ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავერას გორაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღმოჩენას განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული.
აღმოჩენილი მასალები დამატებით კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სამარხის ზუსტი დათარიღება და მისი მნიშვნელობის განსაზღვრა.
მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის გამორჩეული ძეგლია, რომელიც ძვ. წ. VI ათასწლეულით თარიღდება. აქ ნეოლითურთან ერთად შუა საუკუნეების კულტურული ფენებიც გვხვდება, რაც ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.
გათხრების შედეგად უკვე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი წრიული და ოვალური ფორმის ალიზის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ასევე არტეფაქტები, რომლებიც უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს ასახავს.
არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს. ექსპედიციას ჯონი აბულაძე ხელმძღვანელობს.
აღმოჩენის ადგილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული მუზეუმისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.