საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰკითხა, რამდენად აუცილებელია ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, თუ მათი პოლიტიკური გავლენა ისედაც მცირდება. მოსამართლემ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ აკრძალვამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს და ოპოზიციის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
„თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში უხეში ჩარევა? ეს ხომ არ გახდება, პირიქით, პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი? მოგეხსენებათ, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის დაჩაგრულის მხარეზე რომაა. ეს მსხვერპლის სტატუსი, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოოდ, რაში გვჭირდება ეს ყოველივე?“ – მიმართა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს.
მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა სარჩელის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტზეც, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიები ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმად უნდა განიხილებოდნენ.
გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ თეორიას პარტიების საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე აფუძნებს. მოსამართლემ იკითხა, რამდენად საკმარისია ეს გარემოებები იმისთვის, რომ ერთ პარტიას მეორის ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
„არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა? რომ არა ეს ერთმანეთის ცოდვების შლეიფი, ცალკე მათი ქმედებები იქნებოდა თუ არა საკმარისი მათ ასაკრძალად?“ – იკითხა მოსამართლემ.
გოცირიძემ ასევე გაიხსენა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ოპოზიციური პარტიები „განულებულები“ არიან. მისი თქმით, ასეთ პირობებში ჩნდება კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია მათი აკრძალვით პოლიტიკურ პროცესში ჩარევა.
მოსამართლის კითხვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ უპასუხა. მისი განცხადებით, სარჩელის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება კი არა, კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა.
„სუბიექტური პოლიტიკური მიზნიდან რომ გამოვდიოდეთ, ჩვენთვის მხოლოდ სასარგებლოა, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზედაც ყველამ ყველაფერი იცის“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, მმართველ პარტიას ოპოზიციის აკრძალვის პოლიტიკური საჭიროება არ აქვს, რადგან საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. ამის დასადასტურებლად მან 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები მოიყვანა და განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ მილიონ 120 ათასზე მეტი ხმა მიიღო.
„ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვაკისრებს. ჩვენი მიზანია, კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული და საფრთხე არ შეექმნას კონსტიტუციურ წყობილებას“, – აღნიშნა გორდულაძემ.
მან არ გაიზიარა მოსამართლის მოსაზრება, რომ აკრძალვის შემთხვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა შესაძლოა მსხვერპლის სტატუსი მიიღონ. გორდულაძემ ევროპაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მაგალითები მოიყვანა და განაცხადა, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილების შედეგად დაზარალებულად თავის აღქმა თავად ამ პარტიების შეფასებაა.
გორდულაძე ოპოზიციური პარტიების რეიტინგების საკითხსაც შეეხო. მან ეჭვქვეშ დააყენა IRI-ის კვლევის სანდოობა და აღნიშნა, რომ მისი მეთოდოლოგიის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არის გასაჯაროებული.
„მთავარი საკითხი, მათ შორის, ისიც არის, თუ რას აკეთებენ ახლა ეს პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელს განიხილავს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.