ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები

ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ

ნახვები: 229 ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ

 

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მის ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ჩაჩუა სოციალურ ქსელში წერს, მისი მეუღლის, ყოფილი ჟურნალისტის ლალო ბერიას დაკავების მთავარი მიზანი მასზე ზეწოლის მოხდენა და სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიღებაა.

„ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა“, – წერს ჩაჩუა.

მისი განცხადებით, პოლიცია მისგან ისეთი ადამიანების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, ზოგიერთს ზედაპირულად იცნობს, ნაწილთან კი საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს.

ჩაჩუა ამტკიცებს, რომ დაკავებისას, მის საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკის დაწყებამდე თითქმის ორი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მისი თქმით, ამ პროცესში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსანიც მონაწილეობდა.

„მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ, და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება“, – აცხადებს ჩაჩუა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მისგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, რის შემდეგაც ზეწოლა მის მეუღლეზე გაძლიერდა.

„ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს“, – წერს ყოფილი ჟურნალისტი.

ჩაჩუას მტკიცებით, გამომძიებლები ცდილობენ, ლალო ბერიას ათქმევინონ, რომ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას აღმოჩენილი ხუთი გრამი აკრძალული ნივთიერების შესახებ იცოდა.

„ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება““, – აღნიშნავს ჩაჩუა.

ყოფილი ჟურნალისტი აცხადებს, რომ იმედოვნებს, მის მიმართ სავარაუდო ძალადობასა და მეუღლეზე ზეწოლაში მონაწილე პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს“, – წერს ნოდარ ჩაჩუა.

ცნობისთვის, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდებები მოიცავს კოკაინის რეალიზაციის მიზნით შეძენა-შენახვასა და რეალიზაციას, ასევე მეთადონისა და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა-შენახვას. წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებულია 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

დაკავებულია ჩაჩუას მეუღლეც, ყოფილი ჟურნალისტი ლალო ბერია, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.

ჩაჩუას მიერ პოლიციის თანამშრომლების მისამართით გამოთქმული ბრალდებები მის განცხადებას ეფუძნება და დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა