ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

დავით ბუხრიკიძე: შეცვალე ნაცრისფერი კედლები

03.03.2021 | 14:32 ნახვები: 698

როგორ „გააფერდა" სტრიტ არტ ფესტივალმა პანდემიითა და დეპრესიით გამორჩეული გასული წელი

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

2019 წელს თბილისში სტრიტ-არტის ფესტივალი (TBILISI MURAL FEST) დაარსდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი გამომსახველობა, ენა, ვიზუალური თუ სოციალური გზავნილები მალევე ჩაეწერებოდა ძველი თუ ახალი თბილისის არქიტექტურაში, გაუცხოებულ ურბანულ გარემოში, ხოლო ნაცრისფერი კორპუსების გიგანტური კედლები ათასგვარ ფერებად შეიმოსებოდა.
სტრიტ არტი ქართულად „ქუჩის ხელოვნებად" შეიძლება ითარგმნოს. ის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც უკავშირდება მურალ არტს (შენობებსა და კედელზე შესრულებული მხატვრობა). ასევე გრაფიტის ხელოვნებას: წარწერები შენობებზე, გადასასვლელებზე, კედლებსა და ვერტიკლურ ზედაპირებზე. რაც ბუნებრივად უკავშირდება თვითგამოხატვის ფორმებს, გამოსახველობითი საშუალებების გამდიდრებას და ახალ ტექნოლოგიების განვითარებასაც.
სტრიტ-არტ ფესტივალის იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორია ბესიკ მაზიაშვილი - მოქანდაკე და მხატვარი, რომელმაც თბილისის სამხატვრო აკადემიაში მონუმენტური ხელოვნების შესწავლის შემდეგ სიახლისა და ძიების გზა აირჩია. 2012 წლიდან ის ბერლინში ცხოვრობს, ხოლო ნამუშევრები გამოფენილია გერმანიის რამდენიმე მუზეუმში, საგამოფენო სივრცესა და გალერეაში. რამდენიმე მათგანი კი ბერლინის ევროპის კულტურის მუზეუმშიც ინახება.
საქართველოში სტრიტ არტის ფესტივალის დაარსებაში დიდი როლი ითამაშა ბერლინისა და სხვა ევროპული ქალაქების ფესტივალების გამოცდილებამ. Mural Fets უკვე დიდი ხანია დასავლეთში ურბანისტული კულტურის ორგანულ ნაწილად იქცა. სწორედ ბერლინის მუნიციპალიტეტთან თბილისის მერიის თანამშრომლობამ, ასევე ამ პროცესში ბერლინში მოღვაწე დიპლომატისა და პიანისტის, დუდუნა მაზმანიშვილის მინაწილეობამ, მეტწილად განაპირობა თბილისში საერთაშორისო სტრიტ არტ-ფესტივალის დაარსება და ჩათარება 2019 და 2020 წლებში.

შეიძლება ითქვას, რომ ბერლინი მართლაც შთამბეჭდვი და კონკრეტული მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ქუჩის ხელოვნებამ ქალაქის ურბანულ განვითარებაში დიდი როლი შეასრულოს და ასევე ტურისტების მეტი რაოდენობაც მოიზიდოს. „სტრიტ არტი ის მიმართულებაა, რომელიც გვინდა რომ თბილისში არსებობდეს და განვითარდეს. ნაცრისფერი, უსახური კედლები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ქალაქში ჯერ კიდევ ბევრია, უნდა შევცვალოთ. ისინი ფერად და კონცეფტუალურ ნამუშევრებად შეიძლება გარდაიქმნას" - აღნიშნავს თავად ბესიკ მაზიაშვილი.
2019 წლის სექტემბერში, როდესაც Tbilisi Mural Fest ჩატარდა, გერმანელ და ქართველ მხატვრებს საშუალება ჰქონდათ, თბილისის სხვადასხვა უბანში შერჩეული ათამდე ცარიელი კედელი მონუმენტურ ნახატებად, იგივე „მურალებად" გარდაექმნათ. თემატიკა სრულიად განსხვავებულია - აბსტრაქციით დაწყებული, ეკოლოგიური თუ სოციალური ნამუშევრებით დამთავრებული. პირველივე ფესტივალმა დაადასტურა, რომ ქუჩის ხელოვნება ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად შეიძლება იქცეს.
თბილსის მურალ ფესტივალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პრესაში და არტ-პლატფორმებზეც. მრავალმა გამოცემამ, ავტორმა თუ ბლოგერმა Tbilisi Mural Fest-ი 2019 წლის ვიზუალური ხელოვნების ყველაზე საინტერესო მოვლენთა შორის მოიხსენია.
კორონავირუსი 2020 წლის სტრიტ-არტის ფესტივალისთვის ცხადია, ხელისშემშლელი აღმოჩნდა. თუმცა იმ პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში ფესტივალების დიდი ნაწილი შეჩერდა ან „შინაგან ემიგრაციაში" აღმოჩნდა, ფესტივალმა ადგილი და სივრცე მაინც გააფართოვა: საქართველოს დედაქალაქის გარდა, სტრიტ-არტმა ქუთაისში გადაინაცვლა და ოქტომბერში, ქუთაისში KIU Mural Fest პირველად ჩატარდა.

ორი კვირის განმავლობაში გრაფიტისა და კედლის მხატვრებმა ახლადაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის კედლები მოხატეს. მალე უცხოელი არტისტების მიერ სხვადასხვა შენობებზე შესრულებული მოხატულობა სტრიტ-არტის მსოფლიო რუკაზეც გაჩნდება, რაც მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მთლიანად ქალაქს უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს.
მართალია 2019 წლის ფესტივალთან შედარებით მოწვეულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, მაგრამ საქართველოს მაინც ესტუმრნენ უკვე გამოცდილი სტრიტ-მხატვრები გერმანიიდან, სერბეთიდან და საბერძნეთიდან. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ხატავენ შენობებსა და კედლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ფესტივალი ქუთაისში (KIU Mural Fest) მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოს რეგიონებში სტრიტ არტის შესახებ წარმოდგენასა და მის შემდგომ პოპულარობასაც განაპირობებს. ბესიკ მაზიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისსა და ქუთაიში სტრიტ არტის ფესტივალი მნიშვნელოვან სიახლესა და ფერადოვნებას შეიტანს ქალაქების ახალი თუ ძველი უბნების იერსახეში, მათ განვითარებაში. ეს გავლენას მოახდენს აგრეთვე ტურისტულ ინდუსტრიაზეც: „მურალიტების ყველა ნამუშევარი ტურისტული დანიშნულების ადგილიცაა. ესქმნის სიახლეს თბილისისა და ქუთაისის ცხოვრებაში, ანიჭებს შენობებსა და არქიტექტურასაც დამატებით მიმზიდველობას. ჩვენი მიზანია კულტურული ობიექტები ერთგვარად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებად იქცნენ. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა საქართველოში სტრიტ არტის სანახავად, მით უფრო პოპულარული გახდება ეს ადგილები. შესაბამისად, მეტი სარგებელი ექნებათ ქალაქებსაც".

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ესტუმრენ სტრიტ არტის ცნობილი უცხოელი არტისტები: INNERFIELDS, CASCE MACLAIM, APHE & NOAH, ARTEZ, INO, EL BOCHO, Collin van der Sluijs, Matthias Mross, KERA. საინტერესო იყო ქართველი მხატვრებისა და არტისტების - დანტეს, გიორგი მასხარაშვილის, მუსიას, ლუკა ჯაფარიძის, ირაკლი ქადეიშვილის,ზვიად ესართიას ნამუშევრებიც, რომლებმაც მურალ ფესტივალში მონაწილეობით საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრეს და გარკვეული გამოცდილებაც შეიძინეს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ქუჩის ხელოვნებამ ახლადრესტავრირებულ თბილისის სამხატვრო აკადემიის სივცეშიც შეაღწია. ცნობილმა გერმანელმა მურალისტმა case maclaim-მა აკადემიის კედელზე ნამუშევარი „სერაფიტა" შეასრულა. მხატვრის შთაგონების წყაროდ გოიას ცნობილი ნამუშევარი -კატებთან მოთამაშე გოგონა იქცა, ერთ-ერთ დეტალად კი მან ქართული ფარდაგი გამოიყენა. ასევე გერმანელი მხატვრების ჯგუფმა APHE და NOAH, თავიანთი ნამუშევარი დავით კაკაბაძის ფერწერის ინსპირაციით შექმნეს.

მხატვარმა მათიას მროსმა თავისი ნამუშევრისთვის „ცოდნის ძალა", დეტალები ვახტანგ VI-ს სტამბაში დაბეჭდილი პირველი სამეცნიერო წიგნიდან შეარჩია. გამორჩეული იყო ქართველი მხატვრების, ირაკლი ქადეიშვილისა და ზვიად ესართიას ერთობლივი ნამუშევარი „ცოდნა", რომელიც მათ შექნეს და რომელიც სამუდამოდ დაამშვენებს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსს.

ფესტივალის ქართველმა მონაწილემ, მხატვრმა გიორგი მასხარაშვილმა კი თავისი მურალ-ბეჭედი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მუსიკისა და დრამის თეატრის შენობის ფასადს დაასვა. მურალისტების ყურადღების მიღმა არც გლდანი დარჩა, სადაც საცხოვრებელი კორპუსის კედელზე, ცნობილმა ბერძენმა მხატვარმა ინომ, ახალი ნამუშევარი ანტიკური  ქანდაკების ინსპირაციით შექმნა. ქართველი მხატვრის, დანტეს ნამუშევარმა ვაკეში, რამიშვილის ქუჩაზე, თავისი სოციალური გზავნილით, ადგილობრივ მოსახლეობას შორის დისკუსიაც კი გამოიწვია...

მოკლედ, სტრიტ არტის „არტისტული" ფერები და ფორმები პანდემიის მიუხედავად, 2020 წელსაც შთამბეჭდავად წარმოჩინდა; როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. მომავალში კიდევ უფრო საინტერესო ფესტივალის ჩატარებას იმედოვნებს ფესტივალის დამაარსებელი ბესიკ მაზიაშვილი, რომელიც მასშტაბის, თემებისა და გეოგრაფიის გაფართოებას საზოგადოების მხრიდან არსებულ ინტერესსაც უკავშირებს.

„უკვე ჩატარებულ და მომავალ ფესტივალზეც ნამუშვრების თემატიკა ყოველთვის მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია. შეიძლება ის ლოკალურიც იყოს, როგორც მაგალითად, ჰოლანდიელი მხატვრის მიერ შექმნილი „ხოხობი" თბილისის ახალი გზის ერთ-ერთ გვირაბზე. შესაძლებელია მურალის კონცეპტუალური დიალოგი ძველ შენობებთანაც, როგორც ეს ხშირად ხდება ევროპაში. ზოგჯერ სოციალური თემები და არტისტის თვითგამოხატვის ფორმა კონტრასტულია, როგორც ეს საბურთალოსა და ვაკის უბნის საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში მოხდა.

ასევე შესაძლოა, მხატვარს რაიმე ინსპირაცია საკუთარი ქვეყნის კულტურამ უკარნახოს, ან ნამუშევრის შექმნის მიზეზი მხოლოდ ესთეტიკურ განწყობას უკავშირდებოდეს... ან მაგალითად, მსოფლიოს ეკოლოგიურმა პრობლემამ მხატვრის ცნობიერებაზე შთამბეჭდავი და ძლიერი კვალი დატოვოს. მურალ ფესტი იმითაც არის გამორჩეული, რომ წინასწარ რაღაცებს ვერ დაგეგმავ. ზოგჯერ კონკრეტული გარემოსა და მოვლენების ფონზე შემოქმედებითი თუ კრეატიული მიდგომა გაცილებით მნიშვნელოვანია ხდება.

თუმცა არსებობს გარკვეული თემები, რომლებსაც მურალის ფესტივალზე ვერასოდეს წავახალისებთ: პირველ რიგში ეს არის ძალადობა, სოციალური, სექსუალური ან რელიგიური ექსტრემიზმი, რაიმე ფაშისტური თუ ნაციონალისტური გზავნილები. მოკლედ, თემებისა და ფორმების მრავალფეროვნებას ისევ მურალისტების ფანტაზიასა და კრეატიულობაზე იქნება დამოკიდებული. ვიმედოვნებთ, 2021 წელს ყველაფერი უკეთესად იქნება ორგანიზებული და სტრიტ არტ ფესტივალს კიდევ უფრო მეტი არტისტი შეუერთდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისი გავლენა კი ჩვენი ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებზე - მნიშვნელოვანი."

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა