თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ტრენინგი ჩატარდა
პრეზიდენტმა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სისტემური საარჩევნო დარღვევების საკითხი განიხილა
დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა
თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან
დიდი ბრიტანეთის პრემიერი - პუტინს კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან
ცესკო პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ლევან ბეჟაშვილი - თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება
ბერდია სიჭინავა - არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით

გიორგი რუსის ბედისწერა

27.01.2024 ნახვები: 1994

გამორჩეული და ღირსეული ტახტის მემკვიდრის - დემნას დასაჭურისება, რასაც უფლისწული გადაყვა, ძალიან დიდი ტრავმა იყო მთელი ქვეყნისათვის, გიორგის

მომხრე ისტორიკოსებიც ვერ მალავენ დემანს მაღალ ინტელექტუალურ და ვიზუალურ მონაცემებს (,,ყოვლითა ხელითა მარჯვე, მშვენიერი, ნასწავლი"). თამარი ჯერაც არ აღიქმებოდა ანგარიშგასაწევ მმართველად, ,,უმკვიდროდ" და ,,უძეოდ" დარჩენილი სამეფო შუა საუკუნეებში განადგურების ზღვრამდე მისულად მიიჩნეოდა, ამიტომაც პატრიარქმა და დიდებულებმა თამარი დაჩქარებულად, თითქმის იძულებით დააქორწინეს, მაგრამ გიორგი რუსი ,,სოდომიითა დაქცეული" აღმოჩნდა, დემნას დასაჭურისების შემდეგ ეს მეორე, დიდი ტრავმა იყო სამეფოსათვის.

შუა საუკუნეებში ტახტის მემკვიდრესა და ტახტის მემკვიდრის მშობლის მამაკაცურ სრულფასოვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, მე-12 საუკუნის 70-80 წლების საქართველოში ასეთი ვითარება შეიქმნა: დემნა დაასაჭურისეს, სამეფო გვარის აღსადგენად მისი ჩამნაცვლებელი გიორგი რუსი კი იმპოტენტი აღმოჩნდა... ზოგს ამაში შესაძლოა ღვთიური მსჯავრი დაენახა, რომელიც გიორგი მესამის სახლს დემნასთან ჩადენილი დიდი ცოდვისთვის სჯიდა (სხვათაშორის, თამარის ისტორიკოსების განსაკუთრებული მტკიცება დავით სოსლანის მამაკაცურ მშვენიერებასა და სრულფასოვნებაზე სწორედ ამ საფუძვლიდან უნდა იყოს წარმომდგარი).

თამარის ისტორიკოსის შენიშვნით, გიორგი ყველაზე საშინელი ცოდვით - სოდომიით იყო დაცემული, თამარმა მისი ,,განკურნება" სცადა ,,სარწმუნო ბერების მეშვეობით", მაგრამ ამან არ იმუშავა.

საერთოდ, შუა საუკუნეებში, ჰომოსექსუალური აქტების შემთხვევები გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ქალი, ჩვეულებრივ, ამ დროს ძალიან რთულად ხელმისაწვდომია. ამ ხანის საეკლესიო ძეგლები, რაც ყველაზე გამაოგნებელია, ასკეტურიც კი, სავსეა ჰომოსექსუალური აქტებისთვის განწესებული სასჯელებით (მაგ. იოანე მმარხველთან).

თურმე, მთელი გრადაციები არსებობდა, ყველაზე სასტიკად ისჯებოდა ორალური და ანალური ჰომოსექსუალური სექსი, აქაც დიფერენცირებით, პასიური ანალური სექსი უფრო მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნეოდა და წლობით უზიარებლობით ისჯებოდა, ამის თავიდან ასაცილებლად ზოგი თესლდათხევისთვის მხოლოდ ბარძაყებს და მუცელს იყენებდა, რადგანაც ეკლესია ასეთ შემთხვევებს ნაკლები სიმკაცრით სჯიდა, ეს დიდი თემაა, აქ ვერ განევრცობა, ისევ გიორგი რუსს დავუბრუნდეთ.

რა მოხდა თამართან ქორწინების შემდეგ, სამეფო სანთიობოში, ამას ვერც ახლა და ვერც მაშინ დანამდვილებით ვერავინ იტყოდა, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ტახტის მემკვიდრე მეორე წლის თავზეც არ იბადებოდა, რაც თავისთავად დიდი დრო არ არის, მაგრამ გიორგის გახმაურებული ჰომოსექსუალური ცხოვრების გამო ეს უძეობა სრულებით სხვაგვარ, ავისმომასწავებელ ჟღერადობას იძენდა.

ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რას ასახელებს გიორგისთან გაყრის მთავარ მიზეზად თავად თამარი...

- ,,საწოლის სიწმინდის შერყვნას", უფრო კონკრეტულად თამარი აქ უნდა გულისხმობდეს გიორგის ჰომოსექსუალობას, რაც იქიდანაც ჩანს, რომ თავის ქმარს ამ ,,სენისგან" განსაკურნავად მან გამოუყო ტრადიციული მკურნალები - ,,სარწმუნონი მონაზონნი"

თამარის ფსიქოტიპს დიდი ხანია ვსწავლობ სხვადასხვა წყაროთა შუქზე და მისი იდეალიზების გარეშე, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სახარების სულისკვეთების, ღრმად, ზოგჯერ კი გულუბრყვილოდ მორწმუნე ქალი იყო, ამ შემთხვევაშიც, ჩანს, ყმაწვილი ქალი ფიქრობდა, რომ მისი სარწმუნო ბერები სულიერი შეგონებებით გიორგის ჰეტეროსექსუალად აქცევდნენ.

თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი, რომელიც ბერი უნდა იყოს და იქნებ სწორედ იმ ,,სარწმუნო მონაზონთაგან" ერთ-ერთი, ვისაც გიორგი უნდა გამოესწორებინა, ციტაციით შენიშნავს: ვკურნებდით და არა იკურნებოდაო...

ამგვარად, თამარის და მისი ,,სარწმუნო მონაზვნების" გეგმა განეკურნათ სოდომური წყევლა, ჩავარდა, გიორგი ისევ აგრძელებდა თამარის საწოლის შებღალვას, 25 წლის, გამორჩეული გარეგნობის მქონე გიორგი რუსს ისტორიკოსები შემდეგნაირად აღწერენ, ,,მოყმე სახეკეკლუცი" და ტანადი... ,,საჩენი გუარისშუილად", ქართველ დიდებულებსაც პირველივე დანახვისას იგი ერთბაშად ,,სთნდათ". რუსს პარტნიორების ჩამოყვანა სხვა სამეფოებიდან არ უნდა დასჭირვებოდა (მწვალებელ ფრანგებამდე ხმელეთის გზას მუსლიმები კეტავდნენ) ხელის შორს გაწვართნა რა საჭირო იყო, ჯერაც რუის-ურბნისის კრების მამები ჩიოდნენ, რომ საქართველოს ერშიც და ბერშიც მრავალი იყო ამ ,,სამეფოთა დამაქცევარი და ამომწყვეტელი" ცოდვით დასნებოვნებული.

,,მამათმავლობის მკურნალი ბერების" მიჩენა და მხილება თავმომწონე უფლისწულისთვის, ცხადია, ძალიან დამამცირებელი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ფსიქოლოგიურად და ლოგიკურად კარგად გასაგებია მემატიანის შემდეგი ცნობა, რომ ამის მერე გიორგი კიდევ უფრო ,,განძვინდა" და ,,არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძვირესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა"

ასოში შესაძლოა სხეულის დაუკონკრეტებული ნაწილიც იგულისხმებოდეს და უფრო კონკრეტულად, სასქესო ორგანო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გიორგის მამაკაცური ღირსება უკვე სერიოზულადაა დაყენებული კითხვის ნიშნის ქვეშ და მის ,,განკურნებაზე" ბერების კომისია ზრუნავს, მეორე გაგება უფრო ახლო ჩანს სინამდვილესთან, შესაბამისად, ასეთი სურათი იხატება: საკუთარი მამაკაცური ღირსების შეურაცხყოფას იგი პასუხობს იმ დიდგვაროვანთა დასაჭურისებით, რომლებიც მის შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ, ან, გიორგი ფიქრობდა, რომ მონაწილეობდნენ

ეს სისასტიკე სინამდვილეში მეტყველებს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ახალგაზრდა კაცის ტანჯვასა და ტრაგედიაზე. თავისი ქვეყნიდან განდევნილ უფლისწულს ბედმა გაუღიმა, კი არა გადაუკისკისა და ეპოქის ყველაზე ძლიერი, მდიდარი და მშვენიერი ქალის ქმრად და თანამეფედ აქცია, ქართველი ისტორიკოსები არ მალავენ, რომ განსაკუთრებული გარეგნობის გარდა გიორგი გამოირჩეოდა მაღალი საბრძოლო უნარებითაც, მისი უნარიანობა და ჟინიანობა კარგად გამოჩნდა მერეც, როცა განდევნილი ორჯერ დაბრუნდა და პირველად დიდ წარმატებასაც მიაღწია, მთელი დასავლეთ საქართველო მიემხრო, იოლი წარმოსადგენია ამ დროს თამარის განცდები, მისგან გაძევებული ქმარი მობრუნდა და სამეფოს ნახევარი წაართვა, დღედღეზე კი მის თავისუფლებასაც ხელყოფდა... მაგრამ დავუბრუნდეთ პირვანდელ თხრობას, მიუხედავად ყველა იმ უპირატესობისა, რაც გიორგის აქვს, იგი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, რამდენადაც ქალები არ იზიდავს, არადა, თამარის სასწრაფო წესით დაქორწინება სწორედ იმ მიზნით მოხდა, რომ როგორმე ტახტის მემკვიდრე დაბადებულიყო, ბაგრატიონთა სამეფო შტო გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე იდგა, რასაც ფეოდალურ საქართველოში უდიდესი შიშით უყურებდნენ, ეს შიში იმდენად დიდი და ერთსულოვანი იყო, რომ თამარის ,,სულსა შეაიწრებდეს და უშვილოებასა მოახსენებდეს", იოლი მისახვედრია რამდენად უფრო ძლიერი იქნებოდა ეს წნეხი გიორგიზე, იქამდე, რომ ამას იგი ფსიქიკური აშლილობის ზღვრამდე უნდა მიეყვანა, რის ნიშნებსაც ისტორიკოსები წვრილად აღწერენ.

თავმოყვარე და ჟინიანი გიორგის მამაკაცური ღირსება ნაცარტუტად იქცა, მის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ბრალდებების რეკონსტრუქცია არც ისე რთულია, საკმარისია უბრალოდ თამარის ხელის მთხოვნელთა აღწერების მოტანა მემატიანესთან: აკი თამარის ხელს ეძებდნენ პირ-მზე და ტან-ლომი ჭაბუკნი - ჰრომნი, ფრანგნი, ასურნი, ოვსნი თუ შარვანელნი, არჩევანი მათგან ერთ-ერთზე უნდა შეჩერებულიყო და არა ამ მამაკაცურად უძლურზე, რადგანაც მათი მამაკაცური ღირსება საკმარისი იქნებოდა ტახტის მემკვიდრის მოსავლინებლად, იქნებ არც არის გვიან მათში საუკეთესოსთვის დასტურის მიცემის, რადგანაც ჰომოსექსუალი გიორგის იმპოტენცია ქართველთა სამეფოზე უმემკვიდრობის კატასტროფას მოაწევს. საქართველოს იმედი და მომავალი - დემნა დასაჭურისებულ იქნა, მისი ჩამნაცვლებელი გიორგი რუსი კი ჰომოსექსუალი აღმოჩნდა, ვითარება უიმედოდ მძიმე იყო.

გიორგის პასუხი წნეხზე იყო შეუპოვარი - სკეპტიკოსთა და კრიტიკოსთა დასახიჩრება ან დასაჭურისება, მეფური პასუხი მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს დიდგვაროვანი ახალგაზრდა კაცის მამაკაცურ ღირსებაში

ტრაგედიის ფინალური ეტაპი დადგა ორი წლის თავზე, როცა, უეჭველად წინასწარ დაგეგმილად, დარბაზის სხდომაზე თამარმა განაცხადა, რომ ის მისგან იფერთხავდა მტვერს, რომელიც რუსისგან აეკრო... ერთი ისტორიკოსი წერს, რომ ამ დროს თამარი ტიროდა, მეორე კი მას ამ გადაწყვეტილების მიღებისას უფრო გულცივ და ძლიერ პიროვნებად წარმოაჩენს

რუსუდან დედოფალმა და დიდებულებმა გიორგი ,,საწყალობელად განაძეს", თუმცაკი ხელუხვად - ხომალდი ძვირფასეულობით დაუტვირთეს და კონსტანტინეპოლში ექსორიაქმნესავტორი.

გიორგი და თამარი ამ დროს 25-26 წლისანი იყვნენ.

 

ავტორი: ბექა ჭიჭინაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა