თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

არჩევნები 2020 - ყველაფერი ან არაფერი!

10.28.2020 | 09:31 ნახვები: 535

ქართველი პოლიტიკოსები, ტრადიციულად, „ნულოვანი შედეგისთვის" (Zero sum game) თამაშობენ, როდესაც ერთის გამარჯვება მეორეს განადგურებას ნიშნავს. ამ მხრივ პირველი გამონაკლისი 2012 წლის არჩევნები იყო, როდესაც მმართველმა პარტიამ წააგო, მაგრამ არ „წავიდა": დარჩა პოლიტიკურ ველზე, როგორც სერიოზული აქტორი, პირველ რიგში, იმის წყალობით, რომ შეინარჩუნა მძლავრი საპარლამენტო ფრაქცია, ოსტატურად „დაჯდა" კრიტიკულ ტრენდზე ტელევიზიებში და ამასთან, ამგვარ „სტრატეგიებსა" თუ სახელისუფლებო-პოლიტიკურ თამაშებში საკმაოდ გამოცდილი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი ჰყავდა.

წლევანდელ არჩევნებზე საკითხი ბევრად მწვავედ დგას: შეიცვლება თუ არა ხელისუფლება უკვე მეორედ?
ეს კითხვა, თავისთავად, სრულად არ ასახავს რეალობას, ანუ იმას, თუ „რა დევს ბანქოს მაგიდაზე" - რისი მანიშნებელი იქნება ამ არჩევნების შედეგი და რას გამოიწვევს მოკლე, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში?

***
პირველი „ფსონი" (ისევ ბანქოს ენით თუ ვიტყვით) ისაა, შეძლებს თუ ვერა პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი არა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას (არც წასულა), არამედ, ხელისუფლებაში მობრუნებას.
ამის შანსი ნულს უახლოვდება. არსებობს როგორც იურიდიული, ასევე, პოლიტიკური წინაღობები. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის აუცილებელია არა მხოლოდ „ოცნებამ" წააგოს გამანადგურებელი ანგარიშით, არამედ, მიშას პარტიამ (ენმ) მოიგოს, თან ისე, რომ სხვა, თუნდაც მოკავშირე და მონათესავე პარტიების მხარდაჭერა არ დასჭირდეს სააკაშვილის გასაპრემიერებლად. სხვა შემთხვევაში, თეორიულადაც კი გამორიცხულია, „ლელო", „ევროპული საქართველო" ან გიორგი ვაშაძე ექსპრეზიდენტის პრემიერ-მინისტრობას დასთანახმდეს. რიგგარეშე არჩევნებს უფრო დაეთანხმებიან, ვიდრე _ ამას, თუმცა ამგვარი ალბათობა ჰიპოთეზის სახით რომც დავუშვათ, არსებობს ორი იურიდიული წინაღობა: მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და მისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტს (სალომე ზურაბიშვილს); გარდა ამისა, ძალაშია შესული სასამართლოს ორი განაჩენი: „გირგვლიანის გამტაცებელთა შეწყალების" და „ვალერი გელაშვილის ცემის" საქმეებზე. კიდევ ორ ქეისზე კი („გაფლანგვა" და „7 ნოემბრის დარბევა") პროცესები გრძელდება.

თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ სცენარი: იქმნება დროებითი, „ტექნიკური მთავრობა", ენმ იღებს კანონს ამნისტიის შესახებ, ამის შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიტინგებითა და სასახლეში შევარდნის მუქარით აიძულებენ, დაუბრუნოს მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა (ნებით არ იზამს), „ტექნიკური მთავრობა" აცხადებს გადადგომას და პარლამენტი ნიშნავს ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, ოღონდ აქ აუცილებლად უნდა გავითვალსიწინოთ: მიშას ჰყავს არა მხოლოდ ფანატიკური მომხრეები, არამედ, არანაკლებ ფანატიკური მოწინააღმდეგეები და წარმოსახვითი პროცესის ყველა ეტაპზე, ყველა ნაბიჯს თუ გადაწყვეტილებას (ამნისტია, მოქალაქეობის დასაბრუნებელი მიტინგები) ისეთი მძვინვარე კონტრმიტინგები და ისეთი დაპირისპირება მოჰყვება, ხელისუფლებაში ასე დაბრუნებას არდაბრუნება აჯობებს, რადგან „მეორედ წასვლა", სულ მალე, შეიძლება, ბევრად უარესი გამოდგეს, ვიდრე - „მეორედ მოსვლა".

გარდა ამისა, მრავალი ნიშნით, თვით სააკაშვილს მაინცდამაინც არც უნდა პრემიერრობა. ძნელად ასახსნელი ფენომენია, თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის მთავრობის „პირველი მინისტრობა" „მოვე ტონია" - უკვე ნათამაშები პარტიის უსიამოვნო გადათამაშებაა მაშინ, როდესაც უკრაინაში აგრძელებს ახალ, ბევრად მასშტაბურ და საინტერესო პარტიას, ანუ მიშას მიზანი უფრო ისაა, მისმა პოლიტიკურმა ძალამ (ენმ) ცალკე ან ოპოზიციასთან ერთად მოიპოვოს უმრავლესობა, „ოცნება"-ბიძინა" დამთავრდეს, დაუბრუნდეს მოქალაქეობა, გაუქმდეს განაჩენი და ამით მოიპოვოს ქვეყანაში ყოფნის უფლება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი „წილი" პოლიტიკურ პროცესთა სამართავად.

რამდენად რეალურია მისი გათვლა, მხოლოდ არჩევნები გვიჩვენებს, თუმცა ეს ყველაზე მკაფიო გათვლაა, რაც მის მოქმედებაში სჩანს.

***
მეორე „პოზიცია", რაც ასევე თამაშდება 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს უახლესი ისტორიის იმ კანონზომიერების დარღვევაა, რომ არც ერთ მმართველ პარტიას, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ხელისუფლება მესამე ვადით ვერ „დაუბევებია": „მოქალაქეთა კავშირი" და „ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ ორ-ორი ვადით იყვნენ ქვეყნის სათავეში; „ოცნებას" აქვს რეალური შანსი, ეს ტრადიცია დაარღვიოს, თუმცა გარანტირებულად - არა.
ისიც საკითხავია, ეს „მესამე ვადა", თუკი შედგა, საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს, ანუ კიდევ უფრო ხომ არ გაღრმავდება ხელისუფლების „ჟანგვის" პროცესი, „ზამბარა" კი მესამე ვადის განმავლობაში, ისე დაიჭიმოს, შემდგომი სახელისუფლებო ცვლა არა 2012, არამედ 2003 ან, მით უარესი, 1991 წლის სცენარით მოხდეს.

***
მესამე: შეიქმნება თუ არა კოალიციური ხელისუფლების პრეცედენტი?
ოღონდ არა „ფეიკური კოალიციისა", როგორიც იყო 1993 წლის შევარდნაძის კოალიცია „ეროვნულ-დემოკრატებით" და „ტრადიციონალისტებით", არა სააკაშვილის კოალიცია „რესპუბლიკელებით", არა ივანიშვილის კოალიცია იმავე „რესპუბლიკელებით" და „თავისუფალი დემოკარტებით", არამედ, ნამდვილი საპარლამენტო-სახელისუფლებო კოალიცია: კოალიციური მთავრობით, როდესაც პარტიები აფორმებენ შეთანხმებას გარკვეული პირობებით, ფუნქციონალურად ინაწილებენ თანამდებობებს, მთავრობიდან კი პარტიული მინისტრების წასვლა თვით კოალიციის დაშლასაც იწვევს იმის მიუხედავად, ხდება თუ არა აუცილებელი მთელი მთავრობის გადადგომა მოქმედი კონსტიტუციით.

ასეთი გამოცდილება ქვეყანას არა აქვს. თუ მაინც შედგა და 6 თვეში არ დაინგრა, შეგვეძლება ვთქვათ, რომ მივიღეთ ქართული დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა, ამის ალაბთობა, თუ გულწრფელად ვიტყვით, მაღალი არ არის - ჩვენი პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით.

***
და ბოლოს, ძალიან არსებითი გარემოება: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიძინა ივანიშვილის „ოცნებამ" მიიღო „პროპორციული ხმების" 40%-ზე მეტი, ანუ მოიპოვა უფლება, მაჟორიტარებთან ერთად შექმნას მთავრობა, ექსტრიმალურად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდი იქნება მისი უპირატესობა - მოიპოვებს თუ ვერა მყარ აბსოლუტურ ან კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში.

თუკი „ოცნების" „მონაგარი", „მაჟორიტარებთან" ერთად, მინიმუმ, 90 მანდატი არ გამოვა, ასეთი „არამყარი" ხელისუფლება სულ მალე შეუქმნის გემიდან „დროულად გადახტომის" ცდუნებას სამთავრობო პარტიის ბევრ წარმომადგენელს. პირველ რიგში, „გაფაქიზებული ყნოსვის" მქონე იმავე ადგილობრივ ელიტებს და „მაჟორიტარებად" წოდებულ მათ წარმომადგენლებს.

***
რაც შეეხება წინასაარჩევნო პროგნოზს, როდესაც „გადაუწყვეტელ", „არმთქმელ" „კარის არგამღებ" და „ყურმილის დამკიდებელ" ამომრჩეველთა ოდენობა 60-65%-ია, ნებისმიერი წინასაარჩევნო პროგნოზი არათუ ფუჭი, არამედ, უპასუხისმგებლობაც იქნებოდა.

შეგვიძლია დაბეჯითებით მხოლოდ ის ვთქვათ, რა გარემოება, მოტივაცია და რომელი საზრისი იქნება გადამწყვეტი.

პირველ რიგში: შეეშინდება თუ არა ნეიტრალურ ამომრჩეველს (თითქმის ნახევარია!) გააკეთოს არჩევანი არდავიწყებული „ყოფილის" სასარგებლოდ, ნაცვლად 8 წლის განმავლობაში მოყირჭებული „ძველისა"?
სწორედ ესაა მთავარი საკითხი და ამ არჩევნების უმთავრესი ინტრიგაც.

დათო გამცემლიძე,
ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა