„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებულმა მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა თავად ბინას არ ტოვებდა. სააგენტოს ცნობით, ცოლ-ქმარს მისი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება 11 ნოემბერს ჰქონდა დაგეგმილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს ბრალდებულმა ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელ კორპუსში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი მიიმალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.