რომან გოცირიძე - რამდენი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრი გაუფასურების შედეგად?
Zelensky: Ukraine will defend Kyiv by any means as Russia seeks to drive people from cities
Explosions rock Russian plant producing components for Iskander missile fuel
Air defences shoot down 110 of 155 Russian drones launched against Ukraine overnight
Russia loses 2,262 more soldiers in war against Ukraine
Trump adds Ukraine to joint statement with NATO chief urging restraint in war escalation
Ukraine foils Russia`s `Bear`s Corner`encirclement plan in Kharkiv region – military spox
SSU detains serviceman suspected of guiding Russian strikes at Ukraine’s Defense Forces in Donetsk region

რომან გოცირიძე - რამდენი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრი გაუფასურების შედეგად?

ნახვები: 229 რომან გოცირიძე - რამდენი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრი გაუფასურების შედეგად?

ავტორი: რომან გოცირიძე

გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ვარდნა საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება. ათეულ ათასობით ადამიანი, მათ შორის მობაილბანკის მომხმარებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მეშვეობით უცხოურ აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებს. თუმცა ამ პროცესის მასშტაბისა და შესაძლო ზარალის შესახებ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ნათელი სურათი არ გვაქვს.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვთ საჯაროდ ხელმისაწვდომი ისეთი ერთიანი ანალიტიკური მონაცემები, რომლებიც გვაჩვენებდა, რამდენად არის ჩართული საქართველოს მოსახლეობა უცხოურ ფინანსურ ბაზრებში, რა მოცულობის აქტივებს ფლობს და რა ზარალი განიცადა მათი გაუფასურების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, მასშტაბის წარმოსადგენად შეიძლება რამდენიმე საორიენტაციო გაანგარიშება გავაკეთოთ.

1. პირველ რიგში, გასარკვევია მობაილბანკების საშუალებით უცხოურ აქციებში ინვესტირებული თანხები.

თუ საცალო ინვესტორების პორტფელების ჯამურ მოცულობას დაახლოებით 250 მილიონ დოლარად შევაფასებთ, გლობალური ბაზრების 5–10%-იანი ვარდნა ამ პორტფელებზე დაახლოებით 10–25 მილიონი დოლარის საბაზრო დანაკარგს ნიშნავს.

2. ამას ემატება მაღალი ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირების პერსონალური საინვესტიციო პორტფელები, რომელთა მოცულობაც დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს. ასეთ შემთხვევაში, იმავე მასშტაბის ვარდნა დამატებით 20–50 მილიონი დოლარის ქონებრივ დანაკარგს გამოიწვევდა.

ეს ციფრები ოფიციალური სტატისტიკა არ არის – ისინი საორიენტაციო სცენარებია და აჩვენებს, რა მასშტაბის ზარალი შეიძლება დაგროვდეს შედარებით მოკლე პერიოდში.

3. განსაკუთრებით საყურადღებოა კრიპტობაზრის მდგომარეობაც. ბიტკოინის ფასის 25%-ზე მეტი ვარდნა ნიშნავს, რომ კრიპტოაქტივებში განთავსებული დანაზოგების მფლობელთა ნაწილმა მნიშვნელოვანი ზარალი უკვე განიცადა. დღეს უკვე შესაძლებელია ქართული ბანკების მეშვეობით ორმოცამდე დასახელების კრიპტოვალუტის შეძენა. ამასთან, კრიპტოაქტივების ფლობა და მათთან დაკავშირებული დანაკარგები ოფიციალურ სტატისტიკაში ფაქტობრივად არ აისახება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მსხვილი კერძო კრიპტოაქტივებიც, რომლებიც ქართული საბანკო პლატფორმების გვერდის ავლითაა შეძენილი და რომელთა მასშტაბი უცნობია. მაგალითად, ივანიშვილთან და ბაჩიაშვილთან დაკავშირებული აქტივების გარშემო არსებულ ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბიტკოინის ღირებულება, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტი იყო დავის გარკვეულ პერიოდში, დღეს განახევრებულია.

4. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ გლობალურ ბაზრებზე ერთდროულად უფასურდება არა მხოლოდ აქციები და კრიპტოაქტივები, არამედ ოქროც – აქტივი, რომელიც ტრადიციულად უსაფრთხო თავშესაფრად და ფინანსური შოკებისგან დაცვის საშუალებად მიიჩნევა. როდესაც ვარდნა ერთდროულად მოიცავს როგორც მაღალი რისკის აქტივებს, ისე თავდაცვით ინსტრუმენტებს, ეს ბაზარზე რისკების გადაფასებისა და ლიკვიდობის დეფიციტის უფრო ფართო პრობლემაზე მიანიშნებს. ასეთ ვითარებაში ინვესტორების დანაკარგების მასშტაბი შესაძლოა გაცილებით ფართო იყოს, ვიდრე ამას მხოლოდ საფონდო და კრიპტობაზრების მონაცემები აჩვენებს.

5. ამ პროცესის ნაწილი საქართველოს საპენსიო ფონდსაც ეხება. ფონდის უცხოურ აქციებში ინვესტირებული პორტფელის მოცულობა დაახლოებით 700 მილიონი დოლარია. გლობალური აქციების 5–10%-იანი გაუფასურება ამ პორტფელის საბაზრო ღირებულებას დაახლოებით 35–70 მილიონი დოლარით შეამცირებდა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე.

ამ ფონზე საინტერესოა, რას გვეუბნება ძალზე მწირი ოფიციალური სტატისტიკა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი საბროკერო კომპანიების კლიენტების ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 14,1 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ პორტფელის 24% ფიზიკური პირების უცხოურ ფასიან ქაღალდებზე მოდიოდა, რაც დაახლოებით 3,38 მილიარდი ლარია, ანუ 2025 წლის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით დაახლოებით 1,26 მილიარდი აშშ დოლარი. დღეისათვის ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია.

ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან გვიჩვენებს, რა მოცულობის უცხოურ ფასიან ქაღალდებს ფლობენ ფიზიკური პირები ადგილობრივი საბროკერო არხებით. თუმცა ამ თანხის მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისთვის მიკუთვნება არასწორი იქნებოდა: ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას, დავადგინოთ, ამ პორტფელის რა ნაწილი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და რა – უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ რელოკანტებს (ძირითადად, რუსებს).

ეროვნული ბანკის ანგარიშში არარეზიდენტი ინვესტორების წილი ცალკე, 26%-ად არის წარმოდგენილი, თუმცა ეს მაჩვენებელი მთლიანი ფასიანი ქაღალდების პორტფელს ეხება და არ გვიჩვენებს, კონკრეტულად ფიზიკური პირების უცხოური ფასიანი ქაღალდების პორტფელში რა წილი უკავიათ არარეზიდენტებს. ამასთან, საბროკერო მომსახურების მიმღებთა რაოდენობის 98% რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე მოდიოდა. ეს მაჩვენებელი კლიენტების რაოდენობას ეხება და არა მათ მიერ განთავსებული კაპიტალის წილს.

შესაბამისად, არსებული მონაცემებით ვერ ვადგენთ, უცხოურ ფასიან ქაღალდებში განთავსებული თანხის რა ნაწილი ეკუთვნით უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს. ამის გასარკვევად ეროვნულმა ბანკმა მონაცემები ერთდროულად უნდა ჩაშალოს კლიენტის რეზიდენტობის, მოქალაქეობის, კლიენტის ტიპისა და ფასიანი ქაღალდის გამოშვების ქვეყნის მიხედვით.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ბანკებსა და საბროკერო კომპანიებში საბროკერო მომსახურების მიმღებთა რაოდენობა 215 920 იყო. თუმცა ეს მაჩვენებელი ავტომატურად არ უნდა გავაიგივოთ უნიკალური ინდივიდუალური ინვესტორების რაოდენობასთან – ამისთვის საჭიროა მონაცემთა დათვლის მეთოდოლოგიის დაზუსტება.

ამ სტატისტიკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს: ის ასახავს ადგილობრივი ბანკებისა და საბროკერო კომპანიების მეშვეობით აღრიცხულ აქტივებს და არ მოიცავს სრულად იმ თანხებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები უშუალოდ უცხოურ პლატფორმებზე აბანდებენ.

მაგალითად, მხოლოდ თიბისის მობაილბანკის საბროკერო მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობამ 2025 წლის ბოლოსთვის 140,8 ათასს მიაღწია, საიდანაც 113 ათასი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი იყო. საქართველოს ბანკმა ეს სერვისი ერთი წლით ადრე, 2022 წელს, დანერგა და მომხმარებელთა უფრო დიდი ბაზა აქვს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ამ პლატფორმაზე ინვესტორთა რაოდენობაც სულ მცირე იმავე მასშტაბის ან უფრო მეტია, თუმცა საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით ზუსტ სტატისტიკას საჯაროდ არ აქვეყნებს.

შესაბამისად, მხოლოდ ამ ორი ბანკის პლატფორმაზე უკვე ასობით ათასი მომხმარებლის საინვესტიციო აქტივობაზეა საუბარი. ამას ემატება სხვა ადგილობრივი საბროკერო კომპანიებისა და საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მომხმარებლებიც.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეები უცხოური კომპანიების აქციებს მხოლოდ თიბისისა და საქართველოს ბანკის პლატფორმებით არ ყიდულობენ – ინვესტირებას საერთაშორისო საბროკერო კომპანიების, მაგალითად, Interactive Brokers-ის მეშვეობითაც ახორციელებენ. ანგარიშის გახსნა და ინვესტირება ტექნიკურად საკმაოდ მარტივია, თუმცა ამ არხით ქვეყნის მოქალაქეების მიერ განთავსებული კაპიტალის მოცულობა უცნობია და შესაბამისი ოფიციალური სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ პროცესის სოციალური და ეკონომიკური შედეგები ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩება. როდესაც ადამიანი კარგავს ბოლო დანაზოგს ან ნასესხებ ფულს, ეს მხოლოდ საინვესტიციო პორტფელის გაუფასურება აღარ არის – საქმე ეხება ვალის გადაუხდელობას, მოხმარების შემცირებას და ოჯახების ფინანსურ კრიზისს. ასეთი შემთხვევები ცალკე „საინვესტიციო დანაკარგების“ სტატისტიკაში ვერ აისახება.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შეიმუშაონ უფრო სრულყოფილი მეთოდოლოგია, რომელიც ასახავს საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოურ ფასიან ქაღალდებსა და სხვა ფინანსურ აქტივებში განხორციელებულ ინვესტიციებს, მათ შორის საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მეშვეობით. ასევე საჭიროა მონაცემები ინვესტორთა რაოდენობის, აქტივების მოცულობისა და საბაზრო რყევებით გამოწვეული დანაკარგების შესახებ.

ფინანსური ბაზრების ვარდნა მხოლოდ საფონდო ინდექსების ან კრიპტოვალუტების ფასების ცვლილება არ არის. ეს პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეთა დანაზოგებს, ფინანსურ მდგრადობასა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ უცხოურ აქტივებში ინვესტირება საქართველოდან კაპიტალის გატანას ნიშნავს, რომელიც რამდენიმე მილიარდი დოლარია (იურიდიული პირების ჩათვლით). ეს სხვა ქვეყნის ეკონომიკებში დაბანდებული ფულია.

თუ არ ვიცით, რა მოცულობის კაპიტალი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს გლობალურ ბაზრებზე განთავსებული და რა ზარალს განიცდიან ისინი კრიზისების დროს, ვერც ამ პროცესის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს შევაფასებთ სრულყოფილად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა