„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მიმდინარე განხილვა კი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გვარამიამ გააკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება, რომლითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
„გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი შეფასებით, სასამართლომ მხარეებს მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შესაძლებლობა არ მისცა, რაც საპროცესო უფლებების დარღვევაა.
„ძალიან პრობლემატურია, რაც მოხდა მტკიცებულებებთან დაკავშირებით. არ ვიცი, სასამართლო როგორ აპირებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. არც მეტი, არც ნაკლები, მთელი სტადია სასამართლო განხილვისა არის ამოღებული. აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“, – აღნიშნა მან.
გვარამიას თქმით, სასამართლომ ოპოზიციურ პარტიებს მანამდეც შეუზღუდა საპროცესო უფლებები, მათ შორის მოწმეებისა და მტკიცებულებების გამოთხოვის საკითხებში.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საპროცესო სამართლიანობა ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ბევრ რამეში დაგვტოვა უუფლებოდ სასამართლომ, მათ შორის მოწმეებში, მათ შორის მტკიცებულებების გამოთხოვაში. ეს მართლა ყველაფერს აჭარბებს, მთელი სტადია ერთიანადაა ამოღებული“, – განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შეტანილი სარჩელის განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლო არ მოახდენს სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტბმულის დემონსტრირებას, თუმცა ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას საჭიროების შემთხვევაში განიხილავს.