რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება

ქართული ეკომოძრაობა: ნევროტიკები, სოციოპატები და გაიძვერები

12.07.2021 | 13:04 ნახვები: 634

საქართველოში გრძელდება ჯვაროსნული ლაშქრობა ეროვნული ენერგეტიკის წინააღმდეგ. ლამის ისეთივე "წმინდა საეკლესიო კურთხევით" (იხილეთ "სუს"-ის მასალები), როგორც 1095 წელს, როცა ურბან მეორემ მოუწოდა უმიწოდ დარჩენილ "უმცროს შვილებს" რაინდთა ოჯახებიდან, კოლოსალურად დაძრულიყვნენ დიადი მისიის აღსასრულებლად.

თუმცა იმ ეპოქალურ მოძრაობაშიც კი, უამრავი "მიტმასნილი" ავანტურისტი, ყაჩაღი და "ბოროტი ჩიტი" იყო. საბრალონი კი უმწეო, გულსუფთა ბავშვები (იხილეთ: "ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობები") ვინც "მეორე ურბანისა" დაიჯერა, აფრიკაში სამოწყალო გემით გაემგზავრა და იქ მონებად გაიყიდა ადგილობრივ ფეოდალთა და ორფეხა პირუტყვთა ბინძური ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად.
ასეთი "გულსუფთა" ადამიანები ნებისმიერ მოძრაობაში არიან. არიან ისინი "ვარლამის მოძრაობაშიც"........ და მათი დაცინვა, რა თქმა უნდა უმოწყალობაა.
თუმცა ჩვენს შემთხვევაში ის კი ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ იმდროინდელი "მეორის" გამოცხადებულ ლაშქრობაში მონაწილე გულსუფთა ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, არავისთვის არაფერი დაუშავებიათ საკუთარი თავის გარდა. აი ჩვენს პირობებში კი ის, რაც ახლა ამ ლამის ისეთივე ფანატიზმით მიმდინარე "მოძრაობის" შედეგად ხდება, სრული კატასტროფაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, ყოველი ჩვენგანის ბედისწერისა და გადარჩენის თვალსაზრისით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება 70-100-170 პროცენტით.
სულ მალე, საქართველო, როგორც ბევრჯერ ითქვა, აღმოჩნდება საზარელი ალტერნატივის წინაშე: ან დავრჩეთ ჭაობში მოხმრების დღევანდელი დონით, ანუ არც კი ვიფიქროთ ქვეყნის განვითარებაზე და შვილების მომავალზე, ან შევურიგდეთ იმას, რომ სხვა ბედისწერა, გარდა რუსულ ენერგოგიგანტებზე, ესე იგი რუსეთის სახლმწიფოზე დამოკიდებულებისა, ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია.
ერთ-ერთმა რუსულმა კონცერნმა Интер-РАО, რომელიც დედაქალაქში ელექტროენერგიის დისტრიბუციას ახორციელებს, უკვე მოუგო ქართულ სახელმწიფოს დავა სტოკჰოლმის არბიტრაჟში და მოგვიწევს გადავუხადოთ მოსკოვს 80 მილიონი დოლარი გაძვალტყავებული ბიუჯეტიდან.
ეს იმის შედეგად, რომ ხელისუფლებას რასაკვირველია შეეშინდა გაეძვირებინა (ლარის დევალვაციის პარალელურად) ელექტროენერგისი ტარიფი. როგორც სჩანს ამჯობინა ჯარიმა გადაეხადა, ოღონდ კი "ხალხი" არ გაეღიზიანებინა.
თუმცა აქვე უნდა დაისვას კითხვა: აი ამ სარჩელში და ელექტროენერგიის ფასების ქცევაში "სარჩობელად" რუსეთის ხელში, რა წვლილი შეაქვს იმ "მოძრაობას", რომელიც ყველანაირად გვიშლის ხელს, განვავითაროთ ეროვნული ენერგეტიკა იმ ერთადერთი (ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული) რესურსით, რაც გაგვაჩნია?
ნამახვანს მოჰყვა ონის კასკადი, ახლა მოჰყვა ლოპოტა ჰესი და....ამას ბოლო არ უჩანს.
რა მოძრაობაა ეს თვითმავნებლობა? ხომ უნდა ვცადოთ დავშალოთ და გავაანალიზოთ სტრუქტურულად - დეკონსტრუქციის ცნობილი მეთოდით?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რეალურად სამი სხვადასხვა სოციალური მანკის "მიქსია", რომელთა შენივთება უკვე საშვილიშვილო პრობლემას ქმნის და თუ ამაზე დღეს არ ვილაპარაკებთ, დანაშაული იქნება მომავალ თაობათა წინაშე.
პირველი კატეგორია მოიცავს და აერთიანებს ე.წ. "ნევროტიკებს", განსაკუთრებული ფსიქიკური წყობის ადამიანებს, ანტივაქსერობიდან - ჰიდროფობიამდე. ისინი თითქმის არ იკვეთებიან: ადამიანი, ვისაც ნევროტულად ეშინია ვაქცინის, ამის გამო აარსებს ან მონაწილეობს " ანტივაქსერულ მოძრაობაში", წყევლის და კრულავს ყველას, ვინც მას ვაქცინირებისკენ მოუწოდებს, სულაც არაა აუცილებელი იმავდროულად ჰიდროფობიც იყოს. თუმცა აგრესიულობით და "შეუსმენად-შეურაცხადობით" ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
თავი დავანებოთ ფროიდსა და იუნგს ან სხვა ფსიქოანალიტიკოსებს, რომლებიც თითქმის ყველა ნევროზს ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ხასიათის ტრავმით ხსნიდნენ. ვუსმინოთ თუნდაც მხოლოდ კლინიცისტებს, რომლებიც ბევრად მარტივად ამბობენ, მიზეზებში შეუსვლელად: "პანიკური შიში", - "ობსესიურ კომპულსიური სინდრომი"- ჰიპოთეტურად, თეორიულად არსებული საფრთხის გამო.
მარტივად: ხომ შეიძლება მოხდეს მიწისძვრა? რა თქმა უნდა! და თუ მოხდა, ხომ შეიძლება (თეორიულად) დაანგრიოს ნამახვანის კაშხალი? კი შეიძლება. მერედა ის ტალღა ხომ წალეკავს (მართლა წალეკავს-დ.) რიონის ხეობასაც და ქუთაისის დიდ ნაწილსაც?
"შეიძლება მოხდეს?" - შეიძლება.
ოღონდ აქ ნევროტულობა მაშინვე აშკარავდება, როგორც კი ფობიას საღ აზრს უპირისპირებ:
ხომ შეიძლება მოხდეს მიწისძვრა ენგურჰესის კაშხალთან? რა თქმა უნდა! სპეციალისტთა აზრით, იქ ტექტონიკური ძვრის მეტი შანსია, ვიდრე რიონის ხეობაში. თუნდაც რელიეფისა და ტექტონიკურ ფილათა განლაგების გამო მთავარი წყალგამყოფი ქედის მიმდებარედ.
მაშინ რატომ არ ნერვიულობთ და რატომ არ მოითხოვთ დაუყოვნებლივ დაიცალოს ენგურის კაშხალი? სრულებით შესაძლებელია - გაუშვებთ წყალს ძველ კალაპოტში და მორჩა.
ან საკმარისია თბილისში მოხდეს 8-9 ბალიანი მიწისძვრა რიხტერის შკალით (შესაძლებელია? - კი, იმავე მიზეზით) და ეს ქალაქი პირწმინდად დაინგრევა. მაშინ ნუ ავაშენებთ მრავალსართულიან შენობებს და გადავსახლდეთ ზღვის პირას.
ოღონდ იქაც არაა საშველი: შეიძლება თუ არა ამ ჩვენს შავ ზღვაში მოხდეს მიწისძვრა და იაპონური ფუკუსიმას მასშტაბის კატასტროფა გამოიწვიოს ბათუმში? ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ ჯერ ერთი, თეორიულად სავსებით შესაძლებელია და მეორე: შავ ზღვაში ზუსტად ისეთივე ალბათობაა ამ მასშტაბის მიწისძვრის შედეგად ცუნამის წარმოშობისა, როგორც წყნარ ოკეანეში, სადაც 20 მეტრიანმა საოკეანო ტალღამ ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგური დაანგრია.
ჩერნობილი? - ჩერნობილი საბჭოთა იდიოტიზმის შედეგი უფრო იყო, რადგან არსად ცივილიზებულ მსოფლიოში, გრაფიტს არ იყენებდნენ იმ გულანთა სარქმელად, რომელმაც ავარიის შემთხვევაში ბირთვული რეაქცია უნდა შეაჩეროს. ამიტომ როგორც კი საბჭოთა ბიუროკრატიის უპასუხისმგებლობის (სულელური ექსპერიმენტის) შედეგად ეს გულანი "მოიწამლა" მძიმე წყლით, გრაფიტმა კატალიზატორის როლი შეასრულა ნაცვლად შემაკავებლისა.
იმ დროს გერმანელი მწვანეები უფრო გავლენიანნი აღმოჩნდნენ ინგლისელ და რუს მწვანეებზე. ამიტომ გერმანული ბირთვული ენერგეტიკა "დაიხურა" და გერმანიის ენერგეტიკა რუსულ გაზს ჩამოეკიდა.
"ბუნება ზიანდებაო".
სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: სვანეთში ბოლო 30 წლის მანძილზე ტყის ჩეხვამ და თურქეთში ყიდვამ ბევრად მეტი ზიანი მიაყენა ბუნებას, ვიდრე ენგურჰესმა და ვიდრე მიაყენებდა ხუდონჰესი, ნამახვანჰესი ან ყველა სხვა ჰესი ერთად აღებული.
ნევროტიკები ტყის ჩეხვას არ აპროტესტებენ, რადგან ნევროზმა ინტელექტი დაუშროთ და "ორსაფეხურიანი" აზროვნების უნარი არ გააჩნიათ. მათი პრიმიტიული ინსტინქტი ისაა, რომ "იქ" მეტი წინააღდმეგობა შეხვდებათ ადგილობრივი გაქსუებული კლანებისგან, ვიდრე როცა სახელმწიფოს ან უცხოელ ინვესტორებს უპირისპირდებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სოციოპათები: "მუდამ მამის ძიებაში", როგორც ფროიდი ამბობდა.
ეს არის სოციალური კატეგორია, ადამიანთა ტიპი, რომლისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა, რას აპროტესტებს. არსებითია აპროტესტოს.
წინა მაგალითისგან განსხვავებით, როცა ანტივაქსერი სულაც არ არის აუცილებელი ჰიდროფობი(ც) იყოს, სოციოპატი, ვინც ვაქცინებს აპროტესტებს, სულაც არ არის აუცილებელი თვითონ იყოს ანტივაქსერი და თავად ეშინოდეს ვაქცინის. ან ეშინოდეს წყალდიდობის, ან ეშინოდეს მიწისძვრის..........
არა.
ამ კატეგორიისათვის პროტესტის შინაარსს როდი აქვს მნიშვნელობა. მისთვის "აღმძრავი" საკუთარი "მე"-ს გაძლიერებაა: დღეს ვაქცინებს აპროტესტებს, ხვალ ნამოხვანს, ზეგ რაიმე პოლიტიკური პრობლემის გამო "გამოვარდება/შევარდება".........სრულებით გაუცნობიერებლად და შინაარსისგან განყენებულად.
მთავარია გადმოანთხიოს ენერგია, დაიცალოს ჰორმონალური დუღილისგან, დაჩაგროს ვის დაჩაგვრასაც შეძლებს, აჯანყდეს, იყოს "სტიქიაში", იყოს ყურადღების ცენტრში, იგრძნოს თავი "მნიშვნელოვნად", მოიპოვოს მორალური უპირატესობა, განიმტკიცოს თვითრწმენა, არ შეეგუოს საღ აზრს, არ შეეპუოს რაციონალურ არგუმენტებს, ქვეცნობიერად იმოქმედოს აბსტრაქტული ჰუმანიზმის და არა კონკრეტული ღირებულებების დასაცავად, რათა იყოს "მუდამ მართალი", აღმატებული, "სწორი" და შეუპოვარი.
ამ ორ კატეგორიასთან დისკუსიას აზრი არა აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ მარტივად გაგებული მერკანტილური (ვთქვათ ფულადი ან კარიერული) ინტერესები არ გააჩნიათ. ხშირად საკუთარ მოტივაციას ვერც აცნობიერებენ. გულწრფელნიც არიან. "გულწრფელი იდიოტები"........ეს უფრო ზუსტი და სამართლიანი ტერმინი მგონია "სასარგებლო იდიოტზე".
საქართველოს სპეციფიკა ისაა, რომ ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ნევროტიკები და სოციოპატები ვერ ახდენენ "აქ და ახლა" სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროცესებზე ჩვენებურ გავლენას.
ბოლოს და ბოლოს, იმავე გერმანიაში, როდესაც "მწვანეთა მოძრაობამ" ბირთვული ენერგეტიკა დახურა, არსებობდა ალტერნატივა რუსულ "გაზპრომთან" ალიანსისა იმ დათქმით, რომ ევროპის ცენტრში მდებარე, გენიალური ინდუსტრიის მქონე ისტორიული სახელმწიფო მაინც არ რისკავდა დამოუკიდებლობის დაკარგვით. მაქსიმუმ, საგარეო-პოლიტიკური კურსის გარკვეული კორექტირება თუ იქნებოდა აუცილებელი არც თუ არსებითი მიმართულებებით: რუსეთს გერმანიისათვის არც მოუთხოვია და ამ ბერკეტით ვერც აიძულებდა არ გაეყვანა რუსული სამხედრო ბაზები, გამოსულიყო NATO-დან, უარი ეთქვა ქვეყნის გაერთიანებაზე, შესულიყო ევრაზიულ კავშირში" და ა.შ და ა.შ.
საქართველოში კი ეს შესაძლებელია ჯერ ერთი ჩვენი სახელმწიფოს სისუსტის, მეორეც შეგნებულად ანტისახელმწიფოებრივ კატეგორიის ტრადიციული ქმედუნარიანობის გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მესამე: გაიძვერები.
რეალურად, ეს ყველაზე მრავალფეროვანი (და არა მრავალრიცხოვანი) სტრატია ამ ე.წ. "ეკოლოგიურ მოძრაობაში": კარიერისტები, ფულზე ნაყიდები, გამორჩენის მოსურნენი (თუ კომპანია/ინვესტორი მსუყე "ძვალს" გადმოუგდებს კიდევ ჰო......მაგრამ.......გააჩნია რა შემთხვევაში), ენერგო-კონკურენტთა გავლენის სუბიექტები და უცხო ქვეყნის პირდაპირი აგენტები.
კარგად შენიღბულნი, მჭერმეტყველნი, რიტორნი, მგზნებარენი, "უშურველნი", "თავგანწირულნი", "ღვთის მსახურნი", "სამშობლოს მცველნი" და "უცხოტომელთა მომგერიებელნი".
ამიტომ, თუ გვინდა ამ მრავალფეროვან მარაზმში არ ავიბლანდოთ, არ დავიბნეთ, არ შევცდეთ, არ ვცდუნდეთ და არ დავმარცხდეთ, მივიმართოთ ისტორიული გამოცდილებისკენ და თუკი საკუთარ ქვეყანას არ ვცემთ იმდენ პატოვს, სხვისი ჭკუის სწავლება არ გვჭირდებოდეს, ლათინებს მაინც დავესესხოთ მარტივი კითხვით გადმოცემული უჭკობი საზრისი: Cui prodest? ანუ ვინ მოიგებს? ვინ ისარგებლებს?.......ვის "აწყობს"?!
ეს არის და ეს.
კითხვა უცდომელია. მით უმეტეს, რომ პასუხი - მზესავით ნათელი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საბრალო, გულსუფთა ბავშვები კი ნამდვილად უნდა გვეცოდებოდნენ. აქაც არიან ასეთები. თუმცა ისინი პროცესებს ვერ ქმნიან - სხვებს მიჰყვებიან.

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა