ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნახვები: 272 ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

 

ავტორი: გოჩა მირცხულავა

გარემოს დაცვა, პოლიტიკური ინტერესები თუ კარგად ორგანიზებული კამპანიები?

საქართველოში ახალი ჰესის ან სხვა მსხვილი ენერგეტიკული პროექტის მშენებლობის დაწყებას ხშირად ერთი და იგივე სცენარი მოჰყვება: ჩნდებიან აქტივისტები, იწყება საპროტესტო აქციები, კარვებში ღამისთევები, ვრცელდება კატასტროფის პროგნოზები, პროცესში ერთვებიან კონკრეტული პერიოდისთვის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ტელევიზიები, ასევე ცნობილი ადამიანები. საბოლოოდ, ენერგეტიკული პროექტი პოლიტიკურ დაპირისპირებად იქცევა, ხოლო მისი ეკონომიკური მნიშვნელობა მეორე პლანზე გადადის.

მერე რა ხდება? პროექტი ჩერდება, აქტივისტების ნაწილი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრიდან ქრება, ქვეყანა კი რჩება იმ შედეგებთან, რომლებზეც პროტესტის დროს თითქმის არავინ ლაპარაკობდა.

ხუდონი, ნენსკრა და ნამახვანი ამის თვალსაჩინო მაგალითია.

ავიღოთ ნამახვანის შემთხვევა, რადგან ეს მოსახლეობისას ყველაზე კარგად ხსოვს და როგორც იტყვიან, ახლახანს იყო. ნამახვანჰესი ვერ აშენდა. საერთაშორისო არბიტრაჟმა საქართველოს კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ 383,2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 2026 წლის სექტემბერში კი აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარიცხული პროცენტების გათვალისწინებით, თანხამ უკვე 443 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ვინ გადაიხდის ფულს? რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი გადასახადებიდან.

და რას მივიღებთ სანაცვლოდ? ელექტროსადგურს? დამატებით ელექტროენერგიას? ახალ სამუშაო ადგილებს? არა. მივიღებთ გადასახდელ ანგარიშს.

აქ კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა. ნამახვანის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მიწებისა და ქონების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციები მიიღო. შემდეგ პროექტი შეჩერდა. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა სამართლებრივი ბედი ეწია ამ კომპენსაციებსა და შესაბამის ქონებას? ვინ რა მიიღო, ვინ რა დაკარგა და საბოლოოდ ვის დარჩა ფინანსური ტვირთი?

ცხადია, კომპენსაციის მიღება ადამიანს პროტესტის უფლებას არ ართმევს. მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ამ გარიგებების შედეგების ცოდნის უფლება არ აქვს.

ახლა გავიხსენოთ, როგორ მიმდინარეობდა ნამახვანის წინააღმდეგ კამპანია. საზოგადოებაში ვრცელდებოდა განცხადებები შესაძლო კატასტროფაზე, კაშხლის დაზიანებაზე, ქუთაისის დატბორვაზე. საუბარი იყო უზარმაზარ ტალღებზე და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეზე.

ნებისმიერი ასეთი საფრთხე სერიოზულ კვლევას მოითხოვს. მაგრამ როდესაც საზოგადოებას კატასტროფით აშინებ, ვალდებული ხარ, წარმოადგინო შესაბამისი საინჟინრო გათვლები და მტკიცებულებები. მხოლოდ იმის თქმა, რომ ყველაფერი დაინგრევა, არგუმენტი არ არის.

სწორედ აქ იწყება პრობლემა: ხშირად ემოცია ანაცვლებს საგნობრივ მსჯელობას. იმის ნაცვლად, რომ ვიკამათოთ გეოლოგიურ დასკვნებზე, საინჟინრო გადაწყვეტებზე, ეკონომიკურ სარგებელსა და რეალურ რისკებზე, ვიღებთ ორ ბანაკს, სადაც თითოეულს საკუთარი სიმართლე საბოლოო განაჩენად მიაჩნია.

მაგრამ მე სხვა კითხვაც მაქვს.

ვინ აფინანსებს ამ კამპანიებს?

კარვები, კვება, ტრანსპორტი, საწვავი, აქციების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიები – ყველაფერს ფული სჭირდება. შესაძლებელია, ეს ყველაფერი მოქალაქეთა შემოწირულობებითა და მოხალისეობრივი შრომით ფინანსდებოდეს. მაგრამ როდესაც კამპანია თვეების განმავლობაში გრძელდება, მისი დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა.

ვინ იხდის ფულს? კერძო პირები? არასამთავრობო ორგანიზაციები? პოლიტიკური ჯგუფები? საერთაშორისო ფონდები? და თუ აფინანსებენ, რა ინტერესები აქვთ?

ამ კითხვების დასმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს დანაშაულს ვაბრალებ. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ, ვინ დგას კამპანიის უკან და რამდენად ემთხვევა მისი მიზნები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.

რადგან ეს ინტერესები ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.

შესაძლოა სოფლის მოსახლეობას უკეთესი კომპენსაცია, უსაფრთხოების გარანტიები, გზა, წყალი ან დასაქმება სურდეს, ხოლო გარედან მოსული მოძრაობა პროექტის სრულ გაუქმებას მოითხოვდეს. ასეთ შემთხვევაში ვინ წარმოადგენს მოსახლეობას? ვის აქვს უფლება, მისი სახელით გადაწყვიტოს, რომ პროექტი საერთოდ არ უნდა განხორციელდეს?

ცალკე საკითხია გარემოსდაცვითი აქტივიზმის შერჩევითობა.

საქართველოში ყოველდღიურად იჩეხება ხეები, მცირდება რეკრეაციული სივრცეები, ქალაქები ქაოსურად შენდება, უარესდება საცხოვრებელი გარემო. ეს პრობლემები ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს ეხება.

რატომ არ ჩანს ზოგიერთი განსაკუთრებით აქტიური მოძრაობა ასეთ საკითხებში იმავე ინტენსივობით, როგორითაც დიდი ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ გამოდის?

რა თქმა უნდა, არსებობენ გარემოსდამცველები, რომლებიც ამ პრობლემებზეც თანმიმდევრულად მუშაობენ. მაგრამ კონკრეტული მოძრაობების საქმიანობის შედარება საინტერესო სურათს მოგვცემდა. სად იყვნენ პროექტამდე, რას აკეთებდნენ მისი შეჩერების შემდეგ და რატომ იქცა სწორედ ეს პროექტი მათთვის მთავარ ბრძოლად?

მსგავსი დაპირისპირება რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დროსაც გვახსოვს. იყო გაფრთხილებები მეწყრულ პროცესებზე, გარემოს დაზიანებასა და საინჟინრო საფრთხეებზე. გარკვეული პრობლემები რეალურადაც წარმოიშვა, თუმცა გზა საბოლოოდ აშენდა.

და სწორედ აქ უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: რთული გეოლოგიური პირობები და პროექტის განხორციელების შეუძლებლობა. მეწყრული საფრთხე კვლევას, სწორ საინჟინრო გადაწყვეტასა და მუდმივ კონტროლს მოითხოვს. ის ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მშენებლობა უნდა გაუქმდეს.

კიდევ ერთი საკითხია უცხოელი ინვესტორების მიმართ დამოკიდებულება. ზოგჯერ საკმარისია ინვესტორის ეროვნების ან რელიგიის ხსენება, რომ ეკონომიკური საკითხი ემოციურ დაპირისპირებად იქცეს. არადა, ინვესტორი უნდა შევაფასოთ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, საქმიანობით, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობის დაცვით და არა ეროვნებით.

და ბოლოს, მთავარი კითხვა.

ვის აძლევს ხელს, რომ საქართველო საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს სრულად ვერ იყენებდეს?

ელექტროენერგია მაინც გვჭირდება. თუ აქ არ ვაწარმოებთ, გარედან უნდა ვიყიდოთ ან იმპორტირებული საწვავით გამოვიმუშაოთ. შესაბამისად, ენერგეტიკული დამოკიდებულების შენარჩუნებასაც აქვს თავისი ეკონომიკური შედეგები და მასში მონაწილე კომპანიებსაც აქვთ კომერციული ინტერესები.

ნიშნავს ეს, რომ ელექტროენერგიის იმპორტიორები საპროტესტო კამპანიებს აფინანსებენ? არა, ასეთი დასკვნისთვის კონკრეტული მტკიცებულებებია საჭირო.

მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტების შესწავლა არ შეიძლება? რა თქმა უნდა, არა.

მით უფრო მაშინ, როდესაც სხვადასხვა სტრატეგიული პროექტის წინააღმდეგ პერიოდულად ერთსა და იმავე ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ვხედავთ. ეს შეიძლება სრულიად კანონიერი თანამშრომლობა იყოს, მაგრამ შეიძლება გაჩნდეს კითხვებიც მათი დაფინანსებისა და მიზნების შესახებ.

ხომ არ არსებობს ორგანიზებული ქსელი, რომელშიც გარემოსდაცვითი არგუმენტები, პოლიტიკური ინტერესები და კონკრეტული ეკონომიკური მიზნები ერთმანეთს ემთხვევა?

ამ კითხვაზე პასუხი ფაქტებით უნდა მივიღოთ. მხოლოდ აქტივისტების ურთიერთკავშირი საბოტაჟს არ ამტკიცებს. მაგრამ თუ გამოვლინდება დაფარული დაფინანსება, შეგნებულად გავრცელებული სიცრუე ან უკანონო ქმედებები, მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

ამავე დროს არც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა დაგვავიწყდეს. ნამახვანის შემთხვევაში საარბიტრაჟო დავა მხოლოდ პროტესტს არ ეხებოდა. განიხილებოდა სახელმწიფოს მიერ ინვესტორთან აღებული ვალდებულებების შესრულებაც. ამიტომ პასუხი უნდა აგონ იმ თანამდებობის პირებმაც, რომელთა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა ამ ფინანსურ რისკამდე მიიყვანა.

მე არ ვამტკიცებ, რომ ყველა გარემოსდამცველი არაკეთილსინდისიერია, ან ყველა პროექტი აუცილებლად უნდა აშენდეს. პირიქით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოსახლეობის უფლებები, ბუნება და უსაფრთხოების სტანდარტები.

მაგრამ არც ის მგონია ნორმალური, რომ სტრატეგიული პროექტის შეჩერება ვიღაცისთვის პოლიტიკური წარმატება იყოს, მისი ფინანსური შედეგები კი მთელმა ქვეყანამ იხადოს.

ნამახვანის შემთხვევაში მივიღეთ პროექტი, რომელიც არ აშენდა, ელექტროენერგია, რომელიც არ იწარმოება, და 400 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის სასამართლო ვალდებულება, რომლის საბოლოო ბედიც ჯერ გაურკვეველია.

ამიტომ დროა, პროტესტის მონაწილეებსაც, ორგანიზატორებსაც, ინვესტორებსაც და სახელმწიფოსაც ერთნაირი კითხვები დავუსვათ: რას ემსახურებოდა თქვენი მოქმედება, რა შედეგი მივიღეთ და ვინ აგებს პასუხს?

ენერგოდამოუკიდებლობა მხოლოდ ჰესების მშენებლობა არ არის. ეს ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

და თუ ვინმე მისთვის მნიშვნელოვანი პროექტის წინააღმდეგ იბრძვის, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს არა მხოლოდ ის, რას ეწინააღმდეგება ეს ადამიანი, არამედ რატომ ეწინააღმდეგება, ვის ინტერესებს წარმოადგენს და რა ალტერნატივას გვთავაზობს.

რადგან საბოლოოდ საქმე მხოლოდ ელექტროენერგიას არ ეხება. საქმე ეხება იმას, რამდენად შეუძლია საქართველოს საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა