ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

რუსული მორალი ექსპორტზე

02.03.2022 | 11:20 ნახვები: 644

აღმოსავლეთ ევროპის ეკლესიების უახლესი ისტორიისადმი მიძღვნილ არაერთ სახელმძღვანელოსა თუ კვლევაში შეხვდებით სავსებით სამართლიან მოსაზრებას, რომ XX საუკუნეში, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციებსა და კონფერენციებში სასულიერო პირთა ჩართულობას ჰქონდა კონკრეტული მიზანი - საბჭოეთი ყოფილიყო წარმოჩენილი იმ პოლიტიკურ გაერთიანებად, რომელშიც ადამიანის უფლებები დაცულია, რელიგიებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, ზოგადად, საზოგადოება კი მშვიდობასა და აყვავებას განიცდის.

რელიგიური თავისუფლება არ იყო ერთადერთი იმიჯი, რომლის ექსპორტსაც ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება მთელ მსოფლიოში იმ რელიგიური ერთეულების მეშვეობით, რომელთაგანაც ყველაზე მსხვილი მოსკოვის საპატრიარქო გახლდათ.

რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, რელიგიური ტოლერანტობის შემდეგ საკუთარი თავის მეორე იმიჯი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებას ასაღებდნენ, იყო მსოფლიოში მშვიდობის დამცველებისა და ამ შემთხვევაშიც, იმიჯის უმსხვილესი ექსპორტიორები სწორედ რელიგიური აქტორები იყვნენ. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ კომუნისტური ელიტა ერთი ხელით ომს აჩაღებდა, მეორეთი კი მშვიდობისმყოფელის ავტოპორტრეტს ხატავდა, რელიგიური აკვარელის გამოყენებით. ამაზე ისტორია მეტყველებს.

ჯერ კიდევ 1952 წელს, კორეაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში საბჭოთა კავშირის აქტიური ჩართულობის კვალდაკვალ, წმ. სერგის ლავრაში გაიმართა მასშტაბური საკავშირო სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების, ასევე საბჭოთა კავშირში არსებული ყველა სხვა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლები.

1962 წელს, კარიბის კრიზისის პირობებში საბჭოთა რელიგიურმა ელიტის წარმომადგენლებმა, მათ შორის მოსკოვის პატრიარქმა ალექსი I-მა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ, ხელისუფლების მოთხოვნით, მთელს მსოფლიოში დააგზავნეს საგანგებო დეპეშები, სადაც იუწყებოდნენ ახალი  დიდი ომის საშიშროების შესახებ, რომლის პროვოცირებასაც, კაცობრიობის წინააღმდეგ ცდილობდა ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოთა მშვიდობისმოყვარე ხელისუფლებისაგან განსხვავებით.

მეორე სამშვიდობო კონფერენცია, მოკსოვის საპატრიარქომ გამართა 1969 წელს, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი საომარ მოქმედებებს ახორციელებდა ვიეტნამში, სირიასა და მოზამბიკში. რა თქმა უნდა, კონეფრენციათა შემაჯამებელი რაპორტები ხაზს უსვამდნენ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაში საბჭოთა კავშირის (და რელიგიებისაც) როლს.

1977 წელს, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი სამხედრო მოქმედებებს ახორციელებდა ეთიოპიაში, მოზამბიკში და ანგოლაში, მოსკოვის საპატრიარქომ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი, ამჯერად საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია მოიწვია სახელწოდებით: „რელიგიური მოღვაწენი უკეთესი სამყაროს, განიარაღებისა და ერთა შორის სამართლიანი ურთიერთობებისათვის“.

1982 წელს, ზუსტად მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის ატომური იარაღის მფლობელი (1950-2010 წლების დიაპაზონში პიკი იყო 1980 წ.), მოსკოვის საპატრიარქომ ხელახლა მოიწვია საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია: „რელიგიური მოღვაწეები სიცოცხლის წმინდა ძღვენის გადასარჩენად ატომური კატასტროფისგან“. კონფერენციის მონაწილეებს საბჭოთა ხელისუფლება მოსკოვის „სოვიცენტრში“ მასპინძლობდა და მოსკოვის დოკუმენტალისტიკის სტუდიიდან ჯგუფიც კი გამოიყო, რომელმაც კონფერენციის მსვლელობა კადრზე აღბეჭდა და დოკუმენტურ ფილმად აქცია.

ის, რომ საბჭოთა კავშირი ამ კონფერენციათა ხელშეწყობითა და მოსკოვის საპატროარქოს გამოყენებით, რეალურად არა მშვიდობის დაცვას ცდილობდა, არამედ საკუთარი „მშვიდობისმყოფლობის“ იმიჯის მსოფლიოში ექსპორტს, ჩანს არა მხოლოდ იმ სამხედრო მოქმედებებიდან, რომლებსაც ის დედამიწის სხვადასხვა წერტილში კონფერენციათა პარალელურად აწარმოებდა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული ასეულობით წვრილ-მსხვილი კომუნისტური ორგანიზაციების იდეოლოგიური ისტორიიდანაც: გარკვეულ წრეებში საბჭოთა კავშირის, როგორც მშვიდობის გარანტის როლი კარგად იყიდებოდა და ბუნებრივია სსრკ ამ გავლენებს იყენებდა კიდეც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის.

თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროში, სადაც ელვის სისწრაფთ ვრცელდება კადრები და დოკუმენტები მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან, რუსეთის, როგორც მშვიდობის-მცველის როლის გაყიდვა გაცილებით გართულებულია (თუმცა ვიწრო წრეებში მაინც საღდება), არა და იმიჯის ექსპორტი, საერთაშორისო გავლენების და უცხო ქვეყნებში საკუთარი გავლენის წრეების შესაქმნელად კვლავინდებურად აუცილებელია. მაშ რას ყიდის რუსეთი დღეს?

რა თქმა უნდა, საშუალებად კვლავ გამოცდილ პარტნიორს - მოსკოვის საპატრიარქოს იყენებს და იმიჯიც, რომელსაც მსოფლიოს სთავაზობს, კვლავ შარავანდედის მორგებას ცდილობს. ამჯერად რუსეთი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი დასავლეთის ქვეყნებს წარმოუდგება როგორც ტრადიციული ოჯახის ფასეულობების დამცველი.

ხსენებული იმიჯი განსაკუთრებით კარგად იყიდება ტრადიცული რელიგიური დენომინაციების მიმდევართა შორის (კათოლიკეები, მართლმადიდებლები, ზოგიერთი პროტესტანტული მიმართულებები და სხვ.). რუსეთის ხელისუფლება და მოსკოვის საპატრიარქო კი აქტიურად აფინანსებენ საოჯახო კონგრესებს მთელ მსოფლიოში.

მაგალითად, 2018 წელს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ლივორნოს კათოლიკური ეპარქიის ორგანიზებით ქ. ლივორნოში გაიმართა ოჯახისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეც ამ სტრიქონების ავტორიც გახლდათ. თანამედროვე ქრისტიანული ოჯახების პრობლემებსა და გამოწვევებზე, სოციოლოგიასა და თეოლოგიაზე მსჯელობას ხშირად ქვეტექსტად გასდევდა რუსეთის შეუცვლელი როლი მსოფლიოში ოჯახის ფასეულობათა გადარჩენაში, რასაც დასავლელი მსმენელები აღფრთოვანებაში მოჰყავდა.

2019 წელს, რუსეთმა ქალაქ ვერონაში დააფინანსა დიდი საერთაშორისო საოჯახო კონგრესი, რა თქმა უნდა, აქაც არნახული წარმატებით მოახერხა საკუთარი „სიწმინდის მცველი“ იმიჯის გასაღება.

ბუნებრივია, ქართველ მკითხველს გაახსენდება ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული საოჯახო კონგრესი 2016 წელს და მისი კავშირები რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან. რუს ხალხთან ერთად - განაცხადა მაშინ ვასაძემ - ჩვენ გავუძელით და თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი, ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან. მანამდე ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განადგურებისგან გადარჩენაში.“ ალბათ არაფერი ისე კარგად არ გადმოსცემს ამ „საოჯახო კონგრესის“ ნამდვილ შინაარსს, როგორც მოხმობილი ციტატა.

ის, რომ რუსეთისათვის „ოჯახის სიწმინდე“ მხოლოდ საექსპორტო პროდუქტია, რომლითაც საკუთარ იმიჯს იმყარებს და პოლიტიკური გავლენის წრეებს ქმნის სხვადასხვა ქვეყანაში, იქიდანაც ჩანს, რომ „ოჯახის დამცველმა“ რუსეთმა, 2017 წელს, მოსკოვის საპატრიარქოს შუამდგომლობით საოჯახო ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა: წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება მეუღლეს მსუბუქად წამოარტყა კიდეც.

რა თქმა უნდა, ქრისტიანული თვალთახედვით, როგორც მშვიდობისათვის ბრძოლა, ასევე ოჯახის ფასეულობები ძირითად სათნოებებად ითვლება და შეუძლებელია ამის ეჭვექვეშ დაყენება. საკითხი, რომელზეც აქ მოკლედ მოთხრობილმა ფაქტებმა უნდა დაგვაფიქროს შემდგეია: ის, რასაც ენთუზიაზმით ვემსახურებით, ტროას ცხენი ხომ არ არის, შემოსილი სათნოებით და სავსე მტრის ინტერესებით? ღირს კი რუსეთიდან, მოსკოვის საპატრიარქოს მეშვეობით ექსპორტირებული „მორალის“ ნდობა, როდესაც მის უკან ამორალიზმით სავსე ისტორია დგას?

გამეორებად ღირს, რომ საკითხი მეტად კომპლექსურია: ერთი მხრივ ქრისტიანს არ შეუძლია და ვერც შეძლებს უარი თქვას ძირითადი სახარებისეული ფასეულობების ქადაგებაზე, რომელთა შორისაც არის ოჯახი, მშვიდობა, სამართლიანობა... მეორეს მხრივ კი უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ არ აღმოჩნდეს იდეოლოგიური გავლენის იარაღი არაკეთილისმოსურნის ხელში, რომელიც ოჯახის სიწმინდის სახელით ევროკავშირის დროშას დაგვაწვევინებს, პოლიტიკურ კურსს შეგვაცვლევინებს და ისტორიას დაგვიმახინჯებს: თუ როგორ გადაგვირჩინა რუსეთმა ქრისტიანობა.

 

ავტორი: მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, რომის აღმოსავლეთის პონფიფიკალური ინსტიტუტის დოქტორანტი

 „ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა