აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
არახამიას თქმით, რუსეთის დელეგაცია შეხვედრაზე მკაცრი მითითებებით მივიდა, რამაც მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება მნიშვნელოვნად გაართულა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესში 2022 წლიდან ვარ ჩართული, შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ვფიქრობ, რუსები ძალიან რთული დირექტივებით მოვიდნენ, ამიტომ მოლაპარაკებების შერბილება ურთულესი აღმოჩნდა“, – განაცხადა არახამიამ.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის შესაძლო თარიღს მხარეები მას შემდეგ განიხილავენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
მიუხედავად მოლაპარაკებების სირთულისა, არახამია მიიჩნევს, რომ სამშვიდობო პროცესში გარკვეული პროგრესი არსებობს და შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე შესაძლებელია.
„ვფიქრობ, კარგი დინამიკა გვაქვს, რათა ახალ წლამდე გამოსავალი ვიპოვოთ“, – აღნიშნა მან.