მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს

ნახვები: 480 გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს

ავტორი - გოჩა მირცხულავა

ათენში, აკროპოლისის ფონზე წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დასავლური ცივილიზაციის საფუძვლებზე, მის სიძლიერესა და მომავალზე ისაუბრა. თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, ადამიანის ღირსება, ცოდნისკენ სწრაფვა, კონკურენცია, პასუხისმგებლობა, ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ალიანსები. ეს ის პრინციპებია, რომელთა მნიშვნელობაც მის გამოსვლაში გამოიკვეთა.

ამ გამოსვლის მოსმენისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს საქართველო, რომლის ისტორია დასავლურ ცივილიზაციასთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაა.

ანტიკური კოლხეთი ბერძნულ სამყაროსთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებით იყო დაკავშირებული. ფაზისი და დიოსკურია ამ ურთიერთობების მნიშვნელოვანი ცენტრები იყვნენ. ისტორიული იბერია რომის იმპერიასთან პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა. მოგვიანებით ქრისტიანობამ საქართველოს ევროპულ ქრისტიანულ სამყაროსთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზაციური კავშირი შესძინა.

ამ ისტორიული გამოცდილების გახსენება მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ შუა საუკუნეების საქართველო თანამედროვე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ წარმოვიდგინოთ, არამედ იმიტომ, რომ გავაცნობიეროთ: ევროპულ სამყაროსთან ურთიერთობა საქართველოსთვის ხელოვნურად თავს მოხვეული პოლიტიკური იდეა არ არის. მას ღრმა ისტორიული საფუძვლები აქვს.

რუბიოს გამოსვლაში განსაკუთრებით საყურადღებოა მისი მსჯელობა იმაზე, რომ ძველი ბერძნები „ზემოთ აშენებდნენ“ – სრულყოფილებისკენ, გამარჯვებისკენ, ცოდნისა და შესაძლებლობების გაფართოებისკენ ისწრაფოდნენ. იგი აკრიტიკებს მიდგომას, რომელიც გამორჩეულობას საშუალო დონეს უქვემდებარებს და კონკურენციის ნაცვლად ერთგვაროვნებას ამკვიდრებს.

სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასთან.

„ქართული ოცნება“ საუბრობს სუვერენიტეტზე, ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციებზე, მაგრამ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის საგანი პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის, სამოქალაქო თავისუფლებებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მდგომარეობის გამო.

რუბიოს მიერ აღწერილი ძლიერი სახელმწიფო მოქალაქის შესაძლებლობებს, მის პასუხისმგებლობასა და განვითარებისკენ სწრაფვას ეყრდნობა. საქართველოში კი პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის მცდელობები და განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად სხვა მიმართულებაზე მიუთითებს.

ამასთან, რუბიოს სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღირსებას, მოვალეობასა და პრინციპების ერთგულებას. ეს ღირებულებები მხოლოდ ისტორიული გმირებისადმი აღფრთოვანებას არ გულისხმობს. თანამედროვე სახელმწიფოსთვის მათი პრაქტიკული საზომი ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და მოქალაქის ღირსების პატივისცემაა. სწორედ ამ მიმართულებებით გამოთქმული საერთაშორისო კრიტიკა აჩენს სერიოზულ კითხვებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

რუბიოს გამოსვლაში კიდევ ერთი ფუნდამენტური საკითხია – საერთაშორისო ალიანსები. სახელმწიფო მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ თანამედროვე საფრთხეების წინაშე სახელმწიფოებმა საკუთარი ინსტიტუტები და ალიანსები უნდა გააძლიერონ. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ ალიანსების დანიშნულება მათი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაუქმება კი არა, სწორედ მისი დაცვაა. მისი ხედვით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და საერთაშორისო პარტნიორობა ერთმანეთს არ გამორიცხავს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და რომლის უსაფრთხოებაც რეგიონულ თუ გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული, საერთაშორისო პარტნიორობა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანის საკითხად ვერ მიაჩნია. საქართველოსთვის ძლიერი ალიანსები უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და განვითარების დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაა.

სწორედ აქ იკვეთება წინააღმდეგობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რიტორიკასთან. ხელისუფლება დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვას ხშირად სუვერენიტეტის დაცვის არგუმენტით ხსნის. რუბიოს მსჯელობის ლოგიკა კი საპირისპიროა: სუვერენიტეტი და ალიანსები ერთმანეთის ალტერნატივა არ არის. პირიქით, სწორად აგებული პარტნიორობა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აძლიერებს და არა ასუსტებს.

საქართველოს ისტორიული გამოცდილებაც ამას გვახსენებს. დავით აღმაშენებლის ეპოქიდან მოყოლებული, ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები ხშირად მოითხოვდა ძლიერი საერთაშორისო კავშირების ძიებას. თანამედროვე სამყაროში კი ამ ამოცანას სრულიად სხვა ინსტიტუციური ფორმები აქვს – ევროკავშირთან ინტეგრაცია, ევროატლანტიკური თანამშრომლობა და დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებთან მჭიდრო პარტნიორობა.

ამიტომ მთავარი კითხვა ასეთია: როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ახალი საფრთხეების საპასუხოდ ალიანსების გაძლიერებაზე საუბრობენ, რატომ უნდა აღმოჩნდეს საქართველო საკუთარი სტრატეგიული პარტნიორებისგან სულ უფრო დაშორებული? როგორ შეიძლება სუვერენიტეტის დაცვის სახელით იმ საერთაშორისო კავშირების დასუსტების გამართლება, რომელთა გაძლიერებაც სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ინტერესებში შეიძლება იყოს?

მაგრამ პრობლემა მხოლოდ ღირებულებითი წინააღმდეგობა არ არის.

მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურა იცვლება. სახელმწიფოები ახალ ტექნოლოგიებში, ეკონომიკაში, თავდაცვაში, განათლებასა და საერთაშორისო პარტნიორობაში საკუთარი ადგილის გასაძლიერებლად იბრძვიან. თანამედროვე დღის წესრიგი კონკურენციას, ინოვაციას, ინსტიტუციურ სიძლიერესა და განვითარების უნარს მოითხოვს.

ამ ფონზე ივანიშვილის საქართველო სულ უფრო მეტად სცილდება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების დღის წესრიგს. მაშინ, როდესაც სხვები მომავლის შესაძლებლობებზე ფიქრობენ, ჩვენთან პოლიტიკური ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალაუფლების შენარჩუნებას, ოპონენტების შეზღუდვასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლას ხმარდება.

და აქ რუბიოს სიტყვების ერთი მეტაფორა განსაკუთრებით მძაფრ ქართულ შინაარსს იძენს.

მან თქვა, რომ პართენონის მშენებლები ზემოთ აშენებდნენ.

საქართველოში კი დღეს ზემოთ, ძირითადად, ივანიშვილის ვილები, აპარტამენტები და ბიზნესცენტრები შენდება, მაშინ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური თავისუფლება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას.

ეს არის ჩვენი დროის პოლიტიკური პარადოქსი: ქვეყანას, რომელსაც ისტორიულად დასავლურ ცივილიზაციასთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებებიც ამ სივრცესთან მის დაახლოებას აფერხებს.

როდესაც მსოფლიო ზემოთ აშენებაზე საუბრობს, საქართველოში ზემოთ კერძო ძალაუფლების სიმბოლოები იზრდება, სახელმწიფო კი განვითარების ნაცვლად დაღმასვლის საფრთხის წინაშე დგას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა