტე, თითქოს ხელს ჩაიქნევს. ჩაბნელების ხერხით რეჟისორი კვლავ წყვდიადის შთაბეჭდილებას ქმნის, მუსიკა ისევ კრეშჩენდოზე ჟღერს და, მაყურებლის თვალწინ, საოცარი და ამავე დროს, შემზარავი სურათი წარმოდგება. ავანსცენაზე უზარმაზარი ტალღა აღიმართება. ტალღის მიღმა ჰამის, კლოვის, ნაგისა და ნელის აჩრდილები შესაძლოა დალანდო... ისევ ჩაბნელება, განათება და სპექტაკლში მონაწილე ყველა პერსონაჟი სცენაზეა. თამაში დასრულდა... დასრულდა „ჩვენი დღეების აპოკალიფსისი"...
სამყაროში ყველაფერი ბრუნავს, სპირალისებურად ვითარდება და მეორდება. რობერტ სტურუამ კიდევ ერთხელ სიფხიზლიკენ მოგვიწოდა და გვითხრა: ფაშიზმი, ბოლშევიზმი, მარქსიზმი, სოციალიზმი, იმპერიალიზმი, დიქტატურა... - კაცობრიობის ისტორიის განვლილი ეტაპებია. ადამიანებო, გადახედეთ ისტორიას და აიღეთ, გაიმეორეთ ის, რაც სიკეთეს, სიყვარულს შობს და განავითარებს.
გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნებისგან გული ყელში მომადგა, შემეშინდა... რობერტ სტურუას მომავლის განჭვრეტის უნარიდან გამომდინარე, ძალიან შემეშინდა. საბჭოთა კავშირის დაშალა (1991) რეჟისორმა „მეფე ლირის" ფინალში (1987) სამყარო ნგრევით „იწინასწარმეტყველა". ამჯერად სპექტაკლი წარღვნით დაასრულა (რაც, გლობალური დათბობის პირობებში, გამორიცხული და მოულოდნელი არ არის). გაფრთხილდით, ადამიანებო, გვითხრა სტურუამ „თამაშის დასასრულით", ერთადერთი, რამაც შესაძლოა კიდევ გადაგვარჩინოს, სიყვარულია... გლობალური სიყვარული... სიკეთე... ადამიანობა...
კიდევ ბევრი რამის ამოცნობა, გაშიფრვა შეიძლებოდა, კიდევ ბევრ რამეზე მსურდა დამეწერა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული...

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა