ვოლორიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირის წევრი უფრო სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ
ვილი სანიოლი - რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უკრაინასთან სათამაშოდ მზადაა
ივანიშვილი - ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი
ბუნდესტანგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს მიმდინარე ქმედებები
ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო

გოჩა მირცხულავა: "ხელისუფლებას როდესაც უჭირს, საპატრიარქოს ასაჩუქრებს"

20.03.2024 ნახვები: 1979

კიდევ რამდენ ფულს, რამდენ მიწას და რამდენი ბიზნესმენის „ქველმოქმედებას“ იღებენ, ვიცით? ზუსტი ციფრიც არ გვეცოდინება მომავალი წლის ბოლომდე, რა ქონებას გადასცემს ხელისუფლება ეკლესიას

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, თქვენთვისაც ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრმა საპატრიარქოს დამატებით 35 მილიონი ლარი გადასცა. ძალიან ბევრმა ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ საპატრიარქოს მოსყიდვად შეაფასა. თქვენ როგორ შეაფასებთ?

- ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მე არ მიმაჩნია სწორად და ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობა. საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი უნდა განისაზღვროს კონკორდატის საფუძველზე და არა რომელიმე ხელისუფლების კეთილი ნებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნების დროს, ხელისუფალნი ასეთი გულუხვები ხდებიან საპატრიარქოს მიმართ. თითქოს ამით ეკლესიის მიმართ საკუთარ მოკრძალებას გამოხატავენ.

საქართველოს კონკორდატის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება აღებული, საბჭოთა პერიოდში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პერიოდში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. იმთავითვე შეიქმნა კომისია, რომელსაც ეს ზიანი უნდა განესაზღვრა. ჯერ ცალკე საკითხია, რამდენად მორალურია საკითხის ასე დასმა? საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არ  არის საქართველოს ხელისუფლება და არც საქართველო, როგორც სახელმწიფო. შესაბამისად, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ქართველი ხალხი, რომელმაც ასევე თავად უამრავი რეპრესია განიცადა, ვალდებული არ არის. გაანადგურეს თაობები და ამ ადამიანების შთამომავლობამ ეკლესიას ფული რატომ უნდა უხადოს? თანაბარ, თუ არა უარეს მდგომარეობაში იყვნენ თავად და ეს მიმაჩნია ამორალურად! თუ სახელმწიფომ ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი? კომისია, რომელიც წლების წინ შეიქმნა, არც კი შეკრებილა! საერთოდ, რა ზიანზეა ლაპარაკი, ისიც კი არ ვიცით! რამდენი წელი შეიძლება ვუხადოთ ვიღაცას ფული?! თავისუფალ საქართველოს პერიოდში დაბადებულ მოქალაქეებს რატომ აქვთ ვალდებულება, იმ ზიანის გამო იხადოს რაიმე სახის თანხა?! ხოლო თუ ზიანზეა საუბარი, ეს თანხა რატომ არ ხმარდება წლების განმავლობაში განადგურებულ და ახლაც რომ ნადგურდება, იმ ისტორიულ ძეგლებს?! განათლება ფინანსდებაო და რას აფინანსებენ?!

- აქაც დიდი კითხვის ნიშნებია?

- დიახ, საინტერესოა, ერთი რას აფინანსებენ. სხალთის ეპისკოპოსი, რომელიც პირდაპირ პრორუსია თავისი არსით და აზროვნებით, რა განათლებას აძლევს სტუდენტებს? ვიცით რამე ამის შესახებ?! სამწუხაროდ, არა.

- როგორ ფიქრობთ, ეს პირდაპირ წინასაარჩევნო საჩუქარია?

- ამ წუთას ასეა, დიახ, წინასაარჩევნო საჩუქარია. ყოველი კრიზისული სიტუაციის დროს, რომელიც ხელისუფლებას ექმნება და საპატრიარქო მას გვერდით დაუდგება ხოლმე საკუთარი განმარტებებით, მაშინვე რაღაცას აძლევენ. ხომ ნახეთ ერთ ლარად გურიაში გადაცემული მიწები?! ერთ ლარად და რა საჭიროებისთვის, ისიც კი არ ვიცით! მე არ ვამბობ, რომ არ უნდა მივცეთ, რა საჭიროებისთვის ვაძლევთ, ეს ხომ უნდა ვიცოდეთ?! უამრავი მიწაა გადაცემული საპატრიარქოსთვის, რომელიც დღეს მიგდებულია ან კონკრეტულ სასულიერო პირებს აქვთ დათრეული.

- რას ცდილობს დღეს „ქართული ოცნება“? რისთვის ემზადება? არჩევნებში რომ ეკლესიამ მხარი დაუჭიროს?

- რა თქმა უნდა და კონკრეტული თემები, რომელსაც მალე შემოაგდებენ, აი იქ უნდათ იდეოლოგიური მხარდაჭერა. ახლა ამ წუთას რაც ხდება, მაგალითად, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა კანონს მიიღებენ, აქაც საპატრიარქოს მხარდაჭერა უნდათ. თუ ზუსტად იგივე კანონის კოპირება უნდათ, რაც ახლა რუსეთმა მიიღო, არ ვიცი, ესეც გამოჩნდება.

- და ამ ყველაფერში დასჭირდება ეკლესიის გვერდში დგომა? ამისთვის გაცემული ავანსია?

- აუცილებლად დასჭირდებათ და სწორედ წინასწარი ავანსია. უამრავი რაღაც ხდება დღეს ეკლესიაში. ეს არის ის, რაც ზედაპირზე დევს, კულუარებში ბევრად მეტი პროცესი მიმდინარეობს.

- რა ხდება პატრიარქთან დაკავშირებით? ერთი პერიოდი დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ღიად საუბრობდნენ მის შემცვლელზე. ახლა ცოტა მინელდა. ალბათ არჩევნებამდე აქტუალური არ გახდება?

- დიახ, არჩევნებამდე აქტუალური ნამდვილად არ გახდება. თუ რაიმე საჭიროებების გამო არ გახდა საჭირო. ამ წუთას მეუფე შიოს აქვს ხელისუფლების მხარდაჭერა, ხოლო ერთმნიშვნელოვნად მკვეთრად გამოხატული მისი სასარგებლო პოზიცია სინოდში არაა, მისი მომხრეების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. შესაბამისად, ხელისუფლებასაც, ისევე, როგორც რუსეთს, ჰყავთ სათადარიგო კანდიდატები და პროცესების დაჩქარებას არ ცდილობენ.

- მეუფე შიოს გარდა სხვა კანდიდატებიც მოიაზრება?

- სამი-ოთხი კანდიდატია, რომელთაც როგორც რუსეთი, ასევე საქართველოს ხელისუფლება უნისონში მოიაზრებენ შემდგომ პატრიარქად. ზოგადად საკითხის ასე დაყენება მე დიდ უზნეობად მიმაჩნია. ცალკე თემაა, როდესაც ყოველგვარი კანონიკის დარღვევით, აგერ ხუთ წელზე მეტია პატრიარქს შიო მოსაყდრედ ჰყავს და ადამიანი იფერებს იმას, რომ თითქოს ის არის საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე. ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ მემკვიდრეობითობის პრინციპით გადადის პატრიარქობა. თუნდაც პატრიარქის მიერ დასახელებული კანდიდატის არჩევა მომავალ პატრიარქად რაიმე აუცილებლობას წარმოადგენს. ილია მეორეს კარგი თვისებებისა და რაიმე გამორჩეულობის გამო არ დაუსახელებია შიო.

- რატომ დაასახელა?

- ის მაშინ გარკვეული დილემის წინაშე დააყენა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ამის თაობაზე პირველი სტატია და ინფორმაცია სწორედ ჩემ მიერ იქნა გავრცელებული. კი იკლავდნენ, რომ თურმე ვიტყუებოდი და შემდეგი თვის თავზე მოსაყდრედ მოგვევლინა ეს ადამიანი.

- იმდენად სერიოზული კლანები და დაჯგუფებებია შიგნით, რომ შესაძლოა, შიოს კანდიდატურა ვერც გაიყვანონ?

- რა თქმა უნდა. შიო არის რუსეთისთვისაც და საქართველოს მმართველი ჯგუფებისთვისაც, არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციის ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებში, მისაღები კანდიდატურა. ასევე ცალკეულ ჯგუფებს ჰყავთ სხვა, მათთვის მისაღები კანდიდატურები. ზოგადად ხელისუფლება და პოლიტიკური ჯგუფები ასე რატომ ერევიან ეკლესიის საკითხში, გაუგებარიa, თუმცა, მეორე მხრივ, ეკლესიასაც, როცა მოუნდება, ყოველთვის აქვს ხელისუფლების დაშანტაჟების შესაძლებლობა და ჩვენ ეს არაერთხელ ვნახეთ.

- ფიქრობთ, რომ წინასაარჩევნოდ მათ შეხმატკბილებულ პოზიციებს უნდა ველოდოთ?

- დიახ. რამაც გამოჟონა და ზედაპირზეა, ეს ვიცით, თორემ, რაც არ ვიცით?! კიდევ რამდენ ფულს, რამდენ მიწას და რამდენი ბიზნესმენის „ქველმოქმედებას“ იღებენ, ვიცით? ზუსტი ციფრიც არ გვეცოდინება მომავალი წლის ბოლომდე, რა ქონებას გადასცემს ხელისუფლება ეკლესიას.

           

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა