Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba

გრეტები, ვარლამები და ცვედნები

11.24.2021 | 13:29 ნახვები: 1269

ქართული ენერგეტიკის ინვესტორთა მარტვილობა გრძელდება და სულ უფრო ღრმავდება.

ალბათ ოდესმე ჰაგიოგრაფიული (მოწამეთა ცხოვრების აღმწერი) ნიჭისა და უნარის მწერალი დასჭირდება იმის ჩვენებას მომავალი მკითხველისთვის, როგორ ანადგურებდნენ მისი წინაპრები საკუთარ ქვეყანას, როგორ ჭრიდნენ გაფაციცებით იმ ხეს, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდა გაეძლიერებინა და საბოლოოდ როგორ დატოვეს სამშობლო უცხოელთა მათ შორის მოსისხლე მტერთა კეთილი ნების ამარა.
თუმცა „უცხოელთა კეთილი ნება" ზოგადად ოქსიუმორონია ანუ აბსუდული სიტყვათშეთანხმება. სინამდვილეში საქართველოს ერთადერთი ნამდვილი მეგობარი ჰყავს რეგიონში: შავი ზღვა! ყველა სხვა რა თქმა უნდა, საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, კალკულატორი უკავია ხელში და არც გაემტყუნებინა.
ჩვენ რას ვაკეთებთ? რაც გვაქვს იმას მაინც რატომ არ ვიყენებთ? რაც „ორჯერ-ორია" იმას მაინც რატომ ვერ ვთვლით?
თურქი ინვესტორი წავიდა, კარი გაიჯახუნა და ალბათ აღარც შემობრუნდება. მისი „მარტვილობის" შემხედვარე, მეზობელი 80 მილიონიანი ქვეყნის პოტენციურ ინვესტორთა არმია აქეთ აღარც გამოიხედავს. არადა, სულ იოლად შეიძლებოდა, არა ნამახვანისეული 800 მილიონი, არამედ 8 მილიარდიც ჩადებულიყო საქართველოს ჰიდრო-ენერგეტიკაში კეთილი მაგალითისა და წარმატების შემთხვევაში.
ერთადერთი რეალური და ნამდვილი რესურსი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის შეგვეძლო გამოგვეყენებინა, როცა არა გაქვს ნავთობი და გაზი, მართლა წყალს გავატანეთ.
„ის თურქი იყოო". დავუშვათ რაღაც არგუმენტია. თუნდაც უგვანი. მაშინ ონის კასკადს მივხედოთ. იგივე პარანოია მზადდება. უკვე ქართველი ინვესტორების წინააღმდეგ.
თითქოს არ არის დიდი ჰესი, სულ 200 მეგავატია. მაგრამ განა რეალურად ბოლო დროს ენგურჰესიდან მეტი გვრჩება აფხაზურ-რუსული „მაინინგ ბანდიტიზმის" პირობებში?
სინამდვილეში, ონის ინვესტიცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თურქული, რადგან ქართული წარმოშობისაა და მაგალითად უნდა ქცეულიყო ქართველი ინვესტორებისთვის.
სხვათა შორის, ქართველ ბიზნესმენებს საზღვარგარეთ სერიოზული ფინანსური რესურსი აქვთ. ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, 200 ქართველი ბიზნესმენი, როგორც პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ასევე მთელს მსოფლიოში 60 მილიარდი დოლარის(!) ქონებას აკონტროლებს და ბევრი მათგანი მზად იქნებოდა ჩაედო ფული ქართულ ენერგეტიკაში......რომ არა „ვარლამი" და მისი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპის „მწვანეთა მოძრაობა", რა თქმა უნდა, არ შედგება მხოლოდ სოციოპათებისაგან, თუმცა არც უმაგისობაა. განსაკუთრებით თუ ზოგიერთ პერსონაჟს დავაკვირდებთ, - „მართალი იდეით" რომ ცდილობს თვითდამკვიდრებას და „მე"-ს გაძლიერებას ყმაწვილობის ასაკში. მაგრამ რამდენადაც ცალკეული ადამიანი ნამდვილად შეიძლება იყოს „სასარგებლო იდიოტი" მასზე ჭკვიანთა და ცბიერთა ხელში, ასევე მთელი პოლიტიკური ინსტიტუტიც შესაძლოა ასრულებდეს „სასარგებლო იდიოტის" როლს.
აი მხოლოდ ფაქტები, თუნდაც განსაკუთრებული ინტერპრეტაციის გარეშე: 1970-იან წლებში, რუსეთის სახელმწიფომ, რომელსაც მაშინ „საბჭოთა კავშირი" ერქვა, „გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში" 25 000 უახლესი ტანკი Т-72 განალაგა. თავის კლასში ეს ტანკი, რომელიც სახელგანთქმული Т-34 შორეული შთამომავალია, მსოფლიოში საუკეთესო იყო. ოღონდ როგორც აგრესიის და არა თავდაცვის იარაღი.
მაშინ ვერავინ იტყოდა დანამდვილებით, გაბედავდა თუ არა მოსკოვი ახალ აგრესიას დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ NATO-მ, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპულ სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უახლესი ამერიკული ფრთოსანი რაკეტები განალაგა, როგორც არა აგრესიის არამედ (ალიანსის სამხედრო ტერმინოლოგიით) „შეკავების" იარაღი. ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო ნაწილით.
ორივე (როგორც ფრთოსანი რაკეტები, ასევე მისი ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო ნაწილი) დიახაც, თავდაცვის და არა აგრესიის იარაღი იყო.
ვინ გამოვიდა ევროპაში თავდაცვითი იარაღის განლაგების წინააღმდეგ? ვინ მოაწყო მილიონიანი დემონსტრაციები? ვინ იქცა იმდროინდელი, მარაზმატული „საბჭოთა ტელევიზიის" ე.წ. „საინფორმაციო პროგრამათა" მთავარ გმირად? რასაკვირველია „მწვანეთა მოძრაობა" და მისი „სასარგებლო" სპიკერები.
არგუმენტს არ იკითხავთ? მთავარი არგუმენტი იყო: „ამ რაკეტების განლაგებას და ამერიკულ ბაზებს საბჭოთა არმია დაბომბავს და ამით ბუნება დაზიანდებაო".
ანეგდოტი არ გეგონოთ: შინაარსობრივად ზუსტად ასე იყო.
ბუნებრივია, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერავინ გაბედავდა დემონსტრაციების მოწყობას: „ეს საბჭოთა ტანკები მოაშორეთ აქედან, თორემ ბუნება დაზარალდებაო".
წლების შემდეგ, იგივე „სასარგებლო მოძრაობამ" ჯერ ევროკავშირის „გულან ქვეყანაში", გაერთიანებულ გერმანიაში ატომური ელექტროსადგურები აკრძალა, შემდეგ მაქსიმალურად შეზღუდა, ახლა კი საერთოდ გააუქმა გლაზგოს დეკლარაციით ქვანახშირის გამოყენება.
და ეს მაშინ, როდესაც სამი სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოში ქვანახშირის უმთავრესი მწარმოებელია (რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი) გლაზგოს სამიტში საერთოდ არ მონაწილეობდა. ხოლო ამ საწვავის უდიდესმა მომხმარებელმა, ავსტრალიამ, სამიტის დეკლარაციას ამ ნაწილში ხელი არ მოაწერა.
არგუმენტი დაახლოებით ისეთივე, როგორც ამერიკული „ტომაჰაუკების" საწინააღმდეგოდ: ქვანახშირით გამომუშავებული CO2 ატმოსფეროს ოზონის შრეს აზიანებსო.
კი მაგრამ, რუსეთში, ავსტრალიაში, ინდოეთში, ჩინეთში სხვა „ოზონის შრეა"? თუ ეს შრე მხოლოდ გერმანიისა და ევროპის თავზე „გაჯანსაღდება" ისე, რომ „შორეულ" ჩინეთში გამოსროლილი წვის პროდუქტი მისთვის უხიფათო იქნება?
ამ „სასარგებლო ინსტიტუტის" მოქმედების შედეგად კი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრიოდერი, სახელისუფლებო ვადის ამოწურვის შემდეგ, პუტინის Газпром-ში გადავიდა სამუშაოდ და რაც მთავარია, ეს „პორტირება" შეათანხმა ახალ კანცლერთან, ქრისტიან-დემოკრატ ანგელა მერკელთან. სხვაგვარად გამორიცხულია. სხვაგვარად, შრიოდერის პორტირება შეფასდებოდა, როგორც გავლენით ვაჭრობა, რაც კორუფციის ფორმაა.
ანუ გერმანიის კანცლერის გადასვლა რუსულ ენერგოგიგანტში იქცა გეოპოლიტიკურ აქტად, გერმანულ ელიტათა ისტორიული კონსენსუსის გამოხატულებად, რაკი „საერთოეროვნულმა სასარგებლო იდიოტმა" ამ ელიტებს სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვეს თუკი სურდათ ქვეყნის განვითარება ატომური ენერგიის აკრძალვისა და ქვანახშირის შეზღუდვის შედეგად.
თუ დავაკვირდებით, შინაარსობრივად სრულებით არ განსხვავდება თავდაცვით იარაღზე უარის თქმისაგან: „ბაზები დაიბომბება და ბუნება დაზიანდებაო".
აბა „მწავნეთა მოძრაობა" რა თავში, ბოლოში ან შუაშია სამხედრო-სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
1990-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსის, ფრენსის ფუკუიამას წიგნი „ისტორიის დასასრული". ოსვალდ შპენგლერის „ევროპის მზის ჩასვენების" უარყოფადაც კი აღიქვამდნენ.
დღეს მაინც ხომ ნათელია, რა უკიდეგანო სისულელე აღმოჩნდა ეს კარგად შეფუთული კონცეპტი, რამაც არა მხოლოდ ფუკუიამას, არამედ ბევრ სხვასაც, „ცივი ომის" დასრულება ევროპული ცივილიზაციის სამარადჟამო გამარჯვების ილუზიად მოაჩვენა?
სინამდვილეში კი, რასაც ახლა ვხედავთ, პუტინის რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება, სულ უფრო მრავალფეროვნად, ეგზისტენციურად, მზარდი თავხედობით უტევს ევროპასაც და მეზობელ ქვეყნებსაც იმდენად, რომ დიდი ოსვალდ შპენგლერის წაინასწარმეტყველებას უფრო აღასრულებს დასავლეთის მზის ჩასვენების შესახებ.
საქართველო აქ მხოლოდ ერთ-ერთი „მცირე" სამიზნეა.
მისთვის „მცირე", თორემ ჩვენთვის სიმწრით, სისხლით და ცრემლით მოპოვებული დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფო!
გასულ წელთან შედარებით ამ „დამოუკიდებელმა სახელმწიფომ" რუსეთისგან 170%-ით მეტი ელექტროენერგია შეიძინა მაშინ, როდესაც ჰიდრო-ენერგო პროექტთა, მათ შორის თუნდაც ონის კასკადის გასრულების შედეგად, მტრულ სახელმწიფოზე ეს დამოკიდებულება შეგვეძლო არათუ შეგვემცირებინა, არამედ საერთოდ უარი გვეთქვა მისგან ელექტროენერგიის შესყიდვაზე.
რეალურად 170% უცილებლად იქცევა 270%-ად თუ საქართველოს ეკონომიკის განვითარება გვენდომება.
თუ არა - დავრჩეთ მაჩანჩალად. ეს საზარელი ალტერნატივა (განვითარება-რუსეთის სატელიტობის პირობით) დაგვიტოვა ქართველი „გრეტებისა" და „ვარლამების" მოძრაობამ ხელისუფლების სრული იმპოტენციის პირობებში.
არც ერთი გრეტა და არც ერთი ვარლამი არ არის ისტორიის სუბიექტი მაშინაც კი, თუ მათი „სარგებლიანობა" ისტორიულად დამაზიანებელი შედეგის მომტანია. მათ რაც არ უნდა ჩაიდინონ, ისტორიულად პასუხს აგებს ხელისუფლება და მხოლოდ ხელისუფლება, რომელსაც არ აღმოჩნდა ნება, რათა ქვეყნის განვითარებისთვის ვინმე სოციოპატთა კლინიკური იპოხონდრიის ხუნდი მოეხსნა.
ბოლოს და ბოლოს გერმანია 80 მილიონიანი, გენიალური ინდუსტრიის ქვეყანაა და რუსეთის ფედერაციის ან ევრაზიული კავშირის სუბიექტობა არ ემუქრება.
აი ჩვენ რა ვქნათ ჩვენ?!

დათო გამცემლიძე.
ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა