„ძალიან ბევრი რამ მაქვს სალაპარაკო. ბრძოლა ბოლომდე გრძელდება! სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა ყველა პატიმრისთვის ძალიან ემოციურია. არ ველოდი. შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს“, – განაცხადა ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, საპატიმროში დარჩენილმა თანამებრძოლებმა გათავისუფლების ყველა შესაძლებლობა, მათ შორის შეწყალების მექანიზმი, უნდა გამოიყენონ.
„ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო. ვგულისხმობ ჩემს თანამებრძოლებს. ვეტყოდი, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ქვეყანას ახალგაზრდები ვჭირდებით. სხვა პატიმრებმაც დაწერონ შეწყალების შესახებ თხოვნა, ეს გამოსვლის ალტერნატივა იქნება“, – აღნიშნა მან.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ვადა მას 4 დეკემბერს ეწურებოდა.
ჯავახიშვილთან ერთად პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ და ანრი კვარაცხელიამაც.