გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?
26 აპრილს, საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 27-29 აპრილს კი, ხანმოკლე წვიმა
შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია

გოჩა მირცხულავა: ქართული პოლიტიკის კოგნიტური დისონანსი და ანომალიური პარლამენტი

12.18.2020 | 17:59 ნახვები: 1028

ნიუსი: აშშ-მ Sunburst-ის კიბერშეტევა სერიოზულ საფრთხედ დაასახელმა. ეჭვმიტანილია რუსეთი. (წყარო BBC)

--
სერიოზულად, უფრო სწორად, განსაკუთრებულად საინტერესოდ არ მეჩვენება გავრცელებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ.

რატომ? - ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველი: არის გარემოება, როდესაც სადაც უნდა წახვიდე, მაინც იქ რჩები, სადაც ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის, თუ თავად არ გინდა შეცვალო, ანუ გარემოების მსხვერპლი ხარ.
მეორე: ჩვენ ხომ ვნახეთ წასვლაც და მობრუნებაც? რამე შეიცვალა შინაარსობრივად, ან გნებავთ, თვისობრივად იქ (პარტიაში), საიდანაც შესაძლოა, წავიდეს? - არა!
მესამე: აი, ძალიანაც გულწრფელად რომ თქვას, მივდივარო და მართლაც წავიდეს, „ოცნება" უშვებს რო? სჭირდება ახლა პასუხისმგებლობა, ვალდებულებები ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრების საკვანძო თანამდებობაზე მყოფთა უმეტესობას? _ არა (თუმცა, აქვე ვაღიაროთ, რომ უფლებამოსილებასა და ძალაუფლებას უმეტესი მათგანი უფრო მეტსაც ისურვებდა)!
ყველაზე მთავარი: წავა და იმ წამსვე შევა კონფლიქტში საკუთარ თავთან, პრინციპებთან და ეს ხომ ყველაზე დიდი კონფლიქტია კაცობრიობის დასაბამიდან...
არგუმენტები კიდევ უამრავი შეიძლება მოვიყვანო... უბრალოდ, ბოლოს იგივე შედეგი იქნება, ვიდრე მობრუნდებოდა - არაფორმალური მმართველი! ვიმეორებ, ეს მაშინაც კი, თუ ძალიან გულწრფელად წავა... უკანმოუხედავად.

თან, იცით? - ძალიან იშვიათია მსოფლიო პოლიტიკაში იულიუს ცინცინატის ფენომენი - „კაცმა კომბოსტო ამჯობინა სამეფო სკიპტრას..."

***
2003 წლამდე, უფრო სწორად, იმ დრომდე, ვიდრე მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს ობსტრუქციას მოუწყობდნენ, ედუარად შევარდნაძეს ჰქონდა ასეთი იდეა - 2005 წლის შემდეგ, ბურჯანაძე ხდებოდა პრეზიდენტი, იქმნებოდა სენატი, რომელიც ქვეყანაში იყო მთავარი მმართველი პოლიტიკური ორგანო და მისი თავმჯდომარე გახდებოდა თავად. 2007 წელს ვკითხე, მართლა ამას აპირებდით, ბატონო ედურად?
გაიცინა და მომიგო:
- „რას ვაპირებდი, რა მნიშვნელობა აქვს, სენატია, სადაც ვზივართ ახლა ჩვენ?"
არა, კრწანისში ვიყავით.
მოკლედ, მთავარი ის კი არ არის რა პოლიტკურ სურვილებს, დოქტრინებს, სტრატეგიებს ამჟღავნებენ პოლიტიკოსები, პარტიები და მათი ლიდერები, არამედ, რეალობა, რომელიც არსებობს და ყალიბდება.


***
მერე რა, რომ ჩვენ რელურად ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და, პრაქიკულად, ვერ ვიაზრებთ ამ საუკუნის სიკეთეებსა და საფრთხეებს. ვერ ვიზრებთ და ვერ ვგრძნობთ სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ეს ჩვენგან დამოუკიდებლად არ არსებობს. პირიქით, არსებობს და ჩვენი არასაკმარისი ცოდნა განსაზღვრავს, რომ ზოგჯერ დაბნეულები ვართ - ზოგნი მეტი, ზოგნი კი ცოტა ხნით, მაგრამ აქ იწყება ყველაზე მთავარი - ადამიანი სხვადასხვა საშუალებით იწყებს მისთვის საჭირო, აუცილებელი ან ზოგჯერ სულაც არასაჭირო და არააუცილებელი ცოდნისა თუ უნარის შეძენას.
ჩვენ ხშირად ვავლებთ პარალელეს ისტორიის სხვადასხვა ეპოქასთან და აი, აქ ვუშვებთ შეცდომებს, რადგან თუნდაც 2 ან 3 ათწლეულის წინ ჩემი მსოფმხედველობა, ცოდნა თუ უნარები სხვა იყო, ახლა კი საერთოდ სხვაა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „ანალოგიურ ვითარებაში" მე რაიმე სახის სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ჩემი გადაწყვეტილება იქნება უფრო გააზრებული, გაბედული.

დროს არ დავკარგავ უაზრო სენტიმენტებსა და შიშებზე. ახლა ჩემთვის მთავარი სულაც არ არის სენეკას ფორმულა, ნიცშეს მიერ უფრო განვრცობილი, რომელსაც აპრიორი, მუდამ ვაღიარებდი - მთავარია, ვინ თქვა და მერე - რა თქვა. ახლა ჩემთვის მთავარია, მე რა დასკვნა გამოვიტანე ნათქვამიდან და როგორ აღვიქვი. მაგალითად, როდესაც მეუბნებიან, რომ სახელმწიფოში მთავარია კეთილდღეობა, მე ჩემი დაგროვილი გამოცდილების, უნარებისა და ცოდნის საფუძველზე ზუსტად ვიცი, რომ ამ ფრაზის ავტორი საკუთარი თავის, გუნდის და კასტის კეთილდღეობაზე საუბრობს. ან როდესაც მესმის მუდმივად შიშნარევი ფრაზები გადატრიალებაზე და ამის შესაძლებლობას კი არა, სიმპტომებსაც ვერ ვხედავ, ზუსტად ვიცი, რომ სწორედ მაშინ არ მოხდება გადატრიალება და თუ ასე დიდი ხანი გაგრძელდა, ანუ გადატრიალება-რევოლუციაზე საუბარი, ოდესმე ხალხური სიბრძნის - „მგელი მოდის"... ანალოგიის მომსწრეც გავხდები. ასევე, ზუსტად ვიცი, რომ პოლიციის პრეროგატივა თუ პოლიტიკურ ძალის (არ აგერიოთ სახელმწიფოს დაცვაში) დაცვა გახდება, ის ხვალ თუ ზეგ დაიღლება, სულაც ყირაზე დადგომის უფლება რომ მისცე. ისიც ვიცი, რომ თითქმის ყველა საჯარო მოხელეს მეტწილად ერთი პოზიციით(!) მასზე მაღლა მდგომი კოლეგა სძულს. სძულს, რაც უნდა დიდი მეგობრები იყვნენ ცხოვრებაში და ისიც გასარკვევია - რას ეფუძნება ეს მეგობრობა.
ისიც კარგად ვიცი, რომ ცხოვრება, მათ შორის, პოლიტიკური, შეუძლებელია მიდმივი აგრესიისა და სიძულვილის პირობებში.

***
ახლა ქართული პოლიტიკა „კოგნიტური დისონანსის" ფაზაშია. მოდით, კოგნიტური დისონანსის ექსპერიმენტის მაგალითს მოვიტან: კოლეჯის სტუდენტებმა მოატყუეს სხვა სტუდენტები და შემდეგ, იმ შემთხვევაში, უფრო მეტად დაიჯერეს საკუთარი ტყუილი, როცა ამ ქცევისათვის საკმაოდ უმნიშვნელო ჯილდოს იღებდნენ.
ახლა, სულაც არ არის აუცილებელი ვიღაცის პერსონალური კრიტიკა. ახლა ქვეყანას პოლიტიკური უბედურება სჭირს. კანონზომიერებაა დარღვეული.
ავხსნა? - კარგი, შევეცდები მარტივად:
მზე და მთვარე, სიცივე და სითბო, კეთილი და ბოროტი, მარჯვენა და მარცხენა, კენტი და ლუწი, მდედრი და მამრი, მაღალი და დაბალი, მსუქანი და სუსტი, თეთრი და შავი, დღე და ღამე... ყოველი ძალა რომ უკუძალას იწვევს, ეგეც იცით, ხომ? ანუ, შეხედეთ, რა ხდება - კაცობრიობა კი არა, სამყარო დგას ბალანსზე და თუ ბალანსი ირღვევა, ეს უკვე ანომალიაა. ამიტომ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, სამყაროს საფუძველების გააზრებაც არის საჭირო, როდესაც ვიღაც ამბობს - მერე რა, რომ პარლამენტი ერთპარტიულია. მერე რა? არც არაფერი - სწორი ფორმულირებაა საჭირო - პოლიტიკური ანომალია, ან ანომალიური პარლამენტი.

მოდით, ახლა იმის განსჯას ნუ დავიწყებთ, ეს რატომ მოხდა, ანუ რატომ გვაქვს ანომალიური პარლამენტი და ვისი მიზეზით. პრინციპში, ჩემგან არ აქვს აზრი ამის ახსნა, რადგან ყველა საკუთარი აღქმის საფუძველზე აფასებს მოვლენას. უბრალოდ, ყველა არ უყურებს პროცესს, როგორც ანომალიურს და რა ხდება ხოლმე ანომალიის დროს? - გონიერი ადამიანები ცდილობენ ამ ვითარების შეცვლას. ამისთვის კი ორი გზა არსებობს - თერაპია და ქირუქგია (რა თქმა უნდა, ორივე პირობითია). შემეძლო დამეწერა: ერთი გზა - პროცესების მშვიდობიანი განვითარებაა, მეორე კი - „მგელი მოვა"!
და მგელი ვინმეს მართლა სააკაშვილი ჰგონია? ნწუ! - მგელი, აგერ, გვერდით სადარბაზოში მცხოვრები 84 წლის ქრისტინა (!) დეიდაა... რატომ? - ამის ახსნას ახლა არ დავიწყებ.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ბალანსი ხელოვნურად ვერ მყარდება, მას ბუნებრივი მოცემულობა სჭირდება. თუ განმარტება ან კონკრეტიკაა საჭირო - პარლამენტში ძალით ან იძულებით შეყვანილი ოპოზიცია ბალანსს ვერ აღადგენს. 3,4 ან გნებავთ 10 არ არის 60-ის ტოლი.

***
ფსიქოლოგიის მინიმალური საფუძვლების არმცოდნე ადამიანებიც კი თამაშობენ ფსიქოლოგობას, როდესაც თანამოსაუბრეს, ან ჯგუფს ეკითხებიან - აღწერონ ჭიქაში ნახევრად ჩასხმული წყალი, როგორც ნახევრად სავსე, ან ნახევრად ცარიელი. მერე დასკვნა-შეფასებებსაც აკეთებენ, პესიმისტია თანამოსაუბრე თუ ოპტიმისტი. ხომ მაგარია, არა? - ეგრევე ასკვნი უამარავ რამეს. ამ ლოგიკით, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, 88 ან 90, გნებავთ, 99 წევრის შემთხვევაშიც, ნახევრად ცარიელი იქნება. იცით, რატომ? - მუდმივად ერთი და იმავე გარემოებიდან გამომდინარე - ოპოზიცია პარლამენტში არ არის. დამიჯერეთ, საშინლად პესიმისტური ვითარებაა, ვიმეორებ: დარღვეულ ბალანსზე რომ არაფერი ვთქვა და თუ მიპასუხებთ, მეტწილად ხომ სავსეაო, იქვე თავად ამბობთ „მეტწილად" და თავად ბადებთ პესიმიზს და რეალურად, გკარნახობთ ქვეცნობიერი, რომ ეს დისბალანსი პერსპექტივაში დამღუპველია!

***
კარგი, ფსიქოფილოსოფიური დოგმები არ არსებობს. არ არსებობს აბსოლუტურად სტანდარტული ვითარება პოლიტიკაში, მით უფრო, როცა ვიღაც გეუბნება, რომ მე უნდა დაგამარცხო. რა უნდა გააკეთო? დანებდე? რატომ მოვითხოვთ ივანიშვილისგან დანებებას, ან ეს რა სტანდარტია? არ არსებობს ორი-სამი ვადის სტანდარტი. არსებობს პოლიტიკური კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის სტანდარტი ისევე, როგორც პოლიტიკური მიზაშეწონილობის. ვის, ვის და, ბატონ ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს ბალანსის არსი. ისიც, რომ ქართული პოლიტიკა, რომელიც სიძულვილით იკვებება, კეთილსიდისიერი ვერ იქნება. მისთვის ასევე, ცნობილი უნდა იყოს და, სავარაუდოდ, არის კიდეც, რომ საქართველოში აზდაკის სასამართლო არ მოქმედებს. მაშინ, რა რჩება თუნდაც იმისთვის, რომ არ დავმარცხდე? - მოქმედება პოლიტიკური მიზაშეწონილობის პრინციპით. დიახ, ეს პრინციპი რომ დაირღვა, იმიტომაცაა ახლა ეს პოლიტიკური ანომალია, გნებავთ, ანომალიური პარლამენტი და არა იმის გამო, რომ მისი რომელიღაც წევრი ზეზვასა და მზიას პირდაპირ შთამომავალს ჰგავს, ვიღაცას კი მზეთუნახავებისთვის აქვს დაწესებული ხელშეუხებლობის გარანტია.
ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის, უფრო სწორად, სახელმწიფოსთვის საუკეთესო ვითარებაში სწორი პოლიტიკური მიზაშეწონილობის გააზრებით, ყოველგვარი ზედმეტი თავისტკივილის გარეშე, შეეძლო, გაეფორმებინა მესამე ვადა. მან ეს ან არ (ალბათ, უფრო არ), ან ვერ გააკეთა.
ახლა კი ბალანსი დარღვეულია, ახლა ვითარება ანომალიურია და აწი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, წავა ის პარტიის თავმჯდომარეობიდან თუ არა. თუ წავა, კიდევ უფრო უარესი - მეტ სატკივარს გაიჩენს.

***
დიახ, არ აქვს მნიშვნელობა, რას მეუბნები და რას აკეთებ, ანუ შინარსს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, მე - ხალხი, როგორ აღვიქვამთ შენს ნათქვამს და ქცევას.
21-ე საუკუნეა, სხვა რამ ხდება... ფულმაც კი მნიშვნელობა დაკარგა უკვე. ერთ ოთახში ჩაკეტილი ადამიანები მავანს მართლა ოთხაში გამომწყვდეული ჰქონია... ვიდრე ამას ვწერდი, სიდნეის ზოოპარკში კენგურუს საკეისრო გაუკეთეს, სამი ახალშობილი თავს კარგად გრძნობს... (ნიუსი).

მიხვდით? - სტატიას წამძღვარებულ და ბოლო ნიუსს შორის სხვაობასა თუ მიხვდით? ემოცია რას „გუბნებათ"?

***
ეჰ, წავედი, საქმეს მივხედო...

ავტორი: გოჩა მირცხულავა

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა