რეპრესიებისა და ანტიდასავლური შემობრუნების ეპოქის დაწყებიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ უკვე შესაძლებელია პირველი დასკვნების გაკეთება, თუ როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამის შესახებ ანალიტიკოსი თენგიზ აბლოთია წერს.
მისი შეფასებით, საქართველო ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგიდან თითქმის გაქრა და ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად შემცირდა. აბლოთია მიიჩნევს, რომ ამ ვითარებას ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ, ევროპიდან საქართველოს ხელისუფლების შესახებ პოზიტიური შეფასებები პრაქტიკულად აღარ ისმის, მეორე მხრივ კი, მისი აზრით, მკვეთრად შემცირდა კრიტიკული ყურადღებაც.
„დაუკვირდით, საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან. მას თითქმის არ ახსენებენ, ზოგჯერ, 2-3 თვეში ერთხელ მიიღებენ მორიგ, არაფრის მაქნის რეზოლუციას და ისევ დაავიწყდებათ.
ამ საკითხს აქვს ორი მხარე. ჩვენი ბანაკი, გასაგები მიზეზების გამო, ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ, უხეშად რომ ვთქვათ, ევროპელები დღევანდელ საქართველოზე არაფერს კარგს არ ამბობენ და ეს სრული სიმართლეა.
მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარე, ქოცებისთვის ბევრად უკეთესი და დამაიმედებელი: კარგთან ერთად, არც ცუდს ამბობენ. ქოც-გრუზია უბრალოდ გაქრა რადარებიდან. ეს კი ქოცებისთვის იდეალურია, არც კარგი, მაგრამ არც ცუდი. ანუ, დაიკიდეს. შესრულდა ქოცების ოცნება“, – წერს აბლოთია.
მისი შეფასებით, საქართველოს მიმართ ევროპის დამოკიდებულებაზე გავლენას გლობალური პოლიტიკური პროცესებიც ახდენს. აბლოთია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში გარკვეულწილად რჩება, ნატოს გაფართოებაზე საუბარი კი პრაქტიკულად შეწყდა.
„ევროკავშირის გაფართოების თემას ოდნავ, მაგრამ პულსი მაინც ესინჯება. აი, ნატო კი თითქმის მოკვდა. არც არის უკვე არანაირი საუბარი ნატოს გაფართოებაზე. მოკვდა ეს თემა.
ეს ძალიან ეხმარება ქოცებს: ევროკავშირში შესვლა თეორიად იქცა, ნატო მოკვდა, ჩვენ რას გვთხოვთ აბა?“ – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
აბლოთია ყურადღებას დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციების საკითხზეც ამახვილებს. მისი შეფასებით, ბოლო თვეებში ეს თემა პრაქტიკულად გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან და ბიძინა ივანიშვილის გათვლა ამ მიმართულებით სწორი აღმოჩნდა.
„დაუკვირდით, სანქციების თემა საბოლოოდ ჩაკვდა. არც აქამდე იყო დიდად ცოცხალი, მაგრამ ბოლო თვეებია საერთოდ არავინ ახსენებს. ბიძინას გათვლა ამ კუთხით სწორი აღმოჩნდა, ერთწლიანი ფაფხურის შემდეგ სანქციების თემა საერთოდ მოიხსნა“, – წერს აბლოთია.
მისი პროგნოზით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უახლოეს პერიოდში დაახლოებით იმავე დონეზე დარჩება, როგორზეც დღეს არის. აბლოთიას აზრით, თუ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები არ დაუბრუნდება 2024-2025 წლების მასშტაბებს, არ დაიხურება ტელევიზიები, არ გაუქმდება პოლიტიკური პარტიები და მოქმედი კანონების აღსრულება მკვეთრად არ გამკაცრდება, დასავლეთის მხრიდან ახალი სანქციების დაწესება მოსალოდნელი არ იქნება.
„როგორც ჩანს, 2026-2027 წლებში პოლიტპატიმართა უმრავლესობა ასე თუ ისე გარეთ გამოვა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დასავლეთის წუხილს საქართველოსთან მიმართებაში.
თუ ეს პროცესი გაგრძელდება და გარეთ გამოსულ პატიმრებს არ ჩაანაცვლებენ ახლები, თუ დრაკონული კანონების აღსრულება დღევანდელ დონეს მკვეთრად არ ასცდა, თუ არ დაიხურა ტელევიზიები და არ გაუქმდა პარტიები, არც არანაირი სანქციები არ იქნება.
ევროპა ჩათვლის, რომ საქართველო მისთვის დაკარგულია, მაგრამ ქვეყნის შიგნით ძაან საშინელება არ ხდება, თანაც რეალურად რაც ესაჭიროება ევროპას საქართველოსგან, ის ამას უპრობლემოდ იღებს, ხოდა იყოს, რაც არის“, – წერს აბლოთია.
მისი შეფასებით, ასეთ პირობებში ბიძინა ივანიშვილი ახლოსაა იმ პოლიტიკური მდგომარეობის მიღწევასთან, როდესაც ხელისუფლებას შეინარჩუნებს, დასავლეთი კი საქართველოს შიდა პროცესებში აქტიურ ჩართულობას შეამცირებს.
„ფაქტობრივად, ბიძინა დგას ერთ ნაბიჯში თავისი სანუკვარი ოცნებისგან: ის აგრძელებს ქვეყნის მართვას, ევროპამ კი დაიკიდა.
ამ რეალობის მიღებისთვის მას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ: შეეგუოს, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ვერ გააჩუმებს და დაანებოს თავი ამის უშედეგო მცდელობებს. დაბრუნდეს 2023 წლის მართვის სტილზე და მას არაფერი არ დაემუქრება“, – აცხადებს აბლოთია.
მისივე თქმით, უახლოესი თვეები აჩვენებს, რა მიმართულებით განვითარდება პროცესები.
„ვნახოთ, რა აღმოჩნდება უფრო ძლიერი ბიძინას მოტივაციაში, საღი აზრი თუ პარანოია და გაუმაძღრობა. ბევრი დრო არ დაგვჭირდება. თვეების ამბავია. დღევანდელი რეჟიმი უკვე მესამე წელს ითვლის, ეს კი ძალიან ბევრია. 3 წელიწადში დიქტატურას ან ამყარებენ, ან ვერა“, – წერს თენგიზ აბლოთია.