„ევროპის სახალხო პარტია“ - მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს და ევროკავშირის სახელმწიფოებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაში პასუხისმგებელ პირებს
თინა ბოკუჩავა EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან
გოჩა მირცხულავა: რეალურად მივდივართ ქართული სახელმწიფოს აკრძალვისკენ
ირაკლი კობახიძე - რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
საბა ბრაჭველი - დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა
ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან
ირაკლი კობახიძე - გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი - მაგისტრატურას

გოჩა მირცხულავა: რეალურად მივდივართ ქართული სახელმწიფოს აკრძალვისკენ

17.10.2025 ნახვები: 401

"ოცნების" გათვლებით, თუ 2026-ის გაზაფხულზე თავიდან ჩაატარებენ არჩევნებს, მაშინ ხელისუფლებაში 2030 წლამდე რჩებიან"

"საბოლოოდ კი, თვითიზოლაციაში მყოფი „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმედ დაამთავრებს, იმდენად მძიმედ, რომ მათ მიმართ ემპათიაც კი არ დარჩება საკუთარ მომხრეებშიც კი!"

 

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, ბოლო დღეებია უამრავ ახალ კანონს აინიცირებს „ქართული ოცნება“. არ მოქმედებს 5 ათას ლარიანი ჯარიმები, უსაქმური და გაღატაკებული ხალხი დგას ქუჩაში და ვერ იხდისო, ამიტომ პირდაპირ ციხე, ყველა უნდა დავიჭიროთო. რა ხდება, საით მიდიან, ასე რატომ ისწრაფვიან?

 

- პირველი მიზანი, რაც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, არის ის, რომ ოფიციალურად გააუქმოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი და ამითი სამომავლოდ აირიდოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კონსტიტუციის დარღვევისთვის. პროცესი უკვე დაწყებულია და ამ დრომდე „ოცნებამ“ ბევრი გააფუჭა. „ოცნების“ წევრებმა, რომლებმაც ასე გულმოდგინედ გადაახიეს კონსტიტუცია თავზე საქართველოს მოსახლეობას, მათ ამაზე პასუხი უნდა აგონ. ხშირად მესმის ასეთი ფრაზები, რომ 4 ოქტომბერი ჩავარდა და ასე შემდეგ. მე იმ პერიოდში თქვენთან ვთქვი, რომ 4 ოქტომბერი იქნება ისეთი, როგორსაც ისურვებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა თვალნათლივ დაანახა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ საზოგადოებას და მსოფლიო თანამეგობრობასაც, რომ მისთვის „ქართული ოცნება“ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და 5 ოქტომბერი აბსოლუტურად სხვანაირი გათენდა ამ ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, ახალი რეპრესიული კანონები შემოიტანოს. როდესაც საუბარია იმაზე, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ვნახეთ როგორი დიდი ზიანი მიადგა არალეგიტიმურ ხელისუფლებას და 4 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა, რომ ძალა ერთობაშია და ძალა მასშია!

- რას იტყვით იმ პროცესზე, რომელიც ახლა მიდის?

- რაც შეეხება პროცესს. კი ეს ყველაფერი ძალიან საგანგაშოა, თუმცა  სრულად ჯდება იმ პარადიგმაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს სთავაზობს. ეს არის ის, რომ უნდა გაძლიერდეს რეპრესიები, პირველ რიგში, სწორედ 78-ე მუხლის გასაუქმებლად მას სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში. წესით, ამ გზით წავლენ, რომ გააუქმონ პოლიტიკური პარტიები, საუბარია ათამდე პოლიტიკურ პარტიაზე, დათვლილი ჰქონიათ. ალბათ, მალე გავიგებთ ამას, როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს. პერსონებზე საუბარი, რომ აუკრძალავენ ადამიანებს პოლიტიკაში ყოფნას, ეს ადასტურებს თუ რა გზით მიდიან?!

- რა გზით?

- მათი გეგმაა, რომ პარტიები გააუქმონ და გაზაფხულზე დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, უკვე მოსუფთავებულ ველზე. ჩანს, რომ შექმნიან რაღაც ოპოზიციის მაგვარს, ხელოვნურ ოპოზიციას, რომელსაც რაღაც ადგილებს მიუგდებენ. ისინიც თავის მხრივ შევლენ პარლამენტში და შეეცდებიან, ლეგიტიმაცია მოახდინონ ამ არჩევნების. „ოცნებას“ კი საკონსტიტუციო უმრავლესობით გახსნილი ექნება ხელ-ფეხი, 78-ე მუხლი გააუქმოს. ეს არის მათი სცენარი...

- რამდენად გამოვა ეს სცენარი?

- რამდენად შეძლებენ ამის რეალიზაციას, ეს არის ცალკე თემა. ჩვენ ვიცით,  რომ ქართველი ხალხის საკმაოდ დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა. ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოების რეაქცია იქნება. ისეთი ოპოზიციური პარტიებიც გამოჩნდებიან, იმ არჩევნებში რომ მიიღონ მონაწილეობა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ შესაბამისი პასუხი ქართული საზოგადოების მხრიდან აუცილებლად იქნება. თუ როგორი იქნება ეს პასუხი, ეს მე არ ვიცი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სცენარზე, რომელიც თვალნათლივ ჩანს და რომლისკენაც მიდის „ქართული ოცნება“, რამდენად შეძლებს ამის რეალიზებას, ამას ვნახავთ.

- მანამდე ციხეები გაავსეს უკანონო პატიმრებით. ახლა გზის გადაკეტვაზე პირდაპირ ციხეა. ჯარიმებს ვერ იხდიან და უნდა დავიჭიროთო...

- ძალიან სასაცილო მომენტია. ფულს რომ ვერ იხდის, ის კი არ არის მათთვის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ხალხი შეაშინონ. ანუ ხალხს უთხრან, რომ ჩაგსვამთ ციხეში! ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი „კანონიერი“ ინსტრუმენტია, თითქოს ვიღაცას უთხრან, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, რომ სახლში არავის ვუვარდებით, ქუჩაში კანონი დაარღვიეს და ამიტომ დავიჭირეთო. აი ამისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი. თუ ჯარიმას არ იხდიან, საზღვარგარეთაც არ უშვებენ. საზღვრებსაც უკეტავენ.

ამ ფონზე, აბსოლუტურად ნიშანდობლივი და სიმპტომატური იყო ირმა ინაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება...

- მით უმეტეს, როგორ ლოიალურ ოპოზიციად ითვლება ირმა ინაშვილის პარტია...

- ვინც პოლიტიკოსია, ყველას აქვს მგრძნობელობა, თუ რა ხდება. ვისი მოკავშირეა ირმა ინაშვილი, ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტი ის არის,  რომ შეფასება იყო აბსოლუტურად სწორი. ხვალ და ზეგ აკრძალვის საფრთხე მასაც ემუქრება. ემუქრება იმიტომ, რომ ირმა ინაშვილის პოლიტიკურმა ძალამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. როგორც ამბობენ ხოლმე, რევოლუცია ჭამს თავის შვილებსო, შესაბამისად, მათ ასეთი მოკავშირეები არ სჭირდებათ, რომლებმაც შიგნიდან იციან ეს ანატომია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის. ამიტომ მათაც მიადგებიან. მე სულ სხვა რაღაცას ვხედავ, რეალურად ჩვენ მივდივართ ქართული სახელმწიფოს აკრძალვისკენ.

- რა იქნება ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული? რა შედეგამდე მივალთ?

- მე ისევ და ისევ იმ აზრის ვარ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. „ქართულ ოცნებას“ ნუ აქვს იმისი ილუზია და იმისი მოლოდინი, რომ ეს შიში გახდება იმისი საფუძველი, რომ მათ მართლა შეძლონ ქართული სახელმწიფოს გაუქმება. სულ 2030-ს გაიძახოდა ბიძინა, ხომ გახსოვთ? ეს ვერანაირად ვერ ჯდებოდა ამ ციკლში. ამიტომ მათი გათვლებით, თუ 2026-ის გაზაფხულზე თავიდან ჩაატარებენ არჩევნებს, მაშინ 2030 წლამდე რჩებიან ხელისუფლებაში. ბიძინას წარმოსახვაშიც ეს 2030 რჩება. აი ამ გზით მიდიან. თანაც გვეტყვიან, ნახეთ ბიძინამ ჯერ როდის იწინასწარმეტყველა ეს ყველაფერი. საკითხავია,  როდემდე მოითმენს ამას ქართველი ხალხი?! მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება ის ხელისუფლება, რომელიც საშინლად დაამთავრებს თავის საქმიანობას! „ქართული ოცნების“ ეს მცდელობები დამთავრდება კრახით. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველი ხალხი მოისურვებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერიოზულად იცვლება საერთაშორისო პარადიგმა და აქედან გამომდინარე, კიდევ ბევრი რამ მოხდება. აქამდე არ იყო იმის საშუალება, რომ  ჩვენთვის უფრო დიდი ყურადღება მოექციათ, ვიდრე გვაქცევდნენ, მაგრამ ეს მომენტიც დადგება. საბოლოოდ კი, თვითიზოლაციაში მყოფი „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმედ დაამთავრებს, იმდენად მძიმედ, რომ მათ მიმართ ემპათიაც კი არ დარჩება საკუთარ მომხრეებშიც კი!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა