Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba

როგორი იქნება პრორუსული საქართველო?

12.08.2021 | 11:19 ნახვები: 977

„ყველა ჩვენი პრობლემის გასაღები დღეს მოსკოვშია!", - აცხადებს მაროდიორების და დამრბევების პარტია, რომელმაც 7 დეკემბერს საქართველოში ოფიციალური რეგისტრაცია მიიღო.
ეს ამგვარი პირველი შემთხვევა არაა - „ყველა ჩვენი პრობლემის გასაღები რუსეთშია" - ეგ უკვე საკმაოდ ძველი ლოზუნგია და ის გაცილებით უფრო ეშმაკმა და ჭკვიანმა ადამიანებმა სათავისოდ ვერ გამოიყენეს. წესით, სხვებსაც უნდა გაეგოთ აქამდე ის, რისი გაგებაც ბევრს არ სურს - ნუ ფიქრობთ, რომ საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრორუსული ორიენტაცია თქვენ პოლიტიკაში შეძრომაში დაგეხმარებათ.
უკეთესი იქნება ჰკითხოთ თქვენზე ათასი თავით მაღალგანვითარებულ ნინო ბურჯანაძეს, და ცივილიზებული პოლიტიკოსის იმიჯის მქონე ირმა ინაშვილს - ისინი გიპასუხებენ.
არ გეგონოთ, რომ ბაზრებში და ტაქსისტებს შორის მოსმენილი ლოზუნგები „თურქებმა შეგვჭამეს", „პიდარასტებმა წაიღეს აქაურობა" და „რუსეთი ჩვენთვის უკეთესია, ერთმორწმუნეა, რაც არ უნდა იყოს" - თქვენ პოლიტიკურ მომავალს მოგანიჭებენ. ქართული პლებსი ბევრს ლაპარაკობს, მეტს წუწუნებს, მაგრამ ძალიან ცოტას აკეთებს - საქართველოში უსაქმურების და „ბირჟავიკების" ეპიკური რაოდენობა თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.
საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ტაქსისტი და გარემოვაჭრე პოლიტიკას შექმნიან - ამ ქვეყანაში პოლიტიკას საშუალო ფენა ქმნის, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია - სწორედ ისინი წარმოადგენენ „საზოგადოებრივი აზრს" და მათ გარეშე პოლიტიკური ამინდი ვერ შეიცვლება.
შეგიძლია მთელი დღე ილაპარაკოთ პატრიარქზე და ეკლესიაზე, ილოცოთ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და „მაგარ კაც-პუტინთან" მეგობრობაზე იოცნებოთ, მაგრამ საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების შედეგები ცხადყოფს - პლებსი აქ არაფერს წყვეტს, არჩევნებზეც კი არ დადის.
პრორუსებს დღევანდელზე ოდნავ მეტი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდეთ, მიხვდებოდნენ, რომ რიტორიკა „რუსეთს კარგად მოვექცეთ და ის მიწებს დაგვიბრუნებს", არა მხოლოდ პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, არამედ ბანალური ტყუილი.
რუსეთი არაფერს არ დაგვიბრუნებს. ხვალ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში კულტურული ავტონომიის სტატუსითაც რომ შევიდეს - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე არც კი იფიქროთ.
ამას თქვენ მე კი არა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრო სერგეი ლავროვი გეუბნებათ, რომლის სიტყვებითაც „ქართულმა მხარემ" „ახალი რეალობა"უნდა აღიაროს". ეს არაერთხელ უთქვამთ ასევე სხვა მაღალჩინოსნებს, ერთი-ორჯერ პუტინმაც კი ბრძანა.
რა თქმა უნდა, საქართველოსგან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არავინ ითხოვს - ეს რუსული საზომებითაც კი ზედმეტი თავხედობა იქნებოდა, თუმცა, „შეეგუეთ ახალ რეალობას" ნიშნავს ჩამოყალიბებული მდგომარეობის მიღებას და პროტესტის გამოთქმაზე უარის თქმას.
რუსეთი არ დათმობს წართმეულ მიწებს, როგორც არ უნდა ფიქრობდნენ ქართველი ვაჭრუკანები -არა იმიტომ, რომ ცხინვალი ან აფხაზეთი სჭირდება - რეალურად - მათგან მოსკოვს არანაირი ხეირი არა აქვს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში კრემლი არ მიუგდებს ამ ტერიტორიებს თბილისს ჩასაყლაპად.
იმიტომ, რომ იმიტომ. იმიტომ, რომ რუსეთი იმპერიაა, იმპერია კი წართმეულ მიწებს არ აბრუნებს. იმიტომ, რომ არც ერთი იმპერია მოკავშირეებით არ ვაჭრობს. ესაა იმპერიის პრინციპი და როგორც კი ის ამ პრინციპს დაარღვევს - არ ექნება ვასალებისგან ნდობა, ხოლო ნდობის გარეშე კი ის იმპერია ვერ იქნება.
ტიპიური ქართული წვრილფეხა ვაჭრუკანობა - „ჩვენ კარგად მოვიქცევით - თქვენ მიწები დაგვიბრუნეთ", „ჩვენ ღვინოს მოვიტანთ - თქვენ ხინკალს".
რა თქმა უნდა, მსოფლიო პოლიტიკა ელიავას ბაზრობის მენტალიტეტით რომ წყდებოდეს, ასეც იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მსოფლიო პოლიტიკას ქართველი კაი ბიჭები არ ქმნიან..
ახლავე შემიძლია გითხრათ რა იქნება, დღეს დამრბევთა და მაროდიორთა პარტია ხელისუფლებაში რომ მოვიდეს. დაიწყება ბევრი ლაპარაკი, შეიქმნება ქართულ-აფხაზურ -რუსული სამუშაო კომისია, რომელშიც დაპირისპირებული მხარეების რამდენიმე შეხვედრას გამართავს, აფხაზი პოლიტიკოსები ჩამოვლენ თბილისში, ქართველები სოხუმში, ადამიანებში გაჩნდება იმედი, რომ აი, დღე-დღეზე, აფხაზეთი და სამაჩაბლო დედა-სამშობლოს დაუბრუნდებიან.
მერე კი უცებ, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მოლაპარაკებებში დიდი წარმატებები არ ჩანს, რომ აფხაზებს ქართველების დაბრუნება არ სურთ, რომ არც ერთი რეალური პრობლემა მხარეებს შორის არ გადაწყვეტილა..
საბოლოოდ, აღტკინება გაიფანტება, დროშები გახუნება, ქაღალდზე დაწერილი უამრავი კეთილი სურვილი ბოლოს და ბოლოს თაროზე დაიდება...
პრორუსული საქართველო ვერანაირ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს, იმიტომ რომ იმპერიები მიწებს არ აბრუნებენ. საქართველო ვერც ერთი თავისი მნიშვნელოვანი პრობლემის გასაღებს მოსკოვში ვერ ნახავს - ღვინის ექსპორტის გარდა..
თუმცა, არავინ იფიქროს, რომ ყველაფერი საბოლოოდ უკვალოთ ჩაიცლის, და „არ მოგვეწონა - გადავირჩევთ".
ვერ გადაირჩევთ - საკმარისია რეალურმა პრორუსულმა ძალამ საქართველოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს - ის უკვე არასდროს და არსად წავა.
პუტინი გორბაჩოვის ყველა შეცდომას გაითვალისწინებს და მის ქვემდებარე მიწებზე თავისუფლების ყველანაირ ნიშან-წყალს წაშლის. ოპოზიცია, დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, შედარებით თავისუფალი ცხოვრების წესი - ეს ყველაფერო წარსულს ჩაბარდება.
არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ დიდ პოლიტიკას შეეხება - ყველას მოგწვდებიან. ჯერ გეები სცემეს, მერე ჟურნალისტები, მერე კი რიგი ადამიანებს მიადგნენ - ვისაც მათი აზრით ზედმეტად გრძელი თმები ან ტატუ ჰქონდა, ვისაც შავი ფერისგან განსხვავებული ფერის ტანსაცმელი ეცვა...
გაიხსენეთ - როდესაც დამრბევების და მაროდიორების ჯგუფებს მცირე ხნით თავის ნებაზე მიუშვებენ - რა წიოკი ხდება იმ დღეებში თბილისის მეტროში ან ქუჩებში...
პრორუსულ საქართველოში არ იქნება არანაირი „ქრისტიანული დემოკრატია" - პრორუსულ საქართველოში იქნება ეკლესიის, ქურდების, ზონდერების, სხვადასხვა კატეგორიების უსაქმურების და ხელმოცარულების დიქტატურა. ბნელი, არაფრის მაქნისი, მჩაგვრელი, და რეალურ სამყაროში სრულიად არაქმედითუნარიანი.
პრორუსული საქართველო რუსულ ჩრდილოეთ კავკასიას დაემსგავსება, თუმცა, სპარტანული ჩეჩნურ-ინგუშურ-დაღესტნული ცხოვრების წესის მოყვარულთ მაინც და მაინც ნუ გაგიხარდებათ.
ჩრდილოეთ კავკასია მთელი თავისი ნაკლებით და ღრმა ჩამორჩენილობით, ასე თუ ისე ჯანსაღი წესებით ცხოვრობს.
ჩრდილოეთ კავკასიაში ცოტას სვამენ და ცოტას მოიხმარენ ნარკოტიკებს.
ჩრდილოეთ კავკასიაში მამაკაცების უმრავლესობა სპორტითაა დაკავებული და ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიმდევარია.
ჩრდილოეთ კავკასიაში ახალგაზრდები ერთმანეთს არ ხოცავენ სისულელეების გამო, რადგანაც სისხლის აღების წესის ეშინიათ.
ჩრდილოეთ კავკასიაში რეალ-ბარსელონას გამო ადამიანები ოჯახებს უსახლკაროდ არ ტოვებენ.
ჩრდილოეთ კავკასიელები - ნამდვილი მთიელი კავკასიელები არიან, თავიდან ბოლომდე, თავისი თავშეკავებულობით და ღირსების კოდექსით.
პრორუსული საქართველო არ იქნება ასეთი ჩრდილოეთ კავკასია. პრორუსული საქართველო იქნება ვითომ ტრადიციული, სინამდვილეში კი სუსტი, დოყლაპია, გალოთებული, დეგრადირებული, უპრინციპო ქვეყანა, სადაც „კავკასიელობაც" კი მხოლოდ სიტყვის დონეზე იქნება.
პრორუსული ხელისუფლების მოსვლა ამ ქვეყნის საბოლოო, შანსების გარეშე. გადაგვარებას ნიშნავს.
და ესეც ტერიტორიების დაბრუნების გარეშე..

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა