საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW

შვიდჯერ ნასროლი შვიდი ტყვია

03.16.2022 | 17:53 ნახვები: 621

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა", რომლის ავტორი და რეჟისორი სოსო ნემსაძეა. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ რეჟისორი გამოირჩევა მის მიერ შექმნილი სასცენო ნაწარმოების ორიგინალური გადაწყვეტით, რაც მის შემოქმედებას მთავარ ხაზად გასდევს. ასე იყო მისი მოღვაწეობის დასაწყისშიც და შემდგომ გორის გორის ერისთავის საელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში: ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე", უ. როტფუსის „გერტრუდე", გ. ერისთავის და თ. გოდერძიშვილის „დავა, გაყრა, ძუნწი, ანუ როგორც გენებოთ", დ. კლდიაშვილის „მსხვერპლი" და „უბედურება", ნ. გოგოლის „რევიზორი", ჟან მარსანის „მა-მურე", შ. დადიანის „გუშინდელნი", ა. ჩეხოვის „ალუბლის ბაღი", შიმონეს „კონვერტი", ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი", ჟ. ბ. მოლიერის „დონ ჟუანი", უ. შექსპირის „შექსპირ-ბადე" და სხვ. ეს იმ სპექტაკლების მოკლე ჩამონათვალია, რომელშიც ნათლად იკითხება რეჟისორის განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი სტილისტიკა და მანერა, დრამატული ტექსტისა თუ ლიტერატურული ნაწარმოების აღქმისა და

სცენაზე გადატანის ორიგინალური ხედვა. ნ. დუმბაძის „კუკურაჩა" მათ რიცხვს მიეკუთვნება. აქ მოყოლილი ამბის ტრადიციულად ქცეული შესრულება და სცენაზე გადატანა ბევრ რეჟისორს ხელს უშლიდა თავი აერიდებინა კლიშეებისგან, რის გამოც ამ მწერლის თითქმის ყველა ინსცენირება ერთმანეთს ჰგავდა - გინდ ყოფილიყო „თეთრი ბაირაღები" თუ „საბრალდებო დასკვნა", „მზიანი ღამე" თუ „სისხლი", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" თუ „ მე ვხედავ მზეს", ან „კუკარაჩა". სოსო ნემსაძის სპექტაკლი ჟანრობრივად ტრაგიკომედიაა მუსიკალური ნომრებით და რეჩიტატიული ჩანართებით, სადაც დრამატული მსახიობები ვოკალურ ნომრებსაც ასრულებენ და ეს არაა მთავარი: რეჟისორმა შეძლო ჩვენს წინაშე წარმოედგინა პერსონაჟთა სრულიად განსხვავებული ხასიათები, მაყურებლისთვის ეჩვენებინა მათი სულ სხვა მისწრაფებები და იდეალები, გაეღრმავებინა მათი ჰუმანური და კაცთმოყვარეობითი ბუნება, რათა მთლიანობაში დაგვენახა რა ტრაგედია დატრიალდა ვერის აღმართზე. სპექტაკლი იწყება იმით, რომ სცენაზე მიცვალებული ასვენია, ახლახან მოკლული კუკურაჩა - ახალგაზრდა მილიციელი, რომლის ისტორიას სულ მალე მიხრწნილი, დაბერებული და გაუბედურებული მურტალო მოგვიყვება. სცენოგრაფია (ბარბარე ასლამაზი) მწვანე და თეთრის დიდი კუბებია, რომელშიაც კინოკადრებივით აისახება ესა თუ ის სცენები და აქცენტრირდება მოვლენები, რომლებიც ხან პარალელურად მიმდინარეობს და ხანაც დამოუკიდებლად. მურტალოსა ნარკოტიკული ზმანებები თუ „აღსარება", ინგასთან შეხვედრა და წამლის გამო მასზე ძალადობა, კუკარაჩასა და ანიკოს „ფილოსოფიური დიალოგები" და სახარების კითხვის სცენები, მურტალოსა და ინგას, შემდგომ კი კუკარაჩასა და ინგას ღამის სცენები, სასამართლო და ინგად „შურისძიება" და აშ.

კუკარაჩა - გოგი თუშურაშვილი ნიკა ჩხაიძის ძალიან ახალგაზრდა პატარა ბიჭივით გულუბრყვილო და კეთილი მილიციელია, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ მათი კონტროლი ევალება ცდილობს დაუმეგობრდეს მათ და განსაკუთრებით კი თამაზს (ლაშაო გაბუნია) - ანიკოს (ანა შარვაძე) ვაჟიშვილს. ნებსით თუ უნებლიედ, ამ ბავშვების დამცველი და მხარდამჭერი ხდება, რაც მის სათნოებაზე და კეთილ ბუნებაზე მეტყველებს. რეჟისორმა სპექტაკლში დასის მსახიობებთან ერთად დააკავა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები, რომელთაც მასიურ სცენებში მონაწილეობა ანდო: სკოლის მოწაფეთა კოლექტიური სიგარეტის მოწევის, ინგასთან გამოგზავნილი 1000 ვარდის მიძღვნის და სხვა სცენები. აქ განსაკუთრებით არ შეიძლება არ აღინიშნოს ქორეოგრაფის გია მარღანიას მიერ დადგმული ცეკვებისა და პლასტიკის შესანიშნავი სცენები, რომელიც თავისთავად ახალისებს და ხატოვანს ქმნის წარმოდგენას იმ მუსიკალურ გაფორმებასთან ერთად, რომელსაც გვთავაზობენ რეჟისორი, კომპოზიტორი მამუკა მეგრელიშვილი და სასიმღერო ლექსების ავტორი ედუარდ უგულავა.

ქალბატონი ანიკო (ანა შარვაძე) კუკარჩასთან პირველ შეხვედრის დროს ქედმაღალია, ცივი და მხოლოდ მას შემდეგ როცა კუკარაჩას ხშირი სტუმრობით დარწმუნდება, რომ საქმე აქვს კეთილშობილი, მაგრამ არც თუ ისე წიგნიერ ახალგაზრდასთან, ცდილობს დაეხმაროს და ის ხარვეზები შეავსოს, რაც მის აღზრდაში იყო გამორჩენილი. ასეთი თუნდაც სახარების გაცნობისა და მისი ტექსტის განხილვის სცენა. დარწმუნდება რა, რომ კუკარაჩას შეუძლია თამაზის აღზრდაში დადებითი როლი შეასრულოს სრულად ენდობა მას და მხარდაჭერას აღუთქვამს.

ინგა ლალიაშვილი (გვანცა წულეისკირი) მარტოხელა აფთიაქის თანამშრომელია, რომელიც შემთხვევით „წამალზე" მისულ მურტალოს გადაეყრება. ინციდენტის შემდეგ, რომელიც წამლის წართმევას მოჰყვება ამაოდ ცდილობს (ან სულაც არ ცდილობს და მხოლოდ თამაშობს ამ მცდელობას ყოველ შემთხვევაში ამ სპექტაკლში ასეთი ვერსიაც იკითხება) თავიდან აიცილოს მურტალოს გადამეტებული ყურადღება და ფლირტი. მკითხავ ანჟელიკას (თეონა ხვედელიძე) (რითაც ავტორისეული ბარიგა ანჟელიკა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ ჩაანაცვლა) მიაკითხავს რჩევის საკითხავად როგორ უშველოს თავს და ამ საუბარში იკვეთება ის ფინალი, რაც ჯერ კიდევ წინ გველის. მთლიანობაში მსახიობი წარმოგვიდგენს საკმაოდ თავისუფალ ქალბატონს, რომელიც ისევე ადვილად ხდება მოგვიანებით კუკარაჩას საყვარელი, როგორც პირველად გაცნობილ მურტალოსი. მოძრავი და ფერადი უჯრედების მეშვეობით რეჟისორი და სცენოგრაფი (ბარაბარე ასლამაზი) წარმოდგენის ფონსაც ქმნიან, სახალისო განწყობასაც და მოქმედებათა შორის გადასვლის მომენტებსაც. ეს განსაკუთრებით „თამაშობს" სასამართლო დარბაზის სცენაში, სადაც მარცხენა მხარეს პირველ „უჯრედში" ახალგაზრდები არიან, მეორე ცენტრალურში წითელ პიჯაკიანი მოსამართლე (ბაჩო ქაჯაია), მესამეში მსჯავრდადებული მურტალო ხოლო მარჯვენა მეოთხეში კი ყავისფერმოსასხამიანი ინგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს სცენა ერთ-ერთი კულმინაციურია წარმოდგენაში, რაზეც ჩემი ვარაუდით რეჟისორსა და ინგას როლის შემსრულებელს კიდევ მეტი უნდა იმუშაოს. მომეჩვენა, რომ სპექტაკლის ეს ფრაგმენტი დასახვეწია და და მსახიობს ძალიან მნიშვნელოვანი ამბის მოყოლაში ხელს უშლის ეს გამუდმებული წყლის სმა ბოთლიდან, რომელიც ხელში უჭირავს.

 

ასევე სასურველი იქნება თუ ჩართული სასიმღერო მონაკვეთები უფრო მაღალი ოსტატობით შესრულდება. მურტალო (იოსებ ელიზბარაშვილი) უფრო ძლიერი და თავდაჯერებულია, ვიდრე საშიში. მსახიობი ცდილობს სხვა, განსხვავებული ელფერი მისცეს თავის პერსონაჟს, ვიდრე აქამდე გვქონდა ნანახი. მისი ვარდისფერი კოსტუმის (მხატვრის მიერ შერჩეული) ამ ჩანაფიქრში ჯდება. გამომსახველი და ახლა უკვე შიშის მომგვრელის დაბეჩავებული და კვლავ შურისძიებით აღსავსე მურტალო - წრე შეიკრა - ამბავი მის მიერ მოყოლილი დასრულდა და მუქარით „მე თქვენ ყველას გიცნობთ" მურტალო ქვესკნელში ჩადის.

შვიდჯერ ნასროლი შვიდი ტყვია... რომელიც ვერც ერთი ვერ მოხვდა მურტალოს - უნდოდა კი ინგას მისი მოკვლა? რეჟისორი სვამს კითხვას და მხოლოდ მაყურებელს ანდობს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ...

გიორგი ყაჯრიშვილი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა