რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება

არჩილ ჩხოტუა: „ტაშის დაკვრას არ ვითხოვთ, მაგრამ ნუთუ, არ შეიძლება, ექიმებს დაუმსახურებელი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ და ცილი არ დავწამოთ?!“

12.24.2020 | 12:17 ნახვები: 3649

გთავაზობთ ინტერვიუს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელათან, უროლოგ არჩილ ჩხოტუასთან

- ბატონო არჩილ, როგორც ვიცით, ახლახან სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელად აგირჩიეს. მოდით, საუბრის დასაწყისშივე განვმარტოთ, რამდენი ხანია არსებობს და, საერთოდ, ამ ასოციაციის მიზანი რა არის?

- საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება (სსაგ)9 წლის წინ, 2011 წელს, საქართველოს ცამეტმა წამყვანმა სამედიცინო ასოციაციამ - ნეიროქირურგთა, უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა, პათოლოგთა, ონკოლოგთა, ანგიოლოგთა, ტრავმატოლოგ-ორთოპედთა, პედიატრთა, ბავშვთა ქირურგთა, კარდიოლოგთა და კარდიოქირურგთა ასოციაციებმა დაარსეს. გაერთიანების ძირითადი მიზანი მაშინაც და ახლაც მისი წევრების, ანუ ქართველი ექიმების ინტერესების დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, გაერთიანებას სხვა ბევრი მიზანი აქვს. კერძოდ: კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სამედიცინო ეთიკის ნორმების შემოღება, პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადება, სამედიცინო კონსილიუმების მოწყობა, გზამკვლევებისა და პროტოკოლების დამუშავება და სხვა.
სხვათა შორის, მომავალ წელს 10 წელი გვისრულდება და გადაწყვეტილი გვაქვს, ეს საიუბილეო თარიღი საზეიმოდ აღვნიშნოთ.

- თქვენი ასოციაცია თუ იცავს, მაგალითად, მედპერსონალთა უფლებებს? აი, ვთქვათ, მაშინ თუ აქტიურობდით, როცა ოკუპანტებმა და ცხინავლის საოკუაპციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დაატყვევა, ან ვახტანგ ყიფიანის პატიმრობის დროს ქმედითი ნაბიჯები ხომ არ გადადგით?

- როგორც აღვნიშნე, საქართველოში სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვა ჩვენი გაერთიანების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. თქვენ ორი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ახსენეთ, მაგრამ ბევრი სხვა შემთხვევაც იყო... ორივე ექიმი, ბატონები - ვაჟა გაფრინდაშვილი და ვახტანგ ყიფიანი ჩვენი გაერთიანების აქტიური წევრები და, რაც მთავარია, ისინი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები არიან და წლებია, ერთგულად ემსახურებიან ქართველი პაციენტების ჯანმრთელობას. ორივე შემთხვევაში, გაერთიანება სხვადასხვა ფორმით ძალიან აქტიური იყო.

- მაინც?
- საინფორმაციო კამპანია, სატელევიზიო ეთერები, ინტერვიუები ბეჭდურ მედიაში, სამთავრობო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და, ასე განსაჯეთ, გასვლითი საპროტესტო აქცია ოკუპაციის ხაზთან. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა აქტივობამაც შედეგი გამოიღო. გაერთიანება ჩვენი წევრების უფლებებსა და თავისუფლებებს კვლავაც დაიცავს.

- ისე, გულახდილები რომ ვიყოთ, ექიმობა ზოგჯერ უმადური პროფესიაა, ანუ დასტაქარმა შეიძლება, ბევრი ადამიანი გადარჩინოს, მაგრამ თუ ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება და ყველაფერი ფატალურად დასრულდება, მაშინვე ანტიგმირი ხდება. ამას რითი ხსნით, ბატონო არჩილ?

- გმადლობთ ამ შეკითხვისთვის. ჩვენი პროფესია ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, გარკვეულწილად, „უმადურიცაა". ავიღოთ თუნდაც დღევანდელი სიტუაცია: ქართველი მედმუშაკები, მათ შორის, ჩვენი ასოციაციის წევრები - ექიმები, ექთნები თუ სხვები, უკვე 1 წელი ხდება, მუხლჩაუხრელად, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, პრაქტიკულად, უანგაროდ მუშაობენ - ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის წინა ხაზზე იბრძვიან. ამ ბრძოლაში ჩვენ სერიოზულ დანაკარგებს განვიცდით. უამრავი მედმუშაკი დაავადდა - დღე არ გავა, საინფორმაციო საშუალებებმა არ გვამცნონ ექიმის გარდაცვალების ამბავი. ასეთია ჩვენი პროფესია, რომელიც ნებაყოფილებით ავირჩიეთ და ამაში განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, არც ტაშის დაკვრას, მაგრამ ნუთუ, არ შეიძლება ექიმებს დაუმსახურებელი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ და ცილი არ დავწამოთ? რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო, არ ვიცი: ექიმებს სცემენ, ლანძღავენ, აგინებენ, ცილს სწამებენ და ამაზე პასუხს არავინ აგებს.
სხვათა შორის, ამაში თქვენი კოლეგები, ჟურნალისტებიც სცოდავენ. მაგალითად, ცრუ ინფორმაციები, რომ ვითომ ექიმებმა საავადმყოფოში სცემეს მოხუც პაციენტს და კიდევ ბევრი მსგავსი ცილისწამება გვესმის მედია საშუალებებიდან. რა თქმა უნდა, ხანდახან ექიმებიც ცდებიან - შეუმცდარი ხომ არავინაა, მაგრამ ამის გარკვევას თავის წესი, რიგი აქვს და ეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით არ უნდა ხდებოდეს. ყველაფერი ეს საზოგადოებასა და სამედიცინო სისტემას შორის უნდობლობას თესავს, რაც უარყოფითად თავად მოსახლეობას უბრუნდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეუმცდარი არავინაა. პირადად მე, 5 წელი ვიმუშავე ისრაელში, იტალიასა და გერმანიაში და იმდენი გართულებები და შეცდომები მაქვს ნანახი, რომ მოვყვე, ადამიანს თმა ყალყზე დაუდგება. რა, თურქეთში არ ხდება გართულებები და არ ცდებიან ექიმები? - რა თქმა უნდა, ხდება და არცთუ იშვიათად. ნორმალურ ქვეყნებში ეს კანონმდებლობით ირჩევა და დამნაშავე ისჯება, უდანაშაულო კი მართლდება. ასე უნდა იყოს საქართველოშიც.

- ისე, დღეს ყველაზე აქტუალური კოვიდპანდემიაა. ვიდრე თქვენს ახალ პლატოფრმაზე გკითხავთ, რომელიც კოვიდინფიცირებულთა ონლაინდახმარებას ითვალისწინებს, მითხარით, რა გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველო მსოფლიო კოვიდრუკაზე „საპატიო" პირველ ადგილს იკავებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გააზაფხლზე „მუშკეტერებს" ტაშს ვუკრეავდით და ვირუსის ეფექტური მართვით თავს ვიწონებდით?

- საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია ჩვენი, ყველას „დამსახურებაა", ვგულისხმობ როგორც სამთავრობო სტრუქტურებს, ისე - მოსახლეობას. საქართველომ თავიდანვე ვერ აირჩია წინასწარ გათვლილი მოქმედების გეგმა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გეგმაზომიერად მიჰყვებოდა და შეასრულებდა. ალბათ, იცით, რომ სხვადასხვა ქვეყანას არჩეული ჰქონდა პანდემიასთან ბრძოლის სხვადასხვა გზა, ასე, მაგალითად, შვედური, სამხრეთკორეული თუ გერმანული მოდელი, რომლებმაც ეს ქვეყნები მეტ-ნაკლებ წარმატებებამდე მიიყვანეს. თვით ჩინეთს, სადაც პანდემია დაიწყო, ჰქონდა თავისი, შესაძლებელია არცთუ მთლად ჰუმანური, მაგრამ ეფექტური ბრძოლის ტაქტიკა, რომელმაც საშუალება მისცა ქვეყანას, პრობლემა უმოკლეს დროში მოეგვარებინა. დღეს ჩინეთი კორონავირუსით ავადობით მე-80 ადგილზეა და ახალი შემთხვევები, პრაქტიკულად, აღარ აქვს.
საქართველოს კი, ეპიდემიასთან ბრძოლის მსგავსი მწყობრი გეგმა, სამწუხაროდ, არ ჰქონია. ჩვენ დავიწყეთ თითქოს ჩინური მეთოდით - მაქსიმალური იზოლაცია და ჩაკეტვა და დავამთავრეთ შვედური თუ არ ვიცი კიდევ რომელი ქვეყნის მეთოდით და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური მოდუნებით
ყველაზე არასახარბიელო დროს, ზაფხულის სეზონში, როცა მოსახლეობის შიდა მობილობა მაქსიმალური იყო.
რა თქმა უნდა, სხვა ბევრმა ფაქტორმაც ითამაშა უარყოფითი როლი: მოსახლეობის მიერ დაცვის წესების მასიური იგნორირება, ტესტირების პრობლემები, სამედიცინო პერსონალის სწრაფი გადამზადება, პირველადი ჯანდაცვის სისტემის დროული და სწრაფი მომზადება, და ა. შ. ბევრი ამათგანი, ალბათ, ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და გარდაუვალიც იყო. ძნელია, წინასწარ და ზუსტად განსაზღვრო იმ დაავადებასთან ბრძოლის ტაქტიკა, რომელიც სრულიად ახალია და არავინ იცის მისი „ბუნება". იმედია, შევძლებთ გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები, რათა მომავალში მსგავს პრობლემასთან შეჭიდებისას, უფრო მომზადებულები ვიყოთ.

- ბატონო არჩილ, ახლა კი, თქვენს ონლაინკლინიკაზე დეტალურად მიამბეთ - კოვიდპაციენტებს როგორ და რა ფორმით ეხმარებით?

- როგორც აღნიშნეთ, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ შექმნა პაციენტების ონლაინ კონსულტაციის სერვისი. ამ სერვისის მეშვეობით, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში, ან ბინაზე მკურნალობენ, შეეძლებათ, უფასოდ და სწრაფად მიიღონ კვალიფიციური ონლაინკონსულტაცია 15 სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტიგან, რომელთა შორისაც არიან ეპიდემიოლოგები, ოჯახის ექიმები და სხვა სპეციალისტები. როგორც მოგეხსენებათ, პაციენტებს ხშირად აქვს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, ღებულობენ სხვადსხვა სპეციალისტის დანიშნულებას და პერიოდულად სჭირდებათ მათი კონსულტაცია. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს სერვისი. კერძოდ, მომხმარებელი შედის სსაგ-ის ვებ გვერდზე http://www.ugma.ge/ge/?option=com_rsform&formId=6 ირჩევს სპეციალისტს და წერილობით სვამს შეკითხვას. შეკითხვა მყისიერად გადამისამართდება სპეციალისტის ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მალევე პასუხობს პაციენტს. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი სატელეფონო კონსულტაციასაც ჩაუტარებს პაციენტს.

- ბოლოს, ბატონო არჩილ, თქვენი გაერთიანების სამომავლო გეგმებზე რას მეტყვით?

- სსაგ-ს სერიოზული გეგმები აქვს ბევრი სხვა მიმართულებითაც, თუმცა ერთ-ერთზე შევჩერდები. ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა სამედიცინო შემთხვევების ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ჩვენმა გაერთიანებამ გადაწყვიტა ღრმად და აკადემიურად განეხილა ეს საკითხი იურისტებთან და ბიოეთიკოსებთან ერთად. ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ მულტიდისციპლინური ეთიკური კომიტეტი, რომელშიც ექიმ-სპეციალისტების გარდა იქნებიან: იურისტი, ბიოეთიკოსი, ჟურნალისტური ქარტიის, პარლამენტისა და სამინისტროს წარმომადგენლები. ეს იქნება მსგავსი შემადგენლობის გარკვეულწილად უნიკალური სტრუქტურა, რომელსაც შეეძლება სამედიცინო შემთხვევების ობიექტური და პროფესიონალური ექსპერტიზა. კომიტეტი იქმნება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ნორმების მიხედვით, სწორედ მსგავსმა მულტიდისციპლინურმა კომიტეტებმა უნდა შეისწავლოს სადაო სამედიცინო შემთხვევები და მისცეს მათ სათანადო კვალიფიკაცია. განსხვავებით დღემდე მიღებული პრაქტიკისა, სსაგ-ის ეთიკური კომიტეტი შეისწავლის არა მარტო შემთხვევების სამედიცინო მხარეს, ასე მაგ. რამდენად გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესაბამისად ჩატარდა სამკურნალო პროცესი, არამედ მოახდენს ბიოეთიკური ასპექტების შეფასებასა და სამედიცინო პერსონალის ქცევის კატეგორიზაციას, კერძოდ, იყო ეს სამედიცინო გართულება, დაუდევრობა, ექიმის შეცდომა თუ დანაშაული. ამის შემდეგ, დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას ან, საჭიროების შემთხვევაში, საგამომძიებლო ორგანოებს. ეთიკური კომიტეტის მიერ სამედიცინო შემთხვევების მსგავსი მრავალმხრივი განხილვა უზრუნველყოფს კლინიკური ექსპერტიზის/რეცენზირების პროცესის სრულყოფას, ობიექტურ მიდგომას და ამასთან ერთად, სამედიცინო პერსონალის უფლებების და რეპუტაციის დაცვას. კომიტეტის დასკვნა მიანიჭებს პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობის უფრო მაღალ სტანდარტს.

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა