რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

გურამ ლურსმანაშვილი: სად არის ქრისტე ქართულ საეკლესიო პოლიტიკაში?

09.03.2020 | 14:25 ნახვები: 442


საქართველო ეკლესიის პოლიტიკის ისტორიის თემა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ისეთი უბრალო ასპექტი, რომელიც მხოლოდ საეკელსიო პროცესებზე ახდენს გავლენას. საუბარი ზედმეტად განყენებული რომ არ გამოგვივიდეს, 90-იანი წლებით დავიწყოთ, როდესაც, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ხოლო, ამასთანავე, საქართველოს ეკლესიამაც ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო მსოფლიო საპატრიარქოსაგან. საქართველოს ეკლესიის პოლიტიკურ კურსზე საუბრისას, ჩემი აზრით, ყველაზე მოხერხებული მის ისტორიულ ჭრილში განხილვაა. პროცესის აღქმა, რომ სისტემური ხასიათის გამოგვივიდეს, მას რამდენიმე ნაწილად დავყოფთ.

პირველი ფაზა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ეკლესიაში ხალხის დაბრუნებისათვის გადამწყვეტი გამოდგა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერების მოწოდებები, მათი გამოსვლები, რომლის მიხედვითაც ქართველობა გარკვეულწილად მართლმადიდებლობის სინონიმი გახდა. სამწუხაროდ, ამ დროს ეყრება საფუძველი ეთნიკურ შუღლს, ნაციონალიზმის იდეის გაღვივებას, რელიგიური მოტივების წინ წამოწევას, დასავლური სამყაროსაგან მაქსიმალურ პოლარიზებას და ა.შ. ამ ყველაფერმა ერთგვარი იდეოლოგიური ,,ბექგრაუნდი" მოუმზადა მოსახლეობას, რომელმაც, საკუთარი შინაგანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ეკლესიებს მიაშურა. პარადოქსულია, რომ ეკლესიაში ხალხი მიიყვანა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც, ქართულ რეალობაში, ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა საქართველოს საპატრიარქოს.

ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას რუსეთი ეწინააღმდეგებოდა, შესაბამისად მის ჩამოშორებასაც ცდილობდა. ამ პროცესებში, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო კანონიერი ხელისუფლების დაცვის სადარაჯოზე დგომის მაგივრად, პუტჩის მომწყობებს მიემხრო და რეალურად, დიდი როლი შეასრულა მის დამხობაში.

ამის შემდეგ, უკვე, საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამოდის და მეორე ფაზაც იწყება. მას გარკვეულწილად ლეგიტიმაციის მოპოვება სურდა, რისთვისაც, საკმაოდ წარმატებული პოლიტიკური გათვლით, ეკლესიას იყენებს. გახსოვთ რა ნაბიჯს დგამს უპირველესად საქართველოში ჩამოსული ბატონი ედუარდი? სიონში მიდის, მალევე ხდება მისი მონათვლა და გიორგის წოდება. ამის შემდეგ უკვე ეკლესია და სახელმწიფო ძველებურად აღარ მტრობენ ერთმანეთს და ორივე ცდილობს, რომ საკუთარი გავლენა და უსაფრთხოება გაიმყაროს.

გაგახსენებთ თუ როგორ მიმართავდა შევარდნაძე პატრიარქს - ,,უსპეტაკესო", ასევე, არსებობს ვიდეო ჩანაწერიც, სადაც საქართველოს მეორე პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ მისი უშუალო და ძალიან აქტიური ჩარევით მოხდა 1977 წელს პატრიარქის გამორჩევა. შევარდნაძე საკუთარ თავს საპატრიარქოზე ზემოთ აყენებდა და ჰქონდა კიდეც იმის პრეტენზია, რომ ეს უკანასკნელი მას არ შეწინააღმდეგებოდა. ამ დროს, პირველი პრეზიდენტის მომხრეები ღიად უპირისპირდებიან საპატრიარქოს, მართავენ გამოსვლებს, აქციებს, რაც საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ეკლესიას. დაახლოებით 1995 წელი შეგვიძლია ავიღოთ იმ თარიღად, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ ეს დაბრკოლება წარმატებით გადალახა და ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ხელისუფლებასთან თბილი დამოკიდებულებით ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებდა საპატრიარქო. ასე მივადექით 1997 წელს, როდესაც საქართველოს ეკლესია ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მე ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ პატრიარქ ეფრემ მეორის დროიდან ნება დართო საქართველოს ეკლესიას, რომ საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა მიეღო და ამ ფორმითაც დაეჭირა მხარი რუსული ძალისათვის. ამ ყოველივეს მეორე მხარეც ჰქონდა, ასე თუ ისე, საქართველოს ეკლესია გავიდა საბჭოეთის მიღმა, დამყარდა გარკვეული ურთიერთობები, გამოჩნდნენ ახალი პიროვნებები და ა.შ. 1997 წელს კი გამოჩნდნენ ექსტრემისტი სასულიერო პირები, რომლებმაც საქართველოს გარესამყაროსგან იზოლირება მოითხოვეს. სამწუხაროა ის, რომ საქართველოს ეკლესიამ, იზოლაციონიზმს დაგმობის მაგივრად მხარი დაუჭირა და ჯერ ისედაც გარიყულნი, მთლიანად ჩავიკეტეთ და გამოვედით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, სამაგიეროდ, მალევე გავერთიანდით რუსების მიერ შექმნილ რელიგიურ გაერთიანებაში, რომელიც დსთ-ს ანალოგი გახლავთ.

როდესაც საქართველოს საპატრიარქოზე ვსაუბრობთ აუცილებელია ერთი რამ გვახსოვდეს, რაც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე. საქართველოს საპატრიარქო იმ სტრუქტურით, როგორითაც უკანასკნელ ათწლეულებშია წარმოდგენილი, გახლავთ საბჭთა კავშირის პროდუქტი. შესაბამისად, მისთვის უბრალოდ არ არსებობს ,,კარგი ხელისუფლება", რადგან პროცესებს არ უყურებს არც ბიზანტიური ჭრილიდან (სიმფონიური მოდელი, რომლის მიხედვითაც ეკლესია და სახელმწიფო ერთობლივად იღწვიან საერთო სიკეთისათვის) და არც სეკულარულიდან (რომლის თანახმადაც ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციურად განცალკევებულად იღწვიან საერთო სიკეთეებისადმი), არამედ მისთვის ესაა ორპოლუსიანი მმართველობა (სახელმწიფო და ეკლესია), რა დროსაც, ერთი მეორეზე ზემოთ დგას, როდესაც ამის საშუალება აქვს და ქვემდგომი ელოდება შესაფერის მომენტს, რომ ზემდგომზე გაბატონდეს.

ქართულ რეალობაში, მაგალითად ამერიკულისგან განსხვავებით, პირველი ვადით არჩეული ხელისუფლება დიდი უპირატესობით მოდის ხოლმე ძალაუფლების სათავეში. ამ დროს საპატრიარქო არის საკმაოდ ლოიალური. თუმცა, სამთავრობო ძალებს, ხელისუფლებაში მოსვლის მეორე ვადისთვის, ის პირველი ნდობა დაკარგული აქვთ, შესაბამისად, უკვე ეკლესია ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს მომენტი, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ ძალებთან ურთიერთობაში, რათა საკუთრი მატერიალური კეთილდღეობა და გავლენები განიმტკიცოს. შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ასეთი მომენტი 2002 წლის კრიზისის დროს დადგა, რამაც საბოლოოდ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის გაფორმებამდე მიგვიყვანა. ზოგადად, არაერთ სახელმწიფოშია გაფორმებული ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატი, მაგრამ ის ფორმა, რაც საქართველოშია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის კაბალური, რომელიც აზიანებს აბსოლუტურად ყველას - სახელმწიფოს, ეკლესიას და საზოგადოებას. ამ შეთანხმებით საპატრიარქო რეალურად სახელმწიფოზე ზემოთ დადგა და უპირობოდ მიიღო ისეთი პრივილეგიები, რაც იქამდე არ ჰქონია. ამგვარად მივედით ვარდების რევოლუციამდე. ეს უკვე ახალი ეტაპია, რა დროსაც საქართველოს საპატრიარქომ აღარ დაუჭირა მხარი სახელმწიფოს და ახალი ძალის გვერდით დადგა.

სხვათა შორის, 2004 წელს საქართველოს ეკლესიაშიც იყო მცდელობა განახლებისა, ამ დროს, სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა და რამდენიმე სასულიერმა პირმა ღიად დააყენა გარკვეული საკითხები, რომლებიც გადაჭრას საჭროებდნენ, თუმცა, საპატრიარქომ მოახერხა, რომ არათუ უმკაცრესად ჩაეხშო ეს პროტესტი, არამედ, სამომავლო პერსპექტივაშიც ტაბუ დაედო მისი საჯარო კრიტიკისათვის. 2004-2012 წელია ის პერიოდი, როდესაც საპატრიარქომ ყველაზე დიდი რაოდენობის ფინანსური სარგებელი ნახა, მიიღო ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება, რაც პირდაპირპროპორციული გამოდგა მისი გავლენის კოლოსალური ზრდისა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, არ მომხდარა საპატრიარქოს რუსული პოლიტიკური ორბიტიდან ჩამოშორება, უფრო მეტიც, იგი დარჩა ერთგვარ მეხუთე კოლონად, რომელიც უფრო მეტად გაძლიერდა და გამტკიცდა.

2012 წელს უკვე ახალი ფაზის მოწმენი გავხდით. საპატრიარქო, რომელმაც დიდძალი სარგებელი მიიღო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისაგან, ღიად უჭერს მხარს ქართულ ოცნებას. საბოლოოდ, ხელისუფლება შეიცვალა და ეკლესიამაც ძველებური მეთოდებით გააგრძელა მოქმედება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კვლავ ამ ფაზაში ვიმყოფებით, მარტივი არაა ვითარების შეფასება. იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე მოვლენის გამოყოფა განსაკუთრებულად შეიძლება: უპირველესად ესაა 2013 წლის 17 მაისი (როდესაც, ჩემი აზრით, საქართველოს საპატრიარქომ, ჩვენი მოქალაქეების ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე ახალმოსულ ხელისუფლებას საკუთარი ძალა აჩვენა); მოსაყდრის დადგენა და რა თქმა უნდა ციანიდის სკანდალი, რომელმაც ბევრი უკვე ჩაიყოლა და ბევრს კიდევ ჩაიყოლებს. ამ უკანასკნელზე თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ ყველაფერს ცალსახად განვიხილავ როგორც საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე ინტრიგების ნაწილს და არა პოლიტიკოსების მიერ ეკლესიის საქმეეებში ჩარევის მაგალითად, ანუ ისე, როგორც ამას დღევანდელი დღის წესრიგიდან მავანნი გვთავაზობენ.

ჩვენი საუბრის გაცნობისას, რიგით მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა, თუ სადაა ამ ყოველივეში ქრისტე? ეს ხომ ჩვეულებრივი ინსტიტუტების ბრძოლაა ძალაუფლებისა და მატერიალური სარგებლისაკენ, სადაც საპატრიარქო ერთ სუბიექტს წარმოადგენს. კი ბატონო, ასეა და სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა, რომ ეკლესიაში ქრისტეს ადგილი აღარაა და მთლიანად მიწიერზე, მატერიალურზე და ყოფით საკითხებზე ზრუნვას ვხედავთ. ეს ყველაფერია ერთი დიდი ჭაობი, რომლიდან ამოსვლაც რაც დრო გადის მით უფრო რთულდება. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ამით მხოლოდ ეკლესია კი არა, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ზარალდება და თან ისე, რომ მისი განკურნების შანსსაც თითქმის არ ტოვებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა