გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მოსალოდნელია პერიოდულად ძლიერი ნალექი, ელჭექი, მთიან რაიონებში თოვა, ნისლი, ქარბუქი და ლიპყინული, ხოლო მაღალმთიან ზონებში – ზვავსაშიშროება.
შავ ზღვაზე მოსალოდნელია 4–5-ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
სააგენტოს გაფრთხილებით, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, აჭარისა და გურიის მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება, ხოლო დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.
ძლიერი თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო მთიან და მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
საფრთხის დონე საშუალოა.