საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვისას მოსარჩელე მხარეს ჰკითხა, რამდენად შეესაბამება პოლიტიკური პლურალიზმის დემოკრატიულ პრინციპს ის სტანდარტი, რომლის საფუძველზეც საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.
მოსამართლის განცხადებით, სარჩელში ტერმინი „არაკონსტიტუციური“ პოლიტიკური პარტიების მიმართ ზედმეტად მარტივად არის გამოყენებული, რაც კითხვებს აჩენს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი სტანდარტის შესახებ.
„მოსარჩელე ხშირად საუბრობს, რომ ერთბაშად ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურობის საკითხი დგას და ეს როდის ყოფილა. მართლაც არასდროს ყოფილა. თუ ხუთი პარტია არაკონსტიტუციურია, ის უნდა აიკრძალოს, პრინციპში ეს არის სწორი, მაგრამ ეს რაოდენობა მაინც გავლენას ახდენს, ეს მაინც არის რაღაც ფაქტორი“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, სარჩელში ხუთი პარტიის გარდა სხვა პოლიტიკური გაერთიანებებიც არის მოხსენიებული, რომელთა არაკონსტიტუციურობაზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, თუმცა ამ შეფასების დასაბუთება წარმოდგენილი არ არის.
„ნახეთ, რა გამოდის, ხუთი პარტია ნამდვილად არაკონსტიტუციურია და კიდევ ხუთი და შეიძლება მეტიცაა დასახელებული. რა გამოდის, რომ საქართველოში პარტიების უმრავლესობა, ათზე მეტი პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური და ეს სტანდარტი, რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ, ძალიან ხომ არ არის დადაბლებული, ეს რამდენად შეესაბამება იმ დემოკრატიულ პრინციპს, რომ პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – მიმართა მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს.
გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ერთდროულად ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა უპრეცედენტოა და პარტიათა რაოდენობა გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი ფაქტორია.
მოსამართლის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა უპასუხა. მისი განმარტებით, მოსარჩელე მხარე პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შეფასებისას ითვალისწინებს მათგან მომდინარე საფრთხის ხარისხსა და ინტენსივობას.
„ჩვენ გამოვდივართ იმ სტანდარტიდან, რომელიც გულისხმობს, რამდენად მაღალია რისკები, რამდენად მაღალია ინტენსივობა და საფრთხე შესაბამისი ცალკე არსებული პარტიის მხრიდან კონსტიტუციური წესრიგისათვის“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.