გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!
არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border

გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!

ნახვები: 238 გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!

"კარგად ვიცით, თუ როგორ თეთრდება ფული საქართველოში, ისიც ვიცით, როგორ მდიდრდებიან „ოცნების“ დეპუტატები"

"კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან სანქციას ველოდები"

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა. როგორ შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს - კრიმინალი გაიზარდა, 17 წლის ბიჭი სიცილის გამო მოკლეს, ონისე ოქრიაშვილი ვინც სცემა, „ოცნების“ დეპუტატებმა გირაოთი გამოაშვებინეს? 90-იან წლებში დავბრუნდით?

- მე ამ კრიმინალურ ვითარებას, რაც არის დღევანდელ საქართველოში, გაგებით ვეკიდები, რადგან ბატონმა ბიძინამ 2012-13 წლებში გვითხრა, რომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. სამართლებრივი, ადამიანური, კონსტიტუციური თუ მორალური კუთხით, ჩვენ უმძიმეს ვითარებაში ვიმყოფებით. მე ვერ ვიტყვი, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა. 90-იანი წლების შემდგომ საზოგადოება განვითარდა. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა, რაშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, უფრო საზარელია, ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში. 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო და სამართალდამცავები პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ. ეს ადამიანი შერაცხადი არ ყოფილა. ამ ადამიანის სახლში რეგისტირებული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა. ამაზე ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. სახელმწიფო არის ამ მკვლელობის თანამონაწილე. ქუჩაში უამრავი ადამიანი დადის, რომელიც თავისი იარაღით „მარიაჟობს“. ყველა ასეთ პერსონას, რატომღაც სულ შავი მაისური აცვია. მე ვეჭვობ, რომ ამ ადამიანთა დიდი ნაწილი არის პოლიციელი. ამ ადამიანებს სახელმწიფომ იარაღის ტარება დაუკანონა და ამაზე პასუხისგება მოუწევს. მკვლელობის თანამონაწილე არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ის სტრუქტურები, რომლებმაც მკვლელს ეს იარაღი მისცა.

ონისეს საკითხი ხუმრობის და იუმორს იქით გაცდენილი თემაა. ეს არის სარკაზმი და სატირა, რაშიც საქართველოს თანამედროვე საზოგადოება ვერ ერკვევა. ამიტომ ეს ქეისიც ტრაგედიად არ მიმაჩნია. ჩვენ ვცხოვროთ ისეთ რეალობაში, სადაც სასამართლოზე პოლიციის თანამშრომელმა თქვა, რომ აქციის დროს გიორგი ვაშაძის ღიმილი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც მოსამართლე ამ ფაქტს მტკიცებულებად იყენებს, სწორედ მაშინ „ქართული ოცნების“ მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანები ხვდებიან, რომ იუმორი, ანეკდოტები და სარკაზმი მთავარი ელემენტებია, რომლებიც რეჟიმის დემონტაჟისკენ არის მიმართული. ესე იყო საბჭოთა კავშირშიც, როდესაც ლენინზე, სტალინზე და ხრუშოვზე, მერე ბრეჟნევზზე და ა.შ. ანეკდოტები გაჩნდა. იმ ადამიანებს, რომლებმაც ონისე გააკრიტიკეს, მათ ნოდარ დუმბაძე წაკითხულიც არ აქვთ. მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ ვინ იყო ნოდარ დუმბაძე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნოდარ დუმბაძის გასაუბრება ღმერთთან არ მოსწონთ. ამას ცინიზმად მიიჩნევენ. ჩვენ ამ ადამიანებს დავუჯეროთ? ნოდარ დუმბაძე ამოვთხაროთ? პროპაგანდა საკმაოდ კარგად მუშაობს. საპატრიარქოც და ხელისუფლებაც, ერთად კარგად მუშაობენ.

- საპატრიარქოს რა როლი და ფუნქცია უკავია ამ პროცესებში?

- ერთი და იგივე მესიჯებია და განსხვავებას მე ვერ ვხედავ. პატრიარქმა პეტრესთან დაკავშირებით, რაც იქადაგა, ეს იყო ძალადობის წახალისება.  „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებმა ზუსტად იგივე გაიმეორეს, ოქრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ. მათ თქვეს, რომ ეკლესიაზე, პატრიარქზე და ცნობილ ადამიანებზე დაცინვას ქართველი ხალხი არავის გაუტარებს. მაშინ მე კითხვა მიჩნდება - ამ ადამიანებს 5.000-ლარიან ჯარიმებს რატომ ახდევინებენ? ოქრიაშვილმა ვიღაცების კერპ მწერალს შეურაცხყოფა მიაყენა, მერე ამ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მერე თავდამსხმელებს 5.000-ლარიან გირაოს რომ უფარდებს, ამის ფონზე მზია ამაღლობელის პატიმრობა რა ლოგიკით შეიძლება აიხსნას? ქალი სილის გაწნისთვის ზის ციხეში. ხოლო თავდასხმა ონისეზე ორგანიზებული იყო. აქ მთავარი თემა არის ძალადობისკენ მოწოდება. მალე ალბათ ფიქრსაც აგვიკრძალავენ. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ნათლად მიუთითებს, თუ რა შავ დღეში იმყოფება სისტემა.

- ოპოზიციის ლიდერების დაჭერა გადავადდა თუ ბიძინამ თვითონ ოპოზიცისთან ვაჭრობა დაიწყო?

- ქმედების დონეზე ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ერთვექტორიანი არ არის. გადავადების საკითხი ივანიშვილის ფინანსებს, სანქციებს და კრიპტოვალუტებს ეხება. პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩაშლა ბრიუსელს უნდაო. თურმე ბრიუსელი ხელს გვიშლის, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. გეგონება, ლავროვი ვლადიკავკაზში ან სოჭში ელოდება მაკა ბოჭორიშვილს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მართლა ასეა. პროპაგანდა ასე მუშაობს. პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენ გვითხრა, რომ პუტინი არის "მურაბა" კაცი, რომელიც აფხაზეთს და ოსეთს გვიბრუნებს, მაგრამ ბრიუსელი ხელს გვიშლის. შალვა პაპუაშვილს ხომ არ ავიწყდება, რომ არ აღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, აშშ-თან ერთად არის ევროკავშირი და ევროპის წამყვანი ქვეყნები (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, იტალია). პაპუაშვილი დღევანდელი დღით ცხოვრობს. მაგრამ ისტორია, პოლიტიკა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არ არის მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღე. ჩვენ საკმაოდ დრამატულ სურათს ვიღებთ. ამ დრამაში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ შიგნითაც დიდი დრამაა. ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როდესაც ონისესთან დაკავშირებით, თუნდაც, თავდასხმის მერე, ქართველი მწერლების დიდმა ნაწილმა კრინტი არ დაძრა. თავდასმის შემდეგ როდესაც პროპაგანდა გაგრძელდა, მათ ხმა არ ამოიღეს.

- მწერლებსა და ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს, დაგუბებული წყლის გადმოღვრა უჭირთ?

- ქართველი მწერლების დიდი ნაწილის წიგნებს სახელმწიფო ბეჭდავს. გამომცემლები კი არ ბეჭდავენ, არამედ სახელმწიფო ბეჭდავს. ძირითადი დამფინანსებლები არიან კულტურის სამინისტრო, მწერალთა კავშირს აქვს რაღაც ფონდები. ეს ადამიანები სახელმწიფოს "პაიოკზე" ზიან. ეს ადამიანები, რედაქტორის, დამკაბადონებლის და არც სტამბის ფულს არ იხდიან. ფული არაფერში აქვთ გადასახდელი. წიგნის ღირებულების 50%-ზე მეტი არის მათი. ქართველი მწერლების დიდი ნაწილი, ივანიშვილისგან იღებენ ჰონორარებს. ამიტომაც ხელისუფლების ქმედებებზე ისინი ხმას არ ამოიღებენ. მწერალი კონიუქტურას არ უნდა ექვემდებარებოდეს. მწერალმა პიროვნული თავისუფლება არ უნდა დაკარგოს.

- ევროკავშირმა დასანქცირებები დაიწყო, ჯერ ყულევის ტერმინალი, ახლა "ინტერ რაო". ასე თუ გაგრძელდა, ეკონომიკა არ ჩამოიშლება?

- როდესაც ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება, რომ ეკონომიკა ვითარდება. ეს შემოსავალი უკრაინის ომიდან შემოდის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ თეთრდება ფული საქართველოში, როგორ მუშაობს კრიპტოს ელემენტები, ისიც ვიცით, თუ როგორ მდიდრდებიან „ოცნების“ დეპუტატები. ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს რუსული ნავთობის ლეგალიზაციასთან. ევროკავშირს დამადასტურებელი საბუთები აქვს. მე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან სანქციას ველოდები. ახლა კონკრეტულ მიმართულებებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს იქნება ეკონომიკური მიმართულებები და არა ეკონომიკურიც.

- სტატუსის გამო დააკავეს ვახო სანაია, გიორგი ახობაძე, სიტყვის თავისუფლება აშკარად საფრთხეშია, ამას საზოგადოება შეეგუება?

- მე მესმის ხელისუფლება, რასაც აკეთებს. მოდი სანაიას ქეისი, ახობაძისგან გავმიჯნოთ. ახობაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, ეს ადამიანი 9 თვე ციხეში იჯდა და 9 თვის მერე უთხრეს, რომ უი, შენ მართალი ყოფილხარ. ამ ადამიანს ბოდიში არავინ მოუხადა. ამ პერიოდის განმავლობაში მან პიროვნული ტრაგედია განიცადა. დედა დაკარგა, რომელსაც უვლიდა. ასეთ დროს ადამიანში თავისუფლად შეიძლება გაიღვიძოს ემოციურმა ფონმა და ამის შედეგად, ყველა იმ ადამიანს, ვის გამოც მან ციხეში 9 თვე გაატარა, აგინოს. ეს რატომ უნდა იყოს პრობლემა? შეუძლია დაწყევლოს კიდეც. მოდი, გავარკვიოთ თუ რა არის სოციალური ქსელი? მე სოციალურ ქსელში 5.000-მდე მეგობარი მყავს, რომელთა უმეტესობას არ ვიცნობ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ინერტულია და, როგორ მოხვდნენ ჩემთან, არ ვიცი. მე ვცდილობ, ჩემს ფეისბუქმეგობრებს რამე განსაკუთრებული თუ არ ხდება, დაბადების დღე მივულოცო. ამ ადამიანებს ფეისბუქმეგობრები ჰქვიათ. შესაბამისად, ამ პოსტებს ადამიანი თავის სამეგობრო წრეში წერს. ხელისუფლება პირად სივრცეში რატომ გვივარდება? ფეისბუქპოსტების გამო რატომ გვაკავებენ? ვინ ლაპარაკობს ადამიანის შეგინებაზე და სიძულვილის ენაზე? პოლიტიკოსები, რომლებიც დღედაღამე იგინებიან, ის ტიპები გვეუბნებიან, რომ ახობაძემ არ უნდა შეაგინოს, იმ ადამიანებს, რომლებმაც მას თავისუფლება წაართვეს. საჯარო სივრცის კონტროლს აზრი არ აქვს. პროპაგანდის 4 თემა არსებობს. 1) პატრიოტიზმი - მთავარი კომპონენტით ვიღაცის და რაღაცის ღირსების დაცვა. 2) ეკლესია. 3) ლგბტ თემა  4) აბა ომი გინდათ - რიტორიკა.

ონისეს ქეისი პირველ თემას მიეკუთვნება. ომთან დაკავშირებით ის განცხადება არის აქტუალური, რაც პაპუაშვილზე ზემოთ ვთქვი. ლგბტ თემზე, ჩვენ გვახსოვს, რომ თურმე 2019 წელს ევროპარლამენტარები, საპატრიარქოს ლგბტ პრაიდის ჩატარებას სთხოვდნენ. ეს ყველაფერი დასავლეთის დისკრედიტაციას ემსახურება.

ესაუბრა - კოტიკო გოგინაშვილი

"ახალი თაობა"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა