აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

დღის კომენტარი: სასამართლო - ბადრი ჯაფარიძე - სადეპუტატაო უფლებამოსილება

01.13.2022 | 19:05 ნახვები: 404

დღის კომენტარი: სასამართლო - ბადრი ჯაფარიძე - სადეპუტატაო უფლებამოსილება

 

12 იანვარს, საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, მათ საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.

მალევე წამოიჭრა საკითხი, ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, რომლზეც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. ამის საფუძველი იქნება კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე  განიხილავს ბადრი ჯაფარიძის მანდატის მოხსნის საკითხის აუცილებლობას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს უჭირს დაკონკრეტება, ბადრი ჯაფარიძეს შეუწყდება თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიაზე, თუმცა მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილება გარემოებების გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული.

„წინასწარ საუბარი არ შეიძლება, არც რაიმე განწყობით მოქმედება იქნება რეკომენდებული. განხილვისას მოცემულობა ობიექტურად უნდა შევაფასოთ. ფორმალური საფუძველი არის, საკითხი განხილული უნდა იყოს, როგორი იქნება გადაწყვეტილება, მსჯელობას უნდა დაველოდოთ. ეს რომ იყოს ისეთი საკითხი, რომელიც უალტერნატივო გადაწყვეტილებას გულისხმობს, ამ შემთხვევაში, გარდაუვალი სამართლებრივი რეზულტატი იქნება, მაგრამ ასეთ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს და ეს აუცილებლად მოითხოვს მსჯელობას და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, მათ შორის, როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება იგივე ნასამართლეობის საკითხთან დაკავშირებით და ა.შ. ამ თვალსაზრისით გარემოებების სიმრავლეა. თავისთავად, ნასამართლობა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ დეპუტატისთვის მანდატის არსებობა დაუშვებელი იყოს, რადგან ვიცით, ისეთი პირები არჩეულან, რომლებსაც ნასამართლეობა ჰქონდათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 ოპოზიციაში ფაქტს კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან  ეს ნაბიჯი იქნება პოლიტიკური დევნის გაგრძელება.

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, პარლამენტი თუ აპირებს, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე სერიოზულად იმსჯელოს, ეს მმართველი გუნდის მხრიდან პირდაპირ იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაგრძელებული დევნა.

„ამ აბსურდის საფუძველზე პარლამენტი თუ აპირებს, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე სერიოზულად იმსჯელოს, ეს მმართველი გუნდის მხრიდან პირდაპირ იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაგრძელებული დევნა, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს, რადგან ის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება ერთად მოვისმინეთ, აზიანებს ხელისუფლებას, დააზიანა საერთაშორისო რეპუტაცია და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, როგორი სასამართლო გვაქვს. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი ამ საქმეს საბოლოოდ აუცილებლად მოიგებენ, მათ შორის, თუ დასჭირდათ – სტრასბურგში.

... გადაწყვეტილება არის სამართლებრივი აბსურდი, რომელიც ქრესტომათიული მაგალითი გახდება იმის, თუ როგორ იყენებდა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემას საკუთარი დღის წესრიგისთვის. მისი ამოცანა იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება რუსეთის პირდაპირი მოთხოვნით, რაც განხორციელდა კიდეც. ქვეყანაში სამი პოლიტიკური პატიმრის გაჩენის ფუფუნება არ ჰქონდა ხელისუფლებას, რომლის საერთაშორისო ავტორიტეტი განადგურებულია. ამიტომ სასამართლოს დაავალეს, სამართლის მასხრად და აბუჩად აგდება მოეხდინა, როცა მუხლი შეცვალეს“, – განაცხადა  სალომე სამადაშვილმა.

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს.

„თუ ეს საკითხი დაიძრა, ცხადი იქნება, რომ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ საქმე გვქონდა სწორედ ამ ვითარებასთან. ჩვენ, როგორც ნიკა მელიას, ასევე ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაშიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგი ვიქნებით. ერთადერთი მხარი დავუჭირეთ მამუკა ხაზარაძის და ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერებას, რადგან ამას თავად ითხოვდნენ. თუ ადამიანს არ უნდა პარლამენტის წევრი იყოს, ძალით ხომ არ დააბამ? ერთია, ხაზარაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის დასტური იყო. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორია პოლიტიკური მართლმსაჯულება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს.

„პატიმარს ციხეში ჯდომა რომ უწევდეს, ის თან ვერ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ, ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ მივუსაჯე, მაგრამ ძალაში არ არის, რადგან დანაშაული ხანდაზმული არისო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" თავისი აქციონერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

კონსორციუმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება "ქართული ოცნების" მხრიდან.

"მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა - ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო, რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International-საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა.

ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება. სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანის მომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით ქართული ოცნების მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში", - წერს კონსორციუმი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება ბრალდებულებს ფულის გათეთრებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე ეს მუხლი გადააკვალიფიცირა და ისინი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

ავტორი:გოგა ჩხენკელი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა