მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

კრიმინალის ანატომია იცვლება

09.06.2020 | 10:02 ნახვები: 743

გოჩა მირცხულავა


„ყველას უნდა გვახსოვდეს და განსაკუთრებით ყველა ხელისუფლებას, რომ ქართული სისხლის სამართლის კოდექსი სიტუაციას, როდესაც ერთი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას მეორე თანაბარმნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე ეწირება, სახელდებით არ ითვალისწინებს. შენი სიცოცხლე ჩემს სიცოცხლეზე მეტი არ ღირის და არც შენი ახლობელი დამნაშავეა ჩემს ახლობელ დამნაშავეზე უკეთესი იმის გამო, რომ შენ დიდი ვინმე გგონია თავი", - ამ სიტყვებით დავასრულე გასული წლის აპრილში გამოქვეყნებული პუბლიკაცია "დანაშაული ანუ ქართული კრიმინალის "კარნეადესის ფიცარი".
ვიცი შეგონებები არ ჭრის. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ახლა, ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობით ერთიანად დაზაფრული საზოგადოება საერთოდ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. „დედა ენაცვალა, შამოკვდა ჩემს ბიჭს, განა მოკვლა უნდოდა", - ამასაც კი არავინ ამბობს. დიდი არაფერი ეტყობათ ჩვენს სამართალდამცავ ინსტიტუტებს ანალიტიკური სამსახურების ეფექტიანი საქმიანობის, თორემ ახლა უნდა ირტყამდნენ თავში ხელს, რადგან უმძიმესი გამოწვევების წინაშე იმყოფებიან, რომლის მართვისა და რომელზეც რეაგირების არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. ამ კონტექსტში ხორავას ქუჩის საქმე სამართალდამცვავი სტრუქტურების მიერ ცხადია, არც გაანალიზებულა. დანაშაულის ჩამდენისთვის საკმაოდ კომფორტულია - როდესაც ეს სტრუქტურები საკუთარი არაპროფესიონალიზმით უშვებენ შეცდომებს, რეაგირებენ "საბჭოთა მეთოდებით" (მერე რა, რომ უმეტესობა მათგანს არც კი ახსოვს საბჭოთა კავშირი, მილიცია და ის პროკურატურა - სისტემა ხომ არავის დაუნგრევია რეალურად და მისი მოდერნიზება მოხდა). იმ პირობებში, როდესაც რთული გახდა მტკიცებულებების მოპოვება და ადვილი - საქმის გაფუჭება (მიზანმიმართულად თუ უვიცობით) "შემოაკვდა - შემომაკვდა" უკვე არ გახლავთ საჭირო. დამიმტკიცე! აი, ეს არის სუსტი რგოლი! როგორ დაუმტკიცებ თუ არ აღირებს და თუ რეალურად არ ხარ პროფესიონალი? მერე რა, იქნებ გენერალიც იყო, პოლკოვნიკი, მაიორი, კაპიტანი - არ იცი საქმე ამის დედავატირე და რა უნდა გააკეთო? ხერხემალში ვერ გადაამტვრევ, ფსიქოლოგიურად ვერ იძალადებ, ფიზიკური ზემოქმედების არანაირი გზა არ არსებობს და რა გინდა ქნა? ვიმეორებ - კომპეტენციაც არ გყოფნის.
ახლა, უნდა ისხდნენ სტრუქტურების ხელმძღვანელები, სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ფიქრობდბენ, მსჯელობდნენ იმაზე - რა ხდება? რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას? როგორ შეიძლება არსებულ ვითარებებაზე რეაგირება? რა არის გამოსავალი, რომ არ აღმოვჩდეთ უდიდესი, გამოწვევის წინაშე, რომელიც შესაძლოა, ხვალ და ზეგ მეთოდად ჩამოყალიბდეს?
შეხედეთ და ნახეთ პარალელი იმავე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან. ნახეთ ანალოგია - არ თანამშრომლობენ, თანამშრომლობენ ტყუილებით, ცვლიან ჩვენებებს, თავგზას უბნევენ პოლიცია-პროკურატურას, მათ კი არ ყოფნით კომპეტენცია (სხვა მოტივაციაზე არ ვაპირებ შეჩერებას), რომ მათი მანიპულაცია შეაწყვეტინონ ეჭვმიტანილებსა და მოწმეებს, რომელთა უკანაც დგას ოჯახი, საძმაკაცო, უბანი და არავინ ამბობს - „შემომაკვდა", „შემოაკვდა".
ობივატელი კი კვლავ ძველი ღირებულებებით აფასებს მოვლენებს - „ოჯახი, სკოლა, საზოგადოება" და არც კი ფიქრობს, რომ დამნაშავეებისა და მათი გარემოცვის დამოკიდებულება დანაშაულის ანატომიის მიმართ იცვლება. ჩვენი ობივატელი „მოითხოვს", რომ სამართალდამცავი სტრუქტურები „ეფექტურები" იყვნენ. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ დამნაშავის მენტალობაც იცვლება, და ხშირ შემთხვევაში უსწრებს კიდევ აზროვნებასა და გონიერებაში ინსტიტუციებს, რომლებმაც გარეგნული ცვლილებების მიუხედავად ვერ შეძლეს ასაქმიანობის შინაარსის - სისტემის შეცვლა.
----
გაგახსენებთ, რომ კანონი მარავალკომპონენტიანი გააზრების საფუძველზე მიღებული წესია, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია კონკრეტულ სახელმწიფოში მცხოვრები მოქალაქეების მიერ. კონკრეტილ სახელმწიფოში იმიტომ, რომ ერთი და იმავე საკითხის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოში შესაძლოა, სხვადასხვა შინაარსის კანონი მოქმედებდეს - ზოგჯერ დიამეტრალურად საწინააღმდეგო ნორმებით. ამიტომ კანონი მეტწილად არის გამოცდილებაზე, მორალურ-ზნეობრივ სტანდარტებზე, კულტურულ გარემოსა და ტრადიციებზე დაყრდნობით მიღებული აქტი, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქეებს ანიჭებს როგორც უფლებებს, ასევე ზღუდავს ქმედებებს მოქალაქეთა მეტი სიკეთის, უმრავლესობის ან უმცირესობის სასარგებლოდ.
ჩვენ გვაქვს ვითარება: როდესაც არ არსებობს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა. რაც არ უნდა პოზიტიური იყოს რომელიმე ცალკეული ინსტიტუტის მოტივაცია, საბოლოოდ შედეგი ვერ იქნება ეფექტიანი. შედეგი უნდა იყოს დანაშაულის პრევენცია, მაგრამ თუ დანაშაული ხდება, ეფექტური გამოძიება და კანონიერი განაჩენი ნებისმიერი პერსონის მიმართ, არის ქვეყნის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტესტი. ნებისმიერმა გამონაკლისმა, ან ინსტიტუციონალურმა მიკერძოებულობამ პოზიტიურ ტენდენციას შესაძლოა, უდიდესი ზიანი მიაყენოს.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება ხელისუფლების და პოლიტიკური ნება ნებისმიერ უწყებაში. ვიმეორებ- როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულზე და მის მიმართ კომპლექსურ დამოკიდებულებაზე, ცალკეული ინდივიდის - რომელიმე მინისტრისა თუ მთავარი პროკურორის პოლიტიკური ნება პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუმცა ინდივიდებს - პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არსებული პოლიტიკის განხორციელების საკითხში უნდა გააჩნდეთ თანამდებობის შესაფერისი სახიერება - შინაგანი და სახელმწიფოებრივი მოტივაცია.
----
და მაინც, რის საფუძველზე ვითხოვთ საგამოძიებო სტრუქტურებისგან ეფექტურ და კვალიფიციურ საქმიანობას და რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ საბჭოთა მემკვიდრეობით დამძიმებული სამართალდამცავი სისტემა ეფექტურ საპოლიციო ძალად გარდაქმნილიყო?
ვინმესთვის დამალულია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, პირველსავე წლებში მილიციის სტრუქტურა შენარჩუნდა? შენარჩუნდა ძირითადი კადრებით, მართვის სისტემით, მართვის სტილითა და მოდელით. მაგრამ ამ პირობებში გაიზარდა მილიციელთა რაოდენობა. რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა მოგჩვენოთ, 1991-2004 წლამდე საქართველოში მილიცილეთა რაოდენობა 25 ათასიდან 56 ათასამდე გაიზარდა. თავი დავანებოთ ახლა იმაზე საუბარს, როგორ და რა მეთოდებით ეწყობოდნენ მილიციაში ადამიანები, რამდენ ქრთამს იხდიდნენ და მერე ამ ფულის ამოსაღებად რა „სამძებრო-ოპერატიულ" საქმიანობას აწარმოებდნენ. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, იმ პერიოდისთვის საქართველოს 78 მოქალაქეზე ერთი მილიციელი მოდიოდა. ისიც მოგეხსენებათ, როგორი იყო იმ პერიოდში კრიმიოგენული ვითარება და განსაკუთრებით კორუფციის დონე შს სამინისტროში.
ვინმე ზრუნავდა ამ პერიოდში მილიციელების პროფესიონალიზმის ზრდაზე? ან ვინმესთვის დასამალია, როგორ და რა მეთოდებით იხსნებოდა დანაშაული? რეალურად ორი მეთოდი არსებობდა: ერთი - ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა და შანტაჟი; მეორე - თანამშრომლობა დანაშაულებრივ სამყაროსთან (ამ შემთხვევაში ზოგჯერ რთული გასაგებიც კი იყო, კონკრეტულ ვითარებაში ვინ ვისთან თანამშრომლობდა, ვინ მართავდა კონკრეტულ ვითარებას, ვინ კარნახობდა თამაშის წესებს); მთავარი ამ პერიოდში იყო ნარატივი - რომელსაც იგონებდა სისტემა, და რომელსაც ამყარებდა მასთან თანამშრომლობაში მყოფი დანაშაულებრივი სამყარო. სწორედ ამ პერიოდში, ათი გამოკითხული მამრობითი სქესის ბავშვიდან 7 აცხადებდა, რომ სურდა გამხდარიყო „ქურდი".ამ ყველაფერს მილიცია ახალისებდა თავისი უუნარობით, მდგარიყო საზოგადოების ინტერესების დასაცავად. მილიცია, რომელიც კორპორატიულ და პირად ინტერესებს და კომფორტს გადასარევად უზრუნველყოფდა.
---
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო შს სამინისტროს რეფორმირება. უმადურობა იქნება იმის არ დანახვა, თუ როგორ შეიცვალა გარეგნულად პოლიცია. შეიცვალა შინაარსიც იმ ნაწილში, რომ ეს სტრუქტურა უკვე არ ასოცირდებოდა კორუფციასთან. შეიცვალა კადრები. სხვადასხვა მინაცემების მიხედვით (შს ექსმინისტრის ვანო მერაბიშვილის 2012 წლის მაისის ინტერვიუ ფორბისის რუსულ გამოცემასთან), სისტემაში ძველი კადრებიდან მხოლოს 5% დარჩა. შეიცვალა განწყობებები და დამოკიდებულებები პოლიციის მიმართ და უკვე ახალგაზრდების უმეტესობა „ქურდობას" კი არა, სამომავლოდ პოლიციელობას ცდოლობდა. მაგრამ რეალობა ის არის, რომ თუ საპატრულო პოლიციის ნაწილში, სადაც საზოგადოებასთან კონტაქტი უფრო მეტი იყო, ადამიანები ხედავდნენ კიდეც შინაარსობრივ ცვლილებებს, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულება არ იყო კრიმინალური პოლიციის, საგამოძიებო ორგანოების მიმართ. გამოძიება „ვარდების ხელისუფლების" ერთ-ერთი სუსტი რგილი იყო. ჩვენებების, მეტწილად აღიარებითი ჩვენებების, მიღება ხდებოდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლის, შანტაჟის საფუძველზე. გარეგნულად აქაც ყველაფერი კარგად იყო, ამ ნაწილში შინაარსობრივად გვქონდა კატასტროფული მდგომარეობა. ან რის საფუძველზე უნდა ყოფილიყო უკეთესი შედეგი, როდესაც პოლიციაში არ იყო მომკვიდრეობითობის პრინციპი, არ არსებობდა გამოცდილება, ნაკლები იყო პროფესიონალიზმი. ამ ყველაფრის გადაფარვა ხდებოდა „შედეგით", მაგრამ შედეგამდე მისვლის შინაარს გარკვეულ ეტაპამდე არც არავინ აკვირდებოდა.
სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულმა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ ციხეებში პატიმრების რიცხვის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ადამიანები, მათ შორის მოზარდები, სასამართლოს ვერდიქტის გარეშე სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ცხადდებოდნენ დამნაშავეებად. სასამართლო კი პოლიცია-პროკურატურის ნების აღმსრულებელი - ერთგვარი ნოტარიალური ბიურო გახდა. 2011 წლისთვის პატიმრების რაოდენობით, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილას აღმოჩნდა აშშ-ს, რუანდასა და რუსეთის შემდეგ.
მართალია, სახელმწიფომ შეძლო ე.წ. „კანონიერი ქურდების" იზოლირება ან ქვეყნის ფარგლებიდან გაძევება (სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით გასამართლდა 180 „კანონიერი ქურდი"), რაც ერთგვარად განაპირობებდა ორგანიზებული დანაშაულის ფაქტების კლებას, მაგრამ ამავდროულად იმატა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან და განსაკუთრებით პენიტენციალურ სისტემაში, ადამიანების უფლების დარღვევის ფაქტებმა. გაიზარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვიანობა. ცალკეული საქმეებიდან აშკარა ხდებოდა, რომ გამოძიება მეტწილად არაკვალიფიციურად მიმდინარეობდა, არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და სამხილები, რომლებიც გაამყარებდა ცალკეული ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას, რაც ბადებდა საფუძვლიან ეჭვს ჩვენების ძალადობრივი გზით მიღების შესახებ.
ექსპერტი რევაზ ბახტაძე კვლევაში - „პოლიცია საქართველოში: უსაფრთხოების და ანგარიშვალდებულების მუდმივი საჭიროება", რომელიც GFSIS-ის მიერ გამოქვეყნდა აღნიშნავს: ქართული პოლიციის რეფორმა არ ემყარებოდა „დემოკრატიული პოლიციის" მოდელს და კორუფციის წარმატებით აღმოფხვრა და სამართალდაცვის ეფექტური განხორციელება მთავრობის მიერ მართლმსაჯულებისა და საჯარო სამსახურის კონტროლის პირობებში ხდებოდა. საქართველოს შემთხვევამ აჩვენა, რომ დემოკრატრიზაციასა და პოლიციის რეფორმას შორის ურთიერთობა არ არის ცალსახა (ლაითი, 2013, 18). ცუდი კოორდინაცია, გამჭვირვალობის ნაკლებობა და დემოკრატიული პოლიციის მოდელის უგულებელყოფა იმ მკვლევრების მიერ იდენტიფიცირებული სამი თემაა, რომლებმაც სააკაშვილის მთავრობის დროს განხორციელებული პოლიციის რეფორმა გააანალიზეს". სამწუხაროა, რომ მკვლევარები აქაც არ შევიდნენ შინაარსში რათა გაერკვიათ, თუ რა განაპირობებდა დემოკრატიული პოლიციის უგულებელყოფას და გამჭირვალეობის ნაკლებობას. რა თქმა უნდა, სუსტი საგამოძიებო რგოლის არსებობა. რაც შეეხება კოორდინაციას, პირიქით იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო მიმართულება მეტწილად ძალადობრივ მეთოდებზე იდგა, ამ ძალადობის მიჩქმალვა და მისი სისტემად ქცევა კოორდინაციის გარეშე შეუძლებელიც იყო.
---
ცოდვა გამხელილი ჯობს - სულაც არ აქვს მნიშვნელობა რას გადააბრალებს „ქართული ოცნების" ხელისუფლება შს სამინისტროსა და პროკურატურაში არსებულ პრობლემებს - არასაკმარის პროფესიონალიზმს, კვალიფიკაციის ნაკლებობას, გამოცდილი კადრების არყოლას თუ სხვა რამე გარემოებას, თვალნათელია, რომ სისტემა ისევ „ბუქსაობს". მით უფრო იმ პიროებში, რომ სამართალდამცავ სისტემაში, გარდა მცირედი გამოანკლისი ფაქტებისა, არც კი გვხვდება ინფორმაცია ცალკეული სახის ძალადობის შესახებ. რა თქმა უნდა, არასაკმარისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია, სულაც არ გახლავთ არსებული პრობლემის გასაღები. აქ ვერ გავექცევით გამოძიებაზე პერსონალური თუ პოლიტიკური ზეგავლენის ფატებს, რომლის შესახებაც არაერთხელ გაუმახვილებია მედიას ყურადღება. თუნდაც ხორავას ქუჩის საქმემ აჩვენა ამ გავლენის შედეგები.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, როგორც მისმა წინამორბედებმა, სამართალდამცავ უწყებაში კვლავაც შეინარჩუნა სისტემის საბჭოური მართვის მეთოდები. უფრო სწორად, სამართალდამცავი ინსტიტუციების საქმიანობა შინაარსობრივად კვლავაც მახინჯ საბჭოურ სისტემას ეფუძნება. საზოგადოებაში დაბრუნდა განცდადნაშაულებრივ სამყაროსთან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის ან მათ მიმართ ლოიალობის შესახებ. და ამ განცდის გასაფანტავად შესაბამისი სამსახურების მხრიდან თითქმის არაფერი კეთდება, რაც კონკრეტულად ამ სამსახურებს კი არა სახელმწიფოს აყენებს ზიანს.
ხელისუფლება, უფრო სწორად მისი საგამოძიებო სამსახურები კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. ისინი ვერ ახერხებენ სისტემური ხასიათი მისცენ გამოძიების პირობებში ეჭვმიტანილებზე ძალადობას და ჩვენებების ამ სახით მიღებას. მათ არ ყოფნით პროფესიონალიზმი, არ ჰყავთ გამოცდილი კადრები, ცალკეულ შემთხვევებში აშკარად იკვეთება გამოძიებაში კონკრეტული პერსონების ინტერესები და გავლენა, რაც მაქსიმალურად ახდებს არა მხოლოდ კონკრეტულად საგამოძიებო სამსახურების, არამედ მთლიანად სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის დისკრედიტირებას, მოტივირებული თანამშრომლების დემორალიზებას. საზოგადოებაში ქმნის დაუცველობის სინდრომს და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.
---
ზემოთ რადგან მედია ვახსენე, უნდა აღვნიშნო, რომ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებან დაკავშირებით, მედიის მიერ ფორმირებული საზოგადოებრივი აზრი, ერთგვარი დაკვეთაც ხდება, რათა საზოგადოებას წინასწარ გაუჩნდეს ჩამოყალიბებული განცდა იმაზე - „ვინ არის დამნაშავე?!" და მისი დასჯის სურვილის გამოკვეთოს.
ისევ ხოროვას ქუჩაზე მომხარ ფაქტს თუ დავუბრუნდებით, ჩემთვის, ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის, კვალავაც გაუგებარი რჩება - ვინ მოკლა დათუნა სარალიძე და იხდის თუ არა კანონიერად, მართებულად და დამსახურებულად სასჯელს მიხეილ კალანდია. რატომ გაჩნდა ეს განცდა? სწორედ იმიტომ, რომ საგამოძიებო უწყენებმა ვერ შესძლეს ჩემი დარწმუნება ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ სწორედ მიხეილ კალანდია არის მკვლელი. მაგრამ მის დასასჯელად, იმის გამო, რომ გამოძიებაზე ზეწოლა ბიძამისის - მირზა სუბელინის მხრიდან ასე თუ ისე გამოკვეთილი იყო და ეს გახლდათ მშვენიერი თემა ხელისუფლების დიკრედიტაციისთვის, მისი მხილებისთვის, საზოგადოება, მედიის მეშვეობით გახდა დამკვეთი მიხელ კალანდიას ნებისმიერ შემთხვევაში დასასჯელად. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სწორედ ის არის დამნაშავე, მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაკვეთა, სულაც არ გახლავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემადგენელი ნაწილი, არც სისხლის სამართლოს კოდექსის მუხლი და მით უფრო არც საკონსტიტუციო ჩანაწერია. მსოფლიო გამოცდილებით ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით იმის შესახებ, რომ სამართალდამცავებს, გამოძიებას, საზოგადოებას სჯეროდა ცალკეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, მაგრამ წლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე იყო სხვა. არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ „უდანაშაულო დამნაშავე" სიკვდილითაც კი დაუსაჯავთ.
დაახლოვებით ამ დამოკიდებულებას ტოვებენ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში საგამოძიებო სტრუქტურები - დამნაშავის პოვნა ძნელდება, ხოლო პოტენციური დამნაშავის - „ეჭვმიტანილის" მიმართ საზოგადოებას უჩნდება ან ატიპათია, ან ემპათია, იმის გამო, რომ ამ სტრუქტურებისადმი ნდომა არის მინიმალური. საზოაგადოებაში არის სრტუქტურების არაპროფესიონალიზმის, მათზე გავლენის მოხდენის დიდი ალბათობის განცდა.
ახლა შაქარაშვილის საქმეს დავუბრუნდეთ... თავად მე მაქვს განცდა, რომ საგამოძებო სამსახურები თავიდანვე არასწორი მიმართულებით წავიდნენ და უამრავი შეცდომა დაუშვეს. ნებსით (ვინმესთვის ანგარიშის გაწევით, გავლენით) თუ უნებლიედ, საქმე გააფუჭეს და ახლა როდესაც საქმეში არ დევს უამრავი მტკიცებულება თუ მამხილებელი მასალა, მათი ერთადერთი გამოსავალი, თან იმ პირობებში როდესაც საქმე რეზონასულია და ეჭვმიტანილებისა და მოწმეებისგან ჩვენებების მიღება „ენის ამოგლეჯვით" შეუძლებელია, დარჩა აღიარება -შემომაკვდა-შემოაკვდა.
ამას კი საკუთარი თავის, ახლობლის საზიანოდ არავინ ამბობს. ისევე როგორც, ეს არავინ თქვა ხორავას ქუჩის საქმეზე. ახლა, ნებისმიერმა „შემომაკვდა" შესაძლოა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დამნაშავისადმი ისევ გააჩინოს ემპათია. გააჩინოს განცდა, რომ ჩვენება მიღებულია „სხვა ხერხითა და მეთოდით", აქ ხომ ნარატივია მნიშვნელოვანი, მით უფრო მაშინ, როდესაც საგამოძიებო სამსახურები ფაქტებზე დაყრდნობით ვერ უმტკიცებენ დანაშაულს დამნაშავეს.
----
ინფორმაცია განსჯისთვის - „1 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია":
უახლოს დღეებში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის რეფორმის პროექტს. ეს პროექტი 1 ოქტომბერს პრეზიდენტს გადასცეს იმ კომისიის წევრებმა, რომელიც მის შემუშავებაზე მუშაობდნენ. კომისიის ხელმძღვანელის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას თქმით, პროექტის შექმნა რევოლუციური მნიშვნელობისაა, რადგან, ამ პროექტის თანახმად, ძირეულად შეიცვლება საბჭოთა ტიპის სამართალაღსრულების სისტემა. როგორც შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, კომისიის ყველა წევრი, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა, მის შინაარსს ეთანხმება და მიესალმება დაგეგმილ ცვლილებებს. ლადო ჭანტურიამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ პროექტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა ანაზღაურებას, რადგან არასაკმარისი ანაზღაურება ხშირად ხდება კორუფციის წყარო.
18 წლის წინანდელი ნიუსი. გამოწვევებს ხედავთ? ანუ მაშინ სამართალაღსრულების სისტემის პრობლემად კომისიამ დასაქმებულთა არასაკმარისი ანაზღაურება მიიჩნია, რაც კორუფციის საფუძვლად განიხილა . ახლა? ახლა რა არის პრობლემა? ორი რამ რეალურად - კვალიფიკაციის ნაკლებობა და გავლენა სამართალდამცავ სტრუქტურებზე.

ამ პრობლემას რა თქმა უნდა, უმარავი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს.
მომიწევს მოვიტანო ციტატა ზემოთნახსენები ჩემი პუბლიკაციიდან "დანაშაული ანუ ქართული კრიმინალის "კარნეადესის ფიცარი".

დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციის მიზნით ჩვენ - საზოგადოებამ, უნდა ავირჩიოთ სამი უმთავრესი პრიორიტეტი: 1. ვიყოთ სახელმწიფოს პარტნიორები ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენის დროს; 2. ვაიძულოთ ხელისუფლება (ნებისმიერი) იბრძოლოს დანაშაულის ყველა სახის წინააღმდეგ; 3. მედია, საზოგადოებრივი ჯგუფები, არასამათავრობო სექტორი გამოვიყენოთ სამართალდამცავი ორგანოების შემართების, საქმიანობის ეფექტიანი ზრდისა და მორალური წახალისებისთვის, ისევე როგორც ობიექტური მხილებისთვის;
ამ პრიორიტეტებსთვის უნდა არსებობდეს დამცავი მექანიზმები: 1. დანაშაულთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უნდა იყოს უმაღლესი მოქალაქეობრივი ვალდებულება; 2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ქმედითი მექნიზმები - აკადემიური პოლემიკიდან დაწყებული, უკიდურეს ვითარებაში საპროტესტო აქციების გამოყენების ჩათვლით; 3. სამართალდამცავთა ნებისმიერი კანონსდაქვემდებარებული და მორალური ასპექტებით გაჯერებული ქმედებების პოპულარიზაცია უნდა გახდეს ინსტიტუტებისადმი პატივისცემის გამოხატულების დამადასტურებელი ფაქტორი. ისევე როგორც, კანონსგაცდენილი ქმედებების მხილება, უწყებების შინგნით და გასაჯაროებით, ასწევს თავად ამ ინსტიტუტების ავტორიტეტს.
დანაშაული მნიშვნელოვნად უშლის ხელს ქვეყნის პროგრესს უამრავი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ერთის მხრივ უნდა "ვამხილოთ" ხელისუფლება და მეორე მხრივ ამ ზედოზირებული მხილების პროცესში არ უნდა დავაზიანოთ სახელმწიფო.
დიახ, დანაშაული იყო და ალბათ ყოველთვის იქნება. მაგრამ აქ ხომ მთავარი სხვა რამეა - როგორ ვებრძვით დანაშაულს და რამდენად ვჯდებით კანონის მოთხოვნების ფარგლებში, იმ კანონების, რომლებიც ჩვენი დაკვეთით იქმნება, მაგრამ რომლის შინაარსი არ ვიცით ხოლმე. კანონის, რომელიც არასოდეს არ არის რეპრესიული ან ლიბერალური. კანონი ისეთია როგორი განწყობა და მოთხოვნა - დაკვეთა არის საზოგადოებაში. მხოლოდ ერთი დათქმით, ნებისმიერ სამართალდამცავ სტრუქტურაში უნდა ესმოდეთ, საკუთარი თანამშრომლების ღირესების დაცვა და ასევე, ნებისმიერ გადაცდომაზე ყველას პასუხისგება კანონით დადგენილ ფარგლებში, კონკრეტულ თანამშრომელს და უწყებას კი არ სჭირდება, არამედ სახელმწიფოს. სწორედ ასეთი მოცემულობის დროს ვერც ერთი პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვერ გაბედავს გავიდეს კანონის ფარგლებიდან და პირიქით, მისთვის პატივიც კი იქნება "თანამშრომლობა", არა საბჭოური გაგებით, არამედ სახელმწიფოებრივი გაცდით.
ამიტომ, პირველი - უნდა ვისმჯელოთ პრობლემაზე, მეორე- უნდა შევძლოთ პრობლემის მინიმალიზირება და მესამე - რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური ყველა უწყებისთვის და ბოლომდე გააზრებული; მეოთხზე - ეს ჩვენი სახელმწიფოა. ჩვენი, ყველა გაგებით და მას უნდა მოვექცეთ ისე როგორც ჩვენს და აქ აბსოლურტურად მეორე ხარისხოვანია, რომელი პოლიტიკური ძალა მართავს სახელმწიფოს. ძალა, რომელიც მოგვწონს თუ რომელიც არ მოგვწონს. იმიტომ, რომ ყოველთვის არასებობენ ისეთები, ვისაც მოსწოს და ვისაც არ მოსწონს. იმიტომ, რომ სახელმწიფის ვალდებულებაა დაიცვას მისი მოქალაქე, ხოლო ხელისუფლების, რომელიც სახელმწიფოს მართავს - უზრუვნელყოს საკუთარი მოქალაქეების - პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად - უსაფრთხოება.
---
„შემომაკვდა-შემოაკვდა" მოდიდან გავიდა, „პლოსკოთი ენის ამოგლეჯვა" - არ გამოდის. რა დარჩა? რა არის გამოსავალი 10-15 წლის პერსპექტივაში კი არა, ხვალ! გაითვალისწინეთ, აღიარებით ჩვენებასაც მტკიცებულება უნდა. რატომ? იქნებ ვინც იბრალებს ის სხვას მალავს ანგარებით, შიშით, ზეწოლით, ან სხვა მეთოდის გამოყენებით.
დიდი გამოწვევების წინაშე ვართ! დიდი გამოწვევების!

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა