ამის შესახებ გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ საპასუხო არგუმენტების წარდგენისას განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს – ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის უარი პარტიების აკრძალვაზე, ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია თავის გადაწყვეტილებებში სწორედ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დანაწესით“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი განმარტებით, კონსტიტუციის 78-ე მუხლი არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს აკისრებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებას, არამედ კრძალავს ისეთ გადაწყვეტილებებსაც, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს გახდის.
„კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. 78-ე მუხლი არა მხოლოდ ზომების მიღებას გვავალდებულებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ისეთი ზომების მიღებას კრძალავს, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს გახდის“, – აღნიშნა მან.
გვარამიას შეფასებით, აღნიშნული მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სავალდებულო სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის. ამასთან, მისი თქმით, ევროპული ინტეგრაციის მოთხოვნები საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა წინააღმდეგობის არარსებობის ან სამართლებრივი ბუნდოვანების შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ 78-ე მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.
„78-ე მუხლი არის მბოჭავი იმპერატივი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. საქართველო ამ მიმართებით გარკვეულწილად უნიკალურია – ის მკაფიოდ ადგენს ჩარჩოს, რომელშიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკამ უნდა იმოძრაოს“, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება – ერთი მხრივ, თავად უნდა დაემორჩილოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ ჩარჩოს, მეორე მხრივ კი, უნდა უზრუნველყოს, რომ სხვა კონსტიტუციური ორგანოებიც არ გასცდნენ მას.
გვარამიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციაში 78-ე მუხლის შეტანა და აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტიაა.
„„ქართული ოცნების“ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში არის მართლა უნიკალური და ძალიან სასარგებლო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი ქართული ისტორიის მისწრაფებისა, იყოს ევროპის ნაწილი. ამის შემდეგ რას აკეთებს „ქართული ოცნება“, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს შემდგარი ფაქტია“, – განაცხადა მან.
გვარამიას თქმით, კონსტიტუციური ორგანოებისთვის 78-ე მუხლის შესრულება პოლიტიკური არჩევანი კი არა, სამართლებრივი ვალდებულებაა.
„ამ ფაქტს გავუწიოთ ანგარიში კი არა, უნდა დავემორჩილოთ, თუ ვართ კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მოქალაქეები და ვემორჩილებით კონსტიტუციას, რაც ჩვენი ვალდებულებაა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს.