ავტორი: გოჩა მირცხულავა
როდესაც საქართველოში ახალი ჰესის, ქარის ან მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე იწყება საუბარი, პირველი კითხვა თითქმის ყოველთვის ერთია - რა დაგვიჯდება?
ეს ნორმალური კითხვაა. მაგრამ რატომღაც გაცილებით იშვიათად ვსვამთ მეორე კითხვას: რა დაგვიჯდა ის, რომ ელექტროსადგური არ ავაშენეთ?
არ აშენებასაც აქვს ფასი. უბრალოდ ეს ფასი თვალში ისე მარტივად არ გვხვდება, როგორც მშენებლობის ღირებულება.
წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სახლის გათბობის სისტემა მოაწყოს, მაგრამ გადაწყვეტილებას ათი წლით გადადებს. ამ ათი წლის განმავლობაში ყოველ ზამთარს გათბობისთვის სხვას უხდის ფულს. შეიძლება კონკრეტულ წელს ეს უფრო იაფიც მოეჩვენოს, მაგრამ ათი წლის ბოლოს უკვე უნდა დაითვალოს არა მხოლოდ ის, რამდენი დაზოგა სისტემის არშეძენით, არამედ ისიც, რამდენი გადაიხადა ამ პერიოდში სხვის მომსახურებაში.
ენერგეტიკაში დაახლოებით იგივე ლოგიკა მუშაობს.
თუ ქვეყანას ელექტროენერგია სჭირდება და თვითონ ვერ გამოიმუშავებს, მოთხოვნა ამის გამო არ ქრება. ქარხანა, სასტუმრო, მეტრო, რესტორანი, თეატრი, ოჯახი... - დენს მაინც მოითხოვს. შესაბამისად, რაც ჩვენ არ გამოვიმუშავეთ, სადღაც სხვაგან უნდა ვიშოვოთ - იმპორტით, გაზზე მომუშავე თბოსადგურებით ან სხვა გზით.
სწორედ აქ იწყება საუბარი ენერგოდამოუკიდებლობაზე.
ენერგოდამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ საქართველო საზღვრებს ჩაკეტავს და მეზობელი ქვეყნებიდან ერთ კილოვატსაც აღარ იყიდის. ასეთი მიდგომა არც საჭიროა და არც ეკონომიკურად გონივრული. ენერგიით ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია. თუ კონკრეტულ დროს მეზობელ ქვეყანაში იაფი ელექტროენერგიაა, რატომ არ უნდა ვიყიდოთ?
პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ყიდვა ჩვენი არჩევანი კი არა, აუცილებლობაა.
სხვაობა სწორედ ესაა.
მარტოვად რომ ვთქვა - თუ საკმარისი საკუთარი რესურსი გაქვს, შეგიძლია გადაწყვიტო - ახლა ვიყიდი, რადგან იაფია; ახლა არ ვიყიდი; ახლა ჩემს ელექტროენერგიას გავყიდი; დეფიციტის დროს საკუთარ რესურსს გამოვიყენებ. ხოლო თუ საკუთარი გამომუშავება არ გყოფნის, არჩევანის თავისუფლებაც მცირდება.
დავაკვირდეთ, ციფრებში ეს პრობლემა საკმაოდ მარტივად ჩანს.
ESCO-ს მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ დაახლოებით 13.8 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ამავე პერიოდში დაახლოებით 1.56 მილიარდი კილოვატსაათი შემოვიტანეთ და დაახლოებით ნახევარი მილიარდი გავიტანეთ. ანუ საბოლოოდ დაახლოებით ერთი მილიარდი კილოვატსაათით მეტი ელექტროენერგია ვიყიდეთ, ვიდრე გავყიდეთ.
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა.
ხშირად გვესმის: ელექტროენერგია ხომ საქართველოშიც იწარმოება თბოსადგურებში?
დიახ, იწარმოება. 2025 წელს თბოსადგურებმა დაახლოებით 2.77 მილიარდი კილოვატსაათი გამოიმუშავეს - ქვეყნის მთელი წარმოების დაახლოებით მეხუთედი.
მაგრამ თბოსადგურს საწვავი სჭირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს ძირითადად ბუნებრივი გაზია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია.
ამიტომ ერთი შეხედვით უცნაური რამ გამოდის: ელექტროენერგია საქართველოში იწარმოება, მაგრამ მისი წარმოებისთვის საჭირო ენერგორესურსი უცხოეთიდან შემოგვაქვს.
ეს ცუდია? თავისთავად - არა. თბოსადგური ენერგოსისტემისთვის აუცილებელიც შეიძლება იყოს. პრობლემა დამოკიდებულების მასშტაბია. რაც მეტი საკუთარი წყარო გვაქვს, მით ნაკლებად ვართ იძულებული, ყველა კრიტიკულ მომენტში გარედან მიღებულ ენერგორესურსზე ვიყოთ დამოკიდებული.
განსაკუთრებით კარგად ეს ზამთარში ჩანს. ავიღოთ წლევანდელი მაგალოთი. 2026 წლის იანვარ–აგვისტოში საქართველომ დაახლოებით 1.18 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა, ხოლო ექსპორტი მხოლოდ დაახლოებით 243 მილიონი კილოვატსაათი იყო. თან იმპორტის უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 1.08 მილიარდი კილოვატსაათი - წლის პირველ სამ თვეზე მოდიოდა.
რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მხოლოდ „რამდენს ვაწარმოებთ“ არ არის. მნიშვნელოვანია - როდის ვაწარმოებთ.
ჰიდროენერგეტიკაში ზაფხული და ზამთარი ერთი და იგივე არ არის. წყლის რაოდენობა იცვლება. შეიძლება ზაფხულში ჭარბი ენერგია გვქონდეს და ექსპორტზე გაგვქონდეს, მაგრამ იანვარში ელექტროენერგიის ყიდვა დაგვჭირდეს.
ამიტომ მხოლოდ წლიური ბალანსის ყურება საკმარისი არ არის.
ახლა ვნახოთ მეორე მხარე - რას მოგვცემდა ის დიდი პროექტები, რომლებზეც საქართველო ათწლეულებია ლაპარაკობს.
ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განვითარების გეგმაში მათი საპროექტო წლიური გამომუშავება ასეთია: ნამახვანი - დაახლოებით 1.5 მილიარდი კილოვატსაათი, ხუდონი - ასევე დაახლოებით 1.5 მილიარდი, ნენსკრა - დაახლოებით 1.2 მილიარდი.
ერთად - დაახლოებით 4.2 მილიარდი კილოვატსაათი წელიწადში.
რას ნიშნავს 4.2 მილიარდი?
2025 წელს საქართველოს მთელი ელექტროენერგიის გამომუშავება დაახლოებით 13.8 მილიარდი კილოვატსაათი იყო. ანუ მხოლოდ ამ სამი პროექტის საპროექტო გამომუშავება დღევანდელი ქვეყნის მთელი წარმოების დაახლოებით 30 პროცენტის ტოლია.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ: მათი საპროექტო წლიური გამომუშავება 2025 წლის წმინდა იმპორტს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სამივე ჰესი რომ გვქონოდა, ელექტროენერგიის იმპორტი საერთოდ აღარ დაგვჭირდებოდა.
ასეთი დასკვნა ზედმეტად მარტივი იქნებოდა.
ელექტროენერგიას ერთი ცუდი თვისება აქვს - მარტო ის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი გაქვს წელიწადში. მნიშვნელოვანია, როდის გაქვს.
თუ ივლისში ბევრი ელექტროენერგია გაქვს, იანვრის საღამოს დეფიციტს ივლისის კილოვატებით ვერ დაფარავ. ამიტომ ქვეყანას სჭირდება წყალსაცავები, ენერგიის დაგროვების სისტემები, მოქნილი სადგურები, ძლიერი გადამცემი ქსელი და სხვადასხვა ტიპის გამომუშავება.
მაგრამ 4.2 მილიარდი კილოვატსაათი მაინც 4.2 მილიარდია.
ეს არის ენერგია, რომელიც შეიძლებოდა ქვეყანაში წარმოებულიყო და გამოყენებულიყო იმპორტის შესამცირებლად, გაზის მოხმარების ნაწილის ჩასანაცვლებლად, ახალი ეკონომიკური საქმიანობისთვის ან ექსპორტისთვის.
და სწორედ ამიტომ არის საინტერესო კითხვა: რა დაგვიჯდა ამ შესაძლებლობის წლების განმავლობაში არქონა?
აქვე საჭიროა ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტებაც.
ყველა ამ პროექტის ერთ ქვაბში მოხარშვა და თქმა - „პროტესტებმა ჰესები ჩაშალა“ - ისეთივე გამარტივებაა, როგორც იმის თქმა, რომ ყველა დიდი ენერგეტიკული პროექტი აუცილებლად კარგი და სასარგებლოა.
ნამახვანის შემთხვევაში ინვესტორმა ხელშეკრულება შეწყვიტა. ნენსკრა ოფიციალურ სახელმწიფო რესურსებში კვლავ მიმდინარე პროექტად ფიგურირებს. ხუდონის ისტორია კიდევ სხვაა.
მიზეზებიც სხვადასხვაა - გარემოსდაცვითი საკითხები, მოსახლეობასთან ურთიერთობა, მიწები და კომპენსაციები, ფინანსური პირობები, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ხელშეკრულებები, პროექტის ხარისხი, ინვესტორის შესაძლებლობები და ზოგჯერ სრულიად სამართლიანი საზოგადოებრივი კითხვებიც.
ამიტომ საკითხი არ უნდა დავიყვანოთ ფორმულამდე - „ჰესი კარგია, პროტესტი ცუდია“ ან პირიქით - „ჰესი ცუდია, პროტესტი კარგია“. სახელმწიფოს მოვალეობაა კარგი პროექტი ცუდისგან გაარჩიოს.
თუ პროექტი გარემოს ან ადამიანებს გაუმართლებელ ზიანს აყენებს - არ უნდა აშენდეს ამ ფორმით. თუ მოსახლეობას მიწას ართმევენ უსამართლო პირობებით - პირობები უნდა შეიცვალოს. თუ ინვესტორთან ხელშეკრულება სახელმწიფოსთვის წამგებიანია - უნდა გადაიხედოს.
მაგრამ არსებობს მეორე კითხვაც: თუ პროექტი შესაძლებელია გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პირობების დაცვით განხორციელდეს, რატომ უნდა იყოს ის ათი ან ოცი წელი გაურკვევლობაში?
გაურკვევლობა გადაწყვეტილება არ არის. და სწორედ ამ ფონზეა საინტერესო ახალი პროექტები.
მაგალითად, გოგნის ქარის ელექტროსადგური. AG Energy-ის მიერ გამოცხადებული მონაცემებით, პროექტის დაგეგმილი სიმძლავრე 187 მეგავატია, ხოლო ინვესტიცია 200 მილიონ დოლარს აჭარბებს. კომპანიის განცხადებით, გამომუშავებული ელექტროენერგია ადგილობრივი მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული.
ეს ჯერ პროექტია და არა უკვე მიღებული შედეგი. ამიტომ წინასწარ გამარჯვების გამოცხადება არასწორი იქნება. მაგრამ ასეთი პროექტების მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ კიდევ 187 მეგავატი გვექნება.
მნიშვნელოვანია, რისგან მივიღებთ ამ ენერგიას.
თუ ჩვენი სისტემა თითქმის მთლიანად წყალზეა დამოკიდებული, მშრალი წელი პრობლემას გვიქმნის. თუ გვაქვს ჰიდრო, ქარი, მზე, თბოსადგურები და მომავალში ენერგიის დაგროვების მეტი შესაძლებლობაც, ერთი წყაროს პრობლემა მთელ სისტემას ნაკლებად აზიანებს.
ეს იგივე პრინციპია, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვიყენებთ: მთელი შემოსავალი ერთი წყაროდან თუ გაქვს, მისი დაკარგვა კატასტროფაა. რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო თუ გაქვს, გაცილებით დაცული ხარ.
ენერგეტიკაშიც დივერსიფიკაციის აზრი სწორედ ესაა.
ქარსაც თავისი პრობლემა აქვს - ყოველთვის არ ქრის. მზეც ღამით არ მუშაობს. მდინარეშიც წყლის რაოდენობა მუდმივი არ არის. თბოსადგურს კი საწვავი სჭირდება.
ამიტომ არც ქარი არის ჯადოსნური გამოსავალი, არც მზე და არც ჰესი.
გამოსავალი არის სწორად აწყობილი სისტემა, სადაც სხვადასხვა წყარო ერთმანეთს ავსებს.
ხშირად ისმის კიდევ ერთი კითხვა: თუ ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა ამხელა ენერგიას მოგვცემდა, სხვა სადგურები რაღად გვჭირდება?
იმიტომ, რომ ეკონომიკა გაყინული სურათი არ არის.
წარმოიდგინეთ, რომ ხვალ საქართველოში დიდი მონაცემთა ცენტრი იხსნება. ზეგ - ახალი მეტალურგიული საწარმო. რამდენიმე ქალაქში ელექტროავტობუსები შემოდის. იზრდება ელექტრომობილების რაოდენობა. შენდება სასტუმროები, საწარმოები, სარწყავი სისტემები. ოჯახები გათბობისთვის უფრო მეტად ელექტროენერგიაზე გადადიან.
ყველა ეს პროცესი ელექტროენერგიას მოითხოვს. ამიტომ, ვერ ვიტყვით: „დღეს რამდენიც გვჭირდება, იმდენს ავაშენებთ და დავასრულეთ“.
ენერგოსისტემა უნდა ემზადებოდეს არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოსთვის, არამედ იმ საქართველოსთვისაც, რომლის ეკონომიკის გაზრდაც გვინდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით: ვიტყვით, რომ გვინდა მეტი ქარხანა, მეტი წარმოება, მეტი ინვესტიცია და მეტი ტექნოლოგიური ბიზნესი, მაგრამ მათთვის საჭირო ელექტროენერგიის წარმოება არ გვექნება.
ეს დაახლოებით იგივეა, ქალაქში ახალი უბნების აშენებას რომ გეგმავდე და ელექტროენერგიის, წყლისა და გზების დამატება დაგავიწყდეს.
ამას ემატება კიდევ ერთი პრობლემა - ძველი სადგურები.
ელექტროსადგური მარადიული მანქანა არ არის. მოწყობილობა ძველდება, სჭირდება შეკეთება, მოდერნიზაცია, ზოგჯერ დროებით გაჩერება. სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ერთი დიდი ობიექტის გათიშვამ ქვეყანა პრობლემის წინაშე არ დააყენოს.
ამიტომ ენერგეტიკაში გარკვეული „ზედმეტი“ შესაძლებლობაც კი სინამდვილეში უსაფრთხოების ნაწილია.
და კიდევ - ენერგეტიკა მხოლოდ ახალი სადგურების მშენებლობა არ არის.
თუ ცუდად აშენებულ სახლში ზამთარში სითბო ფანჯრებიდან და კედლებიდან გადის, ამ დანაკარგის დასაფარად მეტი ელექტროენერგია ან გაზი გვჭირდება. თუ საწარმო მოძველებულ მოწყობილობას იყენებს და იმავე პროდუქტის დასამზადებლად ორჯერ მეტ ენერგიას ხარჯავს, ესეც ენერგეტიკული პრობლემაა. თუ ქსელში ელექტროენერგიის ნაწილი იკარგება, ახალი სადგურის აშენებამდე უნდა ვიკითხოთ, შეგვიძლია თუ არა ამ დანაკარგის შემცირება.
ანუ ენერგოდამოუკიდებლობას ორი გზა აქვს: მეტი საკუთარი ენერგია უნდა ვაწარმოოთ და ის ენერგია, რაც გვაქვს, უფრო ჭკვიანურად უნდა მოვიხმაროთ.
ამ ყველაფრის შემდეგ მთავარი კითხვა ჩემთვის მაინც მარტივია: საქართველოს სჭირდება თუ არა ახალი ელექტროსადგურები?
პასუხიც ასევე მარტივია - სჭირდება!
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელსაც სიტყვა „ენერგეტიკა“ აწერია, ავტომატურად კარგია.
ქვეყანას სჭირდება ეკონომიკურად გამართლებული, გარემოსდაცვითად დასაბუთებული და ადამიანების უფლებებთან თავსებადი პროექტები. ამავე დროს სჭირდება სახელმწიფო, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია - ან აშენებს სათანადო პირობებით, ან ამბობს, რატომ არ აშენებს.
ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, როდესაც არც ვაშენებთ და არც საბოლოოდ ვამბობთ უარს.
ათი წელი გადის, შემდეგ კიდევ ათი და ამასობაში მოთხოვნა იზრდება.
ენერგეტიკაში დაკარგული დრო უბრალოდ კალენდარში დაკარგული წლები არ არის. ამ წლების განმავლობაში ქვეყანა ელექტროენერგიას მაინც მოიხმარს. თუ საჭირო ენერგია აქ არ წარმოიქმნა, სხვაგან უნდა ვიყიდოთ ან იმპორტირებულ საწვავზე დავამზადოთ.
ამიტომ ახალი ელექტროსადგურის განხილვისას მხოლოდ ერთი კითხვა - „რა ღირს მისი აშენება?“ - საკმარისი აღარ არის.
უნდა ვიკითხოთ: რა ღირს აშენება და რა დაგვიჯდება არშენება?
ორივე პასუხი უნდა დავდოთ მაგიდაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ.
ენერგოდამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ საქართველო არასოდეს იყიდის უცხოეთიდან ელექტროენერგიას ან გაზს. ნიშნავს, რომ კრიტიკულ მომენტში ქვეყანა ნაკლებად იქნება დამოკიდებული იმაზე, ვინ მოგვყიდის, რა ფასად მოგვყიდის და საერთოდ შეძლებს თუ არა მოწოდებას.
საკუთარი ენერგია პირველ რიგში არჩევანის თავისუფლებაა.
როდესაც საკუთარი რესურსი გაქვს, შეგიძლია იყიდო მაშინ, როდესაც ყიდვა ხელსაყრელია; გაყიდო მაშინ, როდესაც გაყიდვა მომგებიანია; ახალი საწარმო მოიზიდო ისე, რომ იცოდე, მისთვის ენერგია გაქვს; და კრიზისს შეხვდე გაცილებით ძლიერი პოზიციიდან.
სწორედ ამიტომ ენერგეტიკა მხოლოდ ჰესის, ქარის ტურბინის ან ელექტროგადამცემი ხაზის საკითხი არ არის. ეს ეკონომიკის საკითხია. ეს უსაფრთხოების საკითხია.
და საბოლოოდ - ეს არის საკითხი, რამდენად შეუძლია ქვეყანას საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.