ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

გურამ ლურსმანაშვილი: რატომ ცდილობს საპატრიარქო ქვეყანაში მონარქიის აღდგენას?

09.02.2020 | 20:23 ნახვები: 747

ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვა დროს აქტიურდება ქვეყანაში მონარქიის აღდგენის საკითხი. ამ პროცესების უკან მუდამ საქართველოს ეკლესია - უფრო თუ დავაზუსტებთ - საპატრიარქო მოიაზრება. გთავაზობთ ინტერვიუს თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილან.


მეფე და მონარქია - ქართული საზოგადოება პერიოდულად იწყებს ხოლმე ამ თემაზე საუბარს. გვახსოვს არა ერთი მაგალითები, როდესაც პოლიტიკური პარტიებიც ახდენდნენ თემის პროვოცირებას. უფრო მეტიც, გვახსოვს მათი წარმომადგენლების ხლება სამეფო ოჯახის თუ ოჯახების წარმომადგენლებთან.ამ ყველაფრის უკან ხილულად ჩანდა ეკლესიის, საპატრიარქოს ინტერესი. როგორია პროცესის შენეული ხედვა და შეფასება?

ჩვენს საზოგადოებაში და საეკლესიო წრეებში მონარქიაზე საუბარი საკმაოდ პოპულაულია. ეს რომ უბრალო საუბარი ყოფილიყო, შეიძლებდა ყურადღება საერთოდ არ მიგვექცია. მაგრამ ნათლად ვხედავთ კონკრეტულ იდეოლოგიურ პროპაგანდას, საპატრიარქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და.ა.შ. ყველაზე საშინელება ისაა, რომ გარკვეული პირები მონარქიას მათლმადიდებლობისთვის ,,ყველაზე შესაფერის" მმართველობის ფორმად გვასაღებენ, რაც გარდა იმისა რომ წმ. წერილისეული თხრობის საწინააღმდეგოა, ასევე ქვეყნისათვის სერიოზული საფრთხეა. შესაბამისად საჭიროა, რომ შეძლებისამებრ და ნაბიჯ-ნაბიჯ თემა მიმოვიხილოთ.

წმინდა წერილის საწინააღმდეგო რატომ?

ქრისტიანისთვის ყველაფრის ამოსავალი წყარო წმინდა წერილია, შესაბამისად უპირველესად თავად წმინდა წერილიდან უნდა დავიწყოთ ამ საკითხის გარკვევა. გავიხსენოთ, როდის ჩნდება ისრაელის ხალხში პირველად მეფობის დაწესების სურვილი. ეს ხდება სამუელის ეპოქაში. სამუელის წიგნშივე ნათლად არის პასუხი იმაზე, რომ წმ. წერილის მიხედვით, მეფობა ღმერთის უარყოფის ტოლფასია, სახელდობრ: ,,ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით. ' (1მეფ.10.19 ). ამის გარდა, წმინდა წერილში ასევე გაფრთხილებაცაა იმ დამაზიანებელი შედეგების შესახებ, რასაც მმართველობის ეს ფორმა გამოიწვევს.

რას გულისხმობ?

,,11. უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.12. დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად. 13. აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად.14. წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს.15. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს.16. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.17. წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით.18. მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი..' (1მეფ.11-18) აი, ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს წმინდა წერილის მიხედვით ღმერთს მონარქიის შესახებ.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ისრაელს ეყოლა მეფე...

დიახ, რა ხდება ამის შემდეგ? ისრაელს მართლაც ეყოლება მეფე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს იყო ღმერთის სურვილი, არამედ იმიტომ, რომ ხალხს სურდა ასე და ღმერთმაც პატივი სცა ხალხის არჩევანს. შესაბამისად, მთელ იმ უარყოფით მოვლენებზე, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, პასუხისმგებლობას მთლიანად ხალხი იღებდა საკუთარ თავზე.
მეორე საკითხი ეს არის ბიზანტიის იმპერია. ხშირად ამ იმპერიას გვიხატავენ, როგორც ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საუკეთესო მოდელს, რაც სიცრუეა. ეს პრობლემა რომ კარგად გავაანალიზოთ, უპირველესად ის უნდა გავიაზროთ, რომ ბიზანტიის იმპერია არ დაარსებულა, როგორც თვისობრივად ახალი იმპერია, პირიქით, იგი იყო რომის ერთიანი იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი. შესაბამისად, ამავე იმპერიის მოწყობისა თუ პოლიტიკის ფორმებიც მინმალური ცვლილებებით გადმოიტანა საკუთარ პრაქტიკაში. სამწუხაროდ, იგივე მოხდა ეკლესიასთან დაკავშირებითაც. რომში იმპერატორი იყო Pontifex Maximus, (უზენაესი ქურუმი ავტ), შესაბამისად, არათუ შეეძლო რელიგიურ საკითხებში ჩარევა, არამედ მოვალეც იყო, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისამებრ რელიგია გამოეყენებინა. იგივე სისტემა გაგრძელდა აღმოსავლეთ რომის იმპერიაშიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ იქამდე იმპერატორი კერპთაყვანისმცემელთა საქმეებში ერეოდა, ახლა უკვე საეკლესიო საკითხებსაც წყვეტს. აქ უკვე ვხვდებით საეპისკოპოსო კათედრების დაარსებას იმპერიის პოლიტიკურად გავლენიან ქალაქებში, ეკლესიაში სიმდიდრისა და ფუფუნების ელემენტების გაჩენას, პოლიტიკურ ინტრიგებს და.ა.შ. მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა. უფრო მეტიც, თუ გადავხედავთ ეკლესიის წიაღში გაჩენილ მწვალებლობებს, დავინახავთ, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ყალიბდებოდა იმიტომ, რომ საიმპერატორო კარსა და საეკლესიო წრეებს შორის ძალიან ჩახლართული პოლიტიკური ინტრიგები იჩენდა თავს.

და ეს ყველაფერი ხომ ახდენდა გავლენას ეკლესიაზე?

ამ ყველაფერმა ეკლესია ძალიან დააზიანა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად ქრისტეს სწავლებებსაც შეეწინააღმდეგა, რომელიც ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე გვასწავლიდა საერო და საეკლესიო ხელისუფლების ერთმანეთის საქმეების ჩაურევლობის შესახებ.

თუმცა ჩვენ მუდმივად სხვაგვარ ინტერპრეტაციებს ვისმენთ ეკლესიის მესვეურებისგან...

კიდევ დიდხანს შეიძლება იმაზე საუბარი, თუ რამდენად შეუსაბამოა მონარქია ქრისტესა თუ წმინდა წერილის სწავლებებთან და პრაქტიკაში რამდენად დააზიანა საეკლესიო სხეული მონარქების ჩარევამ, თუმცა არ მსურს რომ ისტორიულ თუ თეოლოგიური საკითხებით მკითხველი გადავღალო, ამიტომ უფრო პრაქტიკულ თემაზე გადავალ. რატომ უნდა ქართველების ნაწილს მონარქიის აღდგენა?

ზუსტად ეს არის საინტერესო...

ამას აქვს როგორც სოციალური, ასევე რელიგიური სარჩულიც. უმთავრესი პრობლემა ეს საზოგადოების ნაწილში არსებული განწყობაა, რომლის გამოც ჩვენს თანამოქალაქეს ერთპიროვნული მმართველის გარეშე თავისუფლად ცხოვრება არ შეუძლია. ეს მმართველი შეიძლება იყოს მეფე, იმპერატორი, ბელადი, ვინც გნებავთ ის, რომელიც ,,მტკიცე ხელით" მართავს ქვეყანას. ამ ყველაფერს კი ის იწვევს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი თავისუფლების იდეას ვერ წვდება, რაც ძალიან ბევრი პრობლემის სათავეა. მეორე შრე ეს რელიგია და ე.წ. ურაპატრიოტიზმია. 90-იანებში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი ახალი ტიპის ქრისტიანობა გაჩნდა- ,,ქართული მართლმადიდებლობა," რომლისთვისაც ბუტაფორული იარაღი დავითისა და თამარის ეპოქა გახდა, აი მსგავსი მენტალიტეტის ხალხი საპატრიარქოს ყველა მოწოდებას დაუჭერს მხარს, რომელიც ,,მირონცხებული მონარქის" გამეფებისკენ იქნება მიმართული.

ამ ყველაფრის მუხედავად, მსოფლიოს არა ერთ სახელმწიფოშია მონარქია...

რა თქმა უნდა, ვინმე შეიძლება შეგვეწინააღმდეგოს, რომ ვთქვათ დიდ ბრიტანეთში ან სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც შეიძლება მონარქიას შევხვდეთ. ეს, ქართულ რეალობასთან შედარებით საერთოდ სხვა განზომილებაა. პირველი იმიტომ, რომ მსგავს ქვეყნებში მონარქია უფრო მეტად ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ფენომენია, ვიდრე იმ ხელისუფალის, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით მართავს ქვეყანას. ხოლო მეორე განზომილება კი ის დიდი ფინანსური რესურსებია, რაც მსგავ, ე.წ. ,,დეკორატიულ მონარქიას" სჭირდება. დამეთანხმებით, რომ არც ერთი და არც მეორე საქართველოს ვითარებას არ შეესაბამება.
საკითხს შეგვიძლია უფრო გლობალურ ჭრილში შევხედოთ. გადავხედოთ ჩვენს რეგიონს, რა ქვეყნები გვყავს გარშემო. მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში ძირითადად ისეთი პოლიტიიკური ლიდერები მართავენ ქვეყანას, რომლებიც ათწლეულზე მეტია ურყევად არიან მოკალათებულნი საკუთრ ტახტზე. ამ გარემოში კი ლამის ერთადერთი ოაზისია საქართველო, სადაც ხელისუფლება მშვიდობიანი რევოლუციითა თუ არჩევნებით შეიცვალა. შესაბამისად, თუ საქართველოშიც მოხდება ისე, რომ გვეყოლება მონარქი დ ეს მონარქი თავისი ჩაკეტილი და ეთნოფილეტისტური მართლმადიდებლობით რუსეთთან, ,,მესამე რომთან", ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს, წარმოიდგინეთ რამდენად გაუმარტივდება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური და საკუთარი იმპერიალისტური მიზნების განხორციელება. ყოველივე ზემოთქული რომ შეავაჯეროთ, ვნახავთ, თუ რაოდენ რთულ თამაშში გვითრევს საატრიარქო ჩვენი მოსახლეობის ადვილადმოწყლვად ჯგუფებზე მანიპულირებით.

და მაინც, რა მოტივი აქვს საპატრიარქოს?

დიახ, საპატრიარქო ვახსენეთ და ჩამოვთვალოთ ის მიზეზები, თუ რატომ უნდა სურდეს ასე მონდომებით ჩვენს ქვეყანაში მონარქიის დაწესება. 1. ეს იქნება ერთ-ერთი გვირგვინი იმ დღემდე ამოუხსნელი ,,მითოსური ქრისტიანობისა", რომლის დანერგვასაც საქართველოში ეს ინსტიტუტი დღემდე ჯიუტად ცდილობს. 2. გაზრდილი ფინანსური შემოსავალი, რაც გარდაუვალი იქნება ამ სტილის ქვეყნიდან მონარქიაზე გადასვლის შემთხვევაში. 3. საკუთრი გავლენების კიდევ უფრო გამტკიცება. 4. საქართველოში თავისუფლების, როგორც იდეალის ჩაქვესკნელება. 5. კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს შუასაუკუნეებში დასაბრუნებლად. 6. მონარქიის დაწესებით უფრო მეტად გაადვილება რუსული ძალებისთვის, რომ საქართველოს იდეოლოგიური (და არა მარტო) ოკუპაცია მოახდინონ.
სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საპატრარქო ღიად ჩანს როგორც გავლენიანი ინსტიტუტი, რომელიც არათუ ყოველმხრივ აფერხებს საქართველოსა და მისი ეკლესიის ნამდვილ განვითარებას, არამედ გამუდმებით ახალ-ახალ ავანტიურებში ცდილობს რომ გაგვაბას, რისი ერთ-ერთი მაგალითიც მონარქიის დაწესების თანმიმდევრული მცდელობაა.

მადლობა. მესმის, რომ მეორე მხარესაც ექნება საკუთარი არგუმენტები მონარქიის დასაცავად, მაგრამ ამჯერად, საკმაოდ საინტერესო არგუმენტები და მსჯელობა მოვისმინე

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და ამ მნიშვნელოვან საკითხზე თემის მომზადება გადაწყვიტეთ.

ესაუბრა კოკა წერეთელი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა