უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ მიმდინარე კვირაში რუსეთის არაერთ რეგიონში მდებარე ნავთობობიექტებზე, სამხედრო აეროდრომებზე, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ საწარმოებსა და ომის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა ობიექტებზე შედეგიანი დარტყმები განახორციელეს.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა რუსეთის თითოეულ თავდასხმას პასუხობს და თავდაცვის ძალებს საპასუხო ოპერაციების სიზუსტისთვის მადლობას უხდის.
„უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალებს ამ საპასუხო ქმედებების სიზუსტისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე კვირაში დარტყმების შედეგად შედეგებს მიაღწიეს რუსეთის სამარის, ნიჟნი ნოვგოროდის, კრასნოდარის, როსტოვის, ვოლგოგრადის, სტავროპოლის, ბრიანსკის, პერმისა და ტულის რეგიონებში, ასევე ბაშკორტოსტანში, თათრეთის რესპუბლიკასა და შავ ზღვაში.
„რუსული ნავთობობიექტები, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოები და ომის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და საფრენი აპარატები – ჩვენმა შორი მოქმედების დარტყმებმა ამ ყველაფერს მიაღწია“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთს არაერთხელ შესთავაზეს დეესკალაციისა და ომის დასრულების შესაძლებლობა, თუმცა მოსკოვმა სამხედრო მოქმედებების გაგრძელება აირჩია.
„რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი – მან მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.