საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შვიდ პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ სქემა, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელების – „ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით, სხვადასხვა ქალის სახელით, ახალგაზრდა მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის მიზნით შეხვედრებს უთქვამდნენ.
გამოძიების ვერსიით, შეხვედრის ადგილზე მისულ მამაკაცებს დაჯგუფების წევრები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და იარაღის დემონსტრირებით ფულსა და პირად ნივთებს ართმევდნენ.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ვიდეოკამერით იღებდნენ, შემდეგ კი ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ავრცელებდნენ.
გამოძიების თანახმად, დაჯგუფების წევრები ძალადობრივი ვიდეოების გამოყენებით მოქალაქეებს მათ მიერ შექმნილი ონლაინარხების განვითარებისთვის თანხის ჩარიცხვასაც სთხოვდნენ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ, ხელმძღვანელობდნენ და მონაწილეობდნენ ძალადობითა და იარაღის გამოყენებით ჯგუფურ მოქმედებებში. დაჯგუფების წევრებს შემუშავებული ჰქონდათ მოქალაქეთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მათგან მატერიალური სარგებლის მიღების გეგმა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
შვიდივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.
აღნიშნული დანაშაულები 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.