"საქართველოში ეკლესიას სულ რუსეთი მართავს!"
"ეკლესიაში ზუსტად იგივე პროცესი მიდის, რა პროცესიც ხდება გარეთ. არც მათ არ სურთ შიგნით ის ადამიანები, რომლებიც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ"
კობახიძეზე უკეთესად ვინმემ რამე გაუკეთა ბიძინა ივანიშვილს?!
ზოგჯერ ეს იგნორი და უარყოფა უფრო მეტი ინტერესის მადემონსტრირებელია, ვიდრე თუნდაც 20-წუთიანი შეხვედრა თეთრ სახლში!
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, ბოლო პერიოდის პროცესები შევაფასოთ და ვიდრე პოლიტიკურ სიტუაციაზე ვისაუბრებთ, მინდა ეკლესიაში მიმდინარე პროცესზე გკითხოთ. რა ხდება დღეს ქართულ ეკლესიაში? ვინ მართავს დღეს ეკლესიას?
- ჩვენთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, გარკვეული პერიოდი, აბსოლუტური გაურკვევლობა არსებობდა ეკლესიის მიმართ. რუსული იმპერიის პრესსამსახურები, ასე თუ ისე, ვერ იცლიდნენ ამ მიმართულებისთვის, მაგრამ როგორც კი შეძლეს და მოიცალეს, მას შემდეგ, აქ ეკლესიას სულ რუსეთი მართავს. რუსეთის გრუ, საგარეო დაზვერვა, ფსბ-ეს მეორე განყოფილება და ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. წლებია ვიძახი, რომ არანაირი საპატრიარქო ჩვენ არ გვაქვს. ეს არის შენობა, რომელშიც, რამდენიმე პატიოსან ადამიანთან ერთად, ჩაბუდებულები არიან ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ რუსეთის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის რეალიზებას და, რა თქმა უნდა, ამ წუთას ისინი მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს. მათი მიზანია რუსული იდეოლოგიის მიერ დასახული ამოცანები სისრულეში იქნას მოყვანილი. ზუსტად იგივე პროცესი მიდის, რა პროცესიც ხდება გარეთ. არც მათ არ სურთ შიგნით ის ადამიანები, რომლებიც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ. არცერთი ეს ადამიანი ქრისტიანულ პრინციპებს აცდენილი არ არის, აცდენილი არიან თვითონ და როდესაც ქრისტეს ხმა ესმით, როგორც ეშმაკს ეშინია, ისე ეშინიათ მათაც. ცდილობენ, პირდაპირ მოკვეთონ. ეს ის პროცესია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენ ამას გახმაურებული ფაქტების დროს ვხედავთ თორემ, უამრავი ასეთი ფაქტი არსებობდა ეკლესიაში. იარსებებს მანამ, სანამ ეს ინსტიტუციად წოდებული, ამ სახით არსებობს. პირდაპირ ვამბობ, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების ფილიალი საქართველოში!
- ვინ არის დღეს რეალური ხელმძღვანელი, მეუფე შიო?
- არა, შიო ჩვეულებრივი ეგზარქოსია ამ წუთას, რომელიც ახორციელებს იმ დავალებებს, რომელსაც ის იღებს. მორჩა, მეტი არაფერი. იქ არის კიდევ სხვა შიდა დინებები. ამის პარალელურად მიმდინარეობს კასტინგი, იმასთან დაკავშირებით, ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი, რა თქმა უნდა, შიდა ბრძოლებიც არის. რამდენიმე პარალელური დინება მიმდინარეობს, მაგრამ იდეოლოგიურ კონტექსტში, პატრიარქის ტახტისთვის ვინ იბრძოლებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ის ვინც პატრიარქი გახდება, ისევ და ისევ რუსული იდეოლოგიის გამტარებელი იქნება. ამათ ქრისტე გაგდებული ჰყავთ ეკლესიიდან და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!
- პოლიტიკურ პროცესზე რას იტყვით? აქაც სრული ქაოსია. ოპოზიციის ნაწილი აკრძალეს, ვინც არ აკრძალეს სასჯელები დაუმატეს.
- მოდით გავიხსენოთ დინამიკაში რას მოყვა ეს სისხლის სამართლის საქმეები. ბოლო სისხლის სამართლის საქმეებს ვგულისხმობ, სასჯელები რომ სურთ დაუმატონ ყველას. ეს მოყვა ევროკავშირის რეზოლუციას. ცდილობენ, ძალას დაუპირისპირონ შესაბამისი ძალა. თქვენ მოგვექცევით ასე?! - ეუბნებიან ევროკავშირს და დასავლეთს, ჩვენ მოვიქცევით ასე. რა ზემოქმედების ბერკეტები გაქვთ ჩვენზე?! გამოწვევის პროცესში არიან.
- ანუ ევროკავშირს უპასუხეს ამით?
- რა თქმა უნდა! თითოეული ასეთი ნაბიჯი, იცით რისთვის კეთდება? თუ მოუწიათ დათმობებზე წასვლა, თითო-თითო ბარტყი რომ გადმოაგდონ. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით და მზად უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანებიც. მე ვფიქრობ, რომ მზად იყვნენ კიდეც. არ მგონია, უმეტესობა მათგანს ჰქონოდა იმისი წარმოდგენა, რომ 9 თვის შემდეგ მათ გარეთ გამოუშვებდნენ. ვისაც მისჯილი აქვს, იმაზე მაქვს საუბარი. ის ბრალი, რომელიც ამათთვის არის წაყენებული, ეს ყველაფერი ხომ თითიდან გამოწოვილია?! ევროკავშირმა ხომ გადასარევად იცის, ისედაც რომ აქ კანონები ირღვევა, ამაში მათ ვინმესგან დარწმუნება სჭირდებათ?! რა თქმა უნდა, არა! ძალადობა რომ ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება, ამაში დარწმუნება სჭირდება დასავლეთს?! ყველაფერი ხომ ხელისგულზეა?! ისეთ განცხადებებს აკეთებენ ღიად და საჯაროდ, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული და ე. წ. პრემიერი, რომ ამას ვინ რა უნდა დაუმატოს. არანაირი ამბის გატანა არ სჭირდება არცერთი პოლიტიკოსისგან, ისედაც ნათელია მათთვის ყველაფერი. მაშინ გამოდის, რომ მთელი საქართველო უნდა დაიჭირონ, რადგან ყველა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მიდის რუსული გზით, ყველა კანონს საკუთარ თავზე ირგებენ, ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. ამას ხომ ყველა ღიად ლაპარაკობს. ამას ისედაც ხედავს დასავლეთი.
- რა ხდება, აღარ ვართ დასავლეთის ინტერესში? აიღეს ჩვენზე ხელი?
- როგორ არ ვართ დასავლეთის ინტერესში. დააკვირდით აბა პროცესს?! ინტერესის გამოვლინება ათასნაირი არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მისი პრეზიდენტობის არასრული ერთი წლის განმავლობაში, შეხვდა ყოფილი საბჭოთა კავშირის 13 რესპუბლიკის პირველ პირს! შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ პუტინსაც კი და ერთადერთი არის საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი, ვისაც ის არ შეხვედრია! ესეც ინტერესის გამოვლენაა, ანუ ზოგჯერ ეს იგნორი და უარყოფა უფრო მეტი ინტერესის მადემონსტრირებელია, ვიდრე თუნდაც 20-წუთიანი შეხვედრა თეთრ სახლში!
- გაქვთ მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება? ვადამდელ არჩევნებზე მიდის საუბარი.
- დავაკვირდეთ დინამიკას, როგორ მიდის ეს ყველაფერი. ყოველი დღე არის ცვლილებების დღე, რომელიც გარკვეული შედეგის მომტანი იქნება ხვალ და ზეგ. რაც შეეხება არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვამბობ, რომ მგრძნობელობის დონეზეც იგრძნობა ის, რომ გაზაფხულისთვის ესენი ემზადებიან არჩევნების ჩასატარებლად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის სახალხო პროტესტი, რომელიც არის ქუჩაში, უნდა კონვერტირდეს და უნდა გარდაიქმნას პოლიტიკურ პროცესად.
- კობახიძემ აღარავინ დაუტოვა გარშემო ივანიშვილს და ვისით ჩაანაცვლებს მას? ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს მომავალ პრემიერად? ერთი პერიოდი მარიამ ქვრივიშვილზეც საუბრობდნენ...
- რატომ შემცვლელი?! კობახიძეზე უკეთესად ვინმემ რამე გაუკეთა ბიძინა ივანიშვილს?! ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. რატომ უნდა მოხსნას კობახიძე, ეს მითხარით?! ქვრივიშვილი იქნება, თუ კობახიძე, ეს რას ცვლის?!
- ფიქრობთ, რომ არჩევნები აუცილებლად იქნება?
- ყველანაირი ინდიკაცია ჯერჯერობით იმას გვეუბნება, რომ გაზაფხულზე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნების ჩანიშვნას. რად უნდა არჩევნების ჩატარება, ხომ ისედაც ხელისუფლებაშია? ძალიან ჭკვიანური და მზაკვრული მომენტია, დიახაც სჭირდება! მას სურს ხელოვნური ოპოზიცია, მას სურს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. შესაცვლელია კონსტიტუცია, შესაცვლელია ბევრი სხვა რამ. ამიტომ ეს არჩევნები სჭირდებათ. ასევე მეორე საკითხიცაა, ახლა რომ არჩევნებს ჩაატარებს, 2024-22026-მდე ორი წელი უკვე მოგებული აქვს. შემდეგი არჩევნები ექნება 2030-ში. 2035-მდე განვითარების გეგმას წერენ, რა ცვლილებებს აპირებენ კონსტიტუციაში, ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია რომ არჩევნები ჩაატარონ სწორედ გაზაფხულზე. ნუ თუ სხვა პოლიტიკური ინდიკაცია არ შეიქმნა. ბევრი რაღაცის ასე ერთმნიშვნელოვნად წინასწარმეტყველება ამ სიტუაციაში შეუძლებელია.