მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს მოუწოდებს, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) შეურაცხყოფისთვის საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს.
ამის შესახებ ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სასულიერო პირის, განსაკუთრებით კი მაღალი იერარქიის წარმომადგენლის შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ვერ მოექცევა.
„მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მით უმეტეს, მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისთვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!“ – წერს მეუფე გიორგი ჯამდელიანი.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.
მიტროპოლიტის თქმით, ქვეყანაში „განგაშის ზარი უნდა დაირეკოს“, რადგან არსებული მდგომარეობის გაგრძელება დაუშვებელია. მან აღნიშნა, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს და მომავალში უკეთესი მთავრობა უნდა აირჩიონ.
მეუფე იობმა ხელისუფლება ურწმუნოებაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ეროვნული ინტერესების დაცვა არ იგრძნობა.
ამ განცხადებების შემდეგ მიტროპოლიტი კრიტიკისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სამიზნე გახდა, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან. სწორედ მის გამონათქვამებს გამოეხმაურა ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.