კვლევა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილია II-ის შემდეგ - შიო III-ის ეპოქის დასაწყისი
რომან გოცირიძე - რამდენი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრი გაუფასურების შედეგად?
Zelensky: Ukraine will defend Kyiv by any means as Russia seeks to drive people from cities
Explosions rock Russian plant producing components for Iskander missile fuel
Air defences shoot down 110 of 155 Russian drones launched against Ukraine overnight
Russia loses 2,262 more soldiers in war against Ukraine
Trump adds Ukraine to joint statement with NATO chief urging restraint in war escalation
Ukraine foils Russia`s `Bear`s Corner`encirclement plan in Kharkiv region – military spox

კვლევა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილია II-ის შემდეგ - შიო III-ის ეპოქის დასაწყისი

ნახვები: 249 კვლევა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილია II-ის შემდეგ - შიო III-ის ეპოქის დასაწყისი

ინსტიტუციური, პოლიტიკური, სამართლებრივი და თეოლოგიური კვლევა

ავტორი: გოჩა მირცხულავა

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ჩემს დამოუკიდებელ ანალიტიკურ ნაშრომს, რომლის მიზანია ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ინსტიტუციური, პოლიტიკური, სამართლებრივი, საზოგადოებრივი და თეოლოგიური პროცესების შესწავლა.

კვლევას არ აქვს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია, თუმცა მასში წარმოდგენილი მოსაზრებები, მსჯელობები და შეფასებები ეფუძნება დოკუმენტურ მასალებს, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებსა და კონკრეტულ ფაქტებს.

კვლევაზე მუშაობისას შევეცადე, მაქსიმალურად შემეკავებინა თავი სუბიექტური მსჯელობისგან, პიროვნული დამოკიდებულებებისა და პოლიტიკური სიმპათიებისა თუ ანტიპათიების გავლენისგან. ამასთან, მკაფიოდ გამემიჯნა დადასტურებული ფაქტები, მათი ანალიტიკური ინტერპრეტაცია და ის გარემოებები, რომლებიც დამატებით შესწავლასა და დოკუმენტურ დასაბუთებას საჭიროებს.

კვლევის მიზანი არ არის რომელიმე პირის ან ინსტიტუციის დისკრედიტაცია, ისევე როგორც მათი საქმიანობის წინასწარგანზრახული გამართლება. მისი მიზანია მიმდინარე პროცესების არსის, მიზეზების, ურთიერთკავშირებისა და შესაძლო შედეგების გააზრება.

ნაშრომი ღიაა არგუმენტირებული კრიტიკისთვის, განსხვავებული ინტერპრეტაციებისა და ახალი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მისი შევსებისა თუ კორექტირებისთვის.

ჩემთვის ამ კვლევის მთავარი ღირებულება არა წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციის დასაბუთება, არამედ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის გააზრებაა.

 

თავი I. შიო III-ის არჩევა - ლეგიტიმაცია, ინსტიტუციური წინააღმდეგობები და პოლიტიკური ჩარევა

1. ილია II-ის მემკვიდრეობა და ძალაუფლების გარდამავალი პერიოდი

ილია II-ის გარდაცვალებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში დასრულდა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პერიოდი, რომლის განმავლობაში ეკლესიის საზოგადოებრივი და ინსტიტუციური ავტორიტეტი მნიშვნელოვანწილად თავად პატრიარქის პიროვნულ ავტორიტეტს ეფუძნებოდა.

ამ პირობებში ახალი პატრიარქის არჩევა მხოლოდ საეკლესიო თანამდებობის დაკავებას არ გულისხმობდა. იგი უკავშირდებოდა ეკლესიის შიგნით ძალაუფლების გადანაწილებას, მმართველობის ახალი მოდელის ჩამოყალიბებას, სახელმწიფოსთან ურთიერთობის პერსპექტივასა და საქართველოს ეკლესიის პოზიციონირებას მართლმადიდებლურ სამყაროში.

ილია II-ის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებული ურთიერთობების სისტემა, რომელშიც პატრიარქის პიროვნულ ავტორიტეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, ახალი პატრიარქის პირობებში ავტომატურად ვერ შენარჩუნდებოდა.

შიო მუჯირი საპატრიარქო არჩევნებში მონაწილეობდა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი მღვდელმთავარი, არამედ როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - სტატუსით, რომელიც მას 2017 წლის 23 ნოემბერს მიენიჭა.

მოსაყდრეობის თითქმის ცხრაწლიანი პერიოდი შიოს სხვა კანდიდატებისგან ობიექტურად განსხვავებულ ინსტიტუციურ მდგომარეობაში აყენებდა. მას ჰქონდა ეკლესიის უმაღლეს მმართველობით პროცესებში მონაწილეობის, სასულიერო იერარქიასთან ურთიერთობისა და საპატრიარქოს ადმინისტრაციული სისტემის შიგნით საქმიანობის განსაკუთრებული შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსაყდრედ დანიშვნა ავტომატურად არ გულისხმობს მომავალ პატრიარქად არჩევას, აღნიშნული სტატუსი საპატრიარქო არჩევნებში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ უპირატესობას წარმოადგენდა.

2. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება და ინსტიტუციური წინააღმდეგობები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითი მოწყობისა და პატრიარქის არჩევის ძირითად შიდასაეკლესიო სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 1995 წლის 18–19 სექტემბერს, მცხეთაში, სვეტიცხოველში ჩატარებული გაფართოებული ადგილობრივი საეკლესიო კრების მიერ მიღებული მართვა-გამგეობის დებულება.

დოკუმენტი განსაზღვრავს ეკლესიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, წმინდა სინოდის უფლებამოსილებას, პატრიარქის არჩევის პროცედურასა და საპატრიარქო კანდიდატების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

დებულების პირველი თავის მეოთხე პარაგრაფში პირდაპირ წერია:

„საქართველოს ეკლესიაში შედის 27 (ოცდაშვიდი) ეპარქია მათში შემავალი ქალაქებითა და რაიონებით“.

დოკუმენტში სახელობითად არის ჩამოთვლილი თითოეული ეპარქია, განსაზღვრულია მათი ტერიტორიული საზღვრები, მღვდელმთავართა წოდებები, კათედრები და რეზიდენციები.

წყარო: საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება.

1995 წლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეიქმნა ახალი ეპარქიები, გაიყო არსებული ეპარქიები, შეიცვალა მათი სახელწოდებები და ტერიტორიული საზღვრები. საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული სამრევლოების გაფართოებას ახალი საეპარქიო ერთეულების ჩამოყალიბებაც მოჰყვა.

თუმცა დებულების საჯაროდ ხელმისაწვდომ რედაქციაში ეს ცვლილებები ასახული არ არის.

მაგალითად, 1995 წლის დებულების მიხედვით, სენაკი ფოთის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო დამოუკიდებელი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია დოკუმენტში საერთოდ არ ფიგურირებდა. სწორედ ამ, მოგვიანებით შექმნილ ეპარქიას ხელმძღვანელობდა შიო მუჯირი პატრიარქად არჩევამდე.

ანალოგიური შეუსაბამობა არსებობს სხვა, მოგვიანებით შექმნილ საეპარქიო ერთეულებთან მიმართებითაც.

ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმის გათვალისწინებით, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში მონაწილეობა 39 მღვდელმთავარმა მიიღო.

აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეპარქიების რაოდენობა და წმინდა სინოდის წევრთა რაოდენობა ერთმანეთის იდენტური სამართლებრივი კატეგორიები არ არის.

თავად მართვა-გამგეობის დებულება წმინდა სინოდს ანიჭებს ახალი ეპარქიების შექმნის, არსებული ეპარქიების გაუქმებისა და მათი საზღვრების შეცვლის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ახალი ეპარქიის შექმნა თავისთავად დებულების დარღვევას არ წარმოადგენს.

პრობლემა მდგომარეობს ეკლესიის ძირითადი მმართველობითი დოკუმენტის საჯაროდ ხელმისაწვდომ რედაქციასა და მის ფაქტობრივ ინსტიტუციურ მოწყობას შორის არსებულ შეუსაბამობაში.

თუ სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას ცვლის, სამართლებრივი განსაზღვრულობისა და ინსტიტუციური გამჭვირვალობის თვალსაზრისით აუცილებელია არსებობდეს ამ ცვლილებების სრულყოფილი დოკუმენტაცია და განახლებული მმართველობითი დოკუმენტი.

ამგვარი დოკუმენტაციის გარეშე რთულდება არა მხოლოდ ეკლესიის თანამედროვე სტრუქტურის სამართლებრივი შეფასება, არამედ იმ ორგანოს უფლებამოსილების სრული შემოწმებაც, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.

თავად შეუსაბამობა დადასტურებულია. თუმცა მის საფუძველზე ახალი ეპარქიების ან მათი მმართველი მღვდელმთავრების უფლებამოსილების უკანონოდ გამოცხადება დამატებითი დოკუმენტური და საეკლესიო-სამართლებრივი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია.

3. პატრიარქობის კანდიდატების შერჩევა და დებულების გამოყენების თანმიმდევრულობა

საპატრიარქო არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სადავო საკითხი კანდიდატების მიმართ ასაკობრივი და საგანმანათლებლო მოთხოვნების გამოყენება გახდა.

2026 წლის აპრილში წმინდა სინოდში წარმოშობილი უთანხმოება უკავშირდებოდა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიასა და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის შესაძლო კანდიდატურებს.

მიტროპოლიტ ისაიას შემთხვევაში სადავო იყო საღვთისმეტყველო განათლების ფორმალური დადასტურება, ხოლო მიტროპოლიტ დანიელის შემთხვევაში - ასაკობრივი მოთხოვნის განმარტება.

28 აპრილის სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პატრიარქის არჩევამდე დებულების შესაბამისი ნორმის ცვლილება ან განსხვავებული ინტერპრეტაცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებით განსაკუთრებით საყურადღებოა დებულების გამოყენების თანმიმდევრულობის საკითხი.

ერთი მხრივ, სინოდი პატრიარქობის კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით 1995 წლის დებულების მკაცრი დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებდა.

მეორე მხრივ, არჩევნებს ატარებდა ეკლესიის მმართველობითი ორგანო, რომლის თანამედროვე ეპარქიული საფუძვლები იმავე დებულების საჯაროდ ხელმისაწვდომ ტექსტში სრულყოფილად ასახული არ იყო.

მართალია, ახალი ეპარქიების შექმნა და კანდიდატების მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამოყენება განსხვავებული სამართლებრივი საკითხებია, მაგრამ ორივე მათგანი ექვემდებარება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და თანმიმდევრულობის საერთო მოთხოვნას.

დებულების სავალდებულო ხასიათი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ისე თავად ამომრჩეველი ორგანოს უფლებამოსილების განსაზღვრისას.

პატრიარქობის კანდიდატების შერჩევის პროცესში წარმოშობილი დავა, შესაბამისად, გასცდა ცალკეული მღვდელმთავრების კანდიდატურების საკითხს და ეკლესიის მმართველობითი სისტემის უფრო ფართო პრობლემას შეეხო.

დამატებით შესწავლას მოითხოვს მიტროპოლიტ ისაიასა და მიტროპოლიტ დანიელის კანდიდატურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სრული სამართლებრივი დასაბუთება, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და ასაკობრივი კრიტერიუმის გამოყენების ოფიციალური განმარტება.

4. მოსაყდრის ორმაგი სტატუსი და ინტერესთა კონფლიქტის ინსტიტუციური რისკი

საპატრიარქო არჩევნების შეფასებისას ცალკე ყურადღებას იმსახურებს მიტროპოლიტ შიოს ორმაგი სტატუსი.

იგი ერთდროულად იყო ეკლესიის დროებითი მმართველი, წმინდა სინოდის სხდომების თავმჯდომარე, საარჩევნო პროცესის ორგანიზებაში მონაწილე პირი და პატრიარქობის კანდიდატი.

მართვა-გამგეობის დებულება მოსაყდრეს პატრიარქობის კანდიდატად წარდგენის უფლებას არ უზღუდავს. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციების შეთავსება თავისთავად დებულების დარღვევად ვერ ჩაითვლება.

თუმცა ინტერესთა კონფლიქტის რისკი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატი თავმჯდომარეობს სხდომას, რომელზეც მისი პოტენციური კონკურენტების არჩევნებში მონაწილეობის პირობები განიხილება.

2026 წლის 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სწორედ მოსაყდრე შიომ დააყენა კენჭისყრაზე კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებული მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.

სინოდის უმრავლესობამ განხილვის შეწყვეტას დაუჭირა მხარი. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილი).

ამგვარად, კანდიდატების დაშვების პირობებთან დაკავშირებული დავის განხილვას ხელმძღვანელობდა პირი, რომელიც თავად მონაწილეობდა არჩევნებში და რომლის საარჩევნო ინტერესებზეც აღნიშნულ საკითხს შესაძლო გავლენა ჰქონდა.

წყარო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმი.

ეს გარემოება არ ადასტურებს, რომ მოსაყდრემ საკუთარი უფლებამოსილება პირადი საარჩევნო ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენა. თუმცა იგი წარმოაჩენს მმართველობითი სისტემის ნაკლოვანებას - არასაკმარისად მკაფიოდ არის გამიჯნული საარჩევნო პროცესის ორგანიზატორისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ფუნქციები.

ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ამის გარანტიას თავად მმართველობითი სისტემა და მასში არსებული პროცედურული მექანიზმები უნდა ქმნიდეს.

5. საპატრიარქო არჩევნების შედეგები და სინოდის შიდა განწყობები

2026 წლის 28 აპრილს წმინდა სინოდმა ექვსი პრეტენდენტიდან პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია.

კენჭისყრაში სინოდის 38 წევრი მონაწილეობდა.

28 აპრილის კენჭისყრის შედეგები:

კანდიდატი

მიღებული ხმები

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

20

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)

7

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

7

ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)

2

ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე)

1

ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

0

ბათილი ბიულეტენი

1

სულ

38

წყარო: წმინდა სინოდის 2026 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმი.

2026 წლის 11 მაისს გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიეს.

39 მღვდელმთავრიდან მის კანდიდატურას მხარი 22-მა დაუჭირა.

შიო III-ის არჩევა - 11 მაისი, 2026 წელი

56,4%

შიოს მხარდამჭერი ხმები

43,6%

დანარჩენი ბიულეტენები

22 მხარდამჭერი ხმა 39 მღვდელმთავრიდან.

წყარო: Jamestown Foundation - Georgian Patriarch Election Fuels Kremlin Interference Claims.

შიომ მიიღო პატრიარქად არჩევისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობა. ამასთან, სინოდის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა სხვა კანდიდატებზე ნაწილდებოდა.

აღნიშნული შედეგი არ წარმოადგენს არჩევნების კანონიკურობის წინააღმდეგ არგუმენტს - კონკურენტულ არჩევნებში ხმების განსხვავებულად განაწილება ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა იგი მნიშვნელოვანია ახალი პატრიარქის მმართველობის პერსპექტივისა და სინოდის შიგნით არსებული განსხვავებული განწყობების შესასწავლად.

ფარული კენჭისყრის პირობებში მხოლოდ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით შეუძლებელია კონკრეტული პოლიტიკური, საეკლესიო ან გეოპოლიტიკური გავლენის ჯგუფების ზუსტი იდენტიფიცირება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დაახლოებით 1 200 დელეგატი და მოწვეული პირი იმყოფებოდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღების უფლებით მხოლოდ მღვდელმთავრები სარგებლობდნენ.

ამგვარი პროცედურა არსებული დებულებითაა გათვალისწინებული, მაგრამ იგი ასევე წარმოაჩენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითი მოდელის ცენტრალიზებულ ხასიათს - ეკლესიის უმაღლესი მმართველის არჩევაში სასულიერო დასისა და საერო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ გულისხმობს.

6. რუსეთის საგარეო დაზვერვის ჩარევა საპატრიარქო არჩევნების საინფორმაციო პროცესში

2026 წლის საპატრიარქო არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარემოება რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის საჯარო განცხადება იყო.

31 მარტს, ილია II-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

რუსეთის სახელმწიფო უწყებამ კონკრეტულად დაასახელა ორი ქართველი მღვდელმთავარი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი - და ისინი კონსტანტინოპოლის სავარაუდო ინტერესებთან დააკავშირა.

წყარო: Civil Georgia - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2026 წლის 31 მარტის განცხადება.

ამ განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ბრალდების შინაარსს, არამედ თავად განცხადების გავრცელების ფაქტს.

უცხო სახელმწიფოს სადაზვერვო უწყებამ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი მმართველის არჩევის პროცესში კონკრეტული მღვდელმთავრების კანდიდატურები საჯაროდ განიხილა და მათი საქმიანობა უცხო საეკლესიო ცენტრის ინტერესებთან დააკავშირა.

ამგვარად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადება თავად წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის შიდა არჩევნების საინფორმაციო გარემოში უცხო სახელმწიფო ინსტიტუტის ჩარევის ფორმას.

ამის დასადგენად აუცილებელი არ არის დადასტურდეს კონკრეტული მღვდელმთავრების გადაბირების, მათზე ზეწოლის ან მათი ხმების უშუალო კონტროლის ფაქტები.

საინფორმაციო ჩარევა და არჩევნების შედეგზე უშუალო ზემოქმედება ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენებია.

პირველი შემთხვევაში საკმარისია დადასტურებული საჯარო მოქმედება, რომელიც საარჩევნო პროცესის აღქმაზე ზემოქმედების შესაძლებლობას ქმნის. მეორე შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი მტკიცებულებები.

საყურადღებოა, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადებაში დასახელებული მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლის იყო და მოქმედ ასაკობრივ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა. მიტროპოლიტი გრიგოლი კი საბოლოოდ პატრიარქობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი გახდა.

რუსეთის განცხადება გავრცელდა მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის არსებული ხანგრძლივი დაპირისპირების ფონზე, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გამო.

ამ კონტექსტში საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის შიდა ცხოვრებისთვის, არამედ მართლმადიდებლურ სამყაროში ძალთა ურთიერთმიმართებისთვისაც.

რუსეთის დაზვერვის მიერ კონსტანტინოპოლის მიმართ გავრცელებული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯაროდ წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე დაუდგენელია რუსეთის უწყების განცხადების უშუალო გავლენა სინოდის წევრთა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

თუმცა დადასტურებულია თავად რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტის საჯარო მონაწილეობა საქართველოს საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო პროცესში.

7. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები და საპატრიარქო არჩევნები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შეფასებისას რუსეთის ფაქტორთან ერთად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ჯგუფების როლის განხილვა.

პატრიარქის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ქართულ და საერთაშორისო ანალიტიკურ მასალებში მიტროპოლიტი შიო ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატად განიხილებოდა.

Jamestown Foundation-ის მკვლევარი ბექა ჭედია საპატრიარქო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ნაშრომში აღწერს შიოს მხარდამჭერი მასალების გავრცელებას სახელისუფლებო მედიაში, სოციალურ ქსელებში მისი კანდიდატურის მხარდასაჭერ აქტივობასა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესწრეების წარმომადგენელთა მონაწილეობას გაფართოებულ საეკლესიო კრებაში.

ამავე კვლევაში წარმოდგენილია სასულიერო პირების მიერ გამოთქმული ბრალდებები მღვდელმთავრებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ.

წყარო: ბექა ჭედია - Georgian Patriarch Election Fuels Kremlin Interference Claims, Jamestown Foundation.

ხელისუფლების როლის შეფასებისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური მხარდაჭერა, საინფორმაციო ზემოქმედება და უშუალო ადმინისტრაციული ჩარევა.

პოლიტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა

ეკლესიის ხელმძღვანელის არჩევა უმთავრესად შიდასაეკლესიო პროცესია. თუმცა ეს არ გამორიცხავს მის მიმართ პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოების ინტერესს.

პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას სისტემატურ ხასიათს აძლევენ და მის არჩევას სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების ან რელიგიური იდენტობის დაცვის კონტექსტში განიხილავენ.

ასეთ პირობებში საინფორმაციო კამპანია შესაძლოა ეკლესიის შიდა საარჩევნო პროცესზე არაპირდაპირი პოლიტიკური ზემოქმედების საშუალებად იქცეს.

საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებული ფინანსური, ქონებრივი და ადმინისტრაციული ურთიერთობების გათვალისწინებით, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას განსხვავებული ინსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რიგითი მოქალაქის მიერ გამოხატულ სიმპათიას.

ამგვარი მხარდაჭერა არ ადასტურებს მღვდელმთავართა ნების იძულებით შეცვლას, მაგრამ საარჩევნო გარემოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეფასებისას მისი უგულებელყოფა დაუშვებელია.

უშუალო ადმინისტრაციული ჩარევის შესახებ ბრალდებები

პატრიარქის არჩევნების წინ სასულიერო პირთა ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები მღვდელმთავრებისგან შიოს კანდიდატურის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ეკლესიის შიდა პროცესებში ჩარევის ბრალდებები უარყო.

23 აპრილს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საპატრიარქო არჩევნებში ჩაურევლობის მკაფიო მითითება ჰქონდათ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც საჯაროდ მიუთითებდა, რომ პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის კომპეტენცია იყო და ამ პროცესში არავინ უნდა ჩარეულიყო.

შესაბამისად, არსებობს განსხვავება ხელისუფლების დეკლარირებულ პოზიციასა და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო და პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს შორის.

საჯარო სივრცეში არსებული მასალები შესაძლებელს ხდის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კანდიდატის მხარდამჭერი საინფორმაციო აქტივობის განხილვას პოლიტიკური ზემოქმედების ფორმად, თუმცა ადმინისტრაციული იძულების კონკრეტული შემთხვევები და არჩევნების საბოლოო შედეგზე მათი გავლენა დამატებით დადასტურებას მოითხოვს.

8. ხელისუფლებისა და რუსეთის საინფორმაციო გზავნილების თანხვედრა

საპატრიარქო არჩევნების პოლიტიკური კონტექსტის შესწავლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის სახელმწიფო უწყების განცხადებისა და საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო რიტორიკის შედარება.

რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადების ცენტრალური თემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უცხო საეკლესიო ცენტრის გავლენისგან დაცვის აუცილებლობა იყო.

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო სივრცეში კი საპატრიარქო არჩევნების საკითხი უფრო ფართო პოლიტიკური თემატიკის - ეროვნული სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებების, რელიგიური იდენტობისა და დასავლური გავლენის შესახებ გავრცელებული გზავნილების - ნაწილი გახდა.

ამ პროცესის შესახებ საუბარია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის 2026 წლის აპრილის მონიტორინგის მასალებშიც.

ორივე შემთხვევაში ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი გარე საფრთხის კონტექსტში განიხილებოდა.

მსგავსი საინფორმაციო მიდგომა ქმნის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული საეკლესიო კანდიდატის მიმართ დამოკიდებულება არა მხოლოდ მისი სასულიერო გამოცდილებით, განათლებითა და მმართველობითი შესაძლებლობებით განისაზღვროს, არამედ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ლოიალობის კრიტერიუმებითაც.

შედეგად, პატრიარქის არჩევის შიდასაეკლესიო პროცესში შემოდის პოლიტიკური დაპირისპირებისთვის დამახასიათებელი კატეგორიები: ეროვნული ინტერესები, უცხოეთის გავლენა, ტრადიციების დაცვა და დასავლეთთან ან რუსეთთან ურთიერთობის საკითხები.

ასეთი გზავნილების თანხვედრა თავისთავად არ ადასტურებს ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის არსებობას. თუმცა წარმოადგენს საფუძველს საქართველოს საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის შინაარსობრივი და ქრონოლოგიური ანალიზისთვის.

ამ მიმართულებით დამატებით შესწავლას მოითხოვს კონკრეტული განცხადებებისა და მედიამასალების სრული არქივი, მათი გავრცელების პერიოდულობა, მონაწილე პირები და ორგანიზაციები, შუამავალი საინფორმაციო რესურსები და შესაძლო კოორდინაციის მტკიცებულებები.

9. ეკლესიის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციური და სამოქალაქო სამართლის კონტექსტში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან მხოლოდ საეკლესიო სამართლის საკითხი არ არის. იგი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ნაწილსაც წარმოადგენს.

2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით:

„სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე - საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება.

შეთანხმება ეკლესიის განსაკუთრებულ ისტორიულ და სამართლებრივ სტატუსს აღიარებს, თუმცა აღნიშნული სტატუსი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპს არ აუქმებს.

ამიტომ ხელისუფლების მიერ საეკლესიო მმართველის არჩევაზე შესაძლო ზემოქმედება მხოლოდ პოლიტიკური ეთიკის საკითხი არ არის. დადასტურებული ჩარევის შემთხვევაში იგი კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის კონტექსტშიც უნდა შეფასდეს.

აქ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა და ეკლესიის შიდა გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური ზემოქმედება.

პირველი კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთობის ფორმაა. მეორე კი შესაძლოა ეკლესიის დამოუკიდებლობის პრინციპთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს.

სამოქალაქო კოდექსი და ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი სტატუსის შეფასებისას მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე და 1509¹ მუხლების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, განსაკუთრებული სტატუსი უშუალოდ კონსტიტუციური შეთანხმებიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო კოდექსის 1509¹ მუხლი კი რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის სამართლებრივ რეჟიმს შეეხება.

შესაბამისად, სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის გათვალისწინებული რეგისტრაციის წესის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე ავტომატურად გავრცელება სამართლებრივად არასწორი იქნებოდა.

ამასთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობს სამოქალაქო, ქონებრივ, ფინანსურ და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხია ეკლესიის სახელით მოქმედი პირებისა და ორგანოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადასტურება.

პატრიარქის არჩევის შემდეგ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს მისი საეკლესიო-კანონიკური უფლებამოსილება და სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ეკლესიის წარმომადგენლობის საკითხი.

სახელმწიფოს ეკლესიის შიდა არჩევნების კანონიკური შეფასების ზოგადი უფლებამოსილება არ გააჩნია. თუმცა სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთათვის ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსაზღვრულობას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

ამ კონტექსტში დამატებით შესწავლას საჭიროებს საქართველოს საპატრიარქოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ახალი პატრიარქის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამართლებრივი გაფორმება და ეკლესიის შიდა მმართველობითი აქტების ურთიერთშესაბამისობა.

საჯარო რეესტრში მონაცემების არსებობა ან მათი განახლება თავისთავად არც საეკლესიო არჩევნების კანონიკურობის დადასტურების და არც მათი ბათილობის საფუძველი არ არის.

10. შიო III-ის არჩევის ლეგიტიმაციის საკითხი

პატრიარქის ლეგიტიმაცია მხოლოდ კენჭისყრის შედეგების საფუძველზე არ უნდა შეფასდეს. იგი მოიცავს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ განზომილებას.

პროცედურული ლეგიტიმაცია გულისხმობს არჩევნების ჩატარებას დადგენილ ვადებში, შესაბამისი პროცედურების განხორციელებასა და გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების მიღებას.

საეკლესიო-კანონიკური ლეგიტიმაცია გულისხმობს პატრიარქის არჩევის შესაბამისობას ეკლესიის მოქმედ სამართლებრივ და კანონიკურ ნორმებთან.

ინსტიტუციური ლეგიტიმაცია უკავშირდება თავად ამომრჩეველი ორგანოს უფლებამოსილების განსაზღვრულობას, ეკლესიის მმართველობითი სტრუქტურის სამართლებრივ გამართულობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურის გამჭვირვალობას.

პოლიტიკური დამოუკიდებლობა გულისხმობს საარჩევნო პროცესის თავისუფლებას როგორც ადგილობრივი პოლიტიკური ძალების, ისე უცხო სახელმწიფოების შესაძლო ზემოქმედებისგან.

საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია უკავშირდება ეკლესიისა და ახალი პატრიარქის მიმართ საზოგადოების ნდობას, რომელიც მხოლოდ სინოდის კენჭისყრის შედეგებით ვერ განისაზღვრება და დამოუკიდებელ სოციოლოგიურ კვლევას საჭიროებს.

შიო III-ის არჩევის შემთხვევაში დადასტურებულია არჩევნების ჩატარება და გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების მიღება.

ამასთანავე, არსებობს დოკუმენტურად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც ეკლესიის შიდა მმართველობითი სისტემის გამართულობის, კანდიდატების შერჩევის პროცედურის, მოსაყდრის ორმაგი სტატუსისა და საარჩევნო გარემოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეფასების საფუძველს ქმნის.

ამ გარემოებათა არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ შიო III არალეგიტიმური პატრიარქია. თუმცა არც არჩევნების შედეგების ფორმალური გამოცხადება ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციის ყველა ინსტიტუციური და სამართლებრივი საკითხი ამოწურულია.

დასკვნა

ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა არა მხოლოდ მისი უმაღლესი მმართველის შეცვლის, არამედ ძალაუფლების გადანაწილებისა და ინსტიტუციური თვითგანსაზღვრის აუცილებლობის წინაშე.

შიო III-ის არჩევის პროცესმა წარმოაჩინა პრობლემები, რომელთა ნაწილი ახალი პატრიარქის არჩევამდე გაცილებით ადრე არსებობდა.

უპირველესად, ეს არის ეკლესიის ფაქტობრივ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მისი ძირითადი მმართველობითი დოკუმენტის საჯაროდ ხელმისაწვდომ რედაქციას შორის არსებული შეუსაბამობა. სამი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული ეპარქიული და ადმინისტრაციული ცვლილებები სათანადოდ არ არის წარმოდგენილი ერთიან, განახლებულ დოკუმენტში, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ეკლესიის თანამედროვე მმართველობითი სისტემის სრულყოფილი შეფასება.

ამასთან, საპატრიარქო არჩევნების პროცესში კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით სინოდმა სწორედ 1995 წლის დებულების მკაცრი დაცვის აუცილებლობაზე მიუთითა.

ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დებულების თანმიმდევრულად გამოყენების საკითხს. სამართლებრივი განსაზღვრულობა თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს როგორც პატრიარქობის კანდიდატებზე, ისე თავად იმ ორგანოზე, რომელიც პატრიარქს ირჩევს.

არჩევნებმა ასევე გამოავლინა ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის არასაკმარისად მკაფიო მექანიზმები. მოსაყდრისა და პატრიარქობის კანდიდატის ფუნქციების შეთავსებამ წარმოშვა ვითარება, რომელშიც საარჩევნო პროცესის მონაწილე პირი იმავდროულად მისი ორგანიზებისა და კონკურენტების მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაშიც მონაწილეობდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საპატრიარქო არჩევნების პოლიტიკური გარემო.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ კონკრეტული ქართველი მღვდელმთავრების დასახელება და მათი უცხო საეკლესიო ცენტრის ინტერესებთან დაკავშირება წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის შიდა საარჩევნო პროცესის საინფორმაციო გარემოში უცხო სახელმწიფო ინსტიტუტის საჯარო ჩარევის დადასტურებულ შემთხვევას.

ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური და საინფორმაციო ჯგუფების მხრიდან შიოს კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ არსებული მასალები, ისევე როგორც მღვდელმთავრებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ ბრალდებები, ეკლესიის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესწავლის აუცილებლობას წარმოშობს.

ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საჯარო საინფორმაციო ზემოქმედება და მღვდელმთავართა გადაწყვეტილებაზე უშუალო კონტროლი. პირველი საჯარო მასალების ანალიზით შეიძლება შეფასდეს, მეორე კი დამატებით მტკიცებულებებს საჭიროებს.

შიო III-ის არჩევამ ასევე წარმოაჩინა, რომ საქართველოს ეკლესიის უმაღლეს მმართველობით ორგანოში ახალი პატრიარქის კანდიდატურასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობდა. მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისი იყო არჩევისთვის, მაგრამ იგი სინოდის სრული ერთიანობის მაჩვენებელი არ ყოფილა.

ამ პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ახალი პატრიარქის პიროვნული ავტორიტეტის ჩამოყალიბებაზე, არამედ იმაზეც, რამდენად შეძლებს ეკლესია საკუთარი მმართველობითი სისტემის სამართლებრივ განახლებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვას.

ილია II-ის ეპოქაში ეკლესიის მმართველობითი სისტემის ფუნქციონირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა პატრიარქის პიროვნულ ავტორიტეტს ენიჭებოდა. შიო III-ის ეპოქაში ინსტიტუციური მექანიზმების მნიშვნელობა იზრდება.

პატრიარქის არჩევა დასრულებული პროცესია, მაგრამ ეკლესიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, სამართლებრივი გამართულობისა და საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფა უწყვეტი პროცესია.

სწორედ ამ პროცესის ანალიზი უნდა გახდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეპოქის შეფასების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

კვლევის ფარგლები და დოკუმენტური შეზღუდვები

წინამდებარე თავი ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ საეკლესიო დოკუმენტებს, საქართველოს კანონმდებლობას, ქართულ და საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ მასალებსა და ანალიტიკურ კვლევებს.

კვლევა არ ადგენს შიო III-ის არჩევის კანონიკურ ბათილობას. იგი აღწერს და აანალიზებს არჩევნების თანმხლებ ინსტიტუციურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოებებს.

დამატებით დოკუმენტურ შესწავლას საჭიროებს:

  • 1995 წლის შემდეგ შექმნილი ეპარქიების სამართლებრივი აქტები, მათი სრული ჩამონათვალი და დებულებაში განხორციელებული ცვლილებების ისტორია;
  • პატრიარქობის კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია;
  • საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობითი და სარეგისტრაციო დოკუმენტები;
  • ხელისუფლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის სრული არქივი და კონკრეტული მონაწილეების საქმიანობა;
  • საპატრიარქო არჩევნების შედეგებზე შესაძლო ადმინისტრაციული ან უცხოური ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

კვლევის პირველი თავის დასასრული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა